Facebook Twitter

საქმე №ას-168-2022 16 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „---------- ლიზინგი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „გ--------ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს “------ ლიზინგსა” (შემდგომში - „მოსარჩელე“, „ლიზინგის გამცემი“ ან „კასატორი“) და შპს “ა------ა ---”-ს შორის 2011 წლის 09 აგვისტოს გაფორმდა №---- ლიზინგის ხელშეკრულება.

2. ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და სს “გ-----ას” (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „აპელანტი“) შორის 2011 წლის 15 აგვისტოს გაფორმდა №----- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ------ ქუჩა №---, ს.კ. ----- (შემდგომში ასევე- „იპოთეკის საგანი“ ან „უზრუნველყოფის საგანი“).

3. შპს “ა-----ა --”-მა დაარღვია ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

4. 2012 წლის 25 დეკემბერს გამართულ აუქციონზე გამარჯვებულად დასახელდა მოსარჩელე, რომელმაც იპოთეკის საგანი 330 000 ლარად შეიძინა. შეძენილი უძრავი ქონება იმავე დღიდან აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებაში.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 09 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებას. საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი მოსარჩელის მიმართ ამ უკანასკნელის მიერ აუქციონით შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის შესახებ განკარგულებისა და აუქციონის ჩატარების სხდომის ოქმის ბათილად ცნობის, ასევე, უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 09 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2015 წლის 15 დეკემბერს.

8. მოსარჩელემ 2012 წლის 31 დეკემბერს სს „------- ბანკის“ (შემდგომში - „ბანკი“) სასარგებლოდ განახორციელა მოპასუხის სასესხო დავალიანების დაფარვა 325 600 აშშ დოლარისა და 7000 ლარის ოდენობით. ასევე, 2012 წლის 26 დეკემბერს დაფარა მოპასუხის საგადასახადო დავალიანება - 12 700 ლარის ოდენობით.

9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის ზიანის ანაზღაურების სახით 240 398 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

10. გარდა წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტში აღნიშნული გარემოებებისა, სარჩელი დამატებით ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

10.1. მოსარჩელის მიერ აუქციონზე (330 000 ლარად) შეძენილი უძრავი ქონება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მეორადი იპოთეკით იყო დატვირთული მოპასუხის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით. ქონების პირველად იპოთეკარს წარმოადგენდა ბანკი. ამასთან, აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდებოდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. შესაბამისად, ბანკის მიმართ არსებული იპოთეკა გარდამავალ უფლებად გადავიდა მოსარჩელის მიერ შეძენილ ქონებაზე და იგი გახდა საკუთრების გადასვლის მომენტისთვის ამ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. გარდა ამისა, საგადასახადო დავალიანების გამო არსებული უფლებრივი შეზღუდვაც უცვლელად გავრცელდა ახალ მესაკუთრეზე. 2012 წლის 26 და 31 დეკემბერს მოსარჩელემ დაფარა მოპასუხის დავალიანება. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ აღნიშნულ უძრავ ქონებაში განხორციელდა დამატებითი რეინვესტირება;

10.2. უძრავ ქონებაზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი. ქონებაზე სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გარიგების დადების შეზღუდვით მას წაერთვა შესაძლებლობა განეხორციელებინა ქონების რეალიზაცია, რაც მეწარმე სუბიექტის ფულადი სახსრების უმოძრაოდ გაჩერებას უტოლდება, ვინაიდან აღნიშნულ ტრანზაქციაში მოსარჩელე იძულებული გახდა არსებული ფულადი სახსრების აკუმულირება მოეხდინა სრულად, რაც ქონების სწრაფი რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ჩანაცვლებით უნდა დაეფარა. თუმცა, ეს შესაძლებლობა მას წაერთვა 2013 წლის იანვრიდან;

10.3. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებით მიყენებული წმინდა ზარალი დაანგარიშდება შემდეგნაირად: მოსარჩელის მიერ ქონებაში ინვესტირებული თანხის - 552 566 აშშ დოლარის (330 000 ლარი + 59 919 ლარი (დღგ-ს ხარჯი); 325 600 აშშ დოლარი; 12700 ლარი და 7000 ლარი), ასევე, აღნიშნული ქონების შენახვასთან დაკავშირებული ხარჯის - 77 063 აშშ დოლარის, ჯამში მოცდენილი მთლიანი თანხის - 629 629 აშშ დოლარის სალიზინგო ინვესტიციაში განხორციელებით მოსარჩელეს უნდა მიეღო წლიური სარგებელი 16%-ის ოდენობით, რაც 2013 წლიდან სარჩელის აღძვრამდე შეადგენს 240 398 აშშ დოლარს. ამდენად, ვინაიდან გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა, მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

11. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 230 780,34 აშშ დოლარის გადახდა.

13. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 150 764,556 აშშ დოლარის გადახდა.

15. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოპასუხის მოთხოვნით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უძრავი ქონების მესაკუთრისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს.

17. სააპელაციო პალატამ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე დაყრდნობით განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოქმედების პერიოდში - 2013 წლის 09 იანვრიდან 2015 წლის 15 დეკემბრამდე უძრავი ქონების მესაკუთრეს შეზღუდული ჰქონდა საკუთრების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების უფლება. შესაბამისად, მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას სამოქალაქო ბრუნვაში გამოეყენებინა დაყადაღებული ქონება და მიეღო სარგებელი. ამასთან, წინამდებარე სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2015 წლის 28 მაისს, შესაბამისად მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა დაანგარიშდეს 2 წელსა და 5 თვეზე.

18. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, კერძოდ სალიზინგო კომპანიას, შესაბამისად მისი საქმიანობა ორიენტირებულია მოგების მიღებაზე. მოცემულ შემთხვევაში, „მიუღებელი შემოსავალი“ არის სარგებელი, განაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული. ამასთან, ფულის თვისობრივი ფუნქციიდან გამომდინარე, თავად ფული წარმოადგენს ისეთ მიმოქცევად საშუალებას, რომლის სამოქალაქო ბრუნვას ყოველთვის შეუძლია გარკვეული მოგების მიღება.

19. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე, 411-412-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხის პასუხისმგებლობის დადგენისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, იმის გამო, რომ მოპასუხის ინიციატივითა და მისი განცხადების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა, მოსარჩელეს მიადგა ზიანი - მან ვერ მიიღო მოსალოდნელი შემოსავალი, რასაც ის ჩვეული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებით მიიღებდა.

20. მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: დადგენილია, რომ მოსარჩელემ უძრავი ქონება აუქციონზე შეიძინა 330 000 ლარად დღგ-ს ჩათვლით, ასევე, დაფარა მოპასუხის საგადასახადო დავალიანება 12 700 ლარის ოდენობით და ბანკის წინაშე არსებული დავალიანება 325 600 აშშ დოლარისა და 7000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, უძრავ ქონებაში მოსარჩელის მიერ განხორციელებული ინვესტიცია ჯამში შეადგენს 325 600 აშშ დოლარსა და 349 700 ლარს, რაც ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის (1,8) მიხედვით, შეადგენს 194 277,8 აშშ დოლარს, შესაბამისად მოსარჩელის მიერ განხორციელდა ჯამში 519 877,8 აშშ დოლარის ინვესტიცია.

21. რაც შეეხება უძრავი ქონების მოვლისთვის გაწეულ ხარჯებს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების მოვლა-პატრონობისთვის გაწეული ხარჯი არ წარმოადგენდა მოპასუხის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების უშუალო შედეგს, გამომდინარე იქედან, რომ უძრავი ქონება იმ დროისთვის მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ ხარჯის გაწევა მოსარჩელეს უზრუნველყოფის ღონისძიების არარსებობის პირობებშიც მოუწევდა, რაც ამ ნაწილში მოპასუხის პასუხისმგებლობას გამორიცხავდა.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა გამოთვლილიყო მის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობიდან, კერძოდ 519 877,8 აშშ დოლარიდან. სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ მოსარჩელის დირექტორის 27.05.2017წ. ცნობაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ ლიზინგით დაფინანსების წლიური, საშუალო შეწონილი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 16%-ს, და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 519 877,8 აშშ დოლარის წლიურ 16%-ს 29 თვეზე, ჯამში 201 019,4 აშშ დოლარს.

23. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. კასატორმა განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

24. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

24.1. სააპელაციო სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 201 019,4 აშშ დოლარი, თუმცა სარეზოლუციო ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ არა ამ თანხის, არამედ 150 754,556 აშშ დოლარის ოდენობით. ამ ნაწილში გადაწყვეტილება დასაბუთებას არ შეიცავს. ამდენად, გაუგებარია რა საფუძვლით და როგორი გამოთვლით მივიდა სასამართლო ამ დასკვნამდე;

24.2. სასამართლომ არ შეაფასა ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით საქმეში არსებული მტკიცებულებები. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ უძრავი ქონების მოვლა-პატრონობისთვის გაწეული ხარჯი არ წარმოადგენს მოპასუხის ბრალეული და მართალსაწინააღმდეგო ქმედების უშუალო შედეგს. ქონებაზე სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გარიგების დადების შეზღუდვით მოსარჩელეს წაერთვა შესაძლებლობა განეხორციელებინა ქონების რეალიზაცია, რაც უტოლდება მეწარმე სუბიექტის ფულადი სახსრების უმოძრაოდ გაჩერებას, ვინაიდან აღნიშნულ ტრანზაქციაში მოსარჩელე იძულებული გახდა არსებული ფულადი სახსრების, მათ შორის, კომუნალური გადასახადების, აკუმულირება მოეხდინა სრულად, რაც ქონების სწრაფი რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ჩანაცვლებით უნდა დაეფარა, რისი შესაძლებლობაც წაერთვა უზრუნველყოფის ღონისძიების მოქმედების პერიოდში. ფაქტია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო ვერ მოხდა ნივთის რეალიზაცია და მოსარჩელეს მოუწია ამ ხარჯის გაწევა;

24.3. გარდა ამისა, მოსარჩელე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, სალიზინგი კომპანიას და მისი საქმიანობა მიმართულია მოგების მიღებაზე. შესაბამისად, უძრავ ქონებაზე ხარჯების გაწევის შედეგად, მან ვერ მიიღო სარგებელი, რასაც ის ამ თანხის გამოყენებით მიიღებდა.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

26. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

27. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, ერთი მხრივ, ის გარემოება რატომ არ შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული (დადგენილი) ზიანის ოდენობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მოპასუხისათვის დაკისრებულ ოდენობას და, მეორე მხრივ, ის გარემოება მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფის საგანზე გაწეული ხარჯი წარმოადგენს თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის ნაწილს.

28. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მოპასუხისათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 201 019,4 აშშ დოლარს, რაც წარმოადგენს 519 877,8 აშშ დოლარის წლიურ 16%-ს 29 თვეზე და რაც მათემატიკური გამოთვლით ნამდვილად ასეა. რაც შეეხება 519 877,8 აშშ დოლარს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული ოდენობა შედგება შემდეგი თანხებისგან: უძრავი ქონების ღირებულება - 330 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით, რაც მოსარჩელემ უძრავი ქონების აუქციონზე შეძენისას გადაიხადა; მოსარჩელის მიერ დაფარული მოპასუხის საგადასახადო დავალიანება - 12 700 ლარი; მოსარჩელის მიერ დაფარული ბანკის მიმართ არსებული მოპასუხის დავალიანება - 325 600 აშშ დოლარი და 7000 ლარი, ჯამში - 325 600 აშშ დოლარი და 349 700 ლარი, რაც ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსით (1,8) 194 277,8 აშშ დოლარს შეადგენს (ამ თანხების ჯამი შეადგენს 519 877,8 აშშ დოლარს). თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა არა 201 019,4 აშშ დოლარი, არამედ 150 764,556 აშშ დოლარი, რაც გადაწყვეტილების დასაბუთებიდან არ გამომდინარეობს.

29. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში მითითებულ თანხებს შორის სხვაობის საფუძველი და არა აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ზიანის ოდენობის მართლზომიერება, ვინაიდან ამ ნაწილში გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის.

30. კასატორის შეფასებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფის საგნის მოვლა-პატრონობისთვის გაწეული ხარჯი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მიყენებულ ზიანს არ წარმოადგენს. მისი მტკიცებით, უზრუნველყოფის ღონისძიების არარსებობის პირობებში, იგი უძრავ ქონებას გაასხვისებდა და ხარჯის გაწევა აღარ მოუწევდა.

31. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების სპეციალურ სახეს წარმოადგენს და ის არა ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესებით, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირდება. აღნიშნული მუხლის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა, იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.

33. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები:

- გამოყენებული უნდა იყოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;

- ეს ღონისძიება უნდა იყოს გაუმართლებელი;

- უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად უნდა არსებობდეს ზიანი და მიზეზშედეგობრივი კავშირი.

34. აღნიშნული ფაქტების მითითებისა და მტკიცების ვალდებულება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს. ამასთან, ის გარემოება, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად საპროცესო სამართლის ნორმა გვევლინება, არსებითად არ ცვლის ვითარებას. აღნიშნული საკანონმდებლო ტექნიკის საკითხია და სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მხოლოდ მასზე დამყარება არ ეწინააღმდეგება მართლწესრიგის პრინციპებს. ეს ნორმა მნიშვნელოვანია იმ კონტექსტშიც, რომ იგი, ერთი მხრივ, მოსამართლეს აძლევს პრევენციული მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას - ზიანის აშკარა საფრთხის შემთხვევაში, მხარეს შეიძლება დაეკისროს მისი უზრუნველყოფა, ხოლო, მეორე მხრივ, პირს, რომლის ინტერესების დაცვასაც ემსახურება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, განემარტება ამ ღონისძიების გაუმართლებლობის გამო შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-259-259-2018, 30 ივნისი, 2020 წელი).

35. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 09 იანვრის განჩინებით მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა იმავე სასამართლოს 2014 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილება 2021 წლის 09 ნოემბერს გამოიტანა და როგორც მასში მითითებულია, ამ დროისათვის აღნიშნული ქონება კვლავ მოსარჩელის სახელზე იყო საკუთრების უფლებით რეგისტრირებული. ეს გარემოება საკასაციო სასამართლოს არ უქმნის იმის რწმენას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არარსებობის შემთხვევაში, მოსარჩელე აუცილებლად მოახდენდა უძრავი ქონების/უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციას და მას მისი მოვლა-პატრონობისთვის ხარჯის გაწევა აღარ მოუხდებოდა. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის მითითება ქონების რეალიზაციის შესაძლებლობის თაობაზე იყოს არა აბსტრაქტული, არამედ კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით გამყარებული, რასაც მოცემულ საქმეში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული კი, გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

36. კასატორის საკასაციო მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის 240 398 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 230 780,34 აშშ დოლარის გადახდა. ეს გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (240 398-230 780,34=9617,66) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 და 266-ე და მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას საკასაციო საჩივრით ამ ნაწილში სადავოდ გახადოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 201 019,4 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

41. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა 80 015,78 აშშ დოლარი, რომელიც შედგება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებულ თანხასა (230 780,34 აშშ დოლარი) და სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხას (150 764,556 აშშ დოლარი) შორის სხვაობისგან (ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია). საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დავის საგნის 62,81% (მოპასუხეს დაეკისრა 201 019,4 აშშ დოლარი. ამდენად, მოთხოვნა დაკმაყოფილდა 50 254,84 აშშ დოლარის ფარგლებში, რაც დავის საგნის 62,81%-ს წარმოადგენს).

42. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 62,81%-ის 5024,8 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. სს „------- ლიზინგის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. სს „გ------ას“ სს „----- ლიზინგის“ სასარგებლოდ დაეკისროს 201 019,4 აშშ დოლარის გადახდა;

4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

5. სს „გ-----ს“ (ს.კ. -----) სს „----- ლიზინგის“ (ს.კ. -----) სასარგებლოდ დაეკისროს 5024,8 (ხუთი ათას ოცდაოთხი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი