საქმე №ას-1045-2020 23 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ------ს ბ------ს ს-----ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 04 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „შემსყიდველი“) მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვის მიზნით, 2015 წლის 03 ნოემბერს №------, №------ და №------ ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა, რომელიც „ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მხარდაჭერას“ ითვალისწინებდა. პროგრამის ფარგლებში სატრენინგო მასალის ქართული ენიდან სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე თარგმნა უნდა მომხდარიყო (იხ. ტ. I, ს.ფ. 21-23).
2. სატენდერო წინადადებების მიღება 20 ნოემბერს დაიწყო და 25 ნოემბერს დამთავრდა. ვაჭრობის ძირითად დროში სატენდერო წინადადება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ერთმა პრეტენდენტმა - შპს „თ-----ს ბ-----ს ს-----მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მენარდე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) წარადგინა (იხ. ტ. I, ს.ფ. 232-234, 239-241, 243-245).
3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 07.04.2011წ. №--ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მთარგმნელობითი მომსახურების (------ მთარგმნელობითი მომსახურება) შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულად მოსარჩელე გამოცხადდა (იხ. ტ. I, ს.ფ. 235-237, 239-241, 243-245).
4. მხარეთა შორის 2015 წლის 04 დეკემბერს გაფორმდა №----- და №-----, ხოლო, იმავე წლის 11 დეკემბერს №------ ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ „ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სატრენინგო მასალის ქართული ენიდან სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნის მომსახურების თაობაზე (იხ. ტ. I, ს.ფ. 25-41).
5. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, ნათარგმნი მასალა მოსარჩელეს შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა არაუგვიანეს 2015 წლის 15 დეკემბრისა.
6. №----- ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 44 689,40 ლარს, მათ შორის, ერთი გვერდის თარგმნის მომსახურების ღირებულება 11,65 ლარს; №---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასყიდი მომსახურების ღირებულება შეადგენდა 27 811 ლარს, მათ შორის, ერთი გვერდის თარგმნის მომსახურების ღირებულება 7,25 ლარს; ხოლო, №---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურების ღირებულება შეადგენდა 45 264,80 ლარს, მათ შორის, ერთი გვერდის თარგმნის მომსახურების ღირებულება 11,80 ლარს. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო მიღება-ჩაბარების (შესრულების) აქტის გაფორმების დღიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა (იხ. ტ. I, ს.ფ. 25-30, 31-36, 37-41).
7. მოსარჩელემ 2015 წლის 11 დეკემბერს წერილობით მიმართა მოპასუხეს და სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნათარგმნი მასალის მიწოდების თარიღად 2015 წლის 25 დეკემბრის განსაზღვრა ითხოვა იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში გადაცემული ქართულენოვანი სათარგმნი მასალის ტექნიკური გაუმართაობის გამო, შეუძლებელი იყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში - 2015 წლის 15 დეკემბრამდე მისი ხარისხიანად თარგმნა (იხ. ტ. I, ს.ფ. 55-57).
8. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება ეტაპობრივად შეასრულა და სათარგმნი მასალის ბოლო ნაწილი მოპასუხეს 2015 წლის 24 დეკემბერს მიაწოდა (იხ. ტ. I, ს.ფ. 271-344).
9. მოპასუხის 25.12.2015წ. №------, 30.12.2015წ. №------ და №------ წერილებით მოსარჩელეს ეცნობა ხელშეკრულებების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე (იხ. ტ. I, ს.ფ. 70-75). ამასთან, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელე 2016 წლის 08 ივლისს შავ სიაში დარეგისტრირდა (იხ. ტ. I, ს.ფ. 247-248, , 252-255).
10. მოპასუხეს მთარგმნელობითი მომსახურების ღირებულება არ გადაუხდია.
11. მოპასუხემ 2016 წლის 15 თებერვალს ხელახალი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა იმავე მასალების სომხურ ენაზე თარგმნის მომსახურების შესყიდვის მიზნით. აღნიშნული ტენდერის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან, შპს „უ-----რ ბ-----ს ს-----ან“ 2016 წლის 29 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (იხ. ტ. I, ს.ფ. 162-167).
12. სათარგმნი მასალის რუსულ ენაზე თარგმნის მიზნით, 2016 წლის 13 მაისს ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმნის ბიუროსთან, ხოლო აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნის მიზნით, ხელშეკრულებები აზერბაიჯანული ენის სპეციალისტებს - გ.ა-სა და რ. გ-ვს გაუფორმდათ (იხ. ტ. I, ს.ფ. 172-177, 178-183, 206-211).
13. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: მხარეთა შორის დადებული 04.12.2015წ. №----, 11.12.2015წ. №---- და 04.12.2015წ. №---- ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 25.12.2015წ. №-----, 30.12.2015წ. №---- და №----- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 66 953,92 ლარის გადახდის დაკისრება.
14. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
16. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 04 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
18. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
19. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილია:
- ქართული ენიდან სომხურ ენაზე თარგმანის ინსპექტირების სპეციალისტის ანგარიში-დასკვნა, რომლის თანახმად, ნათარგმნი მასალის წაკითხვისა და დედანთან შედარების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ სამუშაო არასერიოზულადაა შესრულებული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მასალა ნათარგმნია პედაგოგებისთვის ტრენინგის ჩასატარებლად. ინსპექტირების პროცესი გაართულა იმ გარემოებამ, რომ მთარგმნელები არ ფლობდნენ მეთოდურ ტერმინოლოგიას, მაშინ როდესაც ტენდერის ერთ-ერთი პირობა იყო, რომ მთარგმნელს ჰქონოდა საგანმანათლებლო მეთოდური მასალის თარგმნის გამოცდილება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოში სატენდერო პირობებთან შესაბამისობა არ დგინდება. მასალაში გამოყენებული საკვანძო ტერმინები: ტრენერი, სტანდარტი, ინდიკატორი, სწავლა-სწავლება, უნარ-ჩვევა, პროექტი, სასწავლო გეგმა და სხვა ყოველ ფაილში სხვადასხვაა. იმავე დოკუმენტში მითითებულია, რომ სამიზნე ჯგუფი ძალიან მტკივნეულად მიიღებს სტილისტური, ორთოგრაფიული, საგნობრივი ტერმინოლოგიის არასწორი გამოყენებით ნათარგმნი მასალის მიწოდებას (იხ. ტ. I, ს.ფ. 58-63);
- ქართული ენიდან რუსულ ენაზე თარგმანის ინსპექტირების სპეციალისტის ანგარიში-დასკვნა, რომლის თანახმად, თარგმანში დაშვებულია გრამატიკული და ლიტერატურულ-სტილისტური შეცდომები, მათ შორის, მოიპოვება მეტ-ნაკლებად კეთილსინდისიერად და ხარისხიანად განხორციელებული, ასევე, არასათანადოდ, არაჯეროვნად და უხარისხოდ შესრულებული ნამუშევრები. შესრულებული სამუშაო მხოლოდ საშუალო და დაბალი დონის ნათარგმნ მასალად შეიძლება დაიყოს. წარდგენილი ნათარგმნი მასალების დასახული მიზნით გამოქვეყნება და დაბეჭდვა დაუშვებელია. დასკვნაში აღნიშნულია, რომ განხილული არ ყოფილა რამდენიმე თარჯიმნის ის ე.წ. „თარგმანები“, რომელთა შინაარსიც საეჭვოდ ემთხვევა ინტერნეტ-სივრცეში არსებულ ორიგინალ მასალებს (იხ. ტ. I, ს.ფ. 64-66);
- ქართული ენიდან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანის ინსპექტირების სპეციალისტის ანგარიში-დასკვნა, რომლის თანახმად, თარგმანში დარღვეულია გრამატიკული წესები და პუნქტუაციის ნორმები, დაშვებულია უამრავი ორთოგრაფიული შეცდომა, არასწორად არის ნათარგმნი ზოგიერთი სიტყვა, რის გამოც ნათარგმნი არადამაკმაყოფილებელია. ბუნებისმეტყველების ნათარგმნი მასალა მთლიანად დასარედაქტირებელია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო მთლიანობაში არაპროფესიონალურად არის შესრულებული (იხ. ტ. I, ს.ფ. 67-69).
20. სააპელაციო პალატის განმარტებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო დასახული მიზნის მისაღწევად სრულიად გამოუსადეგარი იყო, აგრეთვე, დასტურდება მოპასუხის მიერ 2016 წელს იდენტური სამუშაოს შესასრულებლად ხელახალი ტენდერის გამოცხადებით და ასეთი ხელშეკრულების გაფორმებით. ის გარემოება, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო იყო ნაკლიანი, არც აპელანტს გაუხდია სადავოდ. იგი უმეტესად მიუთითებდა, რომ ნაკლიანი შესრულების მიუხედავად, შემკვეთი არ იყო უფლებამოსილი ხელშეკრულება ცალმხრივად შეეწყვიტა, ნაკლის აღმოსაფხვრელად დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე.
21. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ნარდობის ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით, რომელიც მასწავლებელთა გადამზადებასა და, შესაბამისად, მათი ცოდნის ამაღლებას ისახავდა მიზნად, მიიჩნია, რომ მასალების მაღალკვალიფიციურად თარგმნა იმგვარ არსებით პირობად შეიძლება იქნეს მიჩნეული, რომლის დარღვევაც შემსყიდველს ხელშეკრულების მიმართ ინტერესს სრულად უკარგავს (ხელშეკრულების პირობის არსებითი დარღვევა), ვინაიდან თარგმანის თუნდაც საშუალო (და არა დაბალ) დონეზე შესრულებაც კი, დასახული მიზნის მიღწევას (მასწავლებელთა გადამზადება) შეუძლებელს გახდიდა.
22. სააპელაციო პალატის მითითებით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეთანხმებული სამუშაოს დროულად შესრულება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადა განსაზღვრული იყო ერთი თვით. მოსარჩელის მტკიცებით, დამატებით გონივრული ვადის მიცემის შემთხვევაში, იგი მასალის რედაქტირებას შეძლებდა. ამ გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა მის მიერ მოწვეული სპეციალისტების მიერ შედგენილი დასკვნები, რომელთა თანახმად ნაკლის აღმოსაფხვრელად საჭირო იყო: ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე გადასათარგმნ მასალებთან მიმართებით - 3 თვე, ქართულიდან სომხურ ენაზე გადასათარგმნ მასალებთან მიმართებით - 1 თვე, ხოლო, ქართულიდან რუსულ ენაზე სათარგმნ მასალებთან მიმართებით 1 თვე (ი.ხ ტ. I, ს.ფ. 378-380).
23. სააპელაციო პალატის განმარტებით, დამატებითი ვადის დაწესება მენარდისთვის იმ გონივრული შესაძლებლობის მიცემას ემსახურება, რაც დაშვებული ნაკლის სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრისთვისაა საჭირო. დამატებითი ვადის დაწესება არ შეიძლება შემკვეთის ვალდებულებად იქნეს განხილული. შესაბამისად, გონივრულობის სტანდარტი უპირველესად ნაკლის შინაარსისა და მისი გამოსწორებისთვის საჭირო დროის შესწავლიდან უნდა გამომდინარეობდეს. როდესაც ნივთის ნაკლი თავისი შინაარსით ვალდებულების შეუსრულებლობას უთანაბრდება, ცალსახაა, რომ მის აღმოსაფხვრელად გონივრული დრო ვერ იქნება საკმარისი. კანონმდებლის მიზანს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, გონივრული ვადის მიცემა წარმოადგენს, რომელიც არ შეიძლება შესრულების ხელახალი ვადის მიცემას გაუთანაბრდეს. მენარდემ სადავოდ გამხდარი ვალდებულების შესრულება ერთი თვის ვადაში იკისრა, მის მიერვე წარდგენილი მტკიცებულებებიდან კი დგინდება, რომ ნაკლის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა 1-3 თვეს წარმოადგენდა, რაც გონივრულობის კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.
24. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 644-ე, 405-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო შემთხვევა, როდესაც შემკვეთს დამატებითი ვადის განსაზღვრა არ მოეთხოვება, ვინაიდან იმთავითვე სავარაუდოა, რომ ნაკლის აღმოფხვრა და ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ვერ მოხდება.
25. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ სახეზე იყო ე.წ. „აბსოლუტურად ფიქსირებული“ (absolutes Fixgeschäft) სახელშეკრულებო ვალდებულება, ანუ ისეთი შემთხვევა, როდესაც ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროულად შეუსრულებლობა, როგორც წესი, შესრულების შეუძლებლობას იწვევს (შედ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1166-2019). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში შემკვეთს სსიპ წარმოადგენს, ანუ სუბიექტი, რომლის დაფინანსებაც ბიუჯეტის სახსრებიდან ხდება და რომლის საბიუჯეტო სახსრების განკარგვაც სახელმწიფოს მიერ ხორციელდება. სსიპ-ები ვალდებულნი არიან ნებისმიერი მომსახურების/სერვისის შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით აწარმოონ, შესაბამისად, ნათელია, რომ მათ არ გააჩნიათ კერძო პირების მსგავსი მოქნილი მოქმედების შესაძლებლობა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული შესყიდვების გეგმის შესაბამისად. ხოლო, საბიუჯეტო კოდექსის მე-16 მუხლის მიხედვით კი, შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების გაცემის უფლებამოსილება წყდება მიმდინარე საბიუჯეტო წლის 31 დეკემბერს 24 საათზე. ამ დანაწესებისა და მოსარჩელის მიერ საპირისპირო მტკიცებულებების წარუდგენლობის პირობებში, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ ვინაიდან სახეზეა 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც 2015 წლის 15 დეკემბერს უნდა შესრულებულიყო (თუმცა რეალურად 2015 წლის 25 დეკემბერს შესრულდა) სსიპ მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ვადა დაეწესებინა, ვინაიდან სათანადო პროცედურების ჩატარების გარეშე (ხელახალი ტენდერის ჩატარება) 2015 წლის ხელშეკრულება 2016 წლის ბიუჯეტიდან ვერ დაფინანსდებოდა.
26. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
27. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
27.1. თუკი მოპასუხე მომსახურებას ნაკლიანად თვლიდა, იგი ვალდებული იყო სსკ-ის 405-ე მუხლის შესაბამისად, ნაკლის გამოსასწორებლად მოსარჩელისთვის დამატებითი ვადა მიეცა და ხელშეკრულება მხოლოდ დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში შეეწყვიტა. აღნიშნულის გარეშე მოპასუხეს არ ჰქონდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ შემკვეთს არ დაუკარგავს ინტერესი სამუშაოს მიმართ, რადგან იგივე მომსახურებაზე მან ტენდერი ხელახლა გამოაცხადა;
27.2. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 8.3.5. პუნქტი ითვალისწინებდა ნაკლის აღმოჩენის შეთხვევაში შემსრულებლის ხარჯით ნაკლის გამოსწორების ვალდებულებას;
27.3. არსებობს ტენდერებთან დაკავშირებული პრაქტიკა, როდესაც მსგავს შემთხვევებში შემსყიდველი ნაკლის აღმოსაფხვრელად დამატებით ვადას აწესებს. ის არგუმენტი, რომ 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულება 2016 წლის ბიუჯეტიდან ვერ დაფინანსდებოდა, უსაფუძვლოა, ვინაიდან ამ შემთხვევაში მოპასუხეს შესაძლებლობა ჰქონდა მიემართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის და მოეთხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება;
27.4. მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაო იყო საკმაოდ მოცულობითი (4 დღეში სათარგმნი იყო 4000 გვერდამდე მასალა), რაც არ გამორიცხავდა ნაკლის არსებობას. განმეორებითი ტენდერით, რომელიც მოპასუხემ 2016 წელს გამოაცხადა, შესრულების ვადა 3 თვით განისაზღვრა, მაშინ, როცა მოსარჩელეს იმავე სამუშაოს შესასრულებლად მხოლოდ ერთი თვე ჰქონდა. მოსარჩელის მიმართ მოპასუხის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ გამოიწვია კომპანიის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩაყენება და შავ სიაში მისი რეგისტრაცია;
27.5. მოსარჩელე ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლინდა 2015 წლის 30 ნოემბერს, თუმცა მასთან ხელშეკრულებები 4 და 11 დეკემბერს დაიდო, ანუ სამუშაოების ჩაბარების ვადამდე 4 დღით ადრე. შესაბამისი სათარგმნი მასალა ხელშეკრულების დადებამდე შემსრულებელს არ მიუღია.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 09 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
29. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
33. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
34. კასატორი დავობს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი დამატებითი ვადის დაწესების გარეშე გასულიყო მოსარჩელესთან დადებული ნარდობის ხელშეკრულებებიდან.
35. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას.
36. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლი შემკვეთს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ ნაკეთობის ნაკლის გამო (მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ნაკლიანი მომსახურება) იმავე კოდექსის 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
37. შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამო შემკვეთისთვის მინიჭებული ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, ხელშეკრულებიდან გასვლის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი; გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისთვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მიცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი - ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება (იხ. სუსგ საქმე №ას-1003-924-2017, 01 დეკემბერი, 2017 წელი).
38. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნარდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვან, ნაკლიან შესრულებას, კერძოდ, შესრულებული სამუშაო, ნათარგმნი მასალები დასახული მიზნის მისაღწევად გამოუსადეგარი იყო. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული დარღვევა, ხელშეკრულების მიზნიდან გამომდინარე, შესაძლოა ხელშეკრულების პირობების არსებით დარღვევად იქნეს მიჩნეული. კასატორს ეს გარემოებები სადავოდ არ გაუხდია.
39. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოპასუხე საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის დაფინანსებაც სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ხდება, მას არ ჰქონდა 2015 წელს დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებითი ვადის დაწესების უფლებამოსილება (იხ. წინამდებარე განჩინების 25-ე პუნქტი). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის დაწესება არ არის დაკავშირებული შემკვეთის მიერ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღებასთან, ამასთან, წინამდებარე საქმეში სადავოა მხოლოდ მოსარჩელისათვის ნაკლის აღმოსაფხვრელად დამატებითი ვადის დაწესება და არა, მაგალითად, შესყიდული მომსახურების ფასის გაზრდა ან სხვა ხარჯის გაწევის მოთხოვნა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს ეს არგუმენტი არარელევანტურია.
40. თუმცა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ხელშეკრულების დამრღვევი მხარისათვის სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი, გონივრული ვადის მიცემის შესაძლებლობა არ შეიძლება ვალდებულების შესრულების ხელახალ ვადას გაუთანაბრდეს ან აღემატებოდეს.
41. მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნაკლის აღმოსაფხვრელად საჭირო იყო: ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე გადასათარგმნ მასალებთან მიმართებით - 3 თვე; ქართულიდან სომხურ ენაზე გადასათარგმნ მასალებთან მიმართებით - ერთი თვე, ხოლო ქართულიდან რუსულ ენაზე გადასათარგმნ მასალებთან მიმართებით, ასევე, ერთი თვე (იხ. ტ. I, ს.ფ. 378-380). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ნაკლის აღმოსაფხვრელად მოთხოვნილი დამატებითი ვადა, რომელიც აღემატება ვალდებულების შესრულებისათვის ნარდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადას, არ შეიძლება ნაკლის აღმოსაფხვრელად სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებულ გონივრულ ვადად იქნეს მიჩნეული.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა ("აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება"), რომელიც არ ითვალისწინებს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის დამატებითი ვადის მიცემის ვალდებულებას.
43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
44. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
45. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-604-604-2018, 28 თებერვალი, 2019 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
47. მოსარჩელემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა ახალი მტკიცებულება. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. იმავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (29.06.2016წ. შეთანხმება №1 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე) მთლიანობაში „01“ ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 109).
48. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 347,70 ლარის 70% – 2 343,39 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „თ------ს ბ-----ს ს----ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „თ----ს ბ-----ს ს------ს“ (ს.ნ. -------) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 23 ოქტომბერს №---- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3 347,70 (სამი ათას სამას ორმოცდაშვიდი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარის 70% – 2 343,39 (ორი ათას სამას ორმოცდასამი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი -----;
3. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (29.06.2016წ. შეთანხმება №-- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე) მთლიანობაში „--“ ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 109);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი