Facebook Twitter

საქმე №ას-196-2022 21 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „კ-----ას” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ვ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ჯ. ვ-ძე (შემდგომში - „მოსარჩელე“) 2017 წლის 11 მაისიდან 2018 წლის 07 მარტამდე იყო შპს ,,კ-------ას’’ (შემდგომში - „მოპასუხე“, „კომპანია“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) დირექტორი. მისი ანაზღაურება შეადგენდა თვეში 2500 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).

2. მოსარჩელეს კომპანიაში დირექტორად საქმიანობის პერიოდში სახელფასო ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 10 650 ლარი.

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის: სახელფასო დავალიანების - 21 875 ლარის; კომპენსაციის სახით ორი თვის შრომის ანაზღაურების - 6 230 ლარისა და გამოუყენებელი საშვებულებო ანაზღაურების - 3 125 ლარის გადახდის დაკისრება; ასევე, პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება დავალიანების სრულ გადახდამდე ყოველ დაყოვნებულ დღეზე დაყოვნებული თანხის (სახელფასო დავალიანების, საშვებულებო ანაზღაურებისა და კომპენსაციის) 0,07%-ის ოდენობით.

4. მოსარჩელის განმარტებით, გათავისუფლებამდე მის მიმართ არანაირი პრეტენზია ყოფილა გამოთქმული. მისთვის დღემდე უცნობია რა საფუძვლით მოხდა გათავისუფლება. გათავისუფლების მომენტისათვის (07.03.2018წ.), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა 2018 წლის აპრილის დასაწყისში, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანება 21 875 ლარის ოდენობით. ამასთან, კომპანიაში დასაქმებიდან გათავისუფლებამდე პერიოდში მოსარჩელეს შვებულებით არ უსარგებლია.

5. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 14 350 ლარის გადახდა; ასევე, სახელფასო დავალიანების - 14 350 ლარის ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის ანაზღაურება, 2018 წლის 07 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 10,08 ლარს; სარჩელი საშვებულებო ანაზღაურებისა და ორი თვის კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

7. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. აპელანტმა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეები ერთმანეთთან დავალების (სასამსახურო) სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ (სსკ-ის 709-ე მუხლი). იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დირექტორის ანაზღაურება ხელზე ასაღები 2500 ლარით იყო განსაზღვრული, ადასტურებს საქმეში არსებული ამონაწერი მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან, რომლის თანახმად, მოსარჩელეს ხელფასი ერიცხებოდა სხვადასხვა პერიოდულობითა და ოდენობით. 2017 წლის 28 დეკემბერს ხელფასის სახით მოსარჩელეს ჩაერიცხა 2500 ლარი (იხ. ტ. I, ს.ფ. 43); ასევე, მოწმის ჩვენება. კერძოდ, მოწმის სახით დაკითხული კომპანიის მთავარი ბუღალტრის განმარტებით (იხ. 18.03.2021წ. სხდომის ოქმი 14:59:38 სთ.), ხელფასების ოდენობები შეთანხმებული იყო დამფუძნებლებთან. იგი ახორციელებდა უწყისების ტექნიკურ მომზადებასა და ინტერნეტბანკში ატვირთვას, ხოლო ამის შემდეგ დიჯიპასის (მოწყობილობა ან აპლიკაცია, რომელიც გამოიყენება ერთჯერადი კოდების გენერირებისათვის (მისაღებად) ინტერნეტბანკსა და სხვა დისტანციურ არხებში ელექტრონული ოპერაციების განხორციელების მიზნით. ეს მოწყობილობა/აპლიკაცია გამოიყენება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მიერ. იურიდიული პირის შემთხვევაში, დიჯიპასი გადაეცემა(თ) კომპანიის უფლებამოსილ პირ (ებ)ს. დიჯიპასი ორდონიანი ავთენტიფიკაციის საშუალებაა; ყოველ დავალებაზე ის ერთჯერად, უნიკალურ კოდს გამოსახავს და ოპერაციის შესრულება მხოლოდ ამ კოდის მითითების შემდეგ არის შესაძლებელი) მეშვეობით, კომპანიის დირექტორები ახდენდნენ ხელფასის დარიცხვას. კომპანიას ჰყავდა მეორე დირექტორიც - ი. ი-ზი, რომლის ხელფასი, პარტნიორთა შეთანხმებით, კომპანიის მიერ მიღებული მოგების 3% უნდა ყოფილიყო. პარტნიორებმა საწყის ეტაპზე იგივე შესთავაზეს მოსარჩელესაც, თუმცა იგი ამ შეთავაზებას არ დასთანხმდა (იხ. 18.03.2021წ. სხდომის ოქმი, 15:01:07სთ.) და მისი ხელზე ასაღები ხელფასი, პარტნიორებთან შეთანხმებით, 2500 ლარით განისაზღვრა. იყო შემთხვევები, როდესაც დასაქმებულებს (მათ შორის საწარმოს დირექტორსაც და ხელშეკრულებით დასაქმებულებსაც), ხელფასი ნაწილ-ნაწილ ერიცხებოდათ (იხ. 18.03.2021წ. სხდომის ოქმი, 15:05:30სთ.).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ კომპანიის დირექტორების ხელფასი 1000-1000 ლარით იყო განსაზღვრული. მოპასუხეს არ წარუდგენია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მოსარჩელე დირექტორის მოვალეობას 10 თვის განმავლობაში ასრულებდა და ხელფასის სახით მიღებული აქვს შრომის ანაზღაურების ნაწილი 10 650 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მოპასუხისგან მისაღები დარჩა 14 350 ლარი.

13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

14.1. მხოლოდ ერთ დირექტორს დამოუკიდებლად არ ჰქონდა უფლება დაენიშნა თავისთვის ხელფასი 2500 ლარის ოდენობით, ვინაიდან საწარმოს, წესდების შესაბამისად, ჰყავდა ორი დირექტორი, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ მოქმედებდნენ და მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება შეთანხმებული უნდა ყოფილიყო;

14.2. მოწმე ბუღალტრის ჩვენების თანახმად, მას ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ მოსარჩელესთან. მან მოსარჩელესთან არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, სასამართლოს ცრუ და არადამაჯერებელი ინფორმაცია მიაწოდა. შესაბამისად, მხოლოდ მოსარჩელის განმარტებით შეუძლებელია დადასტურებულად იქნეს მიჩნეული დირექტორის ხელფასის ოდენობა. 2500 ლარი მისთვის მხოლოდ ერთხელ არის დარიცხული და არა სისტემატურად;

14.3. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1000 ლარს, საშემოსავლოს გარეშე, რაც მას სრულად აქვს მიღებული. კერძოდ, ხელფასის სახით მოსარჩელეს მიღებული აქვს 10 650 ლარი, საიდანაც 650 ლარი არის ზედმეტად გადახდილი, ვინაიდან მას წინასწარ ჰქონდა ჰქონდა ხელფასი აღებული;

14.4. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 2500 ლარს, თუმცა მისი მსჯელობა დაუსაბუთებელია და მტკიცებულებებს არ ეყრდნობა.

15. კასატორი შუამდგომლობს მოწმის დაკითხვის თაობაზე.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

22. კასატორის პრეტენზია მტკიცებულებების არასათანადოდ შეფასებაში მდგომარეობს. მისი განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით შეუძლებელია იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, რომ მოსარჩელის, როგორც კომპანიის დირექტორის ანაზღაურება თვეში 2500 ლარს შეადგენდა.

23. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

24. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი).

25. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, მოპასუხის საბანკო ანგარიშის ამონაწერებისა (იხ. ტ. I, ს.ფ. 22-46) და ბუღალტრის ჩვენების (იხ. 18.03.2021წ. სხდომის ოქმი, 14:58:43-15:22:31 სთ.), ერთობლიობაში შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს მოსარჩელის ანაზღაურების ოდენობა - ყოველთვიურად 2500 ლარი. მოპასუხეს არ წარუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო, სათანადო მტკიცებულება. მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მტკიცებულებების არასათანადოდ შეფასებასთან დაკავშირებით.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

27. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

28. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-725-693-2016, 06 აპრილი, 2017 წელი; №ას-1097-2018, 16 იანვარი, 2019 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. მოწმის დაკითხვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რამდენადაც აღნიშნული შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან. საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს.

31. ამდენად, კასატორის შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1261,82 ლარის 70% – 883,27 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „კ-----ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორის შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. კასატორს შპს „კ------ს” (ს/კ -----) დაუბრუნდეს მის მიერ 2022 წლის 3 მარტს №---- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1261,82 (ათას ორას სამოცდაერთი ლარი და ოთხმოცდაორი თეთრი) ლარის 70% – 883,27 (რვაას ოთხმოცდასამი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი ------;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი