საქმე №ას-615-2022 23 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. პ-ლი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ე. დ-ძე, ნოტარიუსი ლ. ვ-ია (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ე. დ-ემ (შემდგომში - "პირველი მოპასუხე“) ლ. დ-ძე (შემდგომში - „მამკვიდრებელი“ ან „მოანდერძე") 2014 წლის 06 სექტემბერს წაიყვანა თავის საცხოვრებელ მისამართზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ------, სადაც ეს უკანასკნელი 2015 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა. იგი გადმოასვენეს და დაკრძალეს თბილისში. დ. პ-ლი (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) პანაშვიდს და დაკრძალვას არ დასწრებია.
2. მამკვიდრებელს პირველი რიგის მემკვიდრე არ დარჩენია.
3. მამკვიდრებელს ჰყავდა ორი ძმა: ე. დ-ძე და მ. (ა.) დ-ძე. მოსარჩელე წარმოადგენს ე. დ-ის შვილის ჯ. დ-ის (ქორწინების შემდგომი გვარი - პ-ლი) შვილს. ე. დ-ძე გარდაიცვალა 2005 წლის 04 ივნისს, ხოლო ჯ. პ-ლი 2008 წლის 15 დეკემბერს.
4. მამკვიდრებელმა 1988 წელს იშვილა ხუთი წლის გოგონა, ლ. დ-ძე, რომელიც 2008 წლის 22 სექტემბერს გარდაიცვალა.
5. მამკვიდრებელი 2008 წლის 12 სექტემბრიდან 2008 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში მკურნალობდა ქ. თბილისის №-- ტუბდისპანსერში დიაგნოზით -ფილტვების დისიმინირებული ტუბერკულოზი.
6. მამკვიდრებელი 2014 წლის 15 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა ----- ჰოსპიტალში, სადაც დაესვა შემდეგი დიაგნოზი: ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა; თანმხლები დაავადება: შაქრიანი დიაბეტი ტ2, დეკომპენსირებული E10, არტერიული ჰიპერტენზია. კლინიკიდან გაწერის შემდეგ მკურნალობა გააგრძელა ბინაზე.
7. მამკვიდრებელი 2014 წლის 04 სექტემბრიდან 06 სექტემბრამდე მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა შპს ,,----- ----- სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ საავადმყოფოში“. ამ პერიოდში მას დაესვა შემდეგი დიაგნოზი: მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია, მარჯვენა ფილტვის კიბო, გართულებული სისხლდენით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ინსულინდამოკიდებული, შაქრიანი დიაბეტი - ტიპი 2, მრავლობითი გართულებებით, ჰიპოქსიური ენცეფალოპათია. მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ პაციენტი კლინიკაში შევიდა 2014 წლის 04 სექტემბერს მძიმე მდგომარეობაში, კონტაქტში შესვლის გაძნელებით, იყო არაადეკვატური, აღენიშნებოდა ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, ხველა სისხლნარევი. მძიმე მდგომარეობის გამო მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და თერაპევტის, ენდროკრინოლოგის, ნევროპათოლოგის კონსულტაციები. გაწერისას მისი მდგომარეობა იყო მწვავე. ახლობლების დაჟინებული მოთხოვნით, შესაბამისი დანიშნულებითა და რეკომენდაციებით, პაციენტი გაეწერა ბინაზე. იმ პერიოდისათვის, მკურნალობის მიზნით, სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრის 05.09.2015წ. მიმართვის საფუძველზე, შპს ,,ქ-----ის რ-----ი ს-----ს ბ----ს“ მიერ მამკვიდრებლის სახელზე გაიცა ერითმასა და კრიოპლაზმა.
8. სსიპ „112“-ში 2012 წლიდან 2014 წლის 29 ივლისამდე პერიოდში მამკვიდრებლისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით განხორციელებული 23 შეტყობინება ფიქსირდება მისამართზე: თბილისი, ----- ქ. №---, ხოლო 2014 წლის 07 სექტემბრიდან 2015 წლის 21 იანვრამდე პერიოდში მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით განხორციელებული შეტყობინება ჩოხატაურის რაიონის სოფელ ----- არ ფიქსირდება.
9. შპს ,,------ ფ-----რი ჯ-----ის ც-----ის“ ფსიქიატრის, სტაციონარული განყოფილების ხელმძღვანელის, ე. ფ-ის ახსნა-განმარტების თანახმად, მან მამკვიდრებელი ნახა ბინაზე 2014 წლის 03 სექტემბერს. პაციენტი იმყოფებოდა ფსიქომოტორულად აგზნებულ მდგომარეობაში. ახლობლებს განემარტათ, რომ იგი საჭიროებდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში აღრიცხვაზე აყვანას, თუმცა მათ აღნიშნული ცენტრისთვის არ მიუმართავთ.
10. საარქივო მონაცემების თანახმად, მამკვიდრებელი 2010 წლის დეკემბრის თვიდან არ რეგისტრირდება ა(ა)იპ ,,საქველმოქმედო ფონდი ს------ს კ-----ს“ შინმოვლის სამსახურის ბენეფიციარად, ხოლო 2010 წლის დეკემბრამდე პერიოდის ინფორმაცია არ ინახება საარქივო დოკუმენტაციის შენახვის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
11. ნოტარიუს ლ. ვ-იას (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „ნოტარიუსი“), რომლის სანოტარო ბიურო მდებარეობს დაბა ჩოხატაურში, ------ №---ში, მიმართა ი. გ-ემ, რომელმაც ნოტარიუსს გადასცა მამკვიდრებლის თხოვნა, მისულიყო მასთან მისამართზე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ---- (------), ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სანოტარო ბიუროში მისვლას თავად ვერ ახერხებდა. ნოტარიუსი იმავე დღეს მივიდა მამკვიდრებელთან, რომელმაც განუმარტა, რომ სურდა ანდერძის ტექსტის შედგენა. ნოტარიუსმა შეამოწმა მისი პირადობა, ქმედუნარიანობა და დაადასტურა, რომ მის ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა.
12. 2014 წლის 31 დეკემბერს მამკვიდრებლის სახელით შედგა ანდერძი, რომლის მიხედვით, მან მთელი თავისი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი ბინა, მდებარე: თბილისი, ------ ქუჩა №--, 18/90 ნაწილი, ს.კ. ------ (შემდგომში - „სადავო სახლი“, „სადავო ქონება“ ან „სადავო უძრავი ქონება“) უანდერძა მისი ძმის, მ. (ა.) დ-ის შვილს, პირველ მოპასუხეს. ანდერძის ტექსტი ხმამაღლა წაიკითხა მოანდერძემ ნოტარიუსისა და ორი მოწმის თანდასწრებით. ანდერძი შედგენილია ტექნიკური საშუალების გამოყენებით და ხელმოწერილია ორ ეგზემპლარად მოანდერძის მიერ ნოტარიუსისა და მოწმეების თანდასწრებით, რომელთაგან ერთი დარჩა ნოტარიუსის სანოტარო ბიუროს არქივში, ხოლო მეორე გადაეცა მამკვიდრებელს. ანდერძის შინაარსი გამოხატავს მოანდერძის ნებასა და სურვილს. მან ანდერძის შედგენის მომენტში გონივრულად განსაჯა საკუთარი მოქმედება და ნათლად ჩამოაყალიბა თავისი აზრი. ანდერძს ხელს აწერენ მოწმეები: ნ. თ-ძე და ი. გ-ძე.
13. 2015 წლის 24 ივლისს გაიცა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც, პირველმა მოპასუხემ, როგორც 2015 წლის 21 იანვარს გარდაცვლილი მამკვიდრებლის მემკვიდრემ, სრულად მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი სადავო ქონება. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, პირველი მოპასუხე საჯარო რეესტრში აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა.
14. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.04.2018წ. ხელწერილის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ხელმოწერა მამკვიდრებლის სახელით (ტექსტის სახით), განლაგებული: დამოწმებულ ანდერძზე 2014 წლის 31 დეკემბრის თარიღით (რეგისტრაციის №-----), მეორე გვერდზე გრაფაში - ,,ლ. დ-ძე“ შესრულებულია მამკვიდრებლის მიერ. ექსპერტიზის ჩასატარებლად შესადარებელ ნიმუშებად გამოყენებულ იქნა სს ,,------- ბანკის“ საპენსიო ჩეკები (დედანი დოკუმენტები) და 2008 წლის 22 ნოემბრის №------ სანოტარო აქტი (დედანი დოკუმენტი).
15. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არსებული სამედიცინო დოკუმენტაციისა და მოწმეთა მიერ მიწოდებული ცნობების ურთიერთსაპირისპირო შინაარსის გამო, იმის შეფასება, როგორი იყო მამკვიდრებლის ფსიქიკური მდგომარეობა 2014 წლის 31 დეკემბერს და შეეძლო თუ არა მას ანდერძის შედგენისას შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი, შეუძლებელია. აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი და გამოკვლეული საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია და მოწმეთა ჩვენებების მიხედვით დამატებით მოპოვებული მასალები გამოსაკვლევი პირის, მამკვიდრებლის მდგომარეობის შესახებ. კერძოდ:
- შპს ,,------ ფ-----ი ჯ-----ის ც----ს“ სტაციონარული განყოფილების ხელმძღვანელის, ე. ფ-ის განმარტებით, მან მამკვიდრებელი ნახა 2014 წლის 03 სექტემბერს ქუთაისში. ვიზიტის დროს პაციენტი იმყოფებოდა საწოლში, ფსიქომოტორულად აგზნებულ მდგომარეობაში, შფოთავდა, ცდილობდა საწოლიდან ადგომას და სადღაც წასვლას, იშორებდა პამპერსს და იხდიდა ტანსაცმელს, ასევე, ხელის გაურკვეველი მოძრაობით სხეულზე ეძებდა რაღაცას, ჭმუჭნიდა საბანს, ყვიროდა, ეძახდა ვიღაცას, ირწმუნებოდა, რომ ,,იგი კართან იდგა და სხვები მას ვერ ხედავდნენ“. მიზნობრივი კონტაქტისთვის იყო ძნელად მისაწვდომი, დროში, ადგილში და საკუთარ ვინაობაში დეზორიენტირებული, კითხვებზე პასუხობდა არაადეკვატურად, ან საერთოდ არ პასუხობდა, ჩხუბობდა, ყვიროდა, ხმარობდა უწმაწურ სიტყვებს. აღნიშნულის გამო ე. ფ-ის მიერ პაციენტის ახლობლებს გაეწიათ რეკომენდაცია, რომ იგი დაეყენებინათ აღრიცხვაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, რაც შემდგომში მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის საშუალებას წარმოშობდა. მეორე დღეს პაციენტის ახლობელმა დაურეკა ე. ფ-ეს და უთხრა, რომ ავადმყოფის მდგომარეობა სომატურად დამძიმდა, რის გამოც იგი გადაიყვანეს ------ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის შემდეგ მათ ე. ფ-ვის არ მიუმართავთ;
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ---- ოჯახის ექიმის, თ. გ-ას მიერ 2014 წლის 23 ოქტომბერს შედგენილი პაციენტის გასინჯვის ფურცლის მიხედვით, მამკვიდრებელთან ვიზიტი განხორციელდა ბინაზე. ანამნეზით ირკვევა, რომ 30 წელია დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით - ტიპი 2, 2000 წელს მკურნალობდა ტუბერკულოზის დიაგნოზით. მიმდინარე პერიოდისთვის მდგომაროება შეფასდა სტაბილურად. უჩივის საერთო სისუსტეს, შრომის უნარის მკვეთრ დაქვეითებას, არტ. წნევის მატებას, უძილობას. იღებდა პრეპარატ „ზოლომაქსს”, თუმცა აღნიშნავს, რომ პრეპარატმა გამოიწვია ძლიერი საერთო სისუსტე, ძილიანობა, რის გამოც შეწყვიტა თვითნებურად და თავი იგრძნო უკეთ. ცნობიერება ნათელი, აზროვნება საღი, კითხვებზე პასუხობს ადეკვატურად, პათოლოგიური რეფლექსები და მენინგეალური ნიშნები არ აღენიშნება;
- მოწმე ი. გ-ას ჩვენების მიხედვით, იგი მუშაობს სანიტრად პოლიკლინიკაში. მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე ეძებდა მომვლელს და მან შესთავაზა, რომ მოუვლიდა მამკვიდრებელს. როდესაც სახლში მიუყვანეს მოსავლელი პირი, იგი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა, სკამზე დასვეს და ისე შეიყვანეს საძინებელში. მას რომ სცოდნოდა მამკვიდრებელი ასეთი მძიმე ავადმყოფი იყო, უარს იტყოდა მის მოვლაზე. პირველი ორი დღე ნორმალური მდგომარეობა იყო, თუმცა შემდეგ ავადმყოფი ძალიან დამძიმდა, ბოდავდა, გარდაცვლილების სახელებს იძახდა. აღნიშნულის შესახებ მომვლელმა მოსარჩელეს შეატყობინა, რომელიც მეუღლესთან ერთად მივიდა ავადმყოფის სანახავად. გამოიძახეს სასწრაფო. მისული იყო ფსიქიატრიც. წამალი დაალევინეს, რომლის დასახელება მომვლელისთვის ცნობილი არ არის. შედარებით ჩაწყნარდა. შუაღამეს მამკვიდრებელმა ისევ ძალიან ცუდად იგრძნო თავი და ამის შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში. როდესაც მოწმე განყოფილებაში შევიდა, ნახა, რომ პაციენტი ლოგინზე იწვა, ხელები და პირი ჰქონდა გადაკრული, ილანძღებოდა და ცუდ სიტყვებს იძახდა. შესვლისას იგი ვერ იცნო. მოწმემ აღნიშნა, რომ მისი სახლში ყოფნის პერიოდში, მამკვიდრებელი იშვიათად გადიოდა კონტაქტზე, არავისთან დაურეკავს და არც მომვლელისთვის უთხოვია ვინმესთან დარეკვა. ავადმყოფი პერიოდულად სწორად, დალაგებულად პასუხობდა მომვლელის შეკითხვებზე, თუმცა მეორე წუთას ბოდავდა და ვიღაცებს უხმოდა. თავდაპირველად სახლში მიყვანისას მამკვიდრებელი ადეკვატურად ეკონტაქტებოდა მომვლელს. იგი იყო დაბნეული და კარგად ვერ ერკვეოდა სად იმყოფებოდა. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მომვლელი თავად ეკითხებოდა ავადმყოფს, რაიმე ხომ არ სჭირდებოდა, ხოლო შემდეგ დღეებში მისი მდგომარეობა დამძიმდა, ხელებს იქნევდა, შფოთავდა და ძალიან გართულებული მდგომარეობის გამო, საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია;
- მოწმე ნ. ო-ის ჩვენების მიხედვით, მოსარჩელე მამკვიდრებელთან ხშირად ჩადიოდა და უზრუნველყოფდა მას ექიმით, წამლებითა და სხვა საჭიროებებით. ვინაიდან, მოსარჩელე თბილისში არ ცხოვრობდა, იგი აგზავნიდა პროდუქტს, წამლებს, რასაც თავად მოწმე აწვდიდა მამკვიდრებელს. მოწმე მუშაობს საავადმყოფოში და მისი მეშვეობით იქ მომუშავე სანიტრები პერიოდულად უვლიდნენ მამკვიდრებელს, თუმცა მომვლელების განმარტებით, მასთან კონტაქტი და ურთიერთობა საკმაოდ რთული იყო. 2014 წლის ზაფხულში მამკვიდრებელი გადაიყვანეს ,,------ პოსპიტალში“, სადაც მოსარჩელის თხოვნით მოინახულა მოწმემ. მან პალატაში ყოფნისას მეორე პაციენტს დააბრალა საკვების მოპარვა. ამასთან, იმ პერიოდში მას უკვე დაქვეითებული ჰქონდა მხედველობა. ექიმის განმარტებით, მისი დიაგნოზი იყო ფილტვის სიმსივნე, რაც ქირურგიულ ჩარევას არ ექვემდებარებოდა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შემდეგ პაციენტს კლინიკა უნდა დაეტოვებინა. მოწმის მითითებით, ავადმყოფი იმ პერიოდში იღებდა დიაბეტის მედიკამენტებს და ჰიპერტენზიურ საშუალებებს. პაციენტი ხან ცნობდა მასთან მისულ მოწმეს და ხან მისი ცნობა უჭირდა. იგი იქ ყოფნის პერიოდში სანიტრებს ხანდახან რაღაც უმნიშვნელო ნივთების მოპარვას აბრალებდა. ბოლო პერიოდში მამკვიდრებელი ავადმყოფობის პარალელურად ძალიან შეიცვალა და გამოვლენილი უცნაური ქმედებების გამო, მოწმესაც მასთან, როგორც გაურესებისკენ შეცვლილ პირთან, ურთიერთობა ძალიან უჭრიდა;
- მოწმე ე. ფ-ის ჩვენების მიხედვით, პაციენტი მან ბინაზე ნახა. მანამდე მასთან სამსახურში მოსარჩელე იყო მისული და მოუყვა პაციენტის მდგომარეობის შესახებ, აღწერა აგზნება, ავადმყოფობის დამძიმების პარალელურად უძილობა, მოუსვენრობა და რჩევა ჰკითხა სპეციალისტს. მოწმე სამსახურის შემდეგ მივიდა პაციენტთან სანახავად. ვიზიტის დროს იგი იყო ფსიქო-მოტორულ აგზნებულ ანუ მწვავე ფსიქოზურ მდგომარეობაში. საექიმო ენაზე სპეციალისტმა იქ ნახა დელირიუმი, რაც არის ცნობიერების აშლის ერთ-ერთი სახე, რომელიც განსაკუთრებით ახასიათებს მოხუცებულობით ფსიქოზს. მას შემდეგ, რაც მოსარჩელისგან გამოიკითხა პაციენტის მდგომარეობა და ცოტა ანამნეზური მონაცემები (პაციენტს ფილტვის მძიმე პრობლემა ჰქონდა), მოწმემ მოსარჩელეს უთხრა, რომ შეიძლებოდა მცირე დოზით მედიკამენტის მიცემა, სანამ პაციენტი აღრიცხვაზე დადგებოდა და მას შესაბამის დახმარებას გაუწევდნენ. პაციენტთან კონტაქტში შესვლა ვერ მოხერხდა. კონტაქტში შესვლაში იგულისხმება, როდესაც მან იცის სახელი და გვარი, რომელი წელია, სად იმყოფება. დეზორიენტაცია ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია. სპეციალისტმა მოსარჩელეს ურჩია პაციენტისთვის რაიმე მსუბუქი დამამშვიდებლის (მაგალითად ატარაქსის) მიღება. მდგომარეობის ნახვისა და შეფასების შემდეგ, მოწმემ გასცა რეკომენდაცია, მიეცათ დამამშვიდებელი და თუ ვერ დამშვიდდებოდა და შემდგომში წავიდოდა ჰალუცინაცია, ბოდვა (რაც ახასიათებს ფსიქოზს), დაეყენებინათ აღრიცხვაზე, ან თუ უფრო მეტად გამწვავდებოდა მდგომარეობა, მაშინ სტაციონარში გადაეყვანათ. ამის შემდეგ მოწმეს ავადმყოფი აღარ უნახავს. სპეციალისტი გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ ავადმყოფს გარკვეული პერიოდის შემდეგ შესძლებოდა თავისი მოქმედებისთვის ანგარიშის გაწევა. ამ ასაკში განვითარებული ფსიქოზური მდგომარეობა არ შეიძლებოდა ასე დასრულებულიყო და უცებ გამოჯანმრთელებულიყო, ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში არ ყოფილა. შესაძლოა ყოფილიყო სენილური დემენცია, მაგრამ იქ სხვა პრობლემაც იყო (ფილტვის კიბო), რა დროსაც დიფერენცირება და იმის დადგენა, თუ საიდან არის წამოსული ფსიქოზური მდგომარეობა, რთულია;
- მოწმე ვ. ზ-ის (მოსარჩელის მეუღლე) ჩვენების მიხედვით, მამკვიდრებელი იყო დავრდომილი და ავადმყოფი ადამიანი. მოწმე სპეციალობით ნევროპათოლოგია და მსგავსი საჭიროებების მქონე, მოსავლელ ადამიანებთან ჰქონია შეხება. მან მამკვიდრებელი ბოლოს 2014 წლის შემოდგომაზე ნახა, რის შემდეგაც მალე გარდაიცვალა. იგი ძალაგამოცლილი მოხუცი იყო. მოწმემ დაადასტურა, რომ პაციენტისთვის, მდგომარეობის შესაბამისად, ოფიციალურად მის მიერ გამოწერილი იყო ზოლომაქსი, ფენაზეპამი, ვინაიდან პაციენტი იმ დროს იყოს აგრესიული, ჰქონდა უძილობა და შფოთვა. თავად მოწმე ხშირად არ ნახულობდა პაციენტს. მის მეუღლეს, მოსარჩელეს ჰქონდა პაციენტთან ხშირი კონტაქტი და იცოდა მისი მდგომარეობა. მოწმემ დაადასტურა ის გარემოება, რომ მამკვიდრებელსა და მოსარჩელეს ოქროს ნივთების დაბრუნებასთან დაკავშირებით მოუვიდათ კონფლიქტი. ეს ნივთები მამკვიდრებელს ჰქონდა მიბარებული მოსარჩელისთვის და დაბრუნების დროს იყო კონფლიქტური სიტუაცია. მოწმემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დამამშვიდებლებისა და ტრანკვილიზატორების დანიშვნის მიზანი იყო ის, რომ პაციენტს ჰქონდა უძილობა, აგზნებადობა, შფოთვა. მოწმე თავს არიდებდა პაციენტთან ურთიერთობას. იცოდა, რომ ამ მედიკამენტების საჭიროება არსებობდა და ამიტომ უწერდა პაციენტს შესაბამის წამლებს. მან დაადასტურა, რომ პაციენტი იმყოფებოდა ფსიქო-მოტორული აგზნების მდგომარეობაში;
- მოწმე ნ. თ-ის (მოპასუხის მეზობელი) ჩვენების მიხედვით, იგი მამკვიდრებელს დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა. მისი პირველ მოპასუხესთან სოფელში ყოფნის პერიოდში, მოწმე მას ხშირად ნახულობდა. იგი პირადად მასთან კარგ დამოკიდებულებაში იყო და ჩვეულებრივად ესაუბრებოდა წარსულ თემებზე, სოფლის ამბებზე. მოწმეს არ შეუმჩნევია, რომ მამკვიდრებელს გადაადგილება არ შეეძლო ან უჭირდა. იგი ანდერძის შედგენას პირადად ესწრებოდა. მისი გადმოცემით, ანდერძის დაწერის დროს იყო ნოტარიუსი, რომელსაც ტექსტს თვითონ მამკვიდრებელი კარნახობდა, ხოლო ნოტარიუსი წერდა. ანდერძის დაწერის შემდგომ ნოტარიუსმა მამკვიდრებელს წაუკითხა ტექსტი და შეეკითხა, ხომ არ უნდოდა აზრის შეცვლა ან რაიმეს დამატება, რაზეც მამკვიდრებელმა უარი განაცხადა და აღნიშნა: როგორც მინდა ისეა დაწერილიო. შემდეგ ხელი მოაწერინა. მამკვიდრებელმა შეძლებისდაგავარდ მოაწერა ხელი. ნოტარიუსმა კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ შეეძლო შეეცვალა თავისი აზრი და სხვა ანდერძი შეედგინა, როცა მას ენდომებოდა. მოწმემ განაცხადა, რომ ანდერძის დაწერამდე და დაწერის დროს მამკვიდრებელს აზროვნება და ცნობიერება დაკარგული არ ჰქონია. მან დანამდვილებით განაცხადა, რომ მამკვიდრებელთან სტუმრობის დროს ეს უკანასკნელი ცნობდა მას და მისი ოჯახის წევრებსაც ხშირად კითხულობდა. მას ჰქონდა ჩვეულებრივი ადამიანის გონება. მოწმისთვის თავად მამკვიდრებლისგან იყო წინასწარ ცნობილი, რომ ამ უკანასკნელს ნოტარიუსი უნდა მიეყვანა ანდერძის დასაწერად და სთხოვა მას დასწრება. მოწმე მამკვიდრებელს ესაუბრებოდა ზოგადად სოფლის საკითხებზე, მოსავალზე, საქონელზე. მას არასდროს შეუმჩნევია მამკვიდრებლის არაადეკვატური პასუხი ან დროში და სივრცეში გაურკვევლად ყოფნა. სუსტად ვარო, მამკვიდრებლის ჩივილი ეს იყო. მოწმემ იცოდა, რომ ექიმი ჰყავდათ მასთან მიყვანილი. სხვა ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ან ის გარემოება, რომ სოფელში ჩაყვანამდე მამკვიდრებელი საავადმყოფოში იმყოფებოდა, მისთვის ცნობილი არ ყოფილა;
- მოწმე მ. ა-ის ჩვენების თანახმად, მამკვიდრებელი ქუთაისიდან ჩაიყვანეს სოფელში პირველ მოპასუხესთან. იგი იყო სუსტად, თუმცა თანდათან ჭამას მოუმატა, ლაპარაკობდა ჩვეულებრივად, აქტიურობდა კიდეც და ტელევიზორის გადართვას ითხოვდა სხვადასხვა არხებზე. ბავშვებისგან და პირველი მოპასუხის მეუღლისგან ყურადღებას ითხოვდა, სახლში შესვლისას რომ არ ნახულობდნენ, ნერვიულობდა. აზროვნება დაკარგული არ ჰქონია და ტელევიზორში სხვადასხვა გადაცემებს უყურებდა, მათ შორის, სერიალებსაც. მოწმე მოსარჩელისა და მამკვიდრებლის საუბარს არ დასწრებია და რაზე წარმოიშვა კონფლიქტი მისთვის ცნობილი არ ყოფილა. მოწმისთვის ასევე უცნობი იყო მამკვიდრებელი ნაწყენი იყო თუ არა მოსარჩელეზე. მან დანამდვილებით განაცხადა, რომ მამკვიდრებელს გონებრივი პრობლემა არ ჰქონია და დაადასტურა, რომ მას ჰქონდა გამართული მახსოვრობა. იგი ხშირად ეკონტაქტებოდა მოწმეს და უყვებოდა ნანახი სერიალის შინაარს. ბავშვებსაც ყურადღებას აქცევდა და სურდა იგი ხშირად მოენახულებინათ სკოლიდან მისვლის შემდგომ. მამკვიდრებელი ამბობდა, რომ იგი თავის უძრავ და მოძრავ ქონებას პირველ მოპასუხეს უტოვებდა. იგი თავისით არ გადაადგილდებოდა, ფეხი ჰქონდა ადრე მოტეხილი და არ შეეძლო სიარული. მამკვიდრებელს მოწმე და მისი რძალი - პირველი მოპასუხე ერთად უვლიდნენ. მან იცოდა, რომ ფილტვის დაავადება ჰქონდა და მოწმეს უთხრა მის ოთახში არ დაწოლილიყო. ღამე ხანდახან უძილობა აწუხებდა. მამკვიდრებელს მოწმისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ საახალწლოდ ძმისშვილისთვის - პირველი მოპასუხისთვის საჩუქარი უნდა გაეკეთებინა. მოწმემ დაადასტურა ანდერძის შედგენაზე დასწრების ფაქტი;
- მოწმე ნ. ღ-ის (მამკვიდრებლის მეზობელი თბილისში) ჩვენების მიხედვით, წაყვანის შემდეგ მამკვიდრებელი ხშირად ეკონტაქტებოდა მას სავარაუდოდ პირველი მოპასუხის ტელეფონიდან. იგი მოწმის შვილის, ბ-ას მოსაკითხად რეკავდა, ვინაიდან მას ბავშვი ძალიან უყვარდა. მამკვიდრებელი გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე დაუკავშირდა მოწმეს და უთხრა, რომ კარგად იყო, მაგრამ ჩასვლას ჯერ არ აპირებდა. მეზობელმა სატელეფონო საუბრების შედეგად გამორიცხა მამკვიდრებლის აგრესიული საუბარი, გაღიზიანება. მოწმე შეესწრო მისი შვილისა და მამკვიდრებლის სატელეფონო საუბარს, რაც ჩვეულებრივად შედგა. მოწმეს რაიმე არაადეკვატური ქმედება თუ საუბარი მისთვის იმ პერიოდში არ შეუნიშნავს. მეზობლებსაც კითხულობდა, განსაკუთრებით ლ-ს, რომელსაც თავისი სახლისთვის ყურადღების მიქცევა სთხოვა. თბილისში ყოფნის პერიოდში მოწმე შედიოდა ყურადღების მისაქცევად, თუმცა მომვლელი ჰყავდა თუ არა მამკვიდრებელს, მისთვის უცნობი იყო;
- მოწმე ლ. ს-ას ჩვენების მიხედვით, იგი იყო მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული ბინის დამქირავებელი და აგრძელებდა აღნიშნულ ფართში ცხოვრებას ქირავნობის საფუძველზე. მისი განმარტებით, მამკვიდრებელთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ისინი ხშირად საუბრობდნენ ყოველდღიურ საკითხებზე, მამკვიდრებელი ეკითხებოდა სამსახურის ამბებს. მოწმის ინფორმაციით, მას გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა კონკრეტულად რას უჩიოდა მისთვის უცნობი იყო. მოწმის განმარტებით, მამკვიდრებელი ავადმყოფობის გამო წავიდა მოსარჩელესთან ქუთაისში, თუმცა გამუდმებით საუბრობდა გურიაზე, რადგან თავად იქიდან იყო და წავიდა კიდეც მოგვიანებით პირველ მოპასუხესთან. გურიაში წასვლის შემდეგ მამკვიდრებელი ყველაზე ხშირად მოწმეს უკავშირდებოდა პირველი მოპასუხის ან მისი მეუღლის ტელეფონის მეშვეობით, სთხოვდა მას, მიეხედა სახლისთვის. მამკვიდრებელი, ასევე, ხშირად უკავშირდებოდა ნ. ღ-ლს, რომლის შვილიც ძალიან უყვარდა. მოწმე მიუთითებს იმ ფაქტზეც, რომ სატელეფონო საუბრისას მამკვიდრებლისთვის განსაკუთრებული, გამორჩეული არაფერი შეუნიშნავს, რადგან იგი ზუსტად იმავე შინაარსის შეკითხვებს უსვამდა, რასაც თბილისში ყოფნის პერიოდში. ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მათ შორის მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე დაახლოებით 10-14 დღით ადრე შედგა, რა დროსაც ეს უკანასკნელი მას ჩვეულებრივ ესაუბრა, შეძლო მისი ხმაზე იდენტიფიცირება. მოწმის განმარტებით, მის მიერ გადახდილი ქირის თანხას მამკვიდრებელი რვეულში აღრიცხავდა. მოწმე მას გურიაში ყოფნის პერიოდშიც უგზავნიდა ქირის საფასურს. მამკვიდრებლის ქუთაისში გადაყვანის ამბავი მეზობლებისგან გაიგო, თავად ამ ფაქტს არ შესწრებია. მოწმემ გაიხსენა მამკვიდრებლის ყოველდღიური რუტინა - იგი დილით ადრე დგებოდა, ხშირად იჯდა სახლის წინ მზის ამოსვლამდე, შემდეგ სახლში ისვენებდა და საღამოს მზის ჩასვლისას ისევ გადიოდა. მოწმემ ვერ გაიხსენა ბაზარში პროდუქტების საყიდლად წასული მამკვიდრებელი, თუმცა განმარტა, რომ მას სახლსა და ეზოში გადაადგილების პრობლემა არ ჰქონია;
- მოწმე მ. პ-ის ჩვენების მიხედვით, იგი ხშირად სტუმრობდა თავის ძმასა და რძალს, პირველ მოპასუხეს, სადაც გაიცნო მამკვიდრებელი. მისი განმარტებით, ეს უკანასკნელი გარდაცვალებამდე საღად აზროვნებდა და მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე რაიმე უარყოფითი შთაბეჭდილება არ შექმნია. მას მხოლოდ ფილტვების პრობლემა აწუხებდა. პირველ მოპასუხესთან ყოფნის პერიოდში მამკვიდრებელსა და პირველი მოპასუხის დედამთილს (მ. ა-ძე) ერთ ოთახში ეძინათ. პირველი მოპასუხის არყოფნისას მამკვიდრებელს მ. ა-ძე უვლიდა, ეხმარებოდა მას საკვების მიღებაში ან სხვა საჭიროებების არსებობისას (მას გადაადგილება უჭირდა სხვისი დახმარების გარეშე). მოწმემ ვერ გაიხსენა დამოუკიდებლად ფეხზე მდგომი მამკვიდრებელი ან უშუალოდ მისი გადაადგილების ფაქტი. მან მამკვიდრებელი ბოლოს ნახა გარდაცვალებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე. მოწმეს მამკვიდრებელთან ურთიერთობის პერიოდში არ შეუნიშნავს მისი მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება და მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ მას ბოლო პერიოდში ჰაერის უკმარისობა ჰქონდა;
- მოწმე თ. გ-ას ჩვენების თანახმად, მან სოფელ ------ ყოფნის პერიოდში უმკურნალა მამკვიდრებელს. მოწმემ ავადმყოფი ინახულა პირველი მოპასუხის თხოვნით, შეაფასა მისი სუბიექტური და ობიექტური მონაცემები და არ გასჩენია ეჭვი მისი ფსიქიკური არამდგრადობის შესახებ. მამკვიდრებელი აზროვნებდა აბსოლუტურად საღად და ჰქონდა ცნობიერება. ექიმის მიერ დასმულ კითხვებზე, რომელიც შეეხებოდა მის ასაკს, მონაცემებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ავადმყოფი პასუხობდა ადეკვატურად. ექიმის მიერ შეფასდა სუბიექტური, ობიექტური მონაცემები, ზოგადი მედიკამენტოზური ანამნეზი, რა დროსაც მამკვიდრებელმა მას მიუთითა იქვე მდებარე გარკვეულ წამლებზე. მამკვიდრებელმა მოწმეს აჩვენა მედიკამენტები, რომლებსაც იგი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ იღებდა და ასევე ერთი მედიკამენტი, რომლის მიღებაც, მისივე განმარტებით, თვითნებურად შეწყვიტა. მოწმის თქმით, აღნიშნული მედიკამენტი იყო ფსიქოტროპული სახეობის და მამკვიდრებელი მის მიღებას უკავშირებდა ძილიანობას, ლაპარაკს. ავადმყოფი მიუთითებდა ძილის გაძნელებაზე, თუმცა ზემოღნიშნული მედიკამენტის მოხმარების შეწყვეტის გამო რაიმე უარყოფით ფაქტორს არ უჩიოდა და თავს კარგად გრძნობდა. ძილის გაძნელების გამო მან თავად სთხოვა მოწმეს საძილე საშუალების გამოწერა. იქედან გამომდინარე, რომ მამკვიდრებელს მაგიდაზე ჰქონდა გარკვეული მედიკამენტები, მათ შორის სომნოლი, მოწმემ უპირატესობა სწორედ აღნიშნულ მედიკამენტს მიანიჭა და ავადმყოფს ურჩია მისი საძილე საშუალებად გამოყენება. მოწმის განმარტებით, მამკვიდრებელს აღენიშნებოდა ფილტვების პრობლემები და ხველა. მოწმე იმავდროულად არის სასწრაფოს ექიმი და ხშირად უწევს ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი. აქედან გამომდინარე, იგი სავსებით გამორიცხავს, რომ მამკვიდრებელს რაიმე ფსიქიკური პრობლემები ჰქონოდა, რომელსაც ექიმის დაკვირვებული თვალი ვერ შენიშნავდა;
- მოწმე ი. გ-ის ჩვენების თანახმად, იგი უშუალოდ ესწრებოდა ანდერძის შედგენას. ანდერძის შედგენის დროს მამკვიდრებელი იჯდა ლოგინზე, საუბრობდა საღად და ნათლად. მისი განმარტებით, ნოტარიუსი მკაცრი და სამართლიანი ადამიანია, იგი იწერდა, რასაც მამკვიდრებელი ამბობდა. მამკვიდრებელმა მთელი თავისი ქონება დაუტოვა პირველ მოპასუხეს. მოწმემ მიუთითა იმ ფაქტზეც, რომ ოჯახის წევრების მხრიდან ზეგავლენის მოხდენა ანდერძის მოწმეებზე, მამკვიდრებელზე ან ამ უკანასკნელის ფსიქიკური არამდგრადობა გამორიცხული იყო. იგი კვირაში ორჯერ სტუმრობდა პირველი მოპასუხის ოჯახს, შესაბამისად, მამკვიდრებელსაც და მისთვის ფსიქიკური პრობლემა არ შეუნიშნავს. მამკვიდრებელი ყოველთვის დინჯად, კარგად ლაპარაკობდა, აზროვნებდა საღად, იხსენებდა ძველ მეზობლებსაც კი. მოწმეს არაადეკვატური ან აგრესიული ქცევა მისთვის არ შეუნიშნავს;
- მოწმე ბ. პ-ის ჩვენების მიხედვით, ქუთაისში მამკვიდრებლის ჩამოსაყვანად გაყოლა პირველმა მოპასუხემ სთხოვა. საავადმყოფოში მისვლისას ჩვეულებრივად გამოვიდა მამკვიდრებელი, ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ პირველ მოპასუხესთან სოფელში. მოწმემ გაიხსენა, რომ მამკვიდრებელმა საკვებიც მიიღო ავტომანქანით გადაადგილების პერიოდში. სოფელში მისვლისას, იგი თავად ცდილობდა სახლამდე მისვლას, თუმცა აღმართის გამო დასჭირდა სხვების დახმარება. მოწმეს გათიშული ან უგონოდ მყოფი მამკვიდრებელი არ უნახავს;
- მოწმე ლ. ყ-ის ჩვენების თანახმად, იგი დასაქმებულია შპს ,,------ ----- სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბლიტაციო კლინიკურ საავადმყოფოში“ რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგის პოზიციაზე. მის მიერ 2014 წლის 08 სექტემბერს გაიცა ცნობა მამკვიდრებლის ჯანმრთელობის შესახებ. პაციენტი კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას გადიოდა 2014 წლის 04 სექტემბრიდან 06 სექტემბრის ჩათვლით. მოწმე დაეთანხმა ჯანმრთელობის შესახებ ცნობაში მითითებულ მონაცემებს პაციენტის ჯანმრთელობისა და სტაციონარში შეყვანისას მისი მდგომარეობის შესახებ. ექიმს დროის ხანგძლივობის გამო არ ახსოვდა პაციენტის ზუსტი მდგომარეობა - უჭირდა თუ არა გადადგილება, რამდენად კონტაქტური იყო. როგორც ცნობაში იყო მითითებული, პაციენტთან კონტაქტში შესვლა იყო გაძნელებული. იგი იქცეოდა არაადეკვატურად. ნევროპათოლოგის კონსულტაციის შედეგად დადგინდა - ჰიპოქსიური ენცეფალოპათია. ასაკში შესული ადამიანებისთვის ჰიპოქსიას, ჟანგბადის ნაკლელობას ერთვის ფსიქოლოგიური პრობლემებიც. ამ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ჩაუტარდა ნევროპათოლოგის კონსულტაცია და ფსიქიატრის დახმარება არ გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო მწვავე, როგორც ცნობიდან ირკვეოდა, მისი აპარატზე შეერთების საჭიროება არ ყოფილა და პაციენტის თანმხლები პირის, მოსარჩელის ხელწერილის საფუძველზე, იგი გაეწერა ბინაზე და მიეცა შესაბამისი სამკურნალო დანიშნულება. სიმსივნური პროცესები იყო თუ არა ამ პაციენტთან ექიმს არ ახსოვდა. მისი განმარტებით, შესაძლებელია ჰიპოქსიით გამოწვეული ფსიქოლოგიური გართულება ინდივიდუალურად აღდგეს და დადებითად შეიცვალოს, თუმცა ასაკოვან ადამიანში დადებითი დინამიკა ნაკლებ სავარაუდოა. ზოგადად, კონტაქტში შესვლა გაძნელებით შესაძლებელია გამოწვეული იყოს პაციენტის პროტესტითაც;
- ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ექსპერტის მიერ გამოკითხულ იქნენ თავად მხარეებიც. ისინი განსხვავებულ პოზიციას მიუთითებდენ მოანდერძის როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებელს პერიოდულად აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა, ჰქონდა აკვიატებები, რომ მოჰპარეს საკვები. ძლიერი შფოთვები და ქურდობის აკვიატებები აღენიშნებოდა ასევე ქუთაისში ჩაყვანის პერიოდშიც. აღნიშნულ გამოვლინებებს მოსარჩელე მიიჩნევდა დემენციის ერთ-ერთ ეპიზოდად. მოსარჩელემ გაიხსენა, რომ დაახლოებით 16-18 ოქტომბერს მამკვიდრებელს კვლავ გამოუვლინდა მწვავე ფსიქოზური ნიშნები - ეგონა, რომ ვიღაც გაგუდვას უპირებდა, წარმოეშვა სივრცითი დეზორიენტაცია. მოსარჩელემ მიუთითა მასსა და პირველ მოპასუხეს შორის განხორციელებულ ერთ-ერთ სატელეფონო საუბარზე, რომლის დროსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მამკვიდრებელი ხელებით ტანზე ეძებდა რაღაცას, ჰქონდა მიზანმიუმართავი ხელის მოძრაობები, რაც მოსარჩელეს დემენციის კიდევ ერთ ნიშნად მიაჩნდა;
- საწინააღმდეგო განმარტა პირველმა მოპასუხემ. კერძოდ, მისი მითითებით, მამკვიდრებელი თავისი სურვილის შესაბამისად წარმართავდა მის ქცევას. მისი სურვილი იყო ანდერძის შედგენა და თავადვე მოითხოვა ნოტარიუსის მიყვანა. თბილისიდან წაყვანისას მამკვიდრებელი თავს სუსტად გრძნობდა, იყო მოუვლელი და როგორც თავად უთხრა პირველ მოპასუხეს, მის პირად ჰიგიენას არავინ იცავდა. პირველმა მოპასუხემ ექვსი დღე დაჰყო თბილისში, რა პერიოდშიც მამკვიდრებელს ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა, თუმცა მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. ექვსი დღის შემდეგ მოსარჩელემ წაიყვანა ქუთაისში, სადაც, მისი ინფორმაციით, მამკვიდრებლისთვის მის სანიტარს უნდა მიეხედა. პირველმა მოპასუხემ მიუთითა იმ პერიოდზეც, როდესაც ქუთაისიდან გურიაში წაიყვანა მამკვიდრებელი. კერძოდ მისი განმარტებით, მოსარჩელის სატელეფონო ზარის შემდეგ ჩავიდა ქუთაისში, საავადმყოფოში მამკვიდრებლის წასაყვანად. მოსარჩელემ უთხრა, რომ მამკვიდრებელს ფსიქიკური პრობლემები დაეწყო და ვერ იცნო მისი სანიტარი, თუმცა აღნიშნული პირველმა მოპასუხემ გამორიცხა და მიუთითა, რომ მისმა დანახვამ იგი ძალიან გაახარა და სთხოვა, რომ საავადმყოფოდან წაეყვანა. მამკვიდრებელი დამოუკიდებლად ცდილობდა ტანისამოსის ჩაცმას, გადაადგილდებოდა. რაც შეეხება ჯანმრთელობის პრობლემებს, მას ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა, სუნთქვისას რაღაცას ახრიალებდა, ახველებდა, სტკიოდა ფეხი, რომელიც ადრე მოიტეხა და ჰქონდა სიმსივნეც, თუმცა აღნიშნულს თავად მალავდა;
- მეორე მოპასუხის განმარტებით, მამკვიდრებელი ანდერძის შედგენის მომენტში იყო დაწოლილ მდგომარეობაში, მოანდერძე სრულიად ნორმალურად და ნოტარიუსისთვის მისაღებად აზროვნებდა, მისი პასუხები იყო ადეკვატური, კონტაქტის დამყარებაც ჩვეულებრივ განხორციელდა. მამკვიდრებელი მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურად იყო ავად და მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ნოტარიუსს არ გასჩენია. მოანდერძემ კარგად იცოდა რა მნიშვნელობა ჰქონდა და რას ნიშნავდა ანდერძი, ნოტარიუსი. ნოტარიუსის მიერ მოანდერძისთვის ყოველთვის ხდება გარკვეული ტიპის შეკითხვების დასმა, რომელიც მეტ-ნაკლებად წარმოაჩენს პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას. ნოტარიუსს მოანდერძის ქმედუნარიანობაში, მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გასჩენია.
16. მამკვიდრებელს გარდაცვალებამდე გაქირავებული ჰქონდა სადავო სახლის ნაწილი და თავად იღებდა ქირას.
17. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზებში მამკვიდრებელი 2008 წლიდან გარდაცვალებამდე პერიოდში ფიქსირდება ფულადი სოციალური დახმარებისა (საარსებო შემწეობა) და 1998 წლიდან სახელმწიფო პენსიის მიმღებად.
18. სადავო სახლის ნაწილში ამჟამად ცხოვრობს პირველი მოპასუხის მეუღლის და და მისი ოჯახი.
19. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე ფაქტობრივად არ დაუფლებია მის დანაშთ უძრავ ან მოძრავ ქონებას. მამკვიდრებლის კუთვნილი მოძრავი ნივთები, კერძოდ, ოქროს სამკაულები, მოსარჩელეს გადაეცა შენახვის მიზნით, დროებით, მამკვიდრებლის სიცოცხლეში ამ უკანასკნელის მიერ.
20. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვა: მამკვიდრებლის მიერ 2014 წლის 31 დეკემბერს შედგენილი ანდერძის ½ ნაწილში ბათილად ცნობა; 2015 წლის 24 ივლისს პირველი მოპასუხის სახელზე გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ½ ნაწილში ბათილად ცნობა და სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა. მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებელი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში იყო მძიმე ავადმყოფი და არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა შეეგნო. ნოტარიუსმა ანდერძი შეადგინა უკანონოდ. გარდა ამისა, მამკვიდრებელი სავარაუდოდ საერთოდ არ აწერს ხელს ანდერძს.
21. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
22. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
23. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. აპელანტმა, ასევე, მოითხოვა მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება.
24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
25. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-19 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
26. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მამკვიდრებლის მიერ ხელმოწერილი, 31.12.2014წ. სანოტარო წესით შედგენილი ანდერძის არსებობის პირობებში, მოქმედებს აღნიშნულ დოკუმენტში მამკვიდრებლის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია. საწინააღმდეგოს დადასტურება მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება მამკვიდრებლის ქმედუუნარობასთან დაკავშირებით, არ დასტურდება.
27. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებზე: შპს ,,------ ჰოსპიტალის’’ პირველი კლინიკური თერაპიისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტის" 20.08.2014წ. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ტ. I, ს.ფ. 70); შპს ,,---- ---- სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური საავადმყოფოს” 08.09.2014წ. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ტ. II, ს.ფ. 139); ჩოხატაურის რაიონის სოფელ ----- ოჯახის ექიმის თ. გ-ას მიერ 2014 წლის 23 ოქტომბერს შედგენილი პაციენტის გასინჯვის ფურცელი (იხ. ტ, I. ს.ფ. 94) და განმარტა, რომ საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტებით დგინდებოდა, რომ მამკვიდრებლის მკურნალობის პერიოდში არცერთხელ, არცერთი სამედიცინო დაწესებულების მიერ რაიმე სახის დიაგნოზი ფსიქოლოგიურ დაავადებასთან დაკავშირებით არ დადგენილა. იგი მკურნალობას სხვა დაავადებებიდან გამომდინარე ჩივილების საფუძველზე გადიოდა.
28. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მამკვიდრებლის ერთ-ერთი მკურნალი ექიმის, ლ. ყ-სა და ოჯახის ექიმის, თ. გ-ას ჩვენებებზე, ხოლო შპს „ქ-----ის ფ------რი ჯ---ის ც----ის“ სტაციონარული განყოფილების ხელმძღვანელის, ე. ფ-ის განმარტებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მან პაციენტი მხოლოდ ერთხელ ნახა. მისივე განმარტებით, ვიზიტისას სრული ანამნეზი არ აუღია, ამას გააკეთებდა თუკი მეორე დღეს მასთან მივიდოდნენ. ექსპერტის კითხვაზე გამოკითხულ იქნა თუ არა მანამდე დემენციის ნიშნების არსებობის შესახებ, მოწმემ უპასუხა, რომ ბოლო დროს გაურესებულ მდგომარეობაზე მოსარჩელისგან შეიტყო, რაც არაადეკვატურ ქცევებში ვლინდებოდა. ამრიგად, მართალია მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მან 2014 წლის 03 სექტემბერს მამკვიდრებელი ნახა, თუმცა მისივე ჩვენებიდან, ასევე, ირკვევა, რომ იგი მამკვიდრებლის მკურნალი ექიმი არ ყოფილა და მისი სამედიცინო დოკუმენტები არ უწარმოებია, არ გაცნობია და შესაბამისი დიაგნოზი არ დაუსვამს. სასამართლოს მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მოწმემ მამკვიდრებელი სადავო ანდერძის შედგენამდე რამდენიმე თვით ადრე ნახა, შესაბამისად, მისი ჩვენების საფუძველზე შეუძლებელი იყო იმ დასკვნის გაკეთება, რომ მამკვიდრებელი 2014 წლის დეკემბერში იგივე მდგომარეობაში იქნებოდა.
29. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მხარეს დაკითხული მოწმეების - ი. გ-ას, ნ. ო-ისა და ვ. ზ-ის ჩვენებებზე, რომლებსაც სხვადასხვა დროს გარკვეული სახის ურთიერთობა ჰქონდათ მამკვიდრებელთან, ასევე, მოპასუხის მხარეს დაკითხული მოწმეების - ნ. თ-ის, მ. ა-ის, ნ. ღ-ის, ლ. ს-ას, მ. პ-ის, ი. გ-სა და ბ. პ-ის ჩვენებებზე, რომელთაც გარდაცვალებამდე მამკვიდრებელთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. სასამართლომ მიუთითა, რომ მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობრივი და რიგ შემთხვევებში ურთიერთგამომრიცხავია. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მამკვიდრებლის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მითითებული არ ყოფილა არც ექიმებს შორის გამართული ზეპირი საუბრისას. საგულისხმოა, რომ ნ. ო-ის ჩვენების მიხედვით, მან მამკვიდრებელი 2014 წლის ზაფხულში მოინახულა, მაშინ, როდესაც ი. გ-ამ იგი პირველად 2014 წლის სექტემბერში ნახა და, როგორც თავად აღნიშნა, პირველი ორი დღის განმავლობაში მის ადეკვატურობაზე ეჭვი არ გასჩენია. სასამართლოს მითითებით, მამკვიდრებლის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხის კვლევისას საგულისხმოა, ასევე, მოწმე ვ. ზ-ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც ამ უკანასკნელმა მამკვიდრებელსა და მოსარჩელეს შორის კონფლიქტის შესახებ გაიხსენა.
30. სააპელაციო პალატის განმარტებით, გარდა იმისა, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის მხარეს დაკითხული მოწმეების ჩვენებები წინააღმდეგობრივია და ერთმანეთს გამორიცხავს, წინააღმდეგობრივია თავად მოსარჩელის მხარეს დაკითხული მოწმეების ჩვენებებიც. მაგალითად, ვ. ზ-ის ჩვენების მიხედვით, 2014 წლის შემოდგომაზე მამკვიდრებელმა მოსარჩელეს დაახლოებით ხუთი წლით ადრე მიბარებული ნივთები მოსთხოვა; მ. გ-ას ჩვენების მიხედვით, 2014 წლის სექტემბერში მამკვიდრებელთან ურთიერთობის პირველი ორი დღის განმავლობაში მას არაადეკვატურობა არ შეუმჩნევია; ხოლო ნ.ო-ის განმარტებით, ჯერ კიდევ ზაფხულში მამკვიდრებელს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შეამჩნია, თუმცა ამის მიუხედავად, მის მკურნალ ექიმთან, როგორც კოლეგასთან გასაუბრებისას, რომელმაც მამკვიდრებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერისას სხვა მძიმე სენით ავადობაზე მიუთითა, არ უკითხავს ჰქონდა თუ არა მას ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დიგნოზი დასმული და გადიოდა თუ არა რაიმე სახის მკურნალობას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მხარეს დაკითხულ არცერთ მოწმეს მამკვიდრებელი 2014 წლის სექტემბერ-ოქტომბრის შემდეგ არ უნახავს. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სამედიცინო დოკუმენტებში ცნობების არარსებობის პირობებში, მხოლოდ მოწმეთა ჩვენების საფუძველზე მამკვიდრებლის ფსიქიკური მდგომარეობის დადგენა, მაშინ როდესაც სადავო ანდერძის შედგენის პერიოდში ისინი მამკვიდრებლის გარემოცვას არ წარმოადგენდენ, შეუძლებელია.
31. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140.1. მუხლით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაასკვნა, რომ იმ ფაქტის კვლევისას ანდერძის შედგენის დროს მამკვიდრებელს შეეძლო თუ არა საკუთარი მოქმედების გონივრულად განსჯა და საკუთარი ნების გამოხატვა, მოწმეთა ჩვენებებს სამართლებრივი მნიშვნელობა არ უნდა მინიჭებოდა და გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უნდა დადებოდა.
32. სააპელაციო პალატის მითითებით, დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, თუ ვის მიერ არის შესრულებული ანდერძზე განხორციელებული ხელმოწერა. აღნიშნულის თაობაზე ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზის თანახმად, ხელმოწერა მამკვიდრებლის მიერ არის შესრულებული. დასკვნის კვლევით ნაწილში გაკეთებულ დათქმასთან დაკავშირებით: „დაქვეითებული კოორდინაცია, შენელებული ტემპი, სუსტად დიფერენცირებული დაწოლის ძალა მიუთითებენ ხელმოწერაზე რაიმე უჩვეულო ფაქტორის ზეგავლენას’’, სასამართლომ მიუთითა ექსპერტის მიერ აღნიშნულ სავარაუდო მიზეზებზე: მოხუცებულობის ასაკი, ავადმყოფობა და ა.შ. ის ფაქტი, რომ ხელმოწერა შესრულებულია დაქვეითებული კოორდინაციით არ ნიშნავს, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო ხელმომწერი პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემით, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმეში წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მამკვიდრებელი ავად იყო მძიმე სენით და უჩიოდა ფიზიკურ სისუსტეს.
33. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო საკითხთან დაკავშირებიოთ საინტერესოა აგრეთვე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 29.03.2019წ. სიკვდილის შემდგომი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელზეც სამმა ექსპერტმა იმუშავა, კერძოდ: ა. ტ-ემ - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსისი მოადგილე, სპეციალობით მუშაობის 12 წლის გამოცდილებით, ქ. შ-ემ - ფსიქიატრიული ექსპერტიზის ექსპერტი, სპეციალობით მუშაობის 14 წლის სტაჟით, დ. მ-ემ - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, სპეციალობით მუშაობის 37 წლის სტაჟით. ამასთან, საგულისხმოა აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით მათ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებებიც. კერძოდ:
- ექსპერტი ა. ტ-ის მითითებით, გამოკვლეული და შეფასებული მასალების მიხედვით, მოანდერძეს შესაძლებელია ჰქონოდა ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, თუმცა ამ ფაქტის კონკრეტულად და დაზუსტებით დადგენა შეუძლებელი იყო. როგორც დოკუმენტაციის, ასევე, ზოგიერთი მოწმის ჩვენებით, მამკვიდრებელთან შეინიშნებოდა ცნობიერების დარღვევა, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იმის დადგენა, რომ ადგილი ჰქონდა ფსიქიკურ აშლილობას, ვერ მოხერხდა. ავადმყოფის სომატური მდგომარეობა იყო მძიმე, რასაც შეიძლებოდა თან დართვოდა ასაკობრივი დემენცია. შესაძლებელია, სომატურად რთულ მდგომარეობას ფსიქოლოგიული მდგომარეობის ხანმოკლე პერიოდით დამძიმება მოჰყოლოდა და შემდგომ ეს მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. დემენციას ახასიათებს მოციმციმე მდგომარეობა, რასაც შესაძლოა ხანმოკლე გაუმჯობესებაც მოჰყვეს. თუკი კლინიკის რეანიმაციულ მდგომარეობაში მოხვედრის დროს ავადმყოფს დაწყებული ჰქონდა დემენციის პროცესი, აღნიშნული იარსებებდა 2014 წლის დეკემბრის თვეშიც. გარკვეული რისკ-ფაქტორების არსებობა ვლინდებოდა, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იმის დარწმუნებით თქმა, რომ პაციენტს ჰქონდა ფსიქოლოგიური დაავადება, შეუძლებელია. ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მამკვიდრებელს სომატური მდგომარეობის გართულების მთლიან პერიოდში არცერთხელ, არცერთი დაწესებულების მიერ არ დადგენია რაიმე სახის დიაგნოზი ფსიქოლოგიურ დაავადებასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, მხოლოდ თეორიული მსჯელობით არ არის სწორი პაციენტის ზუსტი ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასება. ექსპერტმა სპეციალისტ ე. ფ-ის ჩვენებასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მან მამკვიდრებელი ნახა 2014 წლის სექტემბრის თვეში, შესაბამისად, რთული სათქმელი იყო მისი იმ დროინდელი მდგომარეობა რამდენად შეესაბამებოდა 2014 წლის დეკემბრის თვეში არსებულ მდგომარეობას, მაშინ, როდესაც ის პირები, რომელთაც ამ დროს ჰქონდათ მასთან შეხება, სხვანაირ, გაუმჯობესებულ მდგომარეობაზე უთითებდნენ. ამასთან, მართალია, სპეციალისტმა ერთხელ ნახა და გაესაუბრა პაციენტს, თუმცა მას დიაგნოზი არ დაუდგენია. კალიგრაფიის არევა შესაძლოა ახლდეს ფსიქოლოგიურ პათოლოგიებს. ე.წ. ,,გაიდლაინები“ არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, თუმცა ყველა პირის შეფასება ხდება ინდივიდუალურად;
- ექსპერტი ქ. შ-ის განმარტებით, კონკრეტულად 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ერთმნიშვნელოვნად იმის დადგენა, მამკვიდრებელს შეეძლო თუ არა თავისი ქმედების შეგნება და განკარგვა, ვერ მოხერხდა;
- ექსპერტი დ. მ-ის განმარტებით, ამ სახის ექსპერტიზის ჩატარების დროს ძირითადი და მნიშვნელოვანია ფსიქიატრის ჩანაწერების არსებობა, როდესაც უტყუარი მონაცემების არსებობის პირობებში დადგენილი დიაგნოზი ეჭვს არ იწვევს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ფსიქიკური კუთხით დიაგნოზი არ არსებობდა. ფსიქიატრიაში არ არსებობს სავარაუდო პასუხი, პირი ან შერაცხადია ან შეურაცხადი (იხ. ტ. III, ს.ფ. 190-213).
34. სააპელაციო პალატის მითითებით, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესება, თავისთავად არ არის საკმარისი საფუძველი პირის ქმედუუნაროდ მიჩნევისთვის. უფრო მეტიც, თუკი მისი ქმედუუნარობა უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდება, ყოველგვარი ეჭვი უნდა განიმარტოს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძის არსებობის პირობებში მოქმედი პრეზუმფცია აღნიშნულ დოკუმენტში მამკვიდრებლის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის შესახებ, ვერ გაბათილდება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. აღნიშნულ პრეზუმფციას საფუძველს ვერ შეურყევს აპელანტის მითითება მასზედ, რომ სადავო სახლში ცხოვრების დროს, კერძოდ, 2012 წლიდან 2014 წლის 29 ივლისამდე პერიოდში მამკვიდრებლისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით 23 შეტყობინება განხორციელდა, მაშინ, როდესაც სასწრაფო დახმარება გამოძახებული არ ყოფილა მისი პირველ მოპასუხესთან ცხოვრების პერიოდში (დაახლოებით ოთხი თვე). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ინფორმაციის გაანალიზებისას მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმ ფატზე, რომ ასაკში მყოფი მამკვიდრებელი, რომელსაც დასმული ჰქონდა მძიმე სენის დიაგნოზი, მარტო ცხოვრობდა, მაშინ როდესაც 2014 წლიდან 2015 წლამდე მასზე მზრუნველობას პირველი მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები უზრუნველყოფდნენ. შესაბამისად, მარტოხელა, ავადმყოფი ადამიანის მიერ სასწრაფო დახმარების თუნდაც ხშირად გამოძახება, არ იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მამკვიდრებელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთი პრობელემები ჰქონდა, რაც მას 2014 წლის 31 დეკემბერს მისი მოქმედების გაკონტროლებაში ხელს შეუშლიდა. საგულისხმოა ისიც, რომ 2014 წლის სექტემბრის შემდეგ მართალია მამკვიდრებლისათვის სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებული არ ყოფილა, თუმცა ის მოპასუხის მისმართზე ოჯახის ექიმმა მოინახულა.
35. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1403-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 1344-1345-ე, 1357-1358-ე მუხლებით და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოანდერძის ნების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რაც სადავო ანდერძის ბათილად ცნობას გამორიცხავდა. აღნიშნული, თავის მხრივ, ასევე გამორიცხავდა სადავო ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლის არსებობას.
36. აპელანტი პრტენზიას აცხადებდა, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა საქმეზე მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის სატელეფონო მიმოწერის დართვის შესახებ. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა და მიიჩნია, რომ სადავო გარემოების კვლევის მიზნით, რაც მამკვიდრებლის ფსიქიკურ ჯანმრთელობას შეეხებოდა, პირად მიმოწერას მნიშვნელობა ვერ მიენიჭებოდა.
37. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
38. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
38.1. სასამართლოს მოწმეთა ჩვენებების შეფასება არ მოუხდენია. ამასთან, სამართლომ არა თუ არ შეაფასა მოსარჩელის მოწმეთა ჩვენებები, არამედ საერთოდ უგულებელყო ისინი და სამართლებრივი მნიშვნელობის არმქონედ მიიჩნია, რაც უხეშ პროცესუალურ დარღვევას წარმოადგენს. აღნიშნულმა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია;
38.2. ფსიქიატრი ე. ფ-ისა და მე-3 დონის სტაციონარის რეანიმატოლოგი ლ. ყ-ის ჩვენებები სასამართლომ ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნია სოფლის ექიმის, თ. გ-ას ერთჯერადად განხორციელებული ვიზიტის ჩანაწერთან შედარებით, რომელიც სრულიად შეუსაბამოა მამკვიდრებლის ჯანმრთელობის წინარე მდგომარეობასთან. ამასთან, ექიმმა მხოლოდ ერთხელ ინახულა მამკვიდრებელი ოქტომბრის თვეში, ანუ გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ისევე, როგორც მოსარჩელის მოწმეებმა (რაც გახდა მათი ჩვენებების სამართლებრივი მნიშვნელობის არმქონედ მიჩნევის საფუძველი);
38.3. ფსიქიატრმა ე. ფ-ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას კატეგორიულად გამორიცხა, რომ მის მიერ ნანახი პაციენტი მომავალში შეიძლებოდა ადეკვატური გამხდარიყო და თავისი ქმედებები გაეცნობიერებინა. იგივე მდგომარეობას აღწერს მომვლელი ი. გ-ვა, რომელიც ავადმყოფთან მჭიდრო კონტაქტში იყო;
38.4. რაც შეეხება მოპასუხის მხრიდან დაკითხულ მოწმეებს, მათი ჩვენებები ნამდვილად მოდის წინააღმდეგობაში როგორც ერთმანეთთან და მოსარჩელის მოწმეების ჩვენებებთან, ისე სამედიცინო დოკუმენტებში ასახულ კლინიკურ სურათთან. ამასთან, ეს მოწმეები პირადად არიან დაინტერესებულები საქმის განხილვის შედეგით, ვინაიდან პირველი მოპასუხის უახლოესი ნათესავები არიან. მაგალითად, ი. გ-ძე არის პირველი მოპასუხის მულის დედამთილი, რომელიც, როგორც სასამართლომ დაადგინა, დღემდე უსასყიდლოდ ცხოვრობს სადავო სახლში;
38.5. სინამდვილეს არ შეესაბამება სასამართლოს მითითება, რომ სამედიცინო დოკუმენტებში არ მოიპოვება ცნობები მამკვიდრებლის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. შპს „---- ----- სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური საავადმყოფოს" მიერ გაცემულ ფორმა №100-ში ერთმნიშვნელოვნად არის აღნიშნული მამკვიდრებლის არაადეკვატურ მდგომარეობაზე და იმაზე, რომ მასთან კონტაქტში შესვლა გაძნელებული იყო. ეს გარემოებები ასევე დგინდება საავადმყოფოს ექიმ-რეანიმატოლოგის ლ. ყ-ის ჩვენებიდან;
38.6. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ანდერძზე ხელმოწერის მომენტში მამკვიდრებელს არ შეეძლო შეეგნო თავისი ქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი;
38.7. ექსპერტმა ა. ტ-ემ დაადასტურა, რომ დასკვნა მოწმეთა ჩვენებების განსხვავებულობის გამო ვერ გააკეთა, თორემ სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით, დემენციის ალბათობა ძალიან დიდი იყო;
38.8. სასამართლომ უგულებელყო კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნაში ხელმოწერის ნამდვილობასთან ერთად დასმულ მეორე შეკითხვაზე - „ხომ არ მიუთითებს აღნიშნული ხელწერა რაიმე დაავადების არსებობაზე“, ექსპერტის მიერ გაცემული პასუხი: „გამოსაკვლევი ხელმოწერის გამომუშავების ხარისხი საშუალოზე დაბალია, გამოხატული პირველი და მეორე ჯგუფის დაქვეითებული კოორდინაციით, რაც გამოიხატება სწორხაზოვანი ელემენტების კლაკნილობით, ოვალური ელემენტების კუთხოვნებით, ასოების ურთიერთგანლაგება დარღვეული, ტემპი შენელებული, ასოების ზომა და გაქანება საშუალო და საშუალოზე დიდი, მცირედ მარცხნივ დახრილი, დაწოლის ძალა ზოგან სუსტად, ზოგან საშუალო დიფერენცირებული, ხელმოწერის ფუძის ხაზის ფორმა სწორი, მიმართულება აღმავალი. დაქვეითებული კოორდინაცია, შენელებული ტემპი, სუსტად დიფერენცირებული დაწოლის ძალა მიუთითებს ხელმოწერაზე რაიმე „უჩვეულო“ ფაქტის ზეგავლენას - მოხუცებულობის ასაკი, ავადმყოფობა და ა.შ.". აღნიშნული განმარტება სრულიად წინააღმდეგობაშია მოპასუხისა და მისი მოწმეების ჩვენებებთან, როგორც ანდერძის შედგენის სურათის აღწერის, ასევე, მამკვიდრებლის ზოგადი მდგომარეობის აღწერასთან დაკავშირებით. ამასთან, დასკვნა სრულ შესაბამისობაშია მოსარჩელისა და მისი მოწმეების ჩვენებასთან;
38.9. კიდევ ერთ უხეშ პროცესუალურ დარღვევას წარმოადგენს ის, რომ სააპელაციო სასამართლომ განხილვისა და პასუხის გარეშე დატოვა მოსარჩელის საჩივარი საოქმო განჩინებაზე, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მას უარი უთხრა მტკიცებულების სახით იმ დოკუმენტების საქმეზე დართვაზე, რომლებიც პირად მიმოწერას შეიცავდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, იყო ის, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა 2014 წლის სექტემბრის შემდეგ მამკვიდრებლის მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულება. სწორად ამ მიმოწერით დასტურდება, რომ მამკვიდრებელი საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ სასწაულებრივად კი არ გამოჯანმრთელდა, როგორც ამას მოპასუხე და მისი მოწმეები აღწერენ, არამედ სექტემბრის შემდეგ გარდაცვალებამდე ისეთივე არაადეკვატური იყო, როგორც საავადმყოფოში, რაზეც წუხდა კიდეც პირველი მოპასუხე მიმოწერაში. აღნიშნული მიმოწერა იყო მოსარჩელის ხელთ არსებული ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ასახავდა მამკვიდრებლის მდგომარეობას ანდერძის შედგენის მომენტში, მაგრამ სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა დაემტკიცებინა სიმართლე, რითაც სასამართლომ დაარღვია კანონით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი;
38.10. სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, განახორციელა თუ არა მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში და წესით ის მოქმედებები, რაც უკავშირდება სამკვიდროს მიღებას და რაზეც არის დამოკიდებული იმის დადგენა, არის თუ არა იგი წინამდებარე დავაში სათანადო მოსარჩელე. სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ეს ნაწილიც იყო გასაჩივრებული, რაზეც სასამართლოს პასუხი არ მიუღია.
39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
40. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
44. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
45. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ანდერძის ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე უარის თქმის მართლზომიერება. კერძოდ ის გარემოება, მამკვიდრებელს ანდერძის შედგენისას შეეძლო თუ არა შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი.
46. კასატორი დავობს, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, სამედიცინო დოკუმენტები, ასევე, მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებები.
47. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ანდერძი ბათილად ჩაითვლება იმ პირობების არსებობისას, რომლებიც იწვევენ გარიგების ბათილობას საერთოდ. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ანდერძი სასამართლოს მიერ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი შედგენილია კანონით დადგენილი წესების დარღვევით, ასევე ისეთ მდგომარეობაში, როცა პირს არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი.
48. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, ანდერძის ბათილად ცნობისათვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები:
- გარემოებები, რომლებიც, ზოგადად გარიგების ბათილად ცნობას იწვევენ;
- ანდერძი შედგენილი უნდა იყოს კანონით დადგენილი წესების დარღვევით;
- ანდერძის შედგენისას, მოანდერძის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს მის მიერ საკუთარი მოქმედების მნიშვნელობის შეგნება და მისი წარმართვა.
49. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას სადავო ანდერძში გამოხატული მამკვიდრებლის ნების ნამდვილობის პრეზუმფციასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პრეზუმფცია, როგორც ვარაუდი ამა თუ იმ ფაქტის შესახებ, მტკიცებას არ ექვემდებარება და თუ იგი არ იქნა უარყოფილი, სასამართლომ უნდა გამოიყენოს პრეზუმირებული ფაქტი. თავის მხრივ, პრეზუმირებული ფაქტის პროცესუალური ბუნება გამოიხატება იმაში, რომ ამგვარი ვარაუდის გაქარწყლება ეკისრება პირს, რომლის წინააღმდეგაც არის ის მიმართული.
50. ამდენად, სადავო ანდერძის ბათილობის წინაპირობების არსებობა მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა, რომლის დადასტურება ამ უკანასკნელს სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების სტანდარტის შესაბამისად (სსსკ-ის 102-ე მუხლი), სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა უზრუნველეყო.
51. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა. სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობასა და მის იურიდიულ სარწმუნოობას. რაიმე გამონაკლისი ამა თუ იმ მტკიცებულების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენების ან/და ექსპერტიზის დასკვნის მიმართ, დადგენილი არ არის.
52. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ ნოტარიუსის მიერ ანდერძი შედგენილ იქნა კანონით დადგენილი წესის დაცვით. საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.04.2018წ. დასკვნით დადასტურდა, რომ სადავო ანდერძზე ხელმოწერა შესრულებულია მამკვიდრებლის მიერ (იხ. ტ. II, ს.ფ. 148-153). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის, მამკვიდრებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ სამედიცინო დოკუმენტებს, ექსპერტიზის დასკვნებს, მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ წარდგენილ მოწმეთა და ექსპერტების ჩვენებებს. კერძოდ, საქმეში არსებულ არცერთ სამედიცინო დოკუმენტში მითითებული არ არის, რომ მამკვიდრებელს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა გააჩნდა. კასატორის მიერ მითითებულ შპს „----- ----- სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური საავადმყოფოს“ 08.09.2014წ. ცნობაში აღნიშნული გარემოებები აღწერს მამკვიდრებლის მდგომარეობას უშუალოდ კლინიკაში მოთავსების მომენტისთვის და ის არ წარმოადგენს მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ დოკუმენტს (იხ. ტ. II, ს.ფ. 139); საქმეზე დაკითხულ იქნა როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მიერ წარდგენილი არაერთი მოწმე, რომლებსაც მამკვიდრებელთან გარკვეული ურთიერთობები აკავშირებდათ. აღსანიშნავია, რომ მოწმეთა ჩვენებების უმეტესობა წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავია; ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 29.03.2019წ. სიკვდილის შემდგომი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არსებული სამედიცინო დოკუმენტაციისა და მოწმეთა მიერ მიწოდებული ცნობების ურთიერთსაპირისპირო შინაარსის გამო, იმის შეფასება, როგორი იყო მამკვიდრებლის ფსიქიკური მდგომარეობა 2014 წლის 31 დეკემბერს და შეეძლო თუ არა მას ანდერძის შედგენისას შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი, შეუძლებელია (იხ. ტ. III, ს.ფ. 190-213). აღნიშნული დასკვნა შედგენილია საქმეში არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციაზე და სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით.
53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება, რომ მამკვიდრებელს ანდერძის შედგენის დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გააჩნდა და მას არ შეეძლო ანდერძში გამოხატული ნების შინაარსის გაგება და საკუთარი მოქმედების წარმართვა. როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა, დ. მ-ემ განაცხადა, ფსიქიატრიაში არ არსებობს სავარაუდო პასუხი, პირი ან შერაცხადია ან შეურაცხადი. ასეთი ერთმნიშვნელოვანი პასუხის მიღება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, პროფესიონალი ექსპერტების მიერ შედგენილი დასკვნებით, შეუძლებელია, რაც გამორიცხავს ანდერძის ბათილად ცნობას და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებას.
54. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ განხილვის გარეშე დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი საოქმო განჩინებაზე, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საქმეზე მტკიცებულების დართვაზე, თუმცა ეს გარემოება სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და აღნიშნულის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მართებულად მიიჩნია (იხ. წინამდებარე განჩინების 36-ე პუნქტი).
55. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამდენად, ანდერძის ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი მხოლოდ იმ პირს აქვს, რომელიც ანდერძის ბათილად ცნობის შემთხვევაში, სამკვიდრო ქონებას მიიღებს. ასეთს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1408-ე მუხლის შესაბამისად, [ანდერძის ნამდვილობა შეიძლება სადავო გახადონ კანონით მემკვიდრეებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა იმ გარემოებათა გამო, რომლებიც გარიგების ბათილობას იწვევენ], როგორც წესი, კანონით მემკვიდრე წარმოადგენს.
56. მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა ანდერძის ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობა, შესაბამისად, მოსარჩელეს უარი ეთქვა ანდერძის ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აქედან გამომდინარე, წინამდებარე დავის ფარგლებში არსებითი მნიშვნელობა აღარ გააჩნია იმ ფაქტობრივი გარემოების კვლევას, მიიღო თუ არა მოსარჩელემ ფაქტობრივი ფლობით მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონება.
57. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
58. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
59. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-685-655-2014, 02 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-713-678-2015, 27 ოქტომბერი, 2015 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
60. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
61. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1175 ლარის 70% – 822,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ. პ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. დ. პ-ლს (პ.ნ. -----) დაუბრუნდეს მ. ნ-ის (პ.ნ. ------) მიერ 2022 წლის 15 ივნისს №-- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1175 (ათას ას სამოცდათხუთმეტი) ლარის 70% – 822,5 (რვაას ოცდაორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი ------;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი