3გ-ად-9-გ-03 21 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა ლ. ს.-ს სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე დავა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით თბილისში, ... ბინა, რომელიც ირიცხებოდა მ. მ.-ს სახელზე, ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ გამოცხადებული იქნა უმკვიდრო ქონებად და იგი გადაეცა ხაზინას.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა გამგეობამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ლ. ს.-ს მიმართ და მოითხოვა მისი და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება ზემოაღნიშნული ბინიდან იმ საფუძვლით, რომ ბინა წარმოადგენდა გამგეობის საკუთრებას და ლ. ს.-ა ოჯახთან ერთად ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე თვითნებურად ფლობდა სადავო ბინას.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს.-მ. საქმე განსახილველად შევიდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში, რომელმაც მიიჩნია, რომ ლ. ს.-ს სააპელაციო საჩივარის განხილვის უფლებამოსილება გააჩნდა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, ვინაიდან განსახილველ დავაში ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანო (ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა) და პროცესუალური სუბიექტის მიხედვით საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენდა. რის გამოც, 2003წ. 6 თებერვლის განჩინებით საქმე განსახილველად გადასცა უფლებამოსილ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა 2003წ. 20 თებერვლის განჩინებით არ დაეთანხმა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას განსახილველი საქმის განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადააგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით, საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო ამავე მუხლის II ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან განსახილველ საქმეზე ადმინისტრაციული ორგანო _ რაიონის გამგეობა _ ფიზიკური პირისაგან მის უკანონო მფლობელობაში მყოფი ნივთის გამოთხოვას მოითხოვდა, არ შეიძლებოდა ადმინიტრაციული საპროცესო კოდექსით განსჯად დავად მიჩნეულიყო, რადგან იგი არ პასუხობდა კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შესაბამისად არ არსებობდა საქმის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის ნორმათა გამოყენებით განხილვის აუცილებლობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალებისა და განსჯადობის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატების განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრება განსახილველი საქმის განსჯადობაზე სწორია და ლ. ს.-ს სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავებს, რომლის მიხედვით დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა:
1. სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან;
2. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს:
ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;
ბ) ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
განსახილველ დავაში ლ. ს.-ა სააპელაციო წესით ასაჩივრებს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილდა ისანი-სამგორის გამგეობის სარჩელი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და ლ. ს.-ს და მისი ოჯახის წევრების მის საკუთრებაში არსებული ბინიდან გამოსახლების თაობაზე; ანუ მოსარჩელე სკ-ს 172-ე მუხლის საფუძველზე ვინდიკაციური სარჩელით ითხოვდა მოპასუხის და მისი ოჯახის წევრებისაგან ქონების გამოთხოვას, რის გამოც დავა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა და სსკ-ს მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
მართალია, განსახილველ დავაში პროცესუალურ სუბიექტად (მოსარჩელე) მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო _ ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა, მაგრამ საკასაციო პალატა არ იზიარებს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას დავების განსჯადობის საკითხის მხოლოდ სამართალსუბიექტურობის პრინციპით გადაწყვეტის შესახებ და ეთანხმება ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მარტოოდენ მონაწილეობა არ განსაზღვრავს დავის განსჯადობას, არამედ საკითხის გადაწყვეტისათვის მთავარი და არსებითი კრიტერიუმია სადავო სამართალურთიერთობის ხასიათი და დავის არსი (საგანი).
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას განსახილველი დავის განსჯადობასთან დაკავშირებით და თვლის, რომ საქმე წარმოადგენს სსკ-ს მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 და 26-ე მუხლებით, სსკ-ს მე-11 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ს.-ს სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
2. ლ. ს.-ს სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.