Facebook Twitter

საქმე № ას-410-2022 29 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - რ. დ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „-------- ბანკი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რ. დ-ას საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

2. კასატორის განმარტებით, 2020 წელს, პანდემიის გამო არსებული რეგულაციების გათვალისწინებით ოჯახის წევრის ავადმყოფობის შემთხვევაში აუცილებელი იყო მასთან კონტაქტში მყოფი პირის იზოლაციაში ყოფნა, რაც გამორიცხავდა შესაგებლის წარდგენას შესაბამის ვადაში.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია;

6. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები და მართებულად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებზე (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) :

7.1. საქმეში არსებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სადავო ფართი მოსარჩელის საკუთრებაა და რაიმე ვალდებულებით მოპასუხის სასარგებლოდ არაა დატვირთული (ტ.1,ს.ფ. 17-18);

7.2. დადგენილია, რომ სადავო ქონებას ფლობს მოპასუხე.

8. ამდენად, საკასაციო სასამართლო, საპროცესო სამართლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

9. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, კასატორს, მოსარჩელის მოთხოვნის გასაბათილებლად, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას (იხ. სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები) ემყარებოდა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება და სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომლითაც ან გამოირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ან დადგინდებოდა, კასატორის უკეთესი უფლება ამავე ნივთზე, რაც შეზღუდავდა მესაკუთრის უფლებას სადავო ქონებასთან მიმართებით, კასატორებმა ვერ მიუთითეს ისეთ გარიგებისმიერ ან კანონისმიერ საფუძვლებზე (იხ. სსკ-ის 162-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც სადავო საგნის მართლზომიერ მფლობელებად ჩაითვლებოა.

10. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ------ გამზ #--, სართული -, ბინა ---, ს/კ:------ და აღნიშნული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

11. დასახელებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეს განესაზღვრა შესაგებლის წარდგენის 10 დღიანი ვადა.

12. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა მოპასუხემ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარადგინა, შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ------ გამზ #--, სართული -, ბინა --, ს/კ:------- და აღნიშნული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

13. კასატორის განმარტებით, ოჯახის წევრების ავადმყოფობის გამო 2020 წლის ნოემბრის თვეში იმყოფებოდა იზოლაციაში, ხოლო დეკემბრის თვეში დადასტურებული კოვიდ ინფექციის გამო 2021 წლის 7 იანვრის ჩათვლით მკურნალობდა სტაციონარში. მისივე განმარტებით თავად აპელანტი სამკურნალოდ იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში.

14. კასატორი არ უარყოფს, რომ 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინება მოპასუხის წარმომადგენელს 2020 წლის 27 ნოემბერს პირადად ჩაბარდა (ს. ფ.99-100)., თუმცა, შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის საფუძვლად ავადმყოფობას უთითებს.

15. წარმოდგენილი მტკიცებულების - სს „------ ჰოსპიტლები“ - ი. ბ------ს სახელობის რეფერალური ჰოსპიტლის მიერ გაცემულ ფორმა № -----დან ირკვევა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს იდენტიფიცირებული ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების დიაგნოზით ხ. ხ-ლი (მოპასუხის წარმომადგენელი) სამედიცინო დაწესებულებაში 2020 წლის 25 დეკემბერს მოთავსდა, საიდანაც 2021 წლის 7 იანვარს გაეწერა. მოკლე ანამნეზში პაციენტის მიერ მიწოდებულ ინფორციაზე დაყრდნობით აღნიშულია, რომ პაციენტს ჩივილები დაეწყო 2020 წლის 10 დეკემბერს, 2020 წლის 21 დეკემბერს წელს ამბულატორიულად ჩაუტარდა სწრაფი ტესტი Covid-19-Ag, შედეგი დადებითი, იმყოფებოდა ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, დინამიკაში ჩივილები პროგრესირდა, რის გამოც გადაიყვანეს კლინიკაში სსდ ბრიგადის მიერ. (ს.ფ. 119)

16. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარეს შესაგებლის სასამართლოში წარდგენის ვადა 2020 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით ჰქონდა, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტიდან კი ირკვევა, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩივილები 2020 წლის 10 დეკემბერს დაეწყო, ანუ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტი არ ადასტურებს ფაქტს, რომ მოპასუხის წარმომადგენელს 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით სასამართლოში შესაგებლის წარდგენა არ შეეძლო.

17. მითითებული ფაქტის დამადასტრებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება აპელანტის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი კიდევ ერთი სამედიცინო დოკუმენტი ფორმა № ---- ი. ხ-ის (წარმომადგენლის მეუღლე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან აღნიშნული პირი საერთოდ არ წარმოადგენს განსახილველი დავის მონაწილეს, გარდა აღნიშნულისა, სამედიცინო დოკუმენტით ირკვეოდა, რომ ი. ხ-ის შემთხვევაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება Covid-19 ლაბორატორიულად 2022 წლის 8 დეკემბერს დადასტურდა. ამდენად, იმ დაშვების შემთხვევაშიც რომ ხ. ხ-ლი და ი. ხ-ლი ოჯახის წევრები არიან, ფაქტი, რომ ოჯახის წევრის ავადობა შეიძლება შესაგებლის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოება ყოფილიყო საქმის მასალებით არ დგინდება,

18. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხის წარმომადგენელს სასამართლოსთვის არც შესაგებლის ვადის ამოწურვამდე და არც აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ არ მიუმართვს და საპროცესო ვადის გაგრძელება ან აღდგენა არ მოუთხოვია.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონმდებლის აღნიშნული მითითებები ემყარება მხარეთა თანასწორობის პრინციპს, რადგანაც შეჯიბრებითი სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფარგლებში სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას.

20. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ამასთან, არ იკვეთებოდა ხსენებული მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი გარემოება.

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დაკმაყოფილებისთვის, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს, კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრას და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში არ ხდება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება, სასამართლოს მიერ მოწმდება მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის ურთიერთმიმართება.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. დ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. რ. დ-ას (------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი -----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №-----, გადახდის თარიღი 27.05.2022), 150 ლარის 70% - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე