საქმე №ა-4934-შ-131-2022 19 ოქტომბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა. რ-ტი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. პ. რ-ტი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – გერმანიის ----- სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება N --- --.
დავის საგანი – მამობის დადგენა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის --- სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით N ---- დადგინდა, რომ ა. რ-სა და მ. პ. რ-ტს შორის ქორწინების პერიოდში 2018 წლის 13 ნოემბერს დაბადებული არასრულწლოვანი გ. რ-ტი არ არის მ. პ. რ-ის ბიოლოგიური შვილი. აღნიშნული გადაწყვეტილება 2021 წლის 03 სექტემბერს შევიდა კანონიერ ძალაში.
2. ა. რ-მა (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი) 2022 წლის 27 სექტემბერს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ---- სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების N ---- საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორისა და შუამდგომლობაზე დართული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ შუამდგომლობის ავტორმა და მ. პ. რ-მა (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე) იქორწინეს თბილისში 2016 წლის 21 სექტემბერს, თუმცა ხანგრძლივი თანაცხოვრების ფაქტი არ დასტურდება. რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში 2018 წლის 13 ნოემბერს დაბადებული არასრულწლოვანი - გ. რ-ტი ა. რ-ტს შეეძინა ქორწინების გარეშე ურთიერთობის პერიოდში, რის შესახებაც მოწინააღმდეგე მხარემ შეიტყო 2019 წელს. ამასთან, სასამართლოს 2021 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინების გზით. გერმანიის ---- სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით N -- - --- დადგინდა განმცხადებელსა (მ. პ. რ-ტი) და არასრულწლოვან ბავშვს შორის არსებობს მხოლოდ ფორმალურ-სამართლებრივი და არა ბიოლოგიური ნათესავობა, განმცხადებელი არ არის არასრულწლოვნის ბიოლოგიური მამა.
4. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. რ-ის შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ----- სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება N-----, რომლითაც დადგინდა, რომ მ. პ. რ-ტი არ არის 2018 წლის 13 ნოემბერს დაბადებული გ. რ-ის მამა.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე