Facebook Twitter

საქმე №ას-927-2022 5 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ხ. გ-ია

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,------ ბანკი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2021 წლის 14 ივლისს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ------ ბანკის წარმომადგენელმა ხ. გ-ას მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების მოთხოვნით, კერძოდ, ხ. გ-ას სს “----- ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს შემდეგი ოდენობით თანხები: 1) 2020 წლის 19 იანვრის საბანკო კრედიტის #-------….- ------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების-31230.37 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა-27225.64 ლარი, სარგებელი-3564.4 და პირგასამტეხლო - 440.33 ლარი. 2) 2021 წლის 23 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2020 წლის 19 იანვრის საბანკო კრედიტის #-------….----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 27225.64 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა, წლიური 14.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 328.97 ლარს. სარჩელის მიხედვით დავის საგნის ღირებულება განსაზღვრულია 39125,65 ლარით.

2. მოსარჩელემ ამავდროულად იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადებაზე მოპასუხე ხ. გ-ას (პ/ნ:-----) 2020 წლის 03 თებერვლის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ N-------ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებას ი. კ-ის (პ/ნ -----) მიმართ - სასარჩელო მოთხოვნის (40969.42 ლარის) ფარგლებში და აეკრძალოს ი. კ-ეს ხ. გ-ას სასარგებლოდ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება ზემოაღნიშნულ ფარგლებში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N-----, თარიღი: 03.02.2020 იპოთეკით დატვირთული ქონება - მის: ქალაქი თბილისი, ----- ქუჩა, N --, საკადასტრო კოდი: ------).

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განჩინებით, სს ,,------- ბანკის'' შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ხ. გ-ას (პ/ნ:------) 2020 წლის 03 თებერვლის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ N----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებას ი. კ-ის (პ/ნ:-----) მიმართ, 40969.42 ლარის ფარგლებში, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N-----, თარიღი: 03.02.2020 იპოთეკით დატვირთული ქონება - ქალაქი თბილისი, ------ ქუჩა, N ---, საკადასტრო კოდი: --------.

დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა სს ----- ბანკის წარმომადგენელმა, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აგვისტოს განჩინებით, სს ----- ბანკის წარმომადგენლის საჩივარი ამავე სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განჩინების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

5.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სს ----- ბანკის (წარმომადგენელი-შპს ტ-----ს იურისტი თ. მ-ლი) საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აგვისტოს განჩინება და სს ---- ბანკის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სრულად დაკმაყოფილდა; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან ერთად, რომლითაც ყადაღა დაედო 2020 წლის 03 თებერვლის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ N----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხ. გ-ას მოთხოვნის უფლებას ი. კ-ის მიმართ 40969.42 ლარის ფარგლებში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N------, თარიღი: 03.02.2020 იპოთეკით დატვირთული ქონება - ქალაქი 10 თბილისი, ----- ქუჩა, N ---, საკადასტრო კოდი: -----), ასევე გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის სხვა ღონისძიება და სს ----- ბანკის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მესამე პირს - ი. კ-ეს (პ/ნ:----) აეკრძალა, 2020 წლის 03 თებერვლის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ N----- ხელშეკრულებიდან (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N------, თარიღი: 03.02.2020 იპოთეკით დატვირთული ქონება- ქალაქი თბილისი, ----- ქუჩა, N ---, საკადასტრო კოდი: ----) გამომდინარე ვალდებულების შესრულება მოპასუხე ხ. გ-ას (პ/ნ:------) მიმართ, დავის საგნის - 40969.42 ლარის ფარგლებში.

6. 2021 წლის 22 დეკემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს ,,----- ბანკის“ წარმომადგენელმა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ ხ. გ-ან ერთად, ი. კ-ის მითითება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ვერ ხერხდება განჩინების აღსრულება.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით სს ,,----- ბანკის“ განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, საქმეზე N------ წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდა შესწორება: სააღსრულებო ფურცელში მოვალე - ხ. გ-ან ერთად მოვალის გრაფაში მიეთითა ი. კ-ძე, როგორც მესამე პირი - იპოთეკოს საგნის მესაკუთრე, რაზეც გაიცა ახალი სააღსრულებო ფურცელი.

8.აღნიშნულ განჩინებაზე 2022 წლის 24 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა ხ. გ-ამ, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოცემული განჩინება უკანონოა, რადგან ხ. გ-ია თავადაა პასუხისმგებელი საკუთარ ვალდებულებებზე, რაზეც ი. კ-ძე ვერ იქნება მისი შემცვლელი. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა იპოთეკის ხელშეკრულებაზე და არასწორად მიუთითა მოვალეზე, როგორც მესამე პირზე. ი. კ-ის მიმართ რამეს მოთხოვნა არის უკანონო და ლახავს ხ. გ-ას ინტერესებს, რადგან სასამართლომ ხ. გ-ია მთლიან თანხაზე აღიარა მოვალედ, მაშინ, როდესაც იპოთეკის ხელშეკრულებით აღნიშნული ოდენობის თანხა თავიდანვე არ ყოფილა გათვალისწინებული, ამიტომ ის ზიანი, რაც უკანონო გადაწყვეტილებით მიადგება ი. კ-ეს, ასანაზღაურებელი გახდება ხ. გ-ას მიერ.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აგვისტოს განჩინებით, კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. სსს-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

13. სსსკ-ის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე.

14. სსსკ-ის 265-ე მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.

16. ზემოაღნიშნული მუხლების სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ თუ გადაწყვეტილება/განჩინება კანონით გათვალისწინებული წესით ჩაბარდება მხარეს, კანონიერ ძალას იღებს იმ შემთხვევაში, თუ გავა მისი გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადა.

17. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრით განსაზღვრული სამართლებრივი პრობლემა გულისხმობს სასამართლოს მიერ მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების შინაარსის კრიტიკას, რომლის საფუძველზეც კერძო საჩივრის ავტორი ასკვნის მისი გაუქმების აუცილებლობას. საჩივარში მითითებულია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამართლებულობასა და აუცილებლობაზე, რაც გამოიხატება უზრუნველყოფის შინაარსის კვლევით, თუ რამდენად იყო სწორი მესამე პირის, ი. კ-ის მოვალედ აღიარება. საჩივრის ავტორი ასკვნის, რომ მესამე პირის მოვალედ აღიარება და მისი ქონების უზრუნველყოფის სახით მიქცევა არის გაუმართლებელი, რადგან იპოთეკის ხელშეკრულებით თავიდანვე არ ყოფილა გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობის თანხა. აღნიშნული დასაბუთება ცალსახად წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის მიღებული განჩინების კრიტიკას და მიმართულია მისი უკანონობის დადგენისკენ, მაშინ, როდესაც გასაჩივრებული განჩინება (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინება) საერთოდ არ შედის უზრუნველყოფის ღონისძიების შინაარსობრივ მსჯელობაში და მხოლოდ შეეხება გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორებას, შესაბამისად, ის პრეტენზია, რაც კერძო საჩივარშია მოყვანილი მიემართება არა გასაჩივრებულ, არამედ იმ განჩინებას, რომლითაც სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით ი. კ-ის ქონება დატვირთა, კერძოდ ი. კ-ეს აეკრძალა 2020 წლის 03 თებერვლის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ N------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება ხ. გ-იას მიმართ 40090.42 ლარის ფარგლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოს ხდის ი. კ-ის მიმართ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას შინაარსობრივი თვალსაზრისით და არა მის ტექნიკურ მხარეს, რაც სწორედ გასაჩივრებული განჩინებით გასწორდა.

18. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ის განჩინება, რომლისკენაც არის კერძო საჩივრით დაყენებული პრეტენზია მიმართული, წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ განჩინება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა. სწორედ აღნიშნული განჩინებითაა დასაბუთებული, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ მისი სრულად დაკმაყოფილება, სწორედ ამ განჩინებაშია ის შინაარსობრივი მოტივაცია, რის საფუძველზეც სასამართლომ მართებულად ჩათვალა ი. კ-ის ქონების უზრუნველყოფით დატვირთვა. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების საფუძველზე არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, სსსკ-ის 264-ე მუხლის მიხედვით შევიდა კანონიერ ძალაში.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ კერძო საჩივრით დაყენებული მოთხოვნა ვერ იქნება დაკმაყოფილებული, რადგან მოთხოვნის დასაბუთება კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისკენაა იმპლიციტურად მიმართული, რაც საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინება

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე