საქმე №ას-1249-2022 19 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ი. ს-ვა, ს. ს-ვა, ს. ნ-ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ბ-ლი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივარის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი. ს-ას, ს. ს-სა და ს. ნ-ის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გ. ბ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, სადავო ქონების მესაკუთრე) სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და ამავე სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, რომლითაც მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისი, -------- გამზირი N-, ბინა: N---, ს/კ:----- და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
2. კასატორის მტკიცებით სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი და არასრულია. კასატორის განმარტებით, სასამართლომ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, ასახა მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძვლად მიიჩნია და შესაბამისად არ ასახა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დადგენილი ან/და სადავო გარემოებების სამართლებრივი შეფასება. ასევე არსებითად არ იმსჯელა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობებზე.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია;
6. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები და მართებულად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებზე (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) :
7.1. საქმეში არსებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სადავო ფართი მოსარჩელის საკუთრებაა და რაიმე ვალდებულებით მოპასუხის სასარგებლოდ არაა დატვირთული (ტ.1,ს.ფ. 16-17);
7.2. დადგენილია, რომ სადავო ქონებას ფლობენ მოპასუხეები.
7.3. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ სადავო ფართის წინა მესაკუთრისგან შეიძინა სადავო ქონება, რომელსაც შეძენის დროს უკანონოდ ფლობდნენ მოპასუხეები. ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობად, წინა მესაკუთრის მიერ მოპასუხეთა სადავო ქონებიდან გამოსახლება განისაზღვრა, მიუხედავად აღნიშნულისა, სააღსრულებო წარმოების დასრულების შემდეგ, ნასყიდობის ხელშეკრულების დადება შეფერხდა, რაც თავისმხრივ სასამართლო დავის საგნად იქცა, ხოლო, სასამართლომ მხარეთა მორიგების საფუძველზე სადავო ქონების მესაკუთრედ მოსარჩელე ცნო.
7.4. დადგენილია, რომ მოპასუხეები ხელმეორედ შეიჭრნენ სადავო ქონებაში, კვლავ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე;
8. ამდენად, საკასაციო სასამართლო, საპროცესო სამართლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
9. განსახილველ შემთხვევაში, კასატორებს, მოსარჩელის მოთხოვნის გასაბათილებლად, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას (იხ. სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები) ემყარებოდა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება და სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომლითაც ან გამოირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ან დადგინდებოდა, კასატორის უკეთესი უფლება ამავე ნივთზე, რაც შეზღუდავდა მესაკუთრის უფლებას სადავო ქონებასთან მიმართებით, კასატორებმა ვერ მიუთითეს ისეთ გარიგებისმიერ ან კანონისმიერ საფუძვლებზე (იხ. სსკ-ის 162-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც სადავო საგნის მართლზომიერ მფლობელებად ჩაითვლებოდნენ.
10. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და განმარტავს, მოპასუხეებმა შესაგებელი 2020 წლის 2 დეკემბერს წარადგინეს. 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2021 წლის 18 თებერვალს. 2021 წლის 9 თებერვალს, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2021 წლის 24 მარტს. აღნიშნულ სხდომაზე მოპასუხე ი. ს-ის წარმომადგენელმა ი. ნ-მა იშუამდგომლა სასამართლოს სხდომის გადადების თაობაზე, რომელიც დაკმაყოფილდა და სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2021 წლის 26 მარტს. აღნიშნულ სხდომაზე საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა მოსარჩელის წარმომადგენელი, ხოლო მოსარჩელემ განმარტა, რომ ადვოკატის გარეშე ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე სათანადოდ მონაწილეობას, სასამართლოს სხდომის გადადებას დაეთანხმა მოპასუხის წარმომადგენელიც და სხდომა გადაიდო 2021 წლის 23 აპრილს 14:00 საათზე.
11. მთავარ სხდომაზე, 2021 წლის 23 აპრილს მოპასუხეები არ გამოცხადდნენ, ი. ს-ის წარმომადგენელმა 2021 წლის 23 აპრილს წარადგინა განცხადება, რომლითაც იშუამდგომლა სხდომის გადადება და დაურთო მტკიცებულებები. მოპასუხეები ს. ს-ვა და ს. ნ-ნი არ გამოცხადნენ და არც რაიმე მტკიცებულება წარუდგენიათ გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ.
12. 2021 წლის 23 აპრილის საოქმო განჩინებით შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელის წარმომდგენლის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
14. კასატორები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ნ-ის, ი. და ს. ს-ის საკასაციო საჩივრი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ.მიქაბერიძე