Facebook Twitter

საქმე №ას-1264-2022 07 ნოემბერი , 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. ც-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხივლელად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, მ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა 115500 ლარის ანაზღაურება.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.

4. 2021 წლის 30 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელმა, რომლითაც მოითხოვა მ. ც-ის სასარგებლოდ დაკისრებული ფულადი თანხის გადანაწილება რამდენიმე წელზე (მინიმუმ ორ წელზე), რათა მისი აღსრულება შესაძლებელი იყოს სააგენტოსთვის ზიანის მიყენების გარეშე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხესთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის 115 500 ლარის აღსრულება გადანაწილდა ერთ წელზე ყოველთვიურად 9625 ლარის ოდენობით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე მ. ც-ემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი. მ. ც-ეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 03 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტის წარმოდგენა.

8. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა 2022 წლის 10 ოქტომბერს ფოსტის მეშვეობით, თუმცა არ ჩაბარდა, მიუხედავად ამისა, 2022 წლის 19 ოქტომბერს მ. ც-ან მოხერხდა სატელეფონო კომუნიკაციის გზით განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა წარმოდგენილი კერძოსაჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

12. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

13. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

14. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

15. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

16. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით, მ. ც-ის კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, მ. ც-ეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 03 დღეში სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტის წარმოდგენა.

17. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა 2022 წლის 10 ოქტომბერს ფოსტის მეშვეობით, თუმცა არ ჩაბარდა, მიუხედავად ამისა, 2022 წლის 19 ოქტომბერს მ. ც-თან მოხერხდა სატელეფონო კომუნიკაციის გზით განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარება, შესაბამისად, განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების სამ დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 20 ოქტომბერს და ამოიწურა 2022 წლის 24 ოქტომბერს (2022 წლის 22; 23 ოქტომბერი იყო შაბათ-კვირა). კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ მომხდარა ხარვეზის შევსება და არც შესაბამისი სახის შუამდგომლობის წარმოდგენა, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

18. რაც შეეხება ბაჟის საკითხს, სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული კერძო საჩივრის ფარგლებში, არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ც-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე