საქმე № ას-321-2021 11 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა------ო“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ა------ს“ (შემდეგში: მოპასუხე კომპანია) დაეკისრა 40 000 ლარის გადახდა.
2. კასატორის განმარტებით, სასამართლო ისე ჩაერია სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, მხარეთა მიერ განსაზღვრულ პირობების გადაწყვეტაში, რომ სათანადოდ არ დაუსაბუთებია ასეთი ჩარევისა და შედეგად პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებლობა. კასატორის განმარტებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხარეთა მიერ იყო განსაზღვრული და არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე არ იყო შეუსაბამოდ მაღალი.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით მერიის საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
7.1. 2013 წლის 26 თებერვალს, მერიასა და კომპანიას შორის გაფორმდა N-----სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კომპანიას უნდა მოეხდინა ქ.თბილისში, ------- რაიონში, ნაძალადევის გზებისა და ქუჩების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ეტაპობრივად, 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
7.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) დასრულების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ შემსყიდველის მიერ დაქირავებული საექსპერტო ჯგუფი განახორციელებს შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების შემოწმებას და შემოწმების შედეგებს აცნობებს შემსყიდველს, რის შემდეგაც, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
7.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 12-ე პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, კერძოდ: კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 1-დან 10 კალენდარულ დღემდე ვადით დარღვევის შემთვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,25%-ის ოდენობით, ხოლო გეგმა - 3 გრაფიკის 10-დან 20 დღემდე ვადით დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,5%-ის ოდენობით, ხოლო გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,7%-ის ოდენობით.
7.4. მერიამ, 2013 წლის 18 აპრილს კომპანიას მოსთხოვა 2013 წლის 10 მაისამდე დაზიანებული მონაკვეთების დროული შეკეთება, შემდეგ ქუჩებზე: ---- ქუჩა, ----- ქუჩა, ----- ქუჩა, ----- ქუჩა, ---- ქუჩა, ---- ქუჩა, ---- ქუჩა.
7.5. მხარეთა შორის 2013 წლის 23 მაისს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომ 2013 წლის მაისში, ქ.თბილისში, ---- ქუჩის ორმოული შეკეთების სამუშაოები კომპანიამ შეასრულა. შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენდა 7763,06 ლარს.
7.6. მხარეთა შორის 2013 წლის 23 მაისს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომ 2013 წლის მაისში, ქ.თბილისში, ---- ქუჩის ორმოული შეკეთების სამუშაოები კომპანიამ შეასრულა. სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენდა 15 573,15 ლარს.
7.7. მხარეთა შორის 2013 წლის 23 მაისს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომ 2013 წლის მაისში, ქ.თბილისში, ---- ქუჩის ორმოული შეკეთების სამუშაოები კომპანიამ შეასრულა. შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენდა 4 594,21 ლარს.
7.8. მხარეთა შორის 2013 წლის 25 ივლისს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომ 2013 წლის ივლიში ქ.თბილისში, ----- ქუჩის ორმოული შეკეთების სამუშაოები კომპანიამ შეასრულა. შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენდა 11 948,01 ლარს.
7.9. მხარეთა შორის 2013 წლის 13 სექტემბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომ 2013 წლის სექტემბერში, ქ.თბილისში, --- ლტოლვილების მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმოული შეკეთების სამუშაოები კომპანიამ შეასრულა. შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 635.23 ლარს.
7.10. მხარეთა შორის 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომ 2013 წლის დეკემბერში, ქ.თბილისში, ძველი ----- გამგეობის მიმდებარე ტერიტორიის ორმოული შეკეთების სამუშაოები შპს „ა----ს“ მიერ შესრულებულია. შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 36 405,56 ლარს.
7.11. მერიამ, 2013 წლის 30 აგვისტოს კომპანიას მოსთხოვა 2013 წლის 15 სექტემბრამდე დაზიანებული მონაკვეთების დროული შეკეთება, შემდეგ ქუჩებზე: ----- ქუჩა, ----- (სავაჭრო ცენტრ „------“ მიმდებარედ) ქუჩა, ---- (----- პარკის მიმდებარედ) ქუჩა, ----- გამზირი.
7.12. მხარეთა შორის 2013 წლის 23 მაისს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომ 2013 წლის ოქტომბერში, ქ.თბილისში, --- ქუჩის ორმოული შეკეთების სამუშაოები კომპანიამ შეასრულა. შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენდა 13 402,03 ლარს.
7.13. მერიამ, კომპანიას 2013 წლის 16 ოქტომბერს მოსთხოვა 2013 წლის 20 ნოემბრამდე დაზიანებული მონაკვეთების დროული შეკეთება, შემდეგ ქუჩებზე: ---- ქუჩა, ---- პირველი შესახვევი, ----- შესახვევი.
7.14. მხარეთა შორის, 2013 წლის 25 ნოემბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომ იმავე თვეში ----- შესახვევის ორმოული შეკეთების სამუშაოები კომპანიამ შეასრულა. შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენდა 20 644,31 ლარს.
7.15. მხარეთა შორის, 2013 წლის 23 დეკემბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომ იმავე თვეში ქ.თბილისში, ----- ქუჩის ორმოული შეკეთების სამუშაოები კომპანიამ შეასრულა. შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 41 019.56 ლარს.
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც შეთანხმებული ვალდებულებები კომპანიამ დათქმულ დროში ვერ შეასრულა.
9. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. (იხ. სუსგ. ას-550-2022, 26.07.2022).
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).
11. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
12. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.).
13. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).
14. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 26 თებერვალს დადებული ხელშეკრულება შესრულდა არაჯეროვნად, დათქმული დროის დარღვევით, რასაც მოპასუხე კომპანიაც ადასტურებდა, სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე ზოგადი ხასიათის შესაგებლის წარდგენით. ამასთან, მოსარჩელემ მერიის მიერ ვალდებულებების დარღვევას დაუკავშირა ხელშეკრულების ვადის დარღვევით შესრულება, თუმცა კონკრეტული ფაქტები ან მტკიცებულებები არ წარუდგენია სასამართლოსთვის.
15. ამდენად, საქმეზე დადგენილი მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, ამასთან, იმ გარემოების შეფასებით, რომ ვალდებულება შესრულდა, ხოლო, არაჯეროვნება მხოლოდ შესრულების ვადის გადაცილებაში გამოიხატა, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 80 776.41 ლარი, დასაბუთბულად შემცირდა გონივრულ - 40 000 ლარამდე.
16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე