Facebook Twitter

საქმე №ას-737-2020 23 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - გ. ლ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ჯ-ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. ლ-ის საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც შეიცვალა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და თ. ჯ-ას (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ზ. ჯ-ის წარმომადგენელ გ. ლ-სა (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) და იმავე გ. ლ-ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავი ქონების ½ ნაწილში, განისაზღვრა ამავე ქონების მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა.

2. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ არ მისცა მტკიცების საშუალება, აგრეთვე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. მოსარჩელე და ზ. ჯ-ვი დაქორწინდნენ 1965 წლის 22 იანვარს.

7.2. ბორჯომის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1979 წლის 30 ივლისის N--- გადაწყვეტილებით ზ. ჯ-ვის საკუთრებად ჩაითვალა დაბა ბაკურიანში, ----- ქ. N----ში მდებარე უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლი (სადავო ქონება), რომელიც საქმის განხილვის დროისთვის საჯარო რეესტრში აღრიცხულია N------საკადასტრო კოდით.

7.3. ზ. ჯ-ვი, 2011 წლის 27 აპრილს, შვილს (მოპასუხეს) მინდობილობით მიანიჭა, კუთვნილი უძრავი ქონების - საკუთარ თავთან გარიგების დადების ჩათვლით - ჩუქების უფლება. დასახელებული მინდობილობით, მოპასუხემ საკუთარ თავთან გარიგების დადებით ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა სადავო უძრავ ქონებაზე.

8. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილ, სხვა მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ აპელანტი და ზ. ჯ-ვა 1979 წლის 30 ივლისისთვის, როდესაც სადავო ქონება მოსარჩელის მეუღლის საკუთრებად აღირიცხა, საერთო საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ. დასახელებულ გარემოებას მოპასუხე არც შესაგებელში და არც საქმის არსებითად განხილვის დროს შედავებია. ამდენად, დადგენილია, რომ სადავო ქონება მეუღლეთა საერთო სახსრებითაა აშენებული, ამასთან მოპასუხემ დაადასტურა, რომ სადავო ქონება არსებული სახით, ძველი სახლის ნაცვლად 1980 წელს აშენდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსარჩელისა და მისი მეუღლის თანასაკუთრებად მიჩნევის მართლზომიერებას.

9. სსკ-ის 1158-ე მუხლი „მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან, სხვა საპატიო მიზეზის გამო, არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი“ სსკ-ის 1159-ე მუხლის „თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორცელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით“ 1160-ე მუხლის მიხედვით „ 1. იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. 2. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. 3. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი“ .

10. საკასაციო პალატა სსკ-ის 1160-ე მუხლის მეორე ნაწილისა და ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე მიუთითებს "თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას" თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც" და მათი გაანალიზების საფუძველზე განმარტავს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრების განკარგვის დროს სადავო ქონებაზე მესაკუთრედ დაურეგისტრირებელი მეუღლის შედავება, ქონების გასხვისების გარიგების ბათილობას მხოლოდ იმ შემთხვევაში განაპირობებს, თუ დადგინდება, რომ შემძენმა არა მხოლოდ იცოდა ნასყიდობის საგანზე სხვა მესაკუთრის არსებობის თაობაზე, არამედ ამავდროულად ინფორმირებული იყო, რომ ქონების მესაკუთრედ დაურეგისტრირებელი მეუღლე ქონების გასხვისების წინააღმდეგი იყო (შდრ. სუსგ. №ას-1118-2020, 31.03.2021; საქმე №ას-571-879-09, 210.04.2010).

11. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ თანასაკუთრებაში არსებული ქონების ერთ-ერთი მეუღლის მიერ განკარგვის შემთხვევაში, მეორე მეუღლის მიერ გარიგების ბათილობის მოთხოვნისას, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, მეუღლეთა შეთანხმების ან ერთ-ერთი მეუღლის სურვილის მიმართ ქონების შემძენის კეთილსინდისიერება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქონების მიმღები მოსარჩელისა და ქონების მესაკუთრის შვილს წარმოადგენს. მოპასუხემ, თავადვე დაადასტურა, რომ სადავო ქონება, მეუღლეებმა თანაცხოვრების პერიოდში ააშენეს. ამდენად, იმ პირობებში როდესაც დადგენილია, რომ მოპასუხეს მამამ მინდობილობა მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გადასცა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სადავო ქონების ½ ნაწილს შეეხება, ხოლო, ამავე ქონების მეორე ნახევარზე მოსარჩელეს განკარგვის ნება არ გამოუხატავს.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.

13. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. გ. ლ-ეს (------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. მ-ის მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №-------, გადახდის თარიღი 2020 წლის 12 მარტი), 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე

ლ. მიქაბერიძე