Facebook Twitter

№ას-62-2022

28 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს.ჟ–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.გ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ს.ჟ–ნის მიმართ (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 2-14).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით მიუთითა, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2021 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა უძრავ ნივთზე საკუთრების ხელშეშლით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 2016 წლის 22 მაისიდან 2019 წლის 22 მაისის ჩათვლით, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, სულ 7200 ლარი.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის საოქმო განჩინება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. მოსარჩელე გ.გ–ძის საკუთრებაშია ქ.ქუთაისში, ...... №2-ში მდებარე 32.50 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, განთავსებული თანასაკუთრების 304.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ს/კ №......;

5.2. მოპასუხე ს.ჟ–ნის საკუთრებაშია ქ.ქუთაისში, .... №2-ში მდებარე სხვადასხვა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, განთავსებული თანასაკუთრების 304.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ს/კ №......;

5.3. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ 2013 წლიდან სხვადასხვა წარმოების ფარგლებში (სამოქალაქო და ადმინისტრაციული), გ.გ–ძესა და ს.ჟ–ნს შორის, მიმდინარეობდა დავა ს.ჟ–ნის მხრიდან გ.გ–ძის საკუთრებით სარგებლობის უფლების ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე;

5.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 16.06.2017წ. გადაწყვეტილებით (საქმე N2/843-16) გ.გ–ძის სარჩელი მოპასუხე ს.ჟ–ნის მიმართ ხელშეშლის აღკვეთის და უკანონო ნაგებობის დემონტაჟის შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა ქ.ქუთაისში, ……. მდებარე, თანასაკუთრების 304 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე თვითნებურად აგებული, მის მფლობელობაში არსებული შემინული აივნის, ფართით 3,45X1.90მ-ზე და სათავსოს, ფართით 3,60X3,60მ-ზე, საკუთარი ხარჯებით დემონტაჟი (აღება) და დაკავებული თანასაკუთრების მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება; მოპასუხეს ასევე დაევალა ქ.ქუთაისში, ….. მდებარე, თანასაკუთრების 304 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, თვითნებურად ჩაკეტილი, მოსარჩელე გ.გ–ძის კუთვნილი 32,50 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართიდან გამომავალი ლითონის კარების გაღება და კარების თავისუფლად ფუნქციონირების მიზნით აღიკვეთა მოპასუხის მხრიდან ყოველგვარი ხელშეშლა;

5.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების პირველი (ნაწილობრივ), მეორე და მეოთხე პუნქტები, სახელდობრ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა გ.გ–ძის სარჩელი უკანონო ნაგებობის დემონტაჟის შესახებ და რომლითაც ს.ჟ–ნს დაევალა ქ. ქუთაისში, …… მდებარე, თანასაკუთრების 304 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე თვითნებურად აგებული, მის მფლობელობაში არსებული შემინული აივნის, ფართით 3,45 X 1.90 მ-ზე და სათავსოს, ფართით 3,60X3,60 მ-ზე, საკუთარი ხარჯებით დემონტაჟი (აღება) და დაკავებული თანასაკუთრების მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება; გ.გ–ძის სარჩელი ს.ჟ–ნის წინააღმდეგ - უკანონო ნაგებობის ქ.ქუთაისში, …. მდებარე, თანასაკუთრების 304 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე თვითნებურად აგებული, შემინული აივნის, ფართით 3,45 X1.90 მ-ზე და სათავსოს, ფართით 3,60X3,60 მ-ზე, დემონტაჟის შესახებ არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.6. 2019 წლის 10 მაისს, გაიცა სააღსრულებო ფურცელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 16.06.2017წ. გადაწყვეტილების (საქმე N2/843-16) აღსრულების მიზნით, რომელიც აღსრულდა 2019 წლის 22 მაისს. აღნიშნულზე იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა შეადგინა ოქმი სააღსრულებო მოქმედებათა შესახებ. მოვალე ს.ჟ–ნს დაევალა სააღსრულებო ფურცელში მითითებული ლითონის კარების გაღება და აეკრძალა ამ კარის ფუნქციონირებისათვის მისი მხრიდან ყოველგვარი ხელშეშლა. ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ხელშეშლა შეწყდა 2019 წლის 22 მაისს;

5.7. 2016 წლის 18 იანვარს ერთი მხრივ, გამქირავებელ გ.გ–ძესა და მეორე მხრივ, დამქირავებელ ი.მ. გ.გ–ძესა და ი.მ. ი.ქ–ს შორის, დაიდო ქონების ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ.გ–ძემ დროებით სარგებლობაში გადასცა ი.მ. გ.გ–ძესა და ი.მ. ი.ქ–ს ქ.ქუთაისში, ……. მდებარე 10 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, ს/კ №…..;

5.8. 2016 წლის 18 იანვარს ერთი მხრივ, გამქირავებელ გ.გ–ძესა და მეორე მხრივ, დამქირავებელ ი.მ. პ.მ–ძეს შორის, დაიდო ქონების ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ.გ–ძემ დროებით სარგებლობაში გადასცა პ.მ–ძეს ქ.ქუთაისში, …… მდებარე 10 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, ს/კ №…..;

5.9. აღნიშნული ორივე ქირავნობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტში მიეთითა შემდეგი: „ცნობად იქნა მიღებული, რომ ვინაიდან მეზობელმა ს.ჟ–ნმა 18.01.2013 წელს ჩაკეტა (ამოქოლა) საკადასტრო კოდი: ….. არასაცხოვრებელი ფართიდან საერთო ეზოში გამავალი კარი და დღემდე არ აძლევდა დამქირავებლებს ეზოსა და იქ არსებული კომუნიკაციებით (წყალი, ტუალეტი) სარგებლობის საშუალებას, მანამდე მხარეთა მიერ შეთანხმებული ქირა თვეში 175 ლარი, დამქირავებელთა მოთხოვნით 18.01.2013 წლიდან შემცირდა 100 ლარით, რაც ეცნობა ს.ჟ–ნს“. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ.გ–ძემ და პ.მ–ძემ დაადასტურეს აღნიშნული გარემოება და განმარტეს, რომ 2019 წლის მაისამდე, სწორედ ს.ჟ–ნის მხრიდან, გ.გ–ძის საკუთრებით სარგებლობის უფლების ხელშეშლის გამო შემცირდა ქირის ოდენობა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მხარეთა შორის დელიქტური ვალდებულების არსებობის შესახებ იყო მცდარი და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, თავისი არსით წარმოადგენდა მიუღებელ შემოსავალს. პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 411-ე და 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. მიუღებლად კი მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა.

5.11. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოდავე მხარეებს შორის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო ს.ჟ–ნის მიერ, გ.გ–ძის საკუთრებით სარგებლობის უფლების ხელშეშლის ფაქტი, კერძოდ, ის, რომ გ.გ–ძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართიდან საერთო საკუთრებაში არსებულ ეზოში გასასვლელი ლითონის კარის დაკეტვით ვლინდებოდა ს.ჟ–ნის მხრიდან გ.გ–ძისათვის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა. ამდენად, სსკ-ის 106-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტს, რომელიც დამტკიცებას არ საჭიროებდა.

5.12. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სწორედ ს.ჟ–ნის მხრიდან ზემოაღნიშნული ხელშეშლის გამო დამქირავებლებმა გამქირავებელ გ.გ–ძემ შეუმცირეს ყოველთვიური ქირა 100-100 ლარის ოდენობით, ჯამში 200 ლარით. ამდენად, დგინდება, რომ სწორედ ს.ჟ–ნის მიერ განხორციელებული ხელშეშლის გამო გ.გ–ძეს ყოველთვიურად ადგებოდა 200 ლარის ზიანი/მიუღებელი შემოსავალი, შემცირებული ქირის თანხის სახით, რაც ს.ჟ–ნისათვის, როგორც მეზობლისათვის წინასწარ უნდა ყოფილიყო სავარაუდო. დადგენილია, რომ ს.ჟ–ნის მხრიდან, გ.გ–ძის საკუთრებით სარგებლობის უფლების ხელშეშლას ადგილი ჰქონდა 2013 წლიდან. დადგენილია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე საკუთრებით სარგებლობის უფლების ხელშეშლა შეწყდა 2019 წლის 22 მაისს. შესაბამისად, დასაკისრებელი ქირის ოდენობამ სსსკ-ის 1008-ე მუხლის მიხედვით შეადგინა 7200 ლარი.

5.13. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძლოდ მიიჩნია მოპასუხის მოთხოვნა დავის საგნის არ არსებობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტაზე. ვინაიდან, აპელანტი მოთხოვნას ამყარებდა იმ გარემოებაზე, რომ ის არ იყო საქმეში წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებების მონაწილე მხარე. პალატის მითითებით, მოსარჩელე ითხოვდა მის უძრავ ნივთზე საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რომლის მიყენებასაც ადასტურებდა წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებებით.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ჟ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 408-ე, 411-ე და 412-ე მუხლები, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობას კრედიტორსა და მოვალეს შორის სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა.

6.2. სააპელაციო სასამართლომ ზიანის მიყენების ფაქტი დაადგინა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე.

6.3. საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული საპირფარეშო წარმოადგენს არალეგალიზებულ/არარეგისტრირებულ შენობას და იგი არ არის არც მოსარჩელის და არც მოპასუხის საკუთრება. შესაბამისად, მხარეებს არ აქვთ მისი გაქირავების უფლება, ხოლო გაქირავების შემთხვვევაში როგორც თანაზიარი საკუთრების მესაკუთრეს, მოსაჩელეს უფლება არ ჰქონდა გაექირავებინა თანაზიარი საკუთრება მოპასუხის თანხმობის გარეშე.

6.4. ვინაიდან, საჯარო რეესტრის ამონაწერით საპირფარეშო არ არის მოსარჩელის ინდივიდუალურ ან საზიარო საკუთრებაში, გაუგებარია, რა ზიანი მიადგა მოსარჩელეს, როგორც მესაკუთრეს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 თებერვლის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ს.ჟ–ნის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო საჩივრით სადავოა უკანონო ხელშეშლით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საფუძვლის არსებობა.

13. მოპასუხის მიერ ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლები.

15. სსკ-ის 992-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ: №ას-1570-2019, 2020 წლის 29 მაისი).

16. ზიანის ანაზღაურება მიეკუთვნება მეორად/დამატებით მოთხოვნებს და იწვევს ქონებრივი ან არაქონებრივი ხასიათის უარყოფითი შედეგების დადგომას (შდრ. ჰ. ბოილინგი, პ. ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ. 33). ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა, მაშინ, როდესაც პირველადი მოთხოვნის შესრულებისას ჩნდება პრობლემა.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში, ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში (შდრ. სუსგ №ას-32-2021, 2021 წლის 23 აპრილი; №ას-1843-2018, 2019 წლის 5 მარტი; №ას-167- 163-2016, 2016 წლის 1 ივლისი).

18. საკასაციო სასამართლომ, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე სამართალწარმოებებში მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკაშირებით, ერთ-ერთ საქმეში განმარტა: ,,დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების მიზნებისათვის მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრეს განეკუთვნება თავად ზიანის არსებობის ფაქტი, მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ამ ქმედებასა და ზიანს შორის“ (იხ. სუსგ ას-№521-494-2015, 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინება), მაშასადამე, მოსარჩელემ, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაამტკიცოს, რომ არსებობს ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელი წინაპირობები, ხოლო საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხეს ევალება, რისი დამაჯერებლად განხორციელებაც მოსარჩელისათვის არახელსაყრელ სამართლებრივ შედეგს განაპირობებს.

19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, იკვეთება შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები. მართლსაწინააღმდეგო ქმედება - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია ხელშეშლის არსებობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის მიერ მისაღები საიჯარო ქირის შემცირება; არსებობს მიზეზობრივი კავშირიც მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, კერძოდ, მიღებული ზიანი მოპასუხის მოქმედების უშუალო შედეგია. მოპასუხის ბრალეულობაც აშკარაა, ვინაიდან, მას ეცნობა უკანონო ხელშეშლის გამო მოსარჩელის მიერ საიჯარო ქირის შემცირების შესახებ. მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების დასადასტურებლად და მასზე არსებული მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზების მიზნით წარმოდგენილი აქვს 2016 წლის 18 იანვრის ხელშეკრულებები საიდანაც დგინდება მოპასუხის უკანონო ხელშეშლის გამო ქირის ოდენობის შემცირება 100 -100 ლარით (თვეში სულ 200 ლარი). საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ქირის ოდენობის შემცირების შესახებ ეცნობა მოპასუხეს. შესაბამისად, ზიანის/მიუღებელი შემოსავლის არსებობა მოპასუხისათვის წინასწარ უნდა ყოფილიყო სავარაუდო.

20. კასატორის პრეტენზია შეეხება ზიანის მიყენების ფაქტის დადგენას მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და კვლავ მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 18 იანვრის ხელშეკრულებებზე, საიდანაც დგინდება, რომ ქირის ოდენობის შემცირება გამოწვეულია მოპასუხის უკანონო ხელშეშლით. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმაზე, რომ იგი არ არის მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების მხარე, რაც გამორიცხავს მის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო ზიანი. მოცემულ საქმეში სასარჩელო მოთხოვნის საფუძველია მოპასუხის უკანონო ხელშეშლით მიყენებული ზიანი და მოსარჩელეს მოთხოვნა მოპასუხის, როგორც ხელშეკრულების მხარის მიმართ არ დაუყენებია. ხელშეშლის არსებობა სადავო გარემოებას არ წარმოადგენს და ზიანის მიყენების ფაქტისა და მისი ოდენობის დადასტურების პირობებში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობები.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ და მიიჩნევს, რომ ს.ჟ–ნს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ს.ჟ–ნ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 360 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 31.01.2022) 70% – 252 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ჟ–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ს.ჟ–ნს (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 360 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 31.01.2022) 70% – 252 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე