№ას-1316-2021
28 სექტემბერი, 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „კ.ჯ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებები
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა, თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ.მ–ძემ (შემდგომში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „კ.ჯ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1.მოპასუხე შპს „კ.ჯ–ს“ დაეკისროს მოსარჩელე ქ.მ–ძის სასარგებლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 1596 ლარის უკან დაბრუნება;
1.2.მოპასუხე შპს „კ.ჯ–ს“ მოსარჩელე ქ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 1040 ლარის ოდენობით, საიდანაც 390 ლარი ხელოსნის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საფასურია, 450 ლარი ავეჯის მიბარების გამო გადახდილი სამი თვის საფასური და 200 ლარი შპალერის მოწყობის გამო გამოყენებული სამშენებლო ნივთების საფასური.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებით, ქ.მ–ძის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „კ.ჯ–ს“ მოსარჩელე ქ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 1596 ლარის უკან დაბრუნება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება 390 ლარის ოდენობით, ხოლო, მოსარჩელე ქ.მ–ძის მოთხოვნა, მოპასუხე შპს „კ.ჯ–ისათვის“ მიყენებული ზიანის 650 (450+200) ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 ნოემბრის განჩინებით, შპს „კ.ჯ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1.სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.1. 2018 წლის 2 მაისს, მოსარჩელე ქ.მ–ძესა და მოპასუხე შპს „კ.ჯ–ს“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამყიდველმა - შპს „კ.ჯ–მა“ მყიდველს - ქ.მ–ძეს იტალიური „ZAMBAITI PARATT“-ის წარმოების 12 ერთეული ((07x10მეტრი), ერთეულის ფასი - 133 ლარი)), მთლიანობაში 1596 ლარის ღირებულების მქონე შპალერი მიაწოდა. ნასყიდობის საფასური მყიდველის მიერ შპალერის შეძენისთანავე იქნა გადახდილი.
6.1.2. 2018 წლის 30 მაისს, მყიდველმა - ქ.მ–ძემ წერილობით მიმართა გამყიდველს - შპს „კ.ჯ–ს“ იმის თაობაზე, რომ შეძენილი საქონელი ნაკლის მქონე იყო, რის გამოც, გაყიდული საქონელი უკან უნდა დაებრუნებინა, ხოლო, მყიდველისათვის უნდა აენაზღაურებინა გადახდილი საფასური.
6.1.3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 მაისის №003404418 დასკვნით დგინდება, რომ 2018 წლის 21 მაისს, დამკვეთის თანდასწრებითა და მითითებით, განხორციელდა გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლა; კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ........ მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის ვიზუალური დათვალიერებით განხორციელდა საცხოვრებელი სახლის შიდა გამყოფ კედლებზე მოწყობილი შპალერის მოწყობის ხარისხის დადგენა. ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მოწყობილ შპალერს რაიმე უხარისხობა არ აღენიშნებოდა, ვერტიკალურად სწორად იყო განთავსებული ორნამენტები და გადაბმის ხაზები არ შეიმჩნეოდა. შესაბამისად, მოწყობილი შპალერის ხარისხი დამაკმაყოფილებელად იქნა მიჩნეული.
6.1.4. 2020 წლის 30 ივნისის სასამართლო სხდომაზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 მაისის №003404418 დასკვნის შემდგენმა ექსპერტმა - ბ.მ–მა განმარტა, რომ მისი დასკვნა გულისხმობდა იმას, რომ ხელოსნის მიერ დაცული იყო ყველა ის სტანდარტი და მოთხოვნა, რაც შეესაბამებოდა შპალერის გაკვრის წესებს. კერძოდ, გადაბმის ხაზები, ორნამენტების ვერტიკალური განთავსება და ა.შ. შესაბამისად, ექსპერტის განმარტებით, „შპალერის მოწყობის ხარისხი დამაკმაყოფილებელია“-ნიშნავდა იმას, რომ შპალერის გაკვრა კედელზე ხელოსნის მიერ ხარისხიანად იყო შესრულებული და ის გარემოება, რომ შპალერს გააჩნდა ნაკლი, ხელოსნის მიერ შესრულებული სამუშაოს ბრალით არ იყო გამოწვეული.
6.1.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ.მ–ძემ განმარტა, რომ იგი არის ხელოსანი, ვის მიერაც გაკრულ იქნა შპალერი. მის მიერ შპალერის მოწყობა, ანუ გაკვრა მოხდა შპალერზე მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად. ხუთი ერთეული შპალერის გაკვრის შემდეგ, მეექვსე ერთეულ შპალერზე აღმოჩენილი ნაკლი იმდენად აშკარა იყო, რომ ვიზუალურადაც შესამჩნევი იყო, რომ შეუძლებელი იქნებოდა გადაბმის ხაზები ყოფილიყო სწორად. კერძოდ, შპალერის დეკორაციული ფიგურების ზომები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, რაც ნიშნავდა იმას, რომ ნახატს ჰქონდა ქარხნული წუნი. აღნიშნულის გამო შეაჩერა სამუშაოები, რის თაობაზეც აცნობა დამკვეთს - ქ.მ–ძეს. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მეექვსე ერთეული შპალერის გახსნამდე, სხვა დანარჩენ ხუთ ერთეულ შპალერსაც ჰქონდა ქარხნული წუნი, მაგრამ ეს წუნი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ შპალერის მოწყობის/გაკვრის შემდეგ, სწორად ხდებოდა ხაზების გადაბმა და ეს ვიზუალურად შედარებით შეუმჩნეველი იყო.
6.1.6. მოსარჩელე ქ.მ–ძის მიერ, შპალერის მოწყობისთვის ხელოსნისათვის გადახდილ იქნა შესრულებული სამუშაოს საფასური 390 ლარის ოდენობით.
6.2.ასევე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებით არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, სწორად გამოიყენა სამართლის ნორმები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, დამატებით განმარტა შემდეგი:
6.2.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დანიშნული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №006115621 დასკვნის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე ქ.მ–ძის საცხოვრებელ სახლში, კედელზე გაკრული და ასევე, გამოუყენებელი შპს „კ.ჯ–ისგან“ შეძენილი იტალიური წარმოების „ZAMBAITI PARATT“-ის შპალერი (ზომა: 07x10 მეტრი, სულ 12 ერთეული რულონი) ნაწილობრივ უხარისხო იყო და აღენიშნებოდა ქარხნული წუნის დამახასიათებელი კვალი, რაც გამოიხატებოდა შპალერის ზედაპირზე არსებული ჰორიზონტალური ხაზების და დეკორაციების უსწორობაში (არათანაბრობაში). რაც შეეხება გამოვლენილ ნაკლს, იგი არსებითი (ქარხნული) ხასიათის იყო, ვინაიდან, არსებული ნაკლი გარკვეულ წილად გავლენას ახდენდა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე - შპალერის დეკორაციების ურთიერთშეთავსების ნაწილში.
6.2.2. სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავოს არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა. მოცემული დავის ფარგლებში გასარკვევი იყო, გამყიდველმა ჯეროვნად შეასრულა თუ არა მისი ვალდებულება ნივთობრივად უნაკლო ნივთის გადაცემის თაობაზე. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხისგან შეძენილი შპალერი ნაკლის მქონე იყო, კერძოდ, ორნამენტები არაერთგვაროვანი იყო და კედელზე გაკვრის შემთხვევაში, ვერ ხერხდებოდა მათი ურთიერთთანხვედრა, რაც ვიზუალურადაც შესამჩნევი იყო. მოპასუხის მითითებით კი, ნასყიდობის საგანი უნაკლო იყო, ხოლო, მოსარჩელის პრეტენზია მისი გემოვნების გამოვლინებას წარმოადგენდა.
6.2.3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ხელშეკრულების მოშლის პატივსადები საფუძველის არსებობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით - ექსპერტიზის დასკვნებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის განმარტებითა და მოწმის ჩვენებით, დასტურდებოდა ნასყიდობის საგნის-შპალერის არსებითი ნაკლი, რომლის გამოსწორება და ნაკლიანი ნივთის უნაკლოთი შეცვლა, თავად მოპასუხის მტკიცებით, მოცემულ ეტაპზე შეუძლებელი იყო. ასეთ შემთხვევაში კი, მოპასუხე (გამყიდველი) ვალდებული იყო სამოქალაქო კოდექსის 491-ე, 494.1-ე, 408-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე, მყიდველისათვის აენაზღაურებინა როგორც შპალერის შეძენის მიზნით გაწეული ხარჯი-1596 ლარი, ისე გამყიდველის მიერ, უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულების დარღვევის გამო მიყენებული ზიანი-შპალერის გაკვრის მიზნით ხელოსანზე გადახდილი 390 ლარი.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე შპს „კ.ჯ–მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7.1.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არსებითად დაარღვია სააპელაციო საჩივრის ავტორის პროცესუალური უფლებები, შეჯიბრობითობისა და დისპოზიციურობის პრინციპები და შედეგად, იურიდიულად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ პრაქტიკულად, არასწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, არ დაადგინა გარემოებები, რომლებიც უნდა დაედგინა და არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს; ამასთან, არასწორად განმარტა მატერიალური და პროცესუალური სამართლის ზოგიერთი ნორმა და არ გამოიყენა კანონი (კანონის ნორმები), რომლებიც უნდა გამოეყენებინა.
7.1.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების 4.8. პუნქტში განვითარებული მსჯელობით მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ეწინააღმდეგება საკუთარ თავს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია საქმის გარემოებები და თითოეულ მტკიცებულებას სწორი შეფასება გაუკეთა, გაუგებარია საქმის განხილვისას თუ რატომ დანიშნა სააპელაციო სასამართლომ თავისი ინიციატივით დამატებითი ექსპერტიზა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ექსპერტიზის დანიშვნა ცხადყოფს ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების უსაფუძვლობასა და დაუსაუთებლობას. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ექსპერტიზის დანიშვნის პროცესში სასამართლოს გაუგზავნეს შეკითხვები, რაც საქმის განხილვისთვის არსებითად მიაჩნდათ, თუმცა სასამართლო მხოლოდ რამდენიმე შეკითხვით შემოიფარგლა, რა დროსაც დაირღვა თანასწორობის პრინციპი.
7.1.3. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 მაისის NO03404418 დასკვნა და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება. კერძოდ, როგორც მოსარჩელემ, ასევე სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნას გაუკეთა სხვაგვარი ინტერპრეტაცია. 2018 წლის 21 მაისის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში ექსპერტმა აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტ სოფელ ........ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მოწყობილი შპალერის ხარისხი დამაკმაყოფილებელია, ვერტიკალურად სწორადაა განთავსებული ორნამენტები და გადაბმის ხაზები არ შეიმჩნეოდა. ექსპერტი თავის დასკვნას შპალერის მოწყობის ხარისხთან დაკავშირებით იღებს მხოლოდ მას შემდგომ, რაც ადგენს შპალერის ხარისხიანობას. მოცემული დასკვნა პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, თითქოსდა ნივთი ნაკლოვანი და ხარვეზიანი იყო. მოპასუხე მხარისთვის გაუგებარია რას დააფუძნა მოსარჩელემ თავისი პოზიცია და სასარჩელო მოთხოვნა.
7.1.4. კასატორის განმარტებით, კონკრეტულ შეკითხვას - იყო თუ არა ნასყიდობის საგანი ნაკლის მქონე - პასუხი გაეცა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №006115621 დასკვნით. სწორედ აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი იყო საქმისთვის არსებითი და გადამწყვეტი, რაც გამოვლინდა მხოლოდ მეორე ინსტანციით საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს ინიციატივით დანიშნული ექსპერტის დასკვნით. კასატორის განმარტებით, ექსპერტის დასკვნის მიღებისთანავე მიმართეს სასამართლოს განცხადებებითა და შუამდგომლობებით, რომელთა დაკმაყოფილებაზეც სასამართლომ დაუსაბუთებელი უარი განაცხადა და საბოლოოდ შუამდგომლობის წარდგენის უფლებაც შეუზღუდა.
7.1.5. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მხარის ნაცვლად იტვირთა იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომელიც თავად მხარეს უნდა ემტკიცებინა სათანადო მტკიცებულებებით; უფრო მეტიც, სასამართლოს მიერ დადგინდა სარჩელში აღუნიშნავი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს ინიციატივით დანიშნულ ექსპერტიზის შემდგომ განვითარდა მსჯელობა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, იყო თუ არა ნასყიდობის საგანი ნაკლის მქონე. ექსპერტის დასკვნის გაცნობის შემდგომ კი, სააპელაციო სასამართლომ საშუალება არ მისცა მხარეს სათანადო შედავება განეხორციელებინა იმ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით, რაც ექსპერტის დასკვნით დადგინდა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინებით, შპს „კ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში (იხ. სუსგ საქმეზე Nას-495-2020, 23.10.2020 წ).
14. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, უდავოა მხარეთა შორის შპალერის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა. მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან, ნაკლიან შესრულებაზე მიუთითებდა და ხელშეკრულების საგნის საფასურისა და გაწეული დანახარჯების მოპასუხისთვის დაკისრების მოთხოვნით, ფაქტობრივად ხელშეკრულებიდან გასვლასა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას (რესტიტუცია) მოითხოვდა.
15. დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ნასყიდობის საგნის არსებითი ნაკლის გამო, ხელშეკრულების მოშლის პატივსადები საფუძველის არსებობის თაობაზე, რასაც არ იზიარებს კასატორი და შედავება წარმოადგინა იმ თვალსაზრისით, რომ მან მოსარჩელეს უნაკლო და უხარვეზო ნივთი გადასცა, რითაც ფაქტობრივად სადავოდ გახადა მყიდველის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების განხორციელების საფუძველი. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს ხელშეკრულებიდან გასვლისათვის კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის დადგენა წარმოადგენს. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
16. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, მოსარჩელის მოთხოვნის წარმომშობი საკანონმდებლო რეგულაცია მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 491(I)-ე მუხლის შინაარსში (მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით). დასახელებული ნორმა ითვალისწინებს მყიდველის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას ნაკლიანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, სახეზე უნდა იყოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე (გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი) და 488(I)-ე (ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის) მუხლებით გათვალისწინებული ნივთობრივი ანდა უფლებრივი ნაკლი.
17. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლში მითითებული „ხელშეკრულების მოშლა“ თავისი შინაარსით წარმოადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას, ვინაიდან უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლთან მიმართებით ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა შემდეგი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი არის გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (გსკ) 346-ე პარაგრაფის ანალოგი, რომელიც ადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის თქმის) წინაპირობებს, რაც მოიცავს ხელშეკრულებიდან გასვლის როგორც კანონისმიერ, ისე - სახელშეკრულებო დათქმის საფუძველს და განიმარტება, როგორც ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით ვალდებულებითი ურთიერთობის უკუქცევა (იხ. იან კროპჰოლერი, გსკ-ის კომენტარი, 2014 წ. გამოცემა, ს.ფ. 242-243). დოქტრინაში არაერთი მოსაზრებაა გამოთქმული სსკ-ის 352-ე მუხლში მითითებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმისა (გასვლის) და ხელშეკრულების მოშლის ტერმინოლოგიური უზუსტობის შესახებ (იხ. www.gccc.ge – 352-ე მუხლის კომენტარი) და დასკვნის სახით შესაძლებელია აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმას, რასაც გადაცემულისა და მიღებულის ორმხრივი რესტიტუცია მოსდევს, ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება (იხ. სუსგ საქმეზე Nას-845-811-2016. 15/09/2017 წ.).
18. აღსანიშნავია, რომ მყიდველის მეორადი მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის სახით, მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლზე დაყრდნობით ვერ განხორციელდება, ვინაიდან დასახელებული ნორმა არ არის მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძველი და ხელშეკრულებიდან გასვლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 491-ე, 352-ე და 405-ე მუხლების ურთიერთშეჯერებით უნდა განხორციელდეს (ანალოგიურ განმარტებას შეიცავს სუსგ №ას-349-2021, 11/06/2021 წ.). ამასთან, მყიდველს ყოველთვის არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ეს უფლება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევა სერიოზული, არსებითი ხასიათისაა. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილი გამორიცხავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, როდესაც ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა; კერძოდ, როდესაც სახეზეა ისეთი ნაკლი, რომელიც გამყიდველს არ აძლევს საფუძველს, დაასკვნას, რომ შესრულება მყიდველისათვის ინტერესმოკლებულია. ასევე, როდესაც ნაკლის გამოსწორება უმნიშვნელო დანახარჯებით თავად მყიდველს შეუძლია; „ვალდებულების დარღვევა რეალურად და არსებითად უნდა ართმევდეს მხარეს იმას, რასაც ის კანონიერად მოელის ხელშეკრულებიდან“ (იხ. იხ. www.gccc.ge; 491-ე მუხლის კომენტარი).
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა სააპელაციო პალატის მსჯელობას მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - ექსპერტიზის დასკვნებით, სასამართლო სხდომაზე ექსპერტის მიერ ზეპირად მიცემული განმარტებითა და მოწმის ჩვენებით დგინდებოდა, რომ ნასყიდობის საგანი არსებითი ნაკლის მქონე იყო, რომლის გამოსწორება და უნაკლოთი შეცვლა შეუძლებელი იყო (თავად მოპასუხის მტკიცებით), რაც მოსარჩელეს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას წარმოუშობდა.
20. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, კერძოდ:
20.1. მოწმე თ.მ–ძის (ხელოსანი, ვის მიერაც იქნა მოწყობილი შპალერი) ჩვენებით, შპალერის გაკვრა განხორციელდა შპალერზე მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად. ხუთი ერთეული შპალერის გაკვრის შემდეგ, მეექვსე ერთეულ შპალერზე აღმოჩენილი ნაკლი იმდენად აშკარა იყო, რომ შეუძლებელი იქნებოდა გადაბმის ხაზები ყოფილიყო სწორად. შპალერის დეკორაციული ფიგურების ზომები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნახატს ჰქონდა ქარხნული წუნი.
20.2. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დანიშნული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №006115621 დასკვნით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე, ქ.მ–ძის საცხოვრებელ სახლში კედელზე გაკრული და ასევე გამოუყენებელი, შპს „კ.ჯ–ისგან“ შეძენილი იტალიური წარმოების „ZAMBAITI PARATT”-ის შპალერი (ზომა: 07x10 მეტრი, სულ 12 ერთეული რულონი) ნაწილობრივ არის უხარისხო და აღინიშნება ქარხნული წუნის დამახასიათებელი კვალი, რაც გამოიხატება შპალერის ზედაპირზე არსებული ჰორიზონტალური ხაზების და დეკორაციების უსწორობაში (არათანაბრობაში). რაც შეეხება გამოვლენილ ნაკლს, არის არსებითი (ქარხნული), ვინაიდან, არსებული ნაკლი გარკვეულ წილად გავლენას ახდენს შესრულებული სამუშაოების ხარისხზე; კერძოდ, შპალერის დეკორაციების ურთიერთშეთავსების ნაწილში.
20.3. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 მაისის №003404418 დასკვნას, მართალია იგი ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის ნივთობრივ ნაკლს უშუალოდ არ ადასტურებს, თუმცა გამორიცხავს, რომ ნაკლი ხელოსნის მიერ შესრულებული სამუშაოს ბრალით იყოს გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში შპალერის ზედაპირზე არსებული დეკორაციების ჰორიზონტალური ხაზების უსწორობას, ხელოსნის მიერ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს უკავშირებდა, თუმცა, დასახელებული დასკვნით დადგინდა, რომ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ........, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მოწყობილი შპალერის ხარისხი ვიზუალური დათვალიერებით დამაკმაყოფილებელია“. მართალია, მითითებულ ჩანაწერს კასატორი მის სასარგებლო ინტერპრეტაციას აძლევს და განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა ადგენს შპალერის „ხარისხიანობას“, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, თითქოსდა ნივთი ნაკლოვანი და ხარვეზიანი იყო, თუმცა, ამ მიმართებით საყურადღებოა თავად ექსპერტიზის წინაშე დასმული კითვის ფორმულირება - „გთხოვთ ჩაატაროთ ექსპერტიზა და დაადგინოთ ხელვაჩაურის რაიონ სოფელ ........, სახლში გაკრულ შპალიერზე ვიზუალური დათვალიერებით მოწყობის ხარისხი“. მნიშვნელოვანია ამავე ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილიც, სადაც ექსპერტი მიუთითებს, რომ ვიზუალური დათვალიერებით განხორციელდა „საცხოვრებელი სახლის შიდა გამყოფ კედლებზე მოწყობილი შპალიერის მოწყობის ხარისხის დადგენა“. შესაბამისად, წარმოდგენილი დასკვნა, საკასაციო პალატის მოსაზრებით ადგენს ხელოსნის მიერ, შპალერის მოწყობის სამუშაოების ხარისხიანად შესრულების ფაქტს და არა უშუალოდ ნასყიდობის საგნის - შპალერის ხარისხიანობას. აღნიშნული მოსაზრება დაადასტურა კიდეც ზემოაღნიშნული დასკვნის შემდგენმა ექსპერტმა ბ.მ–მა, რომელმაც 2020 წლის 30 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ აღნიშნული დასკვნა გულისხმობდა ხელოსნის მხრიდან, ყველა იმ სტანდარტისა და მოთხოვნის დაცვას, რაც შეესაბამება შპალერის გაკვრის წესებს.
21. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია იმ გარემოებას შეეხება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 მაისის NO03404418 დასკვნა და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება. კასატორის განმარტებით, კონკრეტულ შეკითხვას - იყო თუ არა ნასყიდობის საგანი ნაკლის მქონე - პასუხი გაეცა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №006115621 დასკვნით. სწორედ აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი იყო საქმისთვის არსებითი და გადამწყვეტი, რაც გამოვლინდა მხოლოდ მეორე ინსტანციით საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს ინიციატივით დანიშნული ექსპერტის დასკვნით, ხოლო მას არ მიეცა ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა.
22. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა შეეხებოდა ნასყიდობის საგნის ნაკლოვანების გამო (შპალერის ზედაპირზე არსებული ჰორიზონტალური ხაზების და დეკორაციების უსწორობა) ხელშეკრულებიდან გასვლას, მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებასა და ზიანის სახით - გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას. შესაბამისად, ხელშეკრულების გასვლისთვის კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის დადასტურების მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელეს ეკისრებოდა. აღნიშნულის სამტკიცებლად, მოსარჩელემ, მოპასუხის შედავების (შპალერის ზედაპირზე არსებული დეკორაციების ჰორიზონტალური ხაზების უსწორობა დაკავშირებული იყო ხელოსნის მიერ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებთან) გათვალისწინებით, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა და სხდომაზე მოწმის გამოცხადება უზრუნველყო. წარმოდგენილი დასკვნის განმარტებისას, მოსარჩელისა და მოპასუხის არგუმენტების ურთიერთწინააღმდეგობის გამო, ამასთან, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სადავო საკითხის გამოკვლევა საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, დანიშნა ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ ნასყიდობის საგანს არსებითი ნაკლი გააჩნდა. დასახელებულ ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით, კასატორმა ვერ მიუთითა ვერცერთ იმ გარემოებაზე, რაც დასკვნის სისწორესა და სანდოობაში სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები ერთობლიობაში ქმნიდა საკმარის საფუძველს იმგვარი დასკვნისათვის, რომ ნასყიდობის საგანს გააჩნდა არსებითი ნივთობრივი ნაკლი, რომელიც მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავდა, ხოლო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნაკლის აღმოფხვრაზე მოპასუხემ უარი განაცხადა, მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ მართებულად დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ამ ნაწილში არ არსებობს კასატორის პრეტენზიის გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს წინამდებარე განჩინების 21-ე აბზაცში მოცემულ კასატორის პრეტენზიებს და პირველ რიგში განმარტავს, რომ სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას, ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ (შდრ. სუსგ №ას-589-896-09, 22 იანვარი, 2010 წელი). განსახილველ შემთხვევაშიც, სააპელაციო პალატის მხრიდან დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება მხოლოდ კასატორის მიერ მითითებულ ექსპერტიზის დასკვნას არ ემყარება; საქმეში წარმოდგენილი იყო საკმარისი მტკიცებულებები საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად და პალატამ გასაჩივრებული განჩინება მტკიცებულებათა და მხარეთა მიერ მითითებულ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად მიიღო.
24. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დამფუძნებელი უფლების განხორციელება პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ცალკეული მოთხოვნის წარმოშობასა და გაუქმებაზე. უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად განხორციელებული ხელშეკრულებიდან გასვლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლით წარმოშობს ე.წ. რესტიტუციის მოთხოვნის უფლებას, ანუ, ხელშეკრულების ორივე მხარემ ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ მიღებული შესრულება და სარგებელი (იხ. სუსგ საქმეზე №ას-349-2021, 11.06.2021 წ.).
25. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა, თუმცა, ამ მხრივ, პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საკასაციო საჩივარში არ არის გადმოცემული დასაბუთებული შედავება საოქმო განჩინებებთან მიმართებით და განჩინებების გაუქმება მხოლოდ ფორმალურადაა მოთხოვნილი, რის გამოც, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს გასაჩივრებული განჩინებების მართლზომიერება.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03).
27. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს.ფ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 17.01.2022) 70% – 105 ლარი.
33.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „კ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. შპს „კ.ჯ–ის“ მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. შპს „კ.ჯ–ს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს.ფ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 17.01.2022) 70% – 105 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე