Facebook Twitter

№ას-1381-2021

28 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ო.ი–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.კ.ე–“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „თ.კ.ე–მა“ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „ო.ი–ის“ მიმართ (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 1-17).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 402 316 ლარის გადახდა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2018 წლის 03 მარტს, შპს თ.კ.ე–სა“ და შპს „ო.ი–ას“ შორის დაიდო ნასყიდობის ზეპირი გარიგება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს საკუთრებაში გადასცა 502 316 (დღგ-ის 76624 ლარის ჩათვლით) ლარის ღირებულების ნაყიდობის საგანი - მუხლუხა ექსკავატორი „KOMATSU PC290LC-8“. ნასყიდობის საგანი მხარეთა მიერ შეტანილი ერთობლივი განცხადების საფუძველზე, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში აღირიცხა მყიდველის სახელზე.

5.2. მყიდველმა გადაიხადა მიწოდებული საქონლის ღირებულების ნაწილი - 100 000 ლარი. ნასყიდობის საგნის ღირებულების დარჩენილი ნაწილი - 402 316 ლარი მოპასუხე მხარეს არ გადაუხდია.

5.3. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა აპელანტის სააპელაციო პრეტენზიებზე. კერძოდ: ნასყიდობის საგნის ღირებულების დარჩენილი ნაწილის გადაუხდელობას მოპასუხე იმით ასაბუთებდა, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება ურთიერთომოთხოვნათა გაქვითვაზე. კერძოდ, უნდა მომხდარიყო იმ ფულადი ვალდებულების გაქვითვა, რაც შპს „ო.ბ–ის“ მიმართ გააჩნდა შპს „გ–ას“. შპს „თ.ქ.ე–ი“ და შპს „გ–ა“, ისევე როგორც შპს „ო.ი–ა“ და შპს „ო.ბ–ი“ წარმოადგენენ ჰოლდინგურ კომპანიებს და შპს „გ–ას“ შპს „ო.ბ–ის მიმართ“ გააჩნდა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება, რის გამოც 2019 წლის 20 თებერვალს აღიძრა სარჩელი შპს „გ–ას“ მიმართ, 460343.06 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, მხარეთა შორის მტკიცების გადანაწილებაზე, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, მოპასუხეს კი ეკისრება ვალდებულების შესრულების ფაქტის, ან იმ გარემოებების მტკიცება, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების გადადების უფლებას. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხემ წარდგენილ შესაგებელში არ მიუთითა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეთანხმებაზე და სსსკ-ის 201 მუხლის თანახმად, შეუძლებელი იყო ამ საკითხის კვლევა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. პალატამ ამავდროულად განმარტა, რომ შპს „თ.კ.ე–ი“ დამოუკიდებელი კომპანიაა თავისი უფლებებითა და ვალდებულებებით და მას რაიმე პასუხისმგებლობა შპს „გ–ას“ შესაძლო შეუსრულებელი ვალდებულებების გამო არ ეკისრება. პალატის მითითებით, მოპასუხემ ვერ დაადასტურა მხარეთა შორის გარიგების არსებობა სხვა იურიდიული პირების მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვაზე, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ნასყიდობის საგნის ღირებულების გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებას გამორიცხავდა.

5.5. ვინაიდან სადავო არ იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და მოძრავი ნივთის მოპასუხის საკუთრებაში გადასვლის ფაქტი, ასევე ნასყიდობის საგნის ღირებულება და მისი ნაწილის - 402316 ლარის მოპასუხის მიერ გადაუხდელობა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად დაკმაყოფილდა სარჩელი და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინება განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ო.ი–ამ“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. შპს „თ.ქ.ე–ი“ და შპს „გ–ა“ წარმოადგენენ ჰოლდინგურ კომპანიებს, ისევე როგორც შპს „ო.ი–ა“ და შპს „ო.ბ–ი“. შპს „გ–ასა“ და შპს „ო.ბ–ის“ ხელმძღვანელ პირთა სიტყვიერი შეთანხმებით, შპს „გ–ას“ ფულადი ვალდებულება შპს „ო.ბ–ის“ მიმართ, უნდა გაქვითულიყო შპს „ო.ი–ას“ ფულადი ვალდებულებით შპს „თ.ქ.ე–ის“ მიმართ. მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შესახებ უნდა შემდგარიყო შესაბამისი აქტი. შპს „თ.ქ.ე–ის“ მიერ შეთანხმების დარღვევისა და სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდგომ, შპს „ო.ბ–მაც“ მიმართა სასამართლოს შპს „გ–ას“ მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

6.2. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან საქმე ეხება ორი ჰოლდინგის პრინციპით მართვის ქვეშ არსებულ კომპანიებს, შესაძლებელი უნდა იყოს ერთი და იგივე პირის მიერ დაფუძნებული სხვადასხვა კომპანიების ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ შპს „ო.ი–ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის კანონიერება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მოტივით.

13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) გამომდინარეობს.

14. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ უდავოდ მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, სახელდობრ: მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან 502 316 ლარის ღირებულების მუხლუხა ექსკავატორი „KOMATSU PC290LC-8“ შეიძინა; მოპასუხის მიერ გადახდილია ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი - 100 000 ლარი, შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 402316 ლარი.

15. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხე წარდგენილი შესაგებლით სარჩელში მითითებულ გარემოებებს კვალიფიციურად არ შედავებია. პირიქით, მოპასუხის მითითებით, მას ნასყიდობის საგნის ღირებულება სრულად არ გადაუხდია. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ ვალდებულების არსებობის გამომრიცხავ იმ გარემოებაზე, რაზეც საკასაციო საჩივარშიც აპელირებს კასატორი, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ვერ გაიზიარებს და მიუთითებს სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. თუმცა, სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს მართალია შესაგებელში არ მიუთითებია ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძვლის არსებობაზე, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე (იხ. სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი: 14:27-14:58) მოპასუხემ მიუთითა მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობაზე ურთიერთომოთხოვნათა გაქვითვის გამო, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი სასამართლოს მიერ გამოკვლევას და შეფასებას ექვემდებარებოდა. მიუხედავად ზემოაღნიშნული შეფასებისა, სააპელაციო პალატამ დამატებით იმსჯელა ძირითად სადავო საკითხზე და მართებულად შეაფასა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძვლის არარსებობა მოცემული დავის ფარგლებში.

16. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძვლის არსებობის შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, შპს „თ.კ.ე–ის“, როგორც დამოუკიდებელი სამეწარმეო სუბიექტის უფლებებსა და მოვალეობებზე. საქართველოს კანონმდებლობა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მხარეებს ანიჭებს უფლებას, ერთმანეთის მიმართ არსებული მოთხოვნები გაქვითონ და ვალდებულება ისე შეწყვიტონ, კერძოდ, სსკ-ის 442.1-ე მუხლის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, გაქვითვა მიმართულია მსგავსი მოთხოვნების გამარტივებულ შესრულებაზე და ითვალისწინებს დამოუკიდებელი მოთხოვნების არსებობას. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვითვისათვის აუცილებელია განსაზღვრული წინაპირობების არსებობა: გაქვითვის პირველი სავალდებულო წინაპირობაა, რომ ორ პირს ერთმანეთის მიმართ ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება, ე.ი. თითოეული მათგანი ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც. მოთხოვნის მოვალე უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის კრედიტორი, ხოლო მოთხოვნის კრედიტორი კი უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის მოვალე. ამგვარად, უნდა არსებობდეს საპასუხო მოთხოვნები (ურთიერთმოთხოვნები). მოცემულ შემთხვევაში, განსახილველ სამოქალაქო საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესაძლებლობის შესახებ და მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ იურიდიულ პირებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას და სხვა კომპანიებს შორის შეუსრულებელი ვალდებულების გამო არსებული მოთხოვნა ვერ გახდება მიმდინარე საქმეში არსებული სასარჩელო მოთხოვნის გაქვთვის საფუძველი.

17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ დავის სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია მას ვერ დაუპირისპირა, მოპასუხეს სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მართებულად დაეკისრა შეთანხმებული ფასის გადაუხდელი ნაწილის გადახდა და შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

19. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

21. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ო.ი–ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 8000 ლარის (საგადახდო დავალება N1641464199, გადახდის თარიღი 06.01.2022) 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ო.ი–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ო.ი–ას“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადახდო დავალება N1641464199, გადახდის თარიღი 06.01.2022) 70% – 5600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე