საქმე №ას-ას-756-2022 20 ოქტომბერი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - შპს „თ.ზ.ჰ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ჯ. ფ–მა“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „ჯ.ფ–ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „თ.ზ.ჰ–ის“ მიმართ, მოპასუხისთვის ნასყიდობის გადაუხდელი საფასურის - 28076.50 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ჯ.ფ–ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „თ.ზ.ჰ–ს“ დაეკისრა შპს „ჯ–მას“ სასარგებლოდ 28076.50 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „თ.ზ.ჰ–მა“ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით შპს „თ.ზ.ჰ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება შპს „თ.ზ.ჰ–მა“ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების გადაუხდელობა გამოწვეული არ არის მოპასუხის ბრალეულობით. შპს „თ.ზ.ჰ–ი“ ჩართულია „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ სახელმწიფო პროგრამაში და როგორც მიმწოდებელი ორგანიზაცია თავად ელოდებოდა შესაბამისი ანაზღაურების მიღებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „თ.ზ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს ნასყიდობის საფასურის დაკისრების წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, მყიდველის ძირითადი ვალდებულება ნასყიდობის საფასურის გადახდაა. ვალდებულება კი, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდა 308872.50 ლარის ღირებულების სამედიცინო პროდუქცია. მოპასუხეს გადახდილი აქვს ნასყიდობის საფასურის ნაწილი - 280796 ლარი. ამდენად, დავალიანების ოდენობა შეადგენს 28076.50 ლარს. დასახელებული თანხის გადახდაზე კასატორი (მოპასუხე) უარს ამბობს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესასრულებლად საჭირო ფინანსური სახსრები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის ფარგლებში, მას არ მიუღია სახელმწიფოს დაწესებულებისგან. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „თ.ზ.ჰ–ს“ მოსარჩელის მიმართ გააჩნია ვადამოსული ფულადი ვალდებულება, რომელიც მოვალემ უნდა შეასრულოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის და 477-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მესამე პირის მხრიდან მოპასუხისთვის სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა, ასეთი გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი, ვერ გახდება განსახილველ საქმეში დასახელებული ფულადი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ნასყიდობის გადაუხდელი საფასურის ანაზღაურება და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „თ.ზ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინება;
3. შპს „თ.ზ.ჰ–ს“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.მ–ას (პ/ნ ....) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1403.81 ლარის (საგადასახადო დავალება №1657718860, გადახდის თარიღი 13.07.2022წ.) 70% - 982.67 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე