Facebook Twitter

საქმე №ა-5046-შ-136-2022 31 ოქტომბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ალექსანდრე წულაძე

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა B.G.L-ის განცხადება შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე საქმეზე - B.G.L-ის შუამდგომლობა ინგლისისა და უელსის კომერციული სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ რ.ფ–ას მიმართ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ განცხადებას შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ B.G.L-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით B.G.L-ის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში ინგლისისა და უელსის კომერციული სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის ბრძანების დედნის, ინგლისისა და უელსის კომერციული სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე ცნობის, რ.ფ–ას საქმის განხილვის თაობაზე სათანადოდ ინფორმირების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ასევე დაევალა წარმოედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ ინგლისისა და უელსის კომერციული სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის ბრძანების აღსრულება არ მომხდარა ბრძანების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

2022 წლის 27 ოქტომბერს სასამართლოს განცხადებით მომართა B.G.L-ის წარმომადგენელმა ზ.ბ–მა და იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების (ბრძანების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობის გამოხმობის შესახებ.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ხოლო, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება შუამდგომლობის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად და შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს წარმოდგენილი დოკუმენტები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 831-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. B.G.L-ის წარმომადგენელ ზ.ბ–ის განცხადება ინგლისისა და უელსის კომერციული სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. B.G.L-ის შუამდგომლობა ინგლისისა და უელსის კომერციული სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად და შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს წარმოდგენილი დოკუმენტები.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ა. წულაძე