Facebook Twitter
საქმე №ას-708-2022 21 ოქტომბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „გ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ბ–ო“

დავის საგანი - საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის კომპენსაციის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „გ–ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ბ–ოს“ მიმართ, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, შპს „გ–ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „გ–ამ“ საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შპს „გ–ას“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება შპს „გ–ამ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით შპს „გ–ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება. სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება შპს „გ–ამ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2021 წლის 9 სექტემბრის სასამართლო სხდომის თაობაზე ცნობილი იყო შპს „გ–ას“ წარმომადგენლისთვის - ნ.თ–თვის, თუმცა არა - კომპანიის დირექტორისთვის; ნ.თ–ი კი არაკეთილსინდისიერად ახორციელებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ამასთანავე, სასამართლო სხდომის მიმდინარეობს დროს დასახელებული პიროვნება იმყოფებოდა პროკურატურაში, რის გამოც სხდომაზე ობიექტური მიზეზით ვერ გამოცხადდა. აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმეზე უკანონოდ იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „გ–ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. იმავე კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საპატიო მიზეზად კი, კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ამასთან, „იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის №ას-1037-991-2013 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის სხდომას ესწრებოდა შპს „გ–ას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი - ნ.თ–ი, რომლის მიმართაც კომპანიამ გასცა მინდობილობა 2026 წლამდე სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. ხსენებული სხდომა გადაიდო 2021 წლის 9 სექტემბერს და კომპანიის წარმომადგენელმა ხელწერილით დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო მომდევნო სხდომის თარიღი და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები.

საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ 2021 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „გ–ას“ წარმომადგენელი, რომელსაც გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის არ უცნობებია. იმავე სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა კი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე იშუამდგომლა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ყველა წინაპირობა.

რაც შეეხება კასატორის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზებად დასახელებულ გარემოებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს; ამდენად, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის ინფორმირება სხდომის თარიღის შესახებ გამორიცხავდა სასამართლოს მხრიდან დამატებით კომპანიის დირექტორისთვის უწყების გაგზავნის სავალდებულოობას; შესაბამისად, მოსარჩელე სხდომის თარიღისა და გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ ინფორმირებულად უნდა იქნეს განხილული. რწმუნებულის მიერ მოვალეობათა არაკეთილსინდისიერად განხორციელება კი დამოუკიდებელი დავის საგანი შეიძლება გახდეს, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ვერ გამოიწვევს, რადგან ნ.თ. მიმართ გაცემული მინდობილობა იყო ძალაში, კომპანიას ის არ გაუუქმებია და უფრო მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივარიც სწორედ მითითებულმა პირმა წარადგინა.

სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას წარმომადგენლის პროკურატურაში ყოფნის საკითხთან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, საქმეში წარმოდგენილი, თბილისის პროკურატურის ცნობის მიხედვით, 2021 წლის 9 სექტემბერს ნ.თ–ი სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულ იქნა მოწმის სახით, თუმცა არ დასტურდება პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარების თაობაზე სასამართლოს დროული (სასამართლო სხდომის გამართვამდე) ინფორმირების შეუძლებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებული არ არის სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ–ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე