საქმე №ას-776-2022 20 ოქტომბერი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მიმართ მოპასუხე) - ე.ა–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელი ავტორი) - ნ.მ–ძე
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
დავის საგანი - არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
ე.ა–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ნ.მ–ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის არასრულწლოვანი შვილის - მ.მ–ძის სასარგებლოდ ალიმენტის, ყოველთვიურად - 300 ლარის, გადახდის დაკისრება. ნ.მ–ძემ მიმართა სასამართლოს შეგებებული სარჩელით და მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე.ა–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნ.მ–ძეს არასრულწლოვანი შვილის - მ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად - 230 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნ.მ–ძეს ბავშვთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა: ყოველი კვირის ოთხშაბათი 18:00 საათიდან 20:00 საათამდე; ყოველი კვირის შაბათი და კვირა 15:00 საათიდან 18:00 საათამდე; გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ პირველი ორი შეხვედრა განხორციელდეს კონტაქტის პროცესის ფსიქოლოგიური მხარდაჭერით, შემდგომი ერთი თვე - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ხოლო შემდგომ - ბავშვის წაყვანის უფლებით და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხოლოდ ე.ა–ძემ გაასაჩივრა, რომელმაც გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით ე.ა–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით ე.ა–ძემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნის მამის ინტერესს არ წარმოადგენს შვილთან ურთიერთობის ქონა, არამედ მისი მოთხოვნა მიმართულია ბავშვის დედაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლის მოხდენაზე. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული ბავშვთან მამის ურთიერთობის წესი ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ე.ა–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ბავშვთან მამის ურთიერთობის წესის დადგენა.
საკასაციო პალატა, სადავო საკითხის განხილვის მიზნით, ყურადღებას მიაქცევს საერთაშორისო სამართლით და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ სამართლის პრინციპებს და ნორმებს, რომელიც ეხება მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის მოწესრიგებას. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე - დაბადების შემდეგ. ხოლო, კონვენციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულად იქონიოს პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტი ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.“
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებულ ოჯახური ცხოვრების უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო დავის განხილვისას, შეჩერებულია მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
ამრიგად, ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ამასთან, ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 8 ივლისის №30943/96 გადაწყვეტილება საქმეზე „შაჰინი გერმანიის წინააღმდეგ“). აღნიშნული უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის საკითხის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი გარემოებები: (ა) არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება; (ბ) არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა ან გამორიცხვა პროპორციული ზომა, და (გ) არის თუ არა უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული.
ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ბავშვის საუკეთესო ინტერესები განსაზღვრონ და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელონ შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის აზრის მოსმენა და სათანადოდ გათვალისწინება; ბ) ბავშვის ყველა სხვა უფლების დაცვა, მათ შორის, ღირსების დაცვის, თავისუფალი განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, ყველა ფორმის ძალადობისგან დაცვისა და ბავშვებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; გ) მულტიდისციპლინური მიდგომით, სპეციალიზებული პირების მიერ ბავშვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობის, მისი სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების შეფასება და გათვალისწინება.
განსახილველ შემთხვევაში, ნ.მ–ძესთან არასრულწლოვნის ურთიერთობის განსაზღვრული წესის მართებულობის შეფასებისას საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- პირველი ინსტანციის სასამართლოში წინამდებარე საქმის განხილვის დროს მცირეწლოვანი მ.მ–ძე იყო 2 წლის, ხოლო, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას იგი არის 3 წლის;
- მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტის შემდგომ, 2019 წლის 22 ოქტომბრიდან მ.მ–ძის მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ბავშვი დედასთან - ე.ა–ძესთან იზრდება;
- ნ.მ–ძის და მისი არასრულწლოვანი შვილის ურთიერთობის, ასევე მამის საცხოვრებელი ადგილის პირობების შეფასების მიზნით სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლების მიერ ჩატარდა არაერთი შეხვედრა, რის შედეგადაც გაიცა დასკვნები ბავშვის მამასთან ურთიერთობის და ამასთანავე, მამის საცხოვრებელი პირობების დადებითად შეფასების თაობაზე;
- სასამართლო განჩინების საფუძველზე საქმეში ჩართულმა ფსიქოლოგმა - ნ.ლ–ძემ აღნიშნა, რომ ბავშვმა მიიღო მამა, არ გამოხატა რაიმე სახის მკვეთრად უარყოფითი ემოციები, ამდენად, გასცა ბავშვის მამასთან ურთიერთობის შემდგომი განვითარების აუცილებლობის შესახებ რეკომენდაცია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სოციალური მუშაკის 2020 წლის 10 მარტის დასკვნის თანახმად, ნ.მ–ძე ცხოვრობს თბილისში, თავის დედასთან, ნ.ჟ–ძესთან ერთად; საცხოვრებელი ფართი არის კეთილმოწყობილი, დაკმაყოფილებულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და კომუნალური პირობები. ამავე დასკვნის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მცირეწლოვანს საშუალება მიეცეს ურთიერთობა იქონიოს ორივე მშობელთან, რათა მომავალში პოზიტიური მიჯაჭვულობა განუვითარდეს მათ მიმართ.
საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაპყრობს, მოცემულ საქმეზე ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შინაარს, კერძოდ გამოვლინდა, რომ ბავშვმა მიიღო მამა, არ გამოხატა რაიმე სახის მკვეთრად უარყოფითი ემოციები, ბავშვის საუკეთესო ინტერსია დაუყოვნებლივ მოხდეს ამ კონტაქტის აღდგენის სტრატეგიის შემუშავება. ბავშვსა და მამას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ურთიერთობები იქონიონ დამოუკიდებლად, ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ ეს მისაღებია ორივე მშობლისთვის და არ წარმოადგენს ერთ-ერთი მათგანისთვის (დედისთვის) უკმაყოფილების მიზეზს. გასათვალისწინებელია, რომ თუ დროულად არ მოხდა მამასა და შვილის ურთიერთობის აღდგენისკენ მიმართული სტრატეგიის განხორციელება, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ასაკის მატებასთან ერთად გართულდეს ამ ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა, რაც ნეგატიურად აისახება ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სოციალური მუშაკების მიერ გაცემული დასკვნების და ფსიქოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე, საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი მ.მ–ძის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს მამასთან დამოუკიდებლად ურთიერთობის შესაძლებლობის ქონა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დასაბუთებულად განუსაზღვრეს ნ.მ–ძეს, კვირის განმავლობაში, ბავშვთან დამოუკიდებლად ურთიერთობისთვის აუცილებელი დროის მონაკვეთები.
ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ა–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინება;
3. ე.ა–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ვ–ძის (პ/ნ .....) მიერ 2022 წლის 11 ივლისის №0 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე