საქმე №ას-840-2022 20 ოქტომბერი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ს.კ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ს.გ. წ.კ–ა“
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და კომპენსაციის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:
ს.კ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ს.გ. წ.კ–ის“ მიმართ და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის კომპენსაციის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს.კ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინებით ს.კ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.კ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტავს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ს.კ–ის სარჩელი ხანდაზმულად. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს, საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის დენის ათვლის მომენტად უნდა მიეჩნია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წერილობითი გადაწყვეტილების ჩაბარება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ს.კ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წლის ივნისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით კანონმდებელმა ახლებურად დაარეგულირა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა, კერძოდ, კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 38-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილების (კოდექსის მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლი) მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე; დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი; დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში, დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს. ამრიგად, კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა სპეციალური - 30-დღიანი ვადა, რაც ემსახურება კანონმდებლის მიზანს, მოკლევადიანი გასაჩივრების პროცედურის შემოღებით აღმოფხვრას გრძელვადიანი შრომითი დავების არსებობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის №ას-11-11-2018 გადაწყვეტილება და 2019 წლის 13 დეკემბრის №ას-1418-2018 განჩინება).
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენის საწყის წერტილად განსაზღვრულია დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. შრომის კოდექსი უფლების რეალიზების ვადის ათვლას სწორედ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ფაქტობრივად შეტყობის მომენტს უკავშირებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 მარტის №ას-1298-1218-2015 და 2016 წლის 2 ნოემბრის №ას-905-871-2016, 2021 წლის 20 მაისის №ას-790-2020 გადაწყვეტილება).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 11 სექტემბერს, მოსარჩელეს ზეპირსიტყვიერად ეცნობა 2018 წლის 17 სექტემბრიდან მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ასევე უდავოა, რომ 2018 წლის 12 სექტემბრიდან ს.კ–ი სამსახურში აღარ გამოცხადებულა და მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება ფაქტობრივად შეწყდა სწორედ აღნიშნული პერიოდიდან. საქმეზე ასევე უდავოდ არის დადგენილი, რომ დამსაქმებელმა 2018 წლის 11 ოქტომბერს მოსარჩელეს გადაუხადა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია 2 თვის ხელფასის ოდენობით. ამრიგად, 2018 წლის 11 ოქტომბერს მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელისთვის ცნობილი იყო. მაშასადამე, თუკი მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ დამსაქმებელს არ გააჩნდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, მას ჰქონდა შესაძლებლობა, მიემართა დამსაქმებლისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთების მოთხოვნით ან სასამართლოში გაეხადა სადავოდ უვადო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება.
საგულისხმოა, რომ მოპასუხემ შესაგებელშივე მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს ხანდაზმულობის საკითხზე და სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა, რომ განსახილველი სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის მომენტისთვის (2019 წლის 1 მარტს) გასული იყო კანონით დადგენილი მოთხოვნის 30-დღიანი ხანდაზმულობის ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.კ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინება;
3. ს.კ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 7.07.2022წ.) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე