საქმე №ას-841-2022 20 ოქტომბერი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ვ.ნ–ვი
დავის საგანი - მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ვ.ნ–ვის მიმართ, მოპასუხისთვის საიჯარო ქირის დავალიანების, პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის გადახდის მოთხოვნით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების - 75690 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს - 9995.28 ლარის გადახდა; მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ მხოლოდ მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება. ამდენად, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, აგრეთვე პირგასამტეხლოს (ნაწილის) დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მიუღებელი შემოსავლის დაკისრება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის მიზეზით, რაც ქმნიდა სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის სახით, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო, ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში საიჯარო ქირის დაკისრების წინაპირობების არსებობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე.
დასახელებული ნორმა ადგენს საიჯარო ქირის გადახდის დაკისრებისთვის შემდეგი წინაპირობების არსებობის აუცილებლობას - (ა) მხარეთა შორის განსაზღვრული ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულება; ბ) ხელშეკრულების ვადამდე მოშლაზე შეთანხმების არარსებობა; გ) მოიჯარის მიერ ხელშეკრულების ვადამდე მოშლა; დ) მოიჯარის მიერ საიჯარო ქონების მეიჯარისათვის მფლობელობაში დაბრუნება; და ე) ამ უკანასკნელის მიერ მეიჯარისათვის თავის სანაცვლოდ ახალი, გადახდისუნარიანი და მისაღები მოიჯარის შეუთავაზებლობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული მუხლის მიზანია, რომ მიმდინარე ვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში, მეიჯარე საიჯარო შემოსავლით იქნეს უზრუნველყოფილი, საიჯარო ქონების ახალი მოიჯარისათვის გადაცემამდე. ამასთან, დასახელებული ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუკი მხარეებს შორის იჯარის ხელშეკრულების მოშლის სხვაგვარი მოწესრიგება არ არის შეთანხმებული (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის №ას-738-700-2015 განჩინება). ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასასაბუთებლად უნდა დადასტურდეს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების მოშლის წესის შესახებ შეთანხმება არ არსებობს, თუმცა მოიჯარემ ცალმხრივი ნების საფუძველზე მოშალა იჯარის ხელშეკრულება, რასაც თავის მხრივ, მოყვა მეიჯარის მხრიდან იჯარის ხელშეკრულების სრული პერიოდის გათვალისწინებით საიჯარო ქირის გადახდის მოთხოვნა.
საკასაციო პალატა, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის:
- 2013 წლის 25 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ვ.ნ–ვს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ....., ფართობი: 16768 კვ.მ.) მოპასუხისთვის იჯარით გადაცემა. ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 10 წელი. საიჯარო ქირის წლიურ ოდენობად განისაზღვრა 251520 ლარი, ხოლო ყოველთვიური ქირის ოდენობად - 20960 ლარი. ხელშეკრულების 4.2.2. პუნქტის მიხედვით, მოიჯარეს უფლება ჰქონდა, მოეშალა იჯარის ხელშეკრულება ვადამდე, ერთი თვით ადრე გაკეთებული წერილობით შეტყობინების საფუძველზე;
- 2014 წელს მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ცვლილება შევიდა 2013 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებაში. კერძოდ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 21768 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის ნაცვლად, მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადაეცა 6728 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი. ამასთანავე, შეიცვალა საიჯარო ქირის ოდენობა და შეადგინა წლიურად 100920 ლარი, ხოლო ყოველთვიურმა გადასახადმა შეადგინა 8410 ლარი;
- 2017 წლის იანვრის და მაისის თვეებში, ასევე, 2018 წლის აპრილიდან მოპასუხემ არ გადაიხადა საიჯარო ქირა. ამდენად, საერთო დავალიანებამ შეადგინა 75690 ლარი. 2018 წლის 28 სექტემბერს ვ.ნ–ვმა განცხადებით მიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა 2013 წლის 25 ივნისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა. აღნიშნულის პასუხად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 18 დეკემბერს მოიჯარეს აცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მას გააჩნია ფინანსური დავალიანება და მოითხოვა არსებული დავალიანების გადახდა;
- დადგენილია, რომ ვ.ნ–ვმა ფულადი ვალდებულება არ შეასრულა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ კი, მოპასუხის მხრიდან დავალიანების გადაუხდელობის მოტივით, შეწყვიტა 2013 წლის 25 ივნისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად არსებითია დადგინდეს, წინამდებარე საქმეში არის თუ არა სახეზე სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოშლის შემთხვევა, რისთვისაც საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებულ გარემოებებს. კერძოდ, არსებითია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს მიმართა იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის მოთხოვნით, რისი სამართლებრივი საფუძველიც მას გააჩნდა ხელშეკრულების 4.2.2. პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული პირობის თანახმად, მოიჯარეს უფლება ჰქონდა მოეშალა იჯარის ხელშეკრულება ვადამდე, ერთი თვით ადრე გაკეთებული წერილობით შეტყობინების საფუძველზე. პალატა მიუთითებს, რომ ხსენებული პირობა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში იყო მიღწეული და, შესაბამისად, მოპასუხეს უფლება ჰქონდა, ერთთვიანი ვადის დაცვით ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება; მოსარჩელეს კი, როდესაც ხელშეკრულების მოშლის ამგვარ უფლებას ანიჭებდა მოპასუხეს, უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ ეს უკანასკნელი ამ უფლებას გამოიყენებდა. ამდენად, მოიჯარემ ისარგებლა მხარეთა შეთანხმებით მისთვის მინიჭებული, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებით. განცხადების პასუხად კი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ განმცხადებელს მიუთითა ფულადი ვალდებულების ოდენობაზე და მოსთხოვა დავალიანების დაფარვა. საგულისხმოა, რომ შედეგად, იჯარის ხელშეკრულება 2019 წლის 18 იანვრიდან შეწყდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ვ.ნ–ვის მიერ ხელშეკრულების დარღვევის მიზეზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში, ვინაიდან მოპასუხემ ხელშეკრულების მოშლა კანონიერი საფუძვლით მოითხოვა, სახეზე არ არის 588-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა; მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის 2019 წლის 18 იანვრიდან მართლზომიერად დასრულების პირობებში, დაუსაბუთებელია შემდგომ პერიოდზე საიჯარო ქირის გადახდევინების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა.
კასატორი, მოცემული დავის ფარგლებში, თანხის დაკისრების მოთხოვნას ასევე აფუძნებს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. დასახელებული კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამრიგად, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელია, დადასტურდეს მოვალის მიერ კანონის დანაწესებისა ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, რაც კრედიტორისთვის ზიანის მიყენების პირდაპირი და უშუალო საფუძველი გახდა. გარდა ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავლისთვისაც. „მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს... მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის №ას-945-895-2015 გადაწყვეტილება). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის №ას-1322-2018 განჩინება).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მსჯელობის შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების დაცვით, ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა და სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობის დადასტურება, ამდენად, არ დგინდება ვ.ნ–ვის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსარჩელისთვის ფინანსური დანაკლისის წარმოშობა, რაც მართებულად გახდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე