საქმე №ას-854-2022 20 ოქტომბერი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სს „ს.რ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ.შ–ძე
დავის საგანი - მიუღებელი სარჩოს დაკისრება, სარჩოს ოდენობის გაზრდა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
ზ.შ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სს „ს.რ–ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მიუღებელი სარჩოს დანაკლისის ანაზღაურება და ყოველთვიურად დაწესებული სარჩოს გაზრდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ზ.შ–ძის სარჩელი სს „ს.რ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა; სს „ს.რ–ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის დეკემბრის თვიდან 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით მიუღებელი სარჩოს დანაკლისის - 2604 ლარის და 2021 წლის 1 ნოემბრიდან გაზრდილი სარჩოს ყოველთვიურად 1252 ლარის ოდენობით გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „ს.რ–ამ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინებით სს „ს.რ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.რ–ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელისთვის სარჩოს ოდენობის გაზრდა უსაფუძვლოა, ვინაიდან შეუძლებელია მოსარჩელის მიერ, მთელი ცხოვრების მანძილზე მუშაობის სავარაუდოობის წინასწარ განსაზღვრა. აღნიშნული კი დაუსაბუთებელს ხდის გასაჩივრებულ განჩინებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საწარმოო ტრავმის გამო დაკისრებული სარჩოს გაზრდის მართებულობა.
უპირველესად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის კანონიერ ძალაში შესული №2/4184-13 გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „ს.რ–ას“ ზ.შ–ძის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 2013 წლის აპრილის თვიდან ყოველთვიური სარჩოს სახით შრომისუნარიანობის დაკარგვამდე არსებული ხელფასის 80%-ის - 1000 ლარის გადახდა. ზ.შ–ძე შრომითი დასახიჩრების გამო 2019 წლის დეკემბრის თვიდან დღემდე ყოველთვიური სარჩოს სახით იღებს 1000 ლარს. საგულისხმოა, რომ თბილისის მახარისხებელი სალოკომოტივო დეპოს ელმავლის მემანქანის ხელფასი 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით შეადგენდა 1375 ლარს, ხოლო 2021 წლის სექტემბრიდან დღემდე - 1565 ლარს. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ზ.შ–ძემ მოპასუხის მიმართ წარადგინა სარჩელი და მოითხოვა მიუღებელი სარჩოს დაკისრება და სარჩოს ოდენობის გაზრდა.
საქართველოს შრომის კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. მითითებული კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ზემოთ მითითებული მოწესრიგება განსაზღვრავს, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, დასაქმებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველს და სარჩოს ოდენობის გამოანგარიშების წესს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შემადგენლობა განცდილი ქონებრივი დანაკლისის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს ვალდებულ პირს. ნორმის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა მოხდეს იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ.შ–ძე, მუშაობდა სს „ს.რ–ის“ თბილისის მახარისხებელი სალოკომოტივო დეპოს ელმავლის მემანქანის თანამდებობაზე. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ზ.შ–ძემ მიიღო საწარმოო ტრავმა და შრომითი დასახიჩრების გამო დაეკარგა პროფესიული შრომის უნარის 80% უვადოდ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რასაც დაზარალებული მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის - დაზიანების (უბედური შემთხვევის) ფაქტის არარსებობისას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებული მუშაკის სარჩოს ოდენობა მისი დასაქმების პერიოდს უკავშირდება. შრომისუნარიანობის შემცირება ან დაკარგვა არ განისაზღვრება აბსტრაქტულად, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, არამედ, კონკრეტულად, რეალური შემოსავლის დაკარგვის მიხედვით. თუ დაზიანების გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელებას, ზიანის ანუ სარჩოს ოდენობის გამოთვლისათვის გადამწყვეტია, თუ რამდენად შეუძლია მას, გამოიყენოს შერჩენილი შრომის უნარი. ანაზღაურებადია ასევე ზიანის მთელი ის ოდენობა, რაც დაზარალებულს ადგება, შრომისუნარიანობის ნაწილობრივ შენარჩუნების ან აღდგენის მიუხედავად, ახალი სამუშაოს პოვნის შეუძლებლობით. დასაქმებულის მიერ შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში მოქმედებს ვარაუდი, რომ დაზიანების გარეშე ის განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა შესაბამის ხელფასს. (მსგავს სამართლებრივ საკითან დაკავშირებით იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის №ას-1220-1145-2015 გადაწყვეტილება და 2018 წლის 27 დეკემბრის №ას-1742-2018 განჩინება). ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ ზ.შ–ძე დიდი ალბათობით იმუშავებდა თავისი პროფესიით და მიიღებდა იმ შეღავათებს და უპირატესობას, რასაც ანალოგიურ, თანაბარ პირობებში მყოფი მუშაკი. მაშასადამე, მოსარჩელეს ექნებოდა შესაძლებლობა შრომითი ანაზღაურების სახით მიეღო ხელფასი გაზრდილი ოდენობით, რაც დასაბუთებულს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას სარჩოს ოდენობის გაზრდის შესახებ.
რაც შეეხება მიუღებელი სარჩოს დაკისრების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან თბილისის მახარისხებელი სალოკომოტივო დეპოს ელმავლის მემანქანის ხელფასის ოდენობა არაერთხელ გაიზარდა ხელფასის გაზრდის მომენტიდან სარჩელის შეტანამდე პერიოდში, მოსარჩელე მაღალი ალბათობით მიიღებდა დამატებით ანაზღაურებას საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში. აღნიშნული კი, მართებულად გახდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
მოსარჩელისთვის სარჩოს გადახდის უვადოდ დაკისრების თაობაზე კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში, რომელიც მხოლოდ სარჩოს ოდენობას შეეხება, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს ხსენებულ საკითხზე.
ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინება;
3. სს „ს.რ–ას“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 17 ივნისს, №53052 საგადასახადო დავალებით, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე