საქმე №ას-887-2022 20 ოქტომბერი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ვ.ს–სი"
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ვ.ს–სის" მიმართ, ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს - 5325.60 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ადმინისტრაციულმა ორგანომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „ვ.ს–სმა" დროულად არ შეასრულა მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც კომპანიას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, წარმოადგენს ფულად თანხას და მოვალემ ის უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. „პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის №ას-428-428-2018 განჩინება). ამრიგად, „პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის გახნორციელება ძირითადი უფლების გარეშე, ასევე, პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის №ას-639-2021 და 2021 წლის 9 სექტემბრის №ას-574-2021 განჩინებები).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შპს „ვ.ს–სს" შორის 2020 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №120 ხელშეკრულება. მოპასუხემ აიღო ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროს, შემსყიდველისთვის მიეწოდებინა 88760 ლარის ღირებულების საქონელი, კერძოდ, მართლწესრიგის ოფიცრის უნიფორმები. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა შემსყიდველის მოთხოვნიდან 30 კალენდარული დღე. 12.1. პუნქტის თანახმად კი, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და მოქმედებდა 2021 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. მხარეები შეთანხმდნენ დასახელებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის წესზე.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება ნაწილ-ნაწილ შეასრულა, კერძოდ, მოსარჩელეს საქონელი 2020 წლის 21 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე პერიოდში მიაწოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს მოვალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გარემოებას. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება კრედიტორის (მოსარჩელე) მხრიდან მიმწოდებლისთვის (მოპასუხე) ვალდებულების შესასრულებლად ხელშეკრულების 5.1. პუნქტის საფუძველზე 30-დღიანი ვადის განსაზღვრა, ამდენად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება. ასეთ შემთხვევაში, შემსრულებელი (მოპასუხე) ვალდებული იყო მყიდველისთვის საქონელი ხელშეკრულების მოქმედების ვადაში (2021 წლის 25 თებერვალი) მიეწოდებინა, რაც მოპასუხემ განახორციელა და აღნიშნული საკითხი მხარეთა შორის სადავო არ არის.
პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება ვალდებულების დაგვიანებული შესრულება და ამდენად, პირგასამტეხლოს გადახდის წინაპირობები არ წარმოქმნილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მართებულად ეთქვა უარის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე