Facebook Twitter
საქმე №ას-935-2022 21 ოქტომბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ე.უ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ.ბ–ვა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ზ.ბ–ვამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ე.უ–ის მიმართ, მოპასუხისთვის 4000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ზ.ბ–ვას სარჩელი, მოპასუხის - ე.უ–ის მიმართ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზ.ბ–ვამ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ზ.ბ–ვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ზ.ბ–ვას სარჩელი ე.უ–ის მიმართ დაკმაყოფილდა; ე.უ–ს ზ.ბ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ე.უ–მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელისგან თანხა სესხის სახით არ აუღია; გამოკითხვის ოქმებში, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა, მითითებულია, რომ საკასაციო საჩივრის ავტორი იყო შუამავალი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ე.უ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა და მისი შეუსრულებლობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით კი, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება და ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების საგნის მოვალისათვის რეალურად გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა. თავის მხრივ, იგი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, თუმცა ფორმის არჩევა მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 დეკემბრის №ას-361-343-2015 განჩინება). „სადავოობის შემთხვევაში, მხარემ უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივნისის №ას-398-371-2017 გადაწყვეტილება).

სადავო სასესხო ვალდებულების არსებობის ფაქტის დადასტურების შეფასების კუთხით, საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის თავისებურებებზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის №ას-735-2021 და 2018 წლის 28 დეკემბრის №ას-1687-2018 განჩინებები).

სადავო შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მასალები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის წერილი, რომელთა საფუძველზეც დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის 4000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში სადავოდ ხდის არა თანხის მიღების ფაქტს, არამედ მისი განმარტებით, ის შუამავლის როლს ასრულებდა. საკასაციო პალატა დასახელებულ არგუმენტს ვერ გაიზიარებს, რადგან სამოქალაქო კოდექსის 751-ე, 752-ე მუხლების თანახმად, სესხებისას შუამავლობისას პირი კისრულობს სხვა პირისათვის სესხის ხელშეკრულების დადების შუამავლობას (სასესხო მაკლერი) და ასეთი ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. გარდა იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სესხებისას შუამავლობის თაობაზე წერილობითი ხელშეკრულება არ დადებულა; როგორც სააპელაციო სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა მ.ზ–ამ განმარტა, მას ე.უ–ისგან სესხის სახით აღებული ჰქონდა 4000 აშშ დოლარი, რომლის ნაწილიც, მისი ინფორმაციით, ზ.ბ–ვას ეკუთვნოდა, თუმცა მოსარჩელეს პირადად არ იცნობდა; ამასთან, მოწმემ თანხა ე.უ–ს დაუბრუნა და ზ.ბ–ვას თანხას, მოთხოვნის შემთხვევაშიც კი, არ გადასცემდა, რადგან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მხოლოდ მოპასუხესთან იმყოფებოდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილია კასატორსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა და კასატორი სასესხო მაკლერად ვერ იქნება განხილული.

რაც შეეხება სესხად აღებული თანხის გამსესხებლისთვის დაბრუნებას, ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, „მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის №ას-346-2021 განჩინება). ამასთან, მართალია, სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის დანაწესი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამრიგად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოვალემ უნდა წარმოადგინოს უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის №ას-1755-2018, 2021 წლის 14 ივლისის №ას-346-2021 და 2021 წლის 29 სექტემბრის №ას-488-2021 განჩინებები). სადავო შემთხვევაში კი, მსესხებელმა ვერ დაადასტურა თანხის მოსარჩელისთვის დაბრუნების ფაქტი, რაც დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტას გამორიცხავდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულების გადაუხდელი თანხის ანაზღაურება და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.უ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

3. ე.უ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ტ–ის (პ/ნ .....) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 568 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 13.07.2022 წ.) 70% - 397,6 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე