Facebook Twitter
საქმე №ას-985-2022 21 ოქტომბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ბ-ი“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ბ-მა“ სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, მოპასუხისთვის 65161,19 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 65161,19 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მერიამ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „ბ-მა“ მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შეასრულა ვადაგადაცილებით, რის გამოც ადმინისტრაციულმა ორგანომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშოების ღირებულებიდან დააკავა პირგასამტეხლო 65161,19 ლარის ოდენობით. საკასაციო საჩივრის თანახმად, მართალია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა მხარეთა შეთანხმებებით, მაგრამ ხსენებული გარემოება პირგასამტეხლოს დარიცხვას არ გამორიცხავდა, რადგან ვადის გაგრძელება გამოწვეული იყო მოსარჩელის მიერ სამუშაოების დაბალი ტემპით შესრულებით. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მოქმედებდა კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით და არ არსებობს მისთვის თანხის დაკისრების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულების ვადის გადაცილებით შესრულებისთვის მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, წარმოადგენს ფულად თანხას და მოვალემ ის უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. „პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის №ას-428-428-2018 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემკვეთი) და შპს „ბ-ს“ (მენარდე) შორის 2020 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მენარდეს უნდა შეესრულებინა ბოლნისში, .... მდებარე შენობის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2020 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდი. ამავე ხელშეკრულებით, სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის არაერთხელ დაიდო ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეთანხმებები; მიზეზებად დასახელებულია, რომ ობიექტზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ტარდება ექსპერტიზა, შემსყიდველი ვერ ასწრებს დაფინანსებას. შედეგად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით; საბოლოო მიღების-ჩაბარების აქტი კი შედგენილია 2021 წლის 30 ივლისს.

საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ მერიამ მენარდეს ხელშეკრულების ღირებულება სრულად არ აუნაზღაურა - გამოაკლო პირგასამტეხლო ვალდებულების ვადის გადაცილებით შესრულებისთვის 65161,19 ლარის ოდენობით.

დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლიანობის საკითხის შესწავლისას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გრძელდებოდა მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგად, რაც გამოწვეული იყო ორივეს მხრიდან კონკრეტულ მოქმედებათა თავდაპირველ ვადაში განხორციელების შეუძლებლობით. შედეგად კი, კომპანიამ სწორედ შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვადაში შეასრულა სამუშაოები, რომლებიც შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო. ამრიგად, ვალდებულების ვადის გადაცილებით შესრულება არ დასტურდება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდის წინაპირობებიც არ წარმოქმნილა. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უსაფუძვლოდ დააკავა შპს „ბ–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან 65161,19 ლარი და სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სრულად უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს შეთანხმებული საზღაური.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე