Facebook Twitter

საქმე №ას-602-2019 22 თებერვალი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ძე (მოპასუხე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.მ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.02.2019წ. გადაწყვეტილება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, ქონების ნატურით გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 09.10.2018 წლის გადაწყვეტილებით ე.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ნ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე") მიმართ საზიარო უფლების გაუქმებისა და ქონების ნატურით გაყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.02.2019 წლის გადაწყვეტილებით - მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 09.10.2018 წლის გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საზიარო უფლება ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ...... მდებარე №...... (500 კვ.მ), №........ (800კვ.მ) №...... (2800 კვ.მ), №.... (3000 კვ.მ.) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე და თითოეული გაიმიჯნა 1/4 და 3/4 წილების შესაბამისად, როგორც მოცემულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.07.2017 წლის №004075317 ექსპერტიზის დასკვნისა და მისი დანართებით. დადგინდა, მიწის ნაკვეთების 3/4 წილი მითითებული ექსპერტიზის დასკვნისა და დანართების შესაბამისად აღირიცხოს მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში. სარჩელი ლანჩხუთის რაიონი, სოფელ ...... მდებარე №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე საზიარო უფლების გაუქმებისა და ქონების ნატურით გაყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილია, რომ უძრავი ნივთები: ს/კ.: ......, ......., ....., ....., ..... მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებაა. მოსარჩელეს ეკუთვნის 3/4 წილი, ხოლო მოპასუხეს - 1/4 წილი. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით ....., განთავსებულია საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსები.

3.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.08.2017 წლის ექსპერტიზის №004482517 დასკვნით შეთავაზებული უძრავი ნივთის (ს/კ№....) მესაკუთრეთა წილების შესაბამისად გაყოფის ორივე ვარიანტი ითვალისწინებს სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რისთვისაც საჭიროა პროექტის მომზადება და მის შესაბამისად სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება: (1) საცხოვრებელი სახლიდან (ს/კ№.....) შესაძლებელია მოპასუხეს გამოეყოს ¼ წილი იზოლირებულად დანართი №1-ში არსებულ სახლის ნახაზების შესაბამისად, (მეორე სართულზე არსებული ოთახებიდან), კერძოდ №2-3 და №2-5 ოთახები საერთო ფართით 17.48 კვ.მ, რაც (15,99-17,48=-1,49) 1,49 კვ.მ-ით მეტია იდეალურ წილზე (I ვარიანტი), 2) საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე დამხმარე სათავსიდან შესაძლებელია მოპასუხეს ¼ წილის შესაბამისად იზოლირებულად №1-1-2 სათავსი ფართით 6,12 კვ.მ. (იხ. I და II ვარიანტები), რაც (6,12-6,12=0) შეესაბამება იდეალურ წილს (იხ. დანართი №1 და №3), 3) საცხოვრებელი სახლიდან შესაძლებელია მოპასუხეს გამოეყოს ¼ წილი იზოლირებულად დანართი №3-ში არსებული სახლის ნახაზის შესაბამისად მეორე სართულზე არსებული №2-ა №2-1-1 და №2-4-1 სათავსები რეკონსტრუქციით, ოთახების ფუნქციური დანიშნულების შეცვლით (II ვარიანტი). აღნიშნული ვარიანტის მიხედვით მეორე სართულზე მდებარე (№2-1-1 და №2- 4-1) ოთახების მთლიანი ფართია 15,99 კვ.მ, რაც (15,99-15,99=0) შეესაბამება ¼ იდეალურ წილს, ხოლო მეორე სართულზე მდებარე №2-ა საზაფხულო ფართი შეადგენს 3,61 კვ.მ, რაც (3,61-0,90=-2,71) 2,71 კვ.მ ით მეტია ¼ იდეალურ წილზე. 4) ვინაიდან ექსპერტიზის მიერ განისაზღვრა საცხოვრებელი სახლის გაყოფის ორი შესაძლებლობა, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ს/კ №..... მიწის ნაკვეთზე არსებული განაშენიანებისგან თავისუფალი ფართის გაყოფისათვისაც განისაზღვრა ორი ვარიანტი (იხ. დანართი №2 და №4), რომლის მიხედვით: - მ.მ–ძეს (მოსარჩელის წინამორბედი მესაკუთრე, რომელმაც სადავო უძრავი ნივთები 16.01.2018 წელს გააჩუქა მოსარჩელეზე. შესაბამისად, დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის, შემდეგში მოხსენიებული როგორც „მოსარჩელე“) ¾ წილის შესაბამისად შესაძლებელია გამოეყოს 1040,72 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც შეესაბამება ¾ იდეალურ წილს. მოპასუხის ¼ წილის შესაბამისად შესაძლებელია გამოეყოს 346,90 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც შეესაბამება ¼ იდეალურ წილს).

3.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.07.2017 წლის №004075317 დასკვნის თანახმად: ექსპერტიზისათვის წარდგენილ ქ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე ს/კ.: №....., ს/კ.: №....., ს/კ.: №..... და ს/კ.: №...... მიწის ნაკვეთებიდან, მოსარჩელეს ¾ წილის შესაბამისად შესაძლებელია იზოლირებულად გამოეყოს: ს/კ №..... მიწის ნაკვეთიდან - 375 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც შეესაბამება იდეალურ წილს, დარჩენილი ტერიტორია შეადგენს 125 კვ.მ-ს (იხ. დანართი №1). ს/კ №...... მიწის ნაკვეთიდან - 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც შეესაბამება იდეალურ წილს, დარჩენილი ტერიტორია შეადგენს 200 კვ.მ-ს (იხ. დანართი №2). ს/კ №..... მიწის ნაკვეთიდან - 2100 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც შეესაბამება იდეალურ წილს, დარჩენილი ტერიტორია შეადგენს 700 კვ.მ-ს (იხ. დანართი №3). ს/კ №...... მიწის ნაკვეთიდან - 2250 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც შეესაბამება იდეალურ წილს, დარჩენილი ტერიტორია შეადგენს 750 კვ.მ-ს (იხ. დანართი №4). რაც შეეხება ს/კ.: №.... მიწის ნაკვეთზე განთავსებულ საცხოვრებელი სახლს, სახლის ტექნიკური პასპორტის მიხედვით მოსარჩელის ¾ წილის შესაბამისი ფართების გამოყოფა, რეკონსტრუქციის გარეშე ტექნიკურად შეუძლებელია. რეკონსტრუქციის გათვალისწინებით სახლიდან ¾ წილის იზოლირებულად გამოყოფა სათავსების ფუნქციონალური დანიშნულების შეცვლის გარეშე ტექნიკურად შეუძლებელია.

3.4. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე ს/კ.: №....., ს/კ.: №....., ს/კ.: №.... და ს/კ.: №..... მიწის ნაკვეთებიდან შესაძლებელია იზოლირებულად გამოიყოს მოსარჩელის კუთვნილი იდეალური წილი, ხოლო საცხოვრებელ სახლზე (ს/კ .....) მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმება, თუ შესრულდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

3.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 953-ე, 961-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე საერთო საკუთრება. სსკ-ის 963-ე მუხლის შესაბამისად, საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით არ წარმოადგენს მესაკუთრის უპირობო უფლებას. აღნიშნულ უფლებას მესაკუთრე იძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარწმუნოდ დაადასტურებს ნივთის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, რომლის შედეგად საზიარო საგნები უნდა დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. სსკ-ის 963-ე მუხლი არ ითვალისწინებს ნატურით გაყოფის ისეთ კანონისმიერ შესაძლებლობას, როდესაც მხარეებს დამატებით გასაღები ექნებათ კიდევ სხვა ხარჯი. დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება იდეალური წილის შესაბამისად.

3.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.08.2017 წლის №004482517დასკვნით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებულ №.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეალურად გაყოფა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილების შესაბამისად – თითოეული წილის ღირებულებისა და დანიშნულების შემცირების გარეშე, შეუძლებელია. უძრავი ნივთის ნატურით გაყოფა მხოლოდ სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების შემთხვევაშია დასაშვები. შესაბამისად, გაყოფის შემთხვევაში, მხარეებს დასჭირდებათ დამატებითი ხარჯის გაწევა, რათა საზიარო საგნის გაყოფის შედეგად მიღებულმა ნივთებმა გააგრძელონ მათი დანიშნულების შესაბამისი არსებობა. გაყოფის მეორე ვარიანტის შემთხვევაში გასაყოფი ფართის ნაწილი მეტია იდეალურ წილთან მიმართებით. არ არსებობს ნატურით გაყოფის გზით №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე საზიარო უფლების გაუქმების საფუძელი.

3.7. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, სასამართლომ საჯარო რეესტრის ამონაწერებითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.07.2017 წლის №004075317 ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე ს/კ №....., ს/კ №....., ს/კ №27.12.42.022 და ს/კ №..... მიწის ნაკვეთების გაყოფა სრული იზოლირებით, ამონაწერში მითითებული წილობრივი მონაცემების შესაბამის ნაწილებად, მათი ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე, შესაძლებელია. შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა.

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარემ. I საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, ხოლო II საკასაციო საჩივრის ავტორი – მის ნაწილობრივ გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრებით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:

7.1. უძრავი ნივთები საკადასტრო კოდებით: N ....., N...... N ....., N ..... და N ..... მოსარჩელის და მოპასუხის თანასაკუთრებაა. მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ნივთების 3/4 წილი, ხოლო მოპასუხის საკუთრებაში - 1/4 წილი. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით N ....., განთავსებულია საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსები.

7.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.07.2017 წლის №004075317 დასკვნის თანახმად: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე მიწის ნაკვეთებიდან (საკადასტრო კოდები: N ...., N ...., N ...., N ....), მოსარჩელეს ¾ წილის შესაბამისად შესაძლებელია იზოლირებულად გამოეყოს: ს/კ № .... მიწის ნაკვეთიდან - 375 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც შეესაბამება იდეალურ წილს, დარჩენილი ტერიტორია შეადგენს 125 კვ.მ-ს (დანართი №1); ს/კ № ..... მიწის ნაკვეთიდან - 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც შეესაბამება იდეალურ წილს, დარჩენილი ტერიტორია შეადგენს 200 კვ.მ-ს (დანართი №2); ს/კ № ..... მიწის ნაკვეთიდან - 2100 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც შეესაბამება იდეალურ წილს, დარჩენილი ტერიტორია შეადგენს 700 კვ.მ-ს (დანართი №3); ს/კ №..... მიწის ნაკვეთიდან - 2250 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც შეესაბამება იდეალურ წილს, დარჩენილი ტერიტორია შეადგენს 750 კვ.მ-ს (დანართი №4). რაც შეეხება № ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ საცხოვრებელი სახლს, სახლის ტექნიკური პასპორტის მიხედვით მოსარჩელის ¾ წილის შესაბამისი ფართის გამოყოფა რეკონსტრუქციის გარეშე ტექნიკურად შეუძლებელია. რეკონსტრუქციის გათვალისწინებით სახლიდან ¾ წილის იზოლირებულად გამოყოფა სათავსების ფუნქციური დანიშნულების შეცვლის გარეშე, ტექნიკურად შეუძლებელია (ს.ფ.36-57).

7.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.08.2017 წლის ექსპერტიზის №004482517 დასკვნის თანახმად, ექსპერტის მიერ შემოთავაზებული მესაკუთრეთა წილების შესაბამისად უძრავი ნივთის (ს/კ № ....) გაყოფის ორი ვარიანტი, რომლებიც ითვალისწინებს სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რისთვისაც საჭიროა მომზადდეს შესაბამისი პროექტი და მის მიხედვით შესრულდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები: (1) საცხოვრებელი სახლიდან (ს/კ№ .....) შესაძლებელია მოპასუხეს გამოეყოს ¼ წილი იზოლირებულად, დანართი №1-ში არსებულ სახლის ნახაზების შესაბამისად, (მეორე სართულზე არსებული ოთახებიდან), კერძოდ, №2-3 და №2-5 ოთახები საერთო ფართით 17.48 კვ.მ, რაც (15,99-17,48= -1,49) 1,49 კვ.მ-ით მეტია იდეალურ წილზე (I ვარიანტი), 2) საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე დამხმარე სათავსიდან შესაძლებელია მოპასუხეს ¼ წილის შესაბამისად იზოლირებულად №1-1-2 სათავსი ფართით 6,12 კვ.მ. (იხ. I და II ვარიანტები), რაც შეესაბამება იდეალურ წილს (იხ. დანართი №1 და №3), 3) საცხოვრებელი სახლიდან შესაძლებელია მოპასუხეს გამოეყოს ¼ წილი იზოლირებულად, დანართი №3-ში არსებული სახლის ნახაზის შესაბამისად, მეორე სართულზე არსებული №2-ა №2-1-1 და №2-4-1 სათავსები რეკონსტრუქციით, ოთახების ფუნქციური დანიშნულების შეცვლით (II ვარიანტი). აღნიშნული ვარიანტის მიხედვით, მეორე სართულზე მდებარე (№2-1-1 და №2-4-1) ოთახების მთლიანი ფართია 15,99 კვ.მ, რაც შეესაბამება ¼ იდეალურ წილს, ხოლო მეორე სართულზე მდებარე №2-ა საზაფხულო ფართი შეადგენს 3,61 კვ.მ, რაც (3,61-0,90=-2,71) 2,71 კვ.მ ით მეტია ¼ იდეალურ წილზე. 4) ვინაიდან ექსპერტიზის მიერ განისაზღვრა საცხოვრებელი სახლის გაყოფის ორი შესაძლებლობა, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ს/კ №..... მიწის ნაკვეთზე არსებული განაშენიანებისგან თავისუფალი ფართის გაყოფისთვისაც განისაზღვრა ორი ვარიანტი (იხ. დანართი №2 და №4), რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს ¾ წილის შესაბამისად შესაძლებელია გამოეყოს 1040,72 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც შეესაბამება ¾ იდეალურ წილს. მოპასუხეს ¼ წილის შესაბამისად შესაძლებელია გამოეყოს 346,90 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც შეესაბამება ¼ იდეალურ წილს) (ს.ფ.24-35).

7.4. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, რომ საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის ერთგვაროვან წილებად დაყოფით ისე, რომ არ შემცირდეს ნივთის ღირებულება, შესაძლებელია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ N..., N ...., N ...., N .....) და შეუძლებელია საცხოვრებელ სახლზე (ს/კ ....).

8. სარჩელის საგანს წარმოადგენს თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით. საზიარო უფლება, სსკ-ის მიხედვით, განეკუთვნება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას. სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეები არიან უძრავი ქონების თანამესაკუთრეები, რომელიც წარმოადგენს საზიარო უფლების ობიექტს და მხარეები ერთმანეთთან კანონისმიერ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან (სუსგ Nას-1148-1094-2014, 19.03.2015წ.).

9. სსკ-ის 173-ე მუხლის მიხედვით, საერთო საკუთრების ორი ფორმაა მოცემული: საზიარო და წილადი საკუთრება. წილადი საკუთრების თანამესაკუთრეს ეკუთვნის განსაზღვრული წილი საერთო საკუთრებაში. საკუთრების წილი თვითონ არის საკუთრება, სამართლებრივი გაგებით. როგორც წესი, წილად თანასაკუთრებაზე გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი საკუთრების წესები. თანასაკუთრება არის სამოქალაქო კოდექსით აღიარებული ერთადერთი შესაძლებლობა, დაყოფილ იქნეს საკუთრების განკარგვის უფლებამოსილება ერთ ნივთზე; თანაზიარი საკუთრება არსებობს მაშინ, როცა თითოეული თანამესაკუთრის წილი საერთო ქონებაშია იდეალური წილის სახით და, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ივარაუდება, რომ თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის თანაბარი წილი (ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018წ., მუხ.173, ველი 1).

10. სსკ-ის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება სსკ-ის 953-968-ე მუხლები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.

11. სსკ-ის 963-ე მუხლის საფუძველზე, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგავაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, საზიარო უფლების ნატურით გაყოფისათვის აუცილებელი წინაპირობა არის ის, რომ საგანი უნდა იყოფოდეს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. დასახელებული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე (სუსგ. Nას-1217-2018, 13.12.2018წ.; Nას-1389-1309-2017, 30.04.2018წ.). ამდენად, საზიარო უფლება შეიძლება გაუქმდეს წილების შესაბამისად ნატურით გაყოფით, თუ შესაძლებელია მისი გაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. წილთა ერთგვაროვნება გულისხმობს მათ სამეურნეო დანიშნულებას (იხ. Sprau, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, §752, Rn. 1,2,3).

12. საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს, არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლება. ამდენად, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით სსკ-ის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება) (სუსგ №ას-1977-2018, 22.03.2019წ.; სუსგ №ას-1080-1000-2017, 27.10.2017წ.).

13. საზიარო უფლების გაუქმება, როდესაც ეს ხდება ნატურით გაყოფის გზით, ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე - საერთო საკუთრება (სუსგ №ას-1080-1000-2017, 27.10.2017, №ას-754-2021, 02.12.2021წ.).

14. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე საზიარო უფლების გაუქმება რეკონსტრუქციის გარეშე ტექნიკურად შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია რეკონსტრუქციის გათვალისწინებით გამოყოფა სათავსების ფუნქციური დანიშნულების შეცვლის გარეშე. პალატა განმარტავს, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების აუცილებლობა მიუთითებს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შეუძლებლობაზე (შდრ. სუსგ №ას-1148-1094-2014, 19.03.2015წ.). გასათვალისწინებელია, რომ ექსპერტის მიერ შეთავაზებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება შეცვლის სადავო სახლში არსებული ოთახების მოცულობას და საყოფაცხოვრებო დანიშნულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ საზიარო საგანი დაკარგავს იმ სამომხმარებლო ფუნქციას, რაც გააჩნდა გაყოფამდე. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 963-ე მუხლი უშვებს საზიარო საგნის ნატურით გაყოფას ნივთის ტექნიკურად ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფის შესაძლებლობის შემთხვევაში, თუმცა არ შეიცავს არავითარ დათქმას საზიარო საგნის სათანადო გადაკეთების შედეგად მიღებულ შესაძლებლობებზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საზიარო საგნის გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი გაყოფის შედეგად არ დაკარგავს თავის ფუნქციურ და სამომხმარებლო დანიშნულებას, რაშიც იგულისხმება ობიექტის გაყოფამდე არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულება. ნივთის ღირებულებაში იგულისხმება მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულება და არა მხოლოდ ფულადი ერთეულით გამოხატული ღირებულება (სუსგ №ას-1148-1094-2014, 19.03.2015 წელი). ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი ნატურით გაყოფის გზით N .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთზე საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე და არ არსებობს მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

15. სააპელაციო სასამართლომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.07.2017 წლის №004075317 დასკვნაზე დაურდნობით დადგენილად მიიჩნია და მოპასუხის საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდები: N ...., N ....., N ...., N ...) გაყოფა სრული იზოლირებით, ამონაწერში მითითებული წილობრივი მონაცემების შესაბამის ნაწილებად, მათი ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე, შესაძლებელია.

16. რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას მასზე, რომ ექსპერტიზის დასკვნით მიწის ნაკვეთებიდან მისი წილი ისეა გამოყოფილი, რომ მისთვის სახნავი დანიშნულების მიწებიდან გამოყოფილ ტერიტორიას არ აქვს მისასვლელი გზა, ხოლო ხეხილით განაშენიანებული ნაკვეთებიდან მოპასუხეს გამოეყო ის ნაწილი, რომელზეც ხეები არ ხარობს, რაიმე მტკიცებულება, რაც ზემოაღნიშნულ გარემოებებს დაადასტურებდა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სწორად განკარგა საპროცესო საშუალებები და მიწის ნაკვეთების ნატურით გაყოფის შესაძლებლობის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა - სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობით შედეგი, რაც შეეხება მოპასუხეს, მას ექსპერტიზის დასკვნის საპირისპირო რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც დაუსაბუთებელს ხდის მის პრეტენზიას. მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო მიწის ნაკვეთების ნატურით გაყოფის შეუძლებლობა. მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

17. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

18. საკასაციო საჩივრების უარყოფის გამო, პალატას მიაჩნია, რომ კასატორების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.კ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ნ.მ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.02.2019წ. გადაწყვეტილება.

4. კასატორების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე