Facebook Twitter

29 სექტემბერი 2022 წელი

№ას-601-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შ.პ.ს. „ჩ.რ.?-ე ბ.ჯ–ი“

მოწინააღმდეგე მხარეები _ ნ.კ–ი, გ.კ–ი, ს.კ–ი

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ.კ–მა, გ.კ–მა და ს.კ–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“, „მოწინააღმდეგე მხარეები“, „თანამესაკუთრეები“) სარჩელით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს შ.პ.ს. „ჩ.რ.?-ე ბ.ჯ–ი“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“) მიმართ, თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი თანხის - 25 918.87 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. ხარაგაულის რაიონის სოფელ ........ მოსარჩელეებს თანასაკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ეზო საკადასტრო კოდით ..... სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოპასუხე ორგანიზაცია 2016 წლიდან აწარმოებს №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას აფეთქებითი სამუშაოებით. გვირაბის მშენებლობის პროცესში სოფელ ........ დაიწყო საცხოვრებელი სახლების, მათ შორის, მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული სახლის, დაზიანება, კერძოდ, სახლის კედლებზე გაჩნდა სხვადასხვა მიმართულებისა და გახსნილობის ბზარები.

2.2. სახლის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლისა და ზიანის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, მოსარჩელეებმა მიმართეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელმაც ვიზუალური შესწავლის შედეგად, 2021 წლის 25 ივნისის დასკვნით, დაადგინა შემდეგი: სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია; შენობის კედლებზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით; სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მესამე ხარისხისაა და ექვემდებარება კაპიტალურ გამაგრებას დეტალური გამოკვლევების საფუძველზე დამუშავებული პროექტით. საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, სახლის აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა 25 918.87 ლარი.

2.3. გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე მოპასუხე ორგანიზაციამ არ შეისწავლა მშენებლობის მიმდებარედ არსებული შენობებისა და ნიადაგის ტექნიკური მდგომარეობა. საცხოვრებელი სახლის დაზიანებები 2017 წელს დათვალიერებული იქნა რკინიგზის დეპარტამენტის ექსპერტების მიერ. მეორე სართულის შიდა სივრცეში დაყენდა ქაღალდის ყალაურები იმ პირობით, რომ ჩატარდებოდა მონიტორინგი, რაც მოპასუხის მხრიდან არ განხორციელებულა. წარმოშობილი ზიანი გამოწვეულია მოპასუხის ბრალეულობით, რის გამოც მას ეკისრება ანაზღაურების ვალდებულება სრული მოცულობით.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი: კომპანია ნამდვილად აწარმოებს გვირაბის მშენებლობას, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არის დაუსაბუთებელი, რადგან მშენებლობისთვის აფეთქებითი სამუშაოები მოპასუხეს 2016 წლის შემდეგ აღარ განუხორციელებია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მითითებული დაზიანებები წარმოშობილია 2012-2016 წლებში. გარდა ამისა, სარჩელზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ 2016 წლის ბოლოს იცოდა ზიანის შესახებ, საიდანაც გასულია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამწლიანი ვადა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ნ.კ–ის, გ.კ–ის და ს.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შ.პ.ს. „ჩ.რ.?-ე ბ.ჯ–ს“ მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის - 22 669.54 ლარის ანაზღაურება.

5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ჩ.რ.?-ე ბ.ჯ–ის“ წარმომადგენელმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატამ სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე №..... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების თანამესაკუთრეები არიან მოსარჩელეები ნ.კ–ი, ს.კ–ი და გ.კ–ი.

7.2. საქმეში არსებული ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 25 ივნისის №5003270420 დასკვნის თანახმად:

7.2.1. ხარაგაულის რაიონის სოფელ ........ მდებარე საცხოვრებელ სახლზე (ს/კ .....) არსებული დაზიანებები გამოწვეულია საძირკვლების ჯდენითი დეფორმაციებით და ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებით.

7.2.2. შენობის კედლებზე არსებული ბზარების მდებარეობა, სხვადასხვა მიმართულებით (ვერტიკალური, ჰორიზონტალური, დახრილი) მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გამოწვეულია სოფელ ........ საქართველოს რკინიგზის №9 გვირაბის მშენებლობის პროცესში, მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, რამაც სუსტ გრუნტებში განავითარა ჯდენითი დეფორმაციები, აღნიშნულს, შესაბამისად, მოჰყვა შენობაში ბზარების გაჩენა.

7.2.3. მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მესამე ხარისხისაა, რომლის საექსპლუატაციო მედეგობა საგრძნობლად დაქვეითებულია. მისი ტექნიკური მდგომარეობა ფასდება არადამაკმაყოფილებლად და ექვემდებარება კაპიტალურ გამაგრებას დეტალური გამოკვლევის საფუძველზე დამუშავებული პროექტით.

7.3. ინდ.მეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ შედგენილი მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული სამუშაოებისათვის საჭიროა 25 918,87 ლარი, რასაც უნდა გამოაკლდეს მოსარჩელეთა სახლის სახურავის, აივნის სახურავის, სართულის ჭერისა და სახურავის ბურულების დაზიანებების რეაბილიტაციის თანხა - 3249.33 ლარი, ვინაიდან აღნიშნულ დაზიანებათა გამომწვევ მიზეზად ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული არ არის რკინიგზის №9 გვირაბის მშენებლობის დროს განხორციელებული აფეთქებები.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს დელიქტიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს იწვევს.

8.2. მოსარჩელემ, მისი მოთხოვნის დასაბუთებისთვის წარმოადგინა ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 25 ივნისის №5003270420 დასკვნა ასევე, ინდ.მეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ შედგენილი, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. მოპასუხემ, სარჩელში მითითებული ფაქტების უარსაყოფად მიუთითა შ.პ.ს. ,,ო.გ“-ის და სამთო-სამონტაჟო-აფეთქებითი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია „ე"-ს 2017 წლის ივლისის დასკვნებზე, რომლებიც შეეხება ზოგადად, გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ შეიცავს რაიმე სახის მსჯელობას კონკრეტული, სადავო უძრავი ნივთების გამოკვლევის თაობაზე.

8.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლზე და განმარტა, რომ ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და ექვემდებარება შეფასებას სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი წესით, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება.

8.4. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილი შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას, რაც საკმარისია მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში მოპასუხის ქმედების ბრალეულად მიჩნევისათვის. გარდა ამისა, ინდ.მეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ შედგენილი, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ნაწილობრივ მოიცავს ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებული დაზიანებების შეფასებას, რაც სასამართლომ გაითვალისწინა მოპასუხისათვის დასაკისრებელი ზიანის თანხის გაანგარიშებისას. რაც შეეხება სარჩელში მითითებული ფაქტების გასაქარწყლებლად და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უარსაყოფად მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ მტკიცებულებს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რომ მათი წარდგენით მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ მოხერხა ფაქტების უარყოფა და მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნა მასზედ, რომ ორივე მხარის მიერ წარდგენილი საექსპერტო კვლევებიდან უპირატესობა უნდა მინიჭებოდა ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 25 ივნისის დასკვნას.

8.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა აგებულია ვარაუდებზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პალატამ მიუთითა, რომ დასკვნის კვლევითი ნაწილი შეიცავს დადასტურებულ ფაქტზე მითითებას, რომ მოპასუხე სადავო რეგიონში აწარმოებდა მრავალჯერად აფეთქებებს, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას, შესაბამისად, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე დაზიანებების წარმოშობას. აპელანტს ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია კერძოდ, რომ აღნიშნული დასკვნის შედგენის მიზნით ექსპერტის მიერ 1) არ მომხდარა კონკრეტული შენობა-ნაგებობების კვლევა, 2) არ შესწავლილა მოსარჩელე მხარის კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, 3) არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება, მისი ხანგრძლივობის შესწავლა, 4) შენობა-ნაგებობების მდგომარეობის, კერძოდ, მათი სეისმომედეგობის გათვალისწინებით დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ასეთი მტკიცებულებების წარუდგენლობამ დაადასტურა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის დასაბუთებულობა.

8.6. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ნ.კ–ის, გ.კ–ის და ს.კ–ის კუთვნილი უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია მოპასუხის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა _ №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის წარმოებამ. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ არსებობდა დელიქტური პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის საჭირო ყველა კომპონენტი, რაც მოპასუხისათვის ზიანის თანხის დაკისრების საფუძველია.

8.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი. ამ ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

8.8. პალატამ განმარტა, რომ მითითებული ნორმით დადგენილია ხანდაზმულობის ვადის ათვლის განსხვავებული წესი კერძოდ, მაშინ, როდესაც სახეზეა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება ასევე, სახეზეა ამ ქმედებით მიყენებული ზიანი, მაგრამ უცნობია ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ვინაობა, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მხოლოდ მისი ვინაობის შეტყობის შემდეგ, ამდენად, ზიანის არსებობის ფაქტი და ზიანის მიმყენებლის ვინაობის დადგენა, ვადის ათვლის დაწყების კუმულატიურ წინაპირობებად უნდა იქნეს განხილული. ვინაიდან, 2020 წლის 25 ივნისის ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა ზიანის გამომწვევი მიზეზები, პალატამ მიიჩნია, რომ რომ დასკვნის შედგენის დრო წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ იმ მომენტს, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე პალატამ დაასკვნა, რომ 2021 წლის 30 ივლისის სარჩელი კანონით დადგენილ ვადაშია წარდგენილი და დელიქტური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ მიჩნევა.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ჩ.რ.?-ე ბ.ჯ–ი“-ს წარმომადგენელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. აფეთქებითი სამუშაოების წარმოების შესახებ მოსარჩელებმა იცოდნენ 2016 წელს, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან წარმოეშვათ მოთხოვნის უფლებაც, თუმცა მათ არც მოპასუხისთვის და არც უფლებამოსილი ორგანოსთვის არ მიუმართავთ, ამრიგად, მოპასუხის მითითება ხანდაზმულობაზე უნდა გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

9.2. მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული და აგებულია ვარაუდებზე, კერძოდ, ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით უდავოდ არ დგინდება, რომ მოსარჩელეების კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სსსკ 105-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულების შეფასების შედეგად, უარი უნდა ეთქვა მასზე დაყრდნობით სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. საკასაციო სასამართლო საკასაციო პრეტენზიათა უსაფუძვლობის დასასაბუთებლად მიუთითებს შემდეგზე:

14.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

14.2. ამრიგად, არასახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების უზოგადესი წესის თანახმად, ზიანის ანაზღაურების მიზნით აღძრული სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარება შემდეგ წინაპირობათა კუმულატიურად არსებობისას: 1)მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 2) ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის; 4) ბრალეულობა (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა). ჩამოთვლილ წინაპირობათაგან ერთ-ერთის არარსებობაც კი გამორიცხავს მოთხოვნის უფლების არსებობას.

14.3. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (იხ. სუსგ. №ას-862-824-2014, 30.04.2015წ).

15.1. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2016 წელს შ.პ.ს. „ჩ.რ.?-ე ბ.ჯ–ი“ აწარმოებდა №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას აფეთქებითი სამუშაოებით, ამრიგად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის პირველი კომპონენტი - ქმედება -დადასტურებულია.

15.2. მოთხოვნის უფლების შემოწმების მომდევნო ეტაპზე უნდა შეფასდეს ქმედების მართლზომიერების საკითხი. ნებისმიერი ქმედება, რომელიც იწვევს სხვა პირის კანონით დაცული ინტერესის (განსახილველ შემთხვევაში, ქონებრივი ინტერესის) ხელყოფას მისი ნების გარეშე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანის მიმყენებელი მოქმედებს აუცილებელი მოგერიების (სსკ 116-ე მუხლი), უკიდურესი აუცილებლობის (სსკ 117-ე მუხლი), ან თვითდახმარების (სსკ 118-ე მუხლი) ფარგლებში. აღნიშნული მოსაზრება გამომდინარეობს საკუთრების უფლების აბსოლუტური ბუნებიდან, რომელიც აღიარებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით. საგულისხმოა, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი წესის თანახმად, იმ გარემოებებზე მითითების ვალდებულება, რომელიც ზიანის დადგომის მიუხედავად, ქმედების მართლზომიერებას დაასაბუთებს, აგრეთვე მათი დამტკიცების ვალდებულება, ზიანის მიმყენებლის მხარეზეა. საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე კასატორს არ მიუთითებია სსკ 116-118-ე მუხლებში აღწერილ, მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ, გარემოებებზე, ამდენად, ქმედება განიხილება მართლსაწინააღმდეგოდ.

15.3. კვლევის მომდევნო ეტაპზე დადგენას ექვემდებარება ზიანის არსებობა-არარსებობის ფაქტი. ზიანი წარმოადგენს პირის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების მისი ნების გარეშე ხელყოფას, რისი ანაზღაურებაც აღიარებულია ბრუნვის წეს-ჩვეულებებით და შეზღუდული არ არის კანონმდებლობით. როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ერთმანეთისაგან განასხვავებს ქონებრივ და არაქონებრივ ზიანს. ქონებრივი ზიანი ქონებრივი სიკეთის ხელყოფით შემოიფარგლება. არაქონებრივი ზიანი ეტიმოლოგიურად მორალური ზიანის იდენტურია. ქონებრივ ზიანში იგულისხმება არა მხოლოდ დაზარალებულის ქონებრივი აქტივების შემცირება, არამედ პასივების გაზრდაც. სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში (იხ. სუსგ №ას-105-2021, 02.04.2021წ).

15.4. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის არსებობისა და მისი ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელეებმა სასამართლოს წარუდგინეს ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ: „საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მესამე ხარისხისაა, რომლის საექსპლუატაციო მედეგობა საგრძნობლად დაქვეითებულია. მისი ტექნიკური მდგომარეობა ფასდება არადამაკმაყოფილებლად და ექვემდებარება კაპიტალურ გამაგრებას დეტალური გამოკვლევის საფუძველზე დამუშავებული პროექტით“. აღწერილი მდგომარეობის გამოსასწორებლად გასაწევი ხარჯების მოცულობა დადგენილია ი.მ. „ზ.გ–ძის“ მიერ შედგენილი და მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით, რომლის თანახმად, სახლის აღდგენა-გამაგრებისათვის საჭიროა 25918.97 ლარი.

15.5. ამრიგად, ზიანი, გამოხატული თანამესაკუთრეთა ქონებრივი აქტივის შემცირებაში, საქმის მასალებით დადასტურებულია. რაც შეეხება ზიანის მოცულობას, საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საერთო ხარჯიდან (25918.87 ლარი) გამოკლებულია სახლის სახურავის, აივნის სახურავის, სართულის ჭერისა და სახურავის ბურულების დაზიანებების რეაბილიტაციის თანხა - 3249.33 ლარი, ვინაიდან აღნიშნულ დაზიანებათა გამომწვევ მიზეზად ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული არ არის რკინიგზის №9 გვირაბის მშენებლობის დროს განხორციელებული აფეთქებები. მოსარჩელეთა არ გასაჩივრებულა სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისად, იგი შესულია კანონიერ ძალაში. ამრიგად, დამდგარი დაზიანებების აღმოფხვრისთვის საჭირო ხარჯად განიხილება 22669.64 ლარი.

15.6. მომდევნო ეტაპზე კვლევის საგანია მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის. კასატორი საკასაციო პრეტენზიას სწორედ ამ ელემენტის არარსებობაზე აყრდნობს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც კრედიტორი თავადაც არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის (სსკ-ის 415-ე მუხლი). პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ შედეგთან. ამრიგად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.

15.7. საქმეში წარმოდგენილია ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 25 ივნისის დასკვნა, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად არის განსაზღვრული, რომ სახლზე არსებული დაზიანებების წარმოშობის მიზეზია მოპასუხის მიერ №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვები. ამრიგად, დაძლეულად უნდა ჩაითვალოს მოსარჩელეთა მტკიცების ტვირთი ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადასტურების მიზნით არსებული მტკიცების ტვირთი.

15.8. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ. №ას-1127-1047-2017, 18.10.2017წ; №ას-72-72-2018 15.02.2018წ). მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ, თავისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა.

15.9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად, იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს.

15.10. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა დადასტურების მიზნით ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენამ განაპირობა ამავე მტკიცებულებით დადასტურებადი გარემოებების გაქარწყლების ტვირთის მოპასუხეზე გადასვლა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, რასაც მოპასუხემ თავი ვერ გაართვა - არ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე მტკიცებულება. სასამართლო ასეთად ვერ განიხილავს შესაგებელზე დართულ დოკუმენტს, შ.პ.ს. „ო.გ“-ის წერილს მოპასუხე ორგანიზაციის მიმართ, რომელიც, თავისი ბუნებით, არის მოსაზრება საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნასა და საპროექტო ხარჯთარიცხვაზე და არ წარმოადგენს დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დათვალიერების, დაზიანებების შესწავლისა და გამომწვევი მიზეზების ანალიზის დამადასტურებელ დოკუმენტს. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ „ე“-ს დასკვნას, აღნიშნული დოკუმენტი შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად, ამდენად, მას არ გააჩნია მტკიცებულებითი ძალა წინამდებარე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით.

15.11. კასატორმა ვერ დაადასტურა, რომ მისი მხრიდან დაცული იყო საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი. აღნიშნული მოთხოვნების დაცვის პირობებში მოპასუხეს შესაძლებლობა ექნებოდა, დაედასტურებინა მოსარჩელეთა სახლის მდგომარეობა სადავო სამუშაოების დაწყებამდე. აღნიშნული ვალდებულება შეუსრულებლობა კი შედეგად იწვევს ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებას, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი, რომ შენობაზე არსებული დაზიანებები განპირობებულია გვირაბის სამუშაოების წარმოებისას მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებებით.

15.12. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების დამფუძნებელი ნორმის მეოთხე კომპონენტს - ბრალეულობას, პალატა მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში, სწორედ მოპასუხეა ვალდებული, გამორიცხოს საკუთარი ბრალეულობა დამდგარი შედეგის მიმართ. საქმის განხილვის ვერცერთ ეტაპზე მოპასუხემ ვერ დაასაბუთა საკუთარი ბრალის არარსებობა შენობის დაზიანებაში, ამდენად, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შედეგი დამდგარია კანონით დაწესებული წინდახედულობის ნორმის გაუთვალისწინებლად, რაც გამოიხატა გვირაბის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობის გამოუკვლევლად განხორციელებულ აფეთქებებში, ამრიგად, ზიანი დამდგარია ბრალეულად, კერძოდ, გაუფრთხილებლობით.

16.1. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის მიმართ წარდგენილ საკასაციო პრეტენზიას, პალატა მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტის განსაზღვრის უზოგადესი წესი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მითიებული ზოგადი წესის გამოყენებამდე, სასამართლოს ვალია, შეამოწმოს, იმ სამართალურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, ხომ არ არსებობს ხადაზმულობის ვადის განსაზღვრის განსხვავებული წესები.

16.2. ვინაიდან მოთხოვნა დაფუძნებულია დელიქტურ პასუხისმგებლობაზე, რომლის მიმართაც მოქმედებს ხანდაზმულობის განსაზღვრის სპეციალური წესი, პალატა მიმართავს არა ზოგად, არამედ სწორედ სპეციალურ დანაწესს - სსკ 1008-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

16.3. ივარაუდება, რომ ზიანის არსებობა შენობის თანამესაკუთრეებმა შეიტყვეს დაზიანებების გაჩენისთანავე, თუმცა მარტოოდენ აღნიშნული გარემოების ცოდნა ზიანის წარმომშობი მიზეზის და შესაბამისად, ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის ცოდნის გარეშე, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველი ვერ გახდება, ამდენად, დასაბუთებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის საწყისად მიჩნეულ უნდა იქნეს ექსპერტიზის ჩატარების თარიღი - 2020 წლის 25 ივნისი, რა მომენტიდანაც დადგინდა ზიანის გამომწვევი მიზეზები და შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი (იხ. სუსგ. №ას-280-280-2018, 18.07.2018წ).

16.4. დადასტურებულადაც რომ ჩაითვალოს, რომ მოსარჩელეებმა ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული სუბიექტის შესახებ ექსპერტიზის დასკვნამდეც იცოდნენ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აფეთქებითი სამუშაოების დასრულების კონკრეტული თარიღი საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ იკვეთება, აღნიშნული გარემოება და აფეთქებითი სამუშაოების შედეგად ზიანის მიყენების დენადი ხასიათი, მისი ამოწურვის ვადის დადგენის შეუძლებლობის გამო, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას სრულად გამორიცხავს. ამავე საკითხთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის მტკიცება მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა, კერძოდ, მას უნდა დაედასტურებინა აფეთქებების ფაქტობრივი დასრულების თარიღი და შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნების ხანდაზმული ხასიათი (იხ. სუსგ. №ას-1443-2020, 08.12.2021წ; №ას-1766-2018, 22.02.2019წ).

16.5. ამრიგად, საკასაციო პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, მოკლებულია იურიდიულ საფუძვლიანობას და არ იმსახურებს გაზიარებას.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამრიგად, შ.პ.ს. „ჩ.რ.?-ე ბ.ჯ–ი“-ს უნდა დაუბრუნდეს 2022 წლის 11 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1133.48 ლარის 70%, რაც შეადგენს 793.44 ლარს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ჩ.რ.?-ე ბ. ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „ჩ.რ.?-ე ბ.ჯ–ს" დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1133.48 ლარის (ელექტრონული საგადასახადო დავალება №73570, გადახდის თარიღი: 11.07.22.წ. გადამხდელის ს/კ:....) 70% – 793 ლარი და 44 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი