21 ოქტომბერი 2022 წელი №ას-608-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - თ.ლ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ა–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.ლ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე თ.ა–ის მიმართ და მოითხოვა იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილის - დ.ა–ის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის - 200 ლარის 1000 ლარამდე გაზრდა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მოსარჩელის მითითება, რომ გარდა ალიმენტის სახით დაკისრებული 200 ლარისა, შვილს არაფრით ეხმარება, არ შეესაბამება სინამდვილეს. მოპასუხე ყოველთვის იხდიდა დაკისრებულ თანხას, გარდა ამისა, ბავშვი დაჰყავს სპორტზე, უზრუნველყოფს ინვენტარით და იღებს სამედიცინო ხარჯებსაც. ბავშვის მიმართ მოპასუხის ოჯახის წევრებიც განსაკუთრებულ სითბოს იჩენენ და ცდილობენ მაქსიმალურად ხელი შეეწყოს მამის ოჯახში ბავშვის ინტეგრაციას. მოპასუხის სამსახურიდან წასვლა ალიმენტის გადახდისაგან თავის არიდებას არ უკავშირდება, იგი იხდის ალიმენტს, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 16 ნოემბრიდან უმუშევარია და საბანკო დაწესებულებაში აქვს სესხი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებით თ.ა–ისათვის თ.ლ–ძის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შეიცვალა და მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის - 2011 წლის 1 მარტს დაბადებული დ.ა–ის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის - 250 ლარის გადახდა დაეკისრა 2020 წლის 10 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5.1. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს თანაცხოვრების პერიოდში, 2011 წლის პირველ მარტს, შეეძინათ შვილი - დ.ა–ი.
5.1.2. მშობლების დაშორების შემდგომ არასრულწლოვანი დედასთან - თ.ლ–ძესთან ერთად ცხოვრობს.
5.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2/21112-17) ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე თ.ლ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის - 2011 წლის 01 მარტს დაბადებული დ.ა–ის სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №2/3754-12) დაკისრებული ალიმენტი - 150 ლარი გაიზარდა 50 ლარით და განისაზღვრა ყოველთვიურად 200 ლარით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2017 წლის 9 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილების მიღების დღისათვის მოპასუხე არ მუშაობდა.
5.1.4. მოსარჩელე 2013 წლის პირველი მაისიდან ს.ს.ი.პ. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ-სამეცნიერო ფონდში მუშაობს, არის საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი და მისი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად დარიცხულ 1500 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები ხელფასი - 1176 ლარს შეადგენს.
5.1.5. მოსარჩელეს 2021 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით ს.ს. „ს.ბ–ის“ მიმართ აქვს ფინანსური ვალდებულება №7116395 კრედიტზე - 3283,36 ლარი, №7589009 კრედიტზე - 382,90 ლარი, ხოლო ოვერდრაფტზე - 939,99 ლარი.
5.1.6. მოპასუხე 2019 წლის ივნისიდან დასაქმებული იყო ს.ს. დ.ს.კ. „ი“-ში, სადაც მისი შემოსავალი განსხვავებული იყო თვეების მიხედვით, კერძოდ, დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი 2019 წლის ივნისში შეადგენდა - 1875 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი იყო - 367,5 ლარი, ხოლო 2019 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა ყოველთვიურად 2500 ლარს, აქედან დაკავებული 490 ლარი იყო, 2019 წლის ოქტომბერში ერიცხებოდა 3125 ლარი, საიდანაც დაკავებული გადასახადი შეადგენდა 612,5 ლარს, 2019 წლის ნოემბერიდან 2020 წლის ოქტომბრის ჩათვლით დასაბეგრი შემოსავლიდან - 3143 ლარიდან დაკავებული გადასახადი 616 ლარი იყო, 2020 წლის ნოემბერში 3142.86 ლარიდან, დაკავებული იყო - 616 ლარი, ხოლო დეკემბერში - 8800,41 ლარი, საიდანაც დაკავდა - 1724,88 ლარი. 2021 წლის პირველი იანვრიდან მოპასუხე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2021 წლის იანვრიდან იგი დასაქმებულია ს.ს. „ნ.ვ.დ–ში“, მისი დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი იანვრიდან ივლისის ჩათვლით შეადგენს 885 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის - 173,48 ლარი.
5.1.7. მოპასუხეს ს.ს. „თ.ბ–ის“ მიმართ 21.12.2020 წლის მდგომარეობით აქვს საკრედიტო დავალიანება: საკრედიტო ბარათზე - 998.59 ლარი, იპოთეკურ სესხზე - 2404.60 ლარი და არასანქცირებული - 1.32 ლარი.
5.1.8. მოპასუხეს 2017 წლის გადაწყვეტილების მიღების დროისათვის ჰქონდა საკრედიტო ვალდებულებები ს.ს. „თ.ბ–ისა“ და ს.ს. „ს.ბ–ის“ მიმართ.
5.1.9. მოპასუხის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი დ.ა–ისა, სხვა პირი არ იმყოფება.
5.1.10. დ.ა–ი 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღების დროისათვის სწავლობდა (და ამჟამადაც სწავლობს) სკოლა „აიბი-მთიებში“ (სკოლა-პანსიონი), რა დროსაც სწავლის საფასური შეადგენდა 4200 ლარს. 2022-2023 სასწავლო წელს (VII კლასი) სწავლის საფასური გაიზრდება 10%-ით და კვება მოიხსნება. სკოლის მოსწავლე დამატებით საჭიროებს სასკოლო ფორმის შეძენას.
5.1.11. ს.ს. „ე.ჰ–ბი“ -ს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს 2020 წლის 28 ოქტომბრის ჯანმრთელობის შესახებ ცნობით, დ.ა–ის დასკვნა /სრული დიაგნოზი არის Q67.6 Pectus excavatum (ჩავარდნილი გულ-მკერდი), ხოლო ს.ს. „ე.კ–ბი“ - დიდუბის პოლიკლინიკის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2020 წლის 26 ოქტომბრის ცნობით, დ.ა–ის დასკვნა/სრული დიაგნოზი არის Q80.0 ვულგარული (მარტივი) იქთიოზი. დ.ა–ს მკურნალობის მიზნით დაენიშნა მედიკამენტები: სეკალია AHA ბალზამი 1-ჯერ დღეში დამატენიანებლად ხანგრძლივად, ნუმის მედ ურეა - დასაბანი სახის გელი და ტანის 5% 200 მლ 1000/0313/1077/9069 - დაბანა ხანგრძლივად, ომესამი კიდსი - საღეჭი კაფსულა 1 კაფს. 2-ჯერ დღეში ერთი თვე. ასევე რეკომენდაცია მიეცა სისხლში D ვიტამინის განსაზღვრაზე და მუდმივად დაენიშნა დამატენიანებელი კრემები 1-ჯერ დღეში (მაგ. სეკალია აჰა) რბილი დასაბანი საშუალებები მშრალი კანისათვის. მასვე დაენიშნა: სამკურნალო მასაჟი - რაოდენობა 20, ფასი - 30 ლარი, სულ - 600 ლარი.
5.2. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
5.2.1. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი მშობლის საალიმენტო ვალდებულების შესრულება, კერძოდ, სასამართლოს მიერ უკვე განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის გაზრდაა.
5.2.2. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება, მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე - ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული, იზრუნონ არასრულწლოვან შვილებზე.
5.2.3. პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე და 1222-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა უცვლელ კატეგორიას არ წარმოადგენს და ობიექტური ან სუბიექტური გარემოებების ცვლილებასთან ერთად, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება შეიცვალოს.
5.2.4. ალიმენტის განსაზღვრისას სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები და მოპასუხის გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს.
5.2.5. ერთი მხრივ, საქმეზე ფაქტობრივ გარემოებად დგინდება, რომ მოსარჩელის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს დარიცხულ 1500 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები ხელფასი - 1176 ლარს, მეორე მხრივ კი, დადგინდა, რომ მოპასუხე 2019 წლის ივნისიდან დასაქმებული იყო ს.ს. დ.ს.კ. „ი–ში“, სადაც მისი შემოსავალი განსხვავებული იყო თვეების მიხედვით, კერძოდ, მისი დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი 2019 წლის ივნისში შეადგენდა - 1875 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი იყო - 367,5 ლარი, ხოლო 2019 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა ყოველთვიურად 2500 ლარს, აქედან დაკავებული 490 ლარი იყო, 2019 წლის ოქტომბერში ერიცხებოდა 3125 ლარი, საიდანაც დაკავებული გადასახადი შეადგენდა 612,5 ლარს, 2019 წლის ნოემბერიდან 2020 წლის ოქტომბრის ჩათვლით დასაბეგრი შემოსავლიდან - 3143 ლარიდან დაკავებული გადასახადი 616 ლარი იყო, 2020 წლის ნოემბერში 3142.86 ლარიდან, დაკავებული იყო - 616 ლარი, ხოლო დეკემბერში - 8800,41 ლარი, საიდანაც დაკავდა - 1724,88 ლარი. 2021 წლის პირველი იანვრიდან მოპასუხე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2021 წლის იანვრიდან იგი დასაქმებულია ს.ს. „ნ.ვ.დ–ში“, მისი დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი იანვრიდან ივლისის ჩათვლით შეადგენს 885 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის - 173,48 ლარი.
5.2.6. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ 2020 წელთან შედარებით მოპასუხის შემოსავალი შემცირდა, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა ალიმენტის ოდენობის საბოლოოდ განსაზღვრის (2017 წლის 25 დეკემბერი, როდესაც ის არ იყო დასაქმებული) შემდეგ გაუმჯობესებულია. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გადაწყვეტილების მიღების დროისათვის განსხვავებული იყო, ამაზე კი, თავად სასამართლოს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომელშიც საერთოდ არ არის აღნიშნული არასრულწლოვნის ჯანმრთელობისა და აქედან გამომდინარე, დამატებით საჭიროებაზე.
5.2.7. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მხრიდან, არ უნდა ატარებდეს სიმბოლურ ხასიათს და იგი მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 17.02.2022 წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის მაქსიმალური ოდენობა 2021 წლის იანვარში შეადგენდა - 195.6 ლარს, თებერვალში - 197.2 ლარს, მარტში - 201.0 ლარს, აპრილში - 202.8 ლარს, მაისში - 205.6 ლარს, ივნისში - 214.5 ლარს, ივლისში - 218.3 ლარს, აგვისტოს 13-ში 221.1 ლარს, სექტემბერში - 216.3 ლარს, ოქტომბერში - 224.2 ლარს, ნოემბერში - 223.7 ლარს, დეკემბერში - 223.5 ლარს, ხოლო 2022 წლის იანვარში - 226.2 ლარს.
5.2.8. სასამართლომ მხედველობაში მიიღო არასრულწლოვანი დ.ა–ის ასაკი, განვითარებისათვის აუცილებელი პირობები და არასრულწლოვანის იმ პირობებში ყოფნის შესაძლებლობა, რომელიც მას ამ ეტაპზე შექმნილი აქვს, პალატამ ალიმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე გაითვალისწინა დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობა, რაც თვეში დაახლოებით 200 ლარს შეადგენს. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი, პირდაპირ უკავშირდება მშობლის შემოსავლის ოდენობას. ორივე მშობელს თანაბრად აკისრია არასრულწლოვანზე ზრუნვის ვალდებულება და, მოცემულ შემთხვევაში, ორივე მათგანი დასაქმებულია. მხარეებს შესწევთ უნარი უზრუნველყონ არასრულწლოვანი არა მხოლოდ საარსებო მინიმუმით, არამედ შეუქმნან მას რჩენა-აღზრდისათვის ნორმალური პირობები. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი შვილის გარდა, მოპასუხე მხარეს ამ ეტაპზე სხვა პირი კმაყოფაზე არ ჰყავს. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა.
5.2.9. მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ ქმნის იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ის გარემოება, რომ მოპასუხეს აქვს საკრედიტო ფინანსური ვალდებულებები, მეტყველებს გარკვეულწილად მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას მესამე პირის მიმართ არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
5.2.10. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სახელმწიფოში დადგენილი საარსებო მინიმუმისა და არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გონივრული და სამართლიანი იყო.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ არ გაითვალისწინეს, რომ მოპასუხემ არაერთხელ სცადა პასუხისმგებლობისაგან (ალიმენტის გადახდისაგან) თავის არიდება, კერძოდ: მოპასუხე ყოველთვის მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე მუშაობდა, თუმცა მის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ საქმისწარმოებების დაწყებისთანავე პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით შეგნებულად ტოვებდა სამსახურს. აღსანიშნავია, რომ მან მოცემული დავის დაწყების შემდგომაც დატოვა სამსახური. ამასთან, მოპასუხე არასდროს დახმარებია შვილს ალიმენტის სახით განსაზღვრულ თანხაზე მეტით, მაშინაც კი, როდესაც მაღალი ხელფასი ჰქონდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის გონივრულობა.
11. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სუსგ №ას-829-2019, 11.07.2019წ.; №ას-332-2019, 02.08.2019წ.; №ას-1875-2018, 29.03.2019წ.). ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (სუსგ №ას-619-619-2018, 12.09.2018წ.; №ას-876-2019, 26.07.2019წ.).
14. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის - 200 ლარის 1000 ლარით შეცვლა, იმ საფუძვლით, რომ მითითებული გადაწყვეტილების შემდგომ მოპასუხემ დაიწყო მაღალანაზღაურებადი სამუშაო, მისი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა, არასრულწლოვნის აუცილებელი საჭიროებები კი - გაიზარდა.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამგვარი სამართლებრივი შედეგის მიღება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221.2, 1212-ე და 1214-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, უკავშირდება შემდეგი სამართლებრივი წინაპირობების განხორციელებას:
ა) სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილის/შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა.
ბ) ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს.
გ) დადგენილი ალიმენტის ოდენობა არ უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ამრიგად, მოცემულ საქმეზე გამოსაკვლევი იყო: თუ რა თანხა უნდა გაეღოთ ყოველთვიურად ორივე მშობელს, რომ ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდა უზრუნველყოფილიყო, რას შეადგენდა თითოეული მშობლის ყოველთვიური შემოსავალი, გაუმჯობესდა თუ არა ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სრულყოფილად გამოიკვლიეს.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლებისა და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრული მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოებმა გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე მართებულად გაზარდეს ალიმენტის თანხა 250 ლარამდე. მოცემულ ეტაპზე, მითითებული ოდენობის მეტად გაზრდის საფუძველი, არ ვლინდებოდა.
17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი