Facebook Twitter

21 ოქტომბერი 2022 წელი

№ას-1077-2022 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შ.პ.ს. „გ. . მ–გან“

მოწინააღმდეგე მხარე _ ე.კ–ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით, ე.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შ.პ.ს. „გ. მ“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 000 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 750 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი ბაჟის 50 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 999.92 ლარის ოდენობით.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო გაასაჩივრა შ.პ.ს. „გ.მ“-ის წარმომადგენელმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შევსების მიზნითაც, აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) წარდგენა.

4. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს პირადად ჩაბარდა 2022 წლის 07 ივნისს.

5. დადგენილია, რომ აპელანტს (წარმომადგენელს) სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით, შ.პ.ს. „გ. მ“-ის სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის მოტივით, დატოვებულ იქნა განუხილველად.

7. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელ გ.გ–ძეს და პირადად ჩაბარდა 2022 წლის 08 ივლისს წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში მითითებულ მისამართზე.

8. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „გ.მ“-ის წარმომადგენელმა გ.გ–ძემ, მიუთითა, რომ მის მარწმუნებელს ფინანსური პრობლემების გამო არ აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოში წარადგინა მხოლოდ სააპელაციო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სადავოდ არ ხდის განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, დოკუმენტების მიღებისა და ჩაბარების თარიღებს, თუმცა ვინაიდან კომპანიას არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსი, მას წაერთვა სასამართლოსადმი საჩივრით მიმართვის უფლება, რაც, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრების თანახმად, სამოქალაქო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, შ.პ.ს. „გ.მ“-ის კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

12. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა არ შეავსო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი საამისოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.

14. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელ გ.გ–ძეს გაეგზავნა საქმის მასალებში (შესაგებელში, განცხადებასა და სააპელაციო საჩივარში) მის მიერ მითითებულ მისამართზე: თბილისი, .......

ბინა 54 და პირადად ჩაბარდა მას 2022 წლის 07 ივნისს (იხ. ტ.2, ს.ფ. 6-7).

16. სსსკ-ის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნლების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება ასევე შესაძლოა გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

17.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

17.2. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

17.3. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

17.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

18. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

19.1. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონიერია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის ათვლა 2022 წლის 08 ივნისიდან დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე) და მიმდინარეობდა 2022 წლის 17 ივნისის ჩათვლით.

19.2. პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში არსებულ მინდობილობას, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორმა ორგანიზაციის თანამშრომელ გ.გ–ძეს მიანიჭა საპროცესო წარმომადგენლობის უფლება სამოქალაქო საქმეებზე ყველა ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო აქტების გასაჩივრების უფლებამოსილების ჩათვლით (ტ.1, ს/ფ 145), ამრიგად, სასამართლო გზავნილი ჩაბარებულია უფლებამოსილი პირისათვის.

20.1. კერძო საჩივრის პრეტენზია მიემართება იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა აპელანტი ორგანიზაციის ფინანსური პრობლემების შედეგია, ხოლო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენს სასამართლოსადმი ხელმსაწვდომობის უფლების ხელყოფას.

20.2. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

20.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან.

20.4. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

20.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ (დისპოზიციურობის პრინციპი).

20.6. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (შეჯიბრებითობის პრინციპი).

20.7. ამრიგად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, ხოლო დასაბუთების საკმარისობას, შუამდგომლობაში მოხმობილ არგუმენტთა საფუძველზე, სასამართლო აფასებს შუამდგომლობის შინაარსობრივი მხარის განხილვისას, მოტივირებული განჩინებით.

21.1. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს სააპელაციო საჩივარში არ უშუამდგომლია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან/და მისი ოდენობის შემცირება და არც საკუთარ ქონებრივ სირთულეებზე მიუთითებია. სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ გამოტანილი განჩინების მიღების შემდეგ აპელანტს შეეძლო, სასამართლოსთვის განემარტა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მიზეზი და სარწმუნო მტკიცებულებათა წარდგენის გზით დაესაბუთებინა ორგანიზაციის წინაშე არსებული მატერიალური პრობლემები ან სულ მცირე, რელევანტური მტკიცებულებების მოპოვებისათვის ეშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება, ხოლო ვადის საპატიო მიზეზით გაშვების შემთხვევაში - საპროცესო მოქმედების შესასრულებლად განსაზღვრული ვადის აღდგენა. აღნიშნულის ნაცვლად, აპელანტმა აირჩია საპროცესო პასიურობის სტრატეგია, რაც მართებულად გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან სასამართლო, შებოჭილია რა მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით, საკუთარი ინციატივით ვერ შეასრულებს იმ საპროცესო მოქმედებას, რომლისთვისაც კანონმდებელი ადგენს მხარის აქტიურობის ვალდებულებას შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენის სახით.

21.2. საგულისხმოა ისიც, რომ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე საქმის მასალებში კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ წარდგენილა რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მიუთითებდა მხარს ქონებრივ სირთულეებზე, მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ კერძო საჩივრის პრეტენზია სწორედ მხარის ფინანსური პრობლემების არსებობის არგუმენტს ეფუძნება, კერძო საჩივრის ავტორს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საკასაციო სასამართლოს წინაშეც კი არ აქვს წარმოდგენილი, ამდენად, კერძო საჩივრის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის გაუთვალისწინებლობით შელახული უფლების შესახებ, მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლიანობას.

22.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, შუამდგომლობისა და ამ შუამდგომლობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ (იხ. სუსგ. №ას-243-233-2013; №ას-1714-2018).

22.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება. განსახილველ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).

23.1. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან აპელანტს ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული სირთულეები არათუ უტყუარად არ დაუდასტურებია, არამედ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე სასამართლოსთვის არც კი მიუთითებია ამავე გარემოებათა არსებობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. მხარის პასიურობამ საპროცესო უფლებათა ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით შექმნა გონივრული ვარაუდი, რომ აპელანტმა დავის გაგრძელების ინტერესი დაკარგა.

23.2. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინდა გონივრული (10-დღიანი) ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის. თავის მხრივ, მან არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი და არც წინამდებარე განჩინების 21.1. პუნქტში აღწერილი საპროცესო უფლებამოსილებების გამოყენების თვალსაზრისით უაქტიურია, შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სსსკ-ის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 63-ე, 368-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „გ.მ“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი