31 მაისი 2022 წელი
საქმე №ას-958-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ თ.ლ–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. თ.ლ–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „დასაქმებული“) სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „დამსაქმებელი“) მიმართ, დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ 2020 წლის 15 მაისის №37/ს ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით
სარჩელის საფუძვლები:
2. 2020 წლის 5 მარტს მოპასუხემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც თ.ლ–ს დაეკისრა დისციპლინური სასჯელი - მკაცრი გაფრთხილება. 2020 წლის 12 მარტს მოპასუხემ აღმოაჩინა, რომ 5 მარტის ბრძანება აშკარად კანონსაწინააღმდეგო იყო და თავად სცნო იგი ბათილად, თუმცა მოპასუხემ იქვე განსაზღვრა, რომ თ.ლ–ის მიმართ დისციპლიური სასჯელის გამოყენების საკითხი თავიდან უნდა განეხილათ და მიეღოთ გადაწყვეტილება.
3. 23.04.2020 წლის წერილით თ.ლ–ს კვლავ ეცნობა მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ უკვე ახლადშექმნილი, 16.04.2020 წლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. მოსარჩელემ წარადგინა 30.04.2020 წლის ახსნა-განმარტებითი ბარათი, ამომწურავად გასცა პასუხი ყველა შესაძლო პრეტენზიას და პირიქით, კითხვები დაუსვა გაერთიანებას. პასუხად, 20 მაისს მიიღო გაერთიანების 15.05.2020 წლის №37/ს ბრძანება, რომლის მიხედვითაც თ.ლ–ის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით მიეცა გაფრთხილება.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ 2020 წლის 05 მარტის და 12 მარტის ბრძანებები გამოიცა არა გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით, არამედ აბსოლუტურად სხვა ფაქტთან მიმართებით, რაც მითითებულია როგორც 2020 წლის 12 მარტის ბრძანებაში, ასევე 2020 წლის 21 თებერვლის ე.წ. „ინსპექტირების ოქმში“, კერძოდ, დისციპლინური წარმოება მიმდინარეობდა ჟურნალში არასწორად გატარებული ბავშვების რიცხოვნობასთან დაკავშირებით, ამდენად აღნიშნულ საკითხს არ აქვს კავშირი მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ დისციპლინურ ღონისძიებასთან. ბრძანება არის კანონიერი და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ.ლ–ის სარჩელი მოპასუხე ა.(ა).ი.პ. ,,ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების’’ მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის (გაფრთხილება) გამოყენების შესახებ 15/05/2020 წლის №37/ს ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
6. მოსარჩელე თ.ლ–ს მოპასუხე ა.(ა).ი.პ. ,,ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების" სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ.ლ–მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო პალატამ სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი შეფასებები და დამატებით მიუთითა:
9.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორის 2020 წლის 5 მარტის №05/ს ბრძანებით ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ №40 ფილიალის გამგეს თ.ლ–ს დაეკისრა დისციპლინური სასჯელი - მკაცრი გაფრთხილება.
9.2. 2020 წლის 5 მარტის №05/ს ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა - საქართველოს შრომის კოდექსის მე-13 მუხლი, ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანების” წესდების მე-4 მუხლის 4.5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტები, ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა ბაღების გაერთიანების” ფილიალების შინაგანაწესის მე-9 მუხლი, ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა ბაღების გაერთიანების“ 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №161/ს („ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა ბაღების გაერთიანება“-ში დისციპლინური გადაცდომის განმხილველი კომისიის შექმნის და დისციპლინური წარმოების წესის შესახებ“), ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დისციპლინური გადაცდომის განმხილველი კომისიის 2020 წლის 25 თებერვლის №1 ოქმი.
9.3. 2020 წლის 12 მარტს ა.(ა).ი.პ. „რუსთავის საბავშვო ბაგა ბაღების გაერთიანების“ დისციპლინარული გადაცდომის განმხილველი კომისიის წევრებმა მ.შ–ამ და ლ.ღ–ძემ განცხადებით მიმართეს კომისიის თავმჯდომარეს და აცნობეს, რომ 2020 წლის 5 მარტს თ.ლ–ის მიმართ გამოიცა ა.(ა).ი.პ. „ქ. რუსთავის საბავშვო ბაგა ბაღების გაერთიანების“ დისციპლინარული სასჯელის დაკისრების შესახებ №05/ს ბრძანება. გამომდინარე იქიდან, რომ თ.ლ–ი 2020 წლის 17 თებერვლიდან 2020 წლის 2 მარტის ჩათვლით იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, მასზე დისციპლინარული სასჯელის დადებაზე კომისიამ იმსჯელა საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში (კომისიამ ოქმი შეადგინა 2020 წლის 21 თებერვალს) და ვერ მოხერხდა მისი მხრიდან ახსნა-განმარტების დაფიქსირება. შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ მის მიმართ დისციპლინარული გადაცდომის განმხილველი კომისიის მიერ გამოცემული 2020 წლის 5 მარტს №5/ს ბრძანება გაუქმებულიყო და მისი მოწვევის, ახსნა-განმარტების დაფიქსირების შემდეგ გადაწყვეტილიყო დისციპლინარული სასჯელის გამოყენების საკითხი.
9.4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორის, 2020 წლის 12 მარტის №14/ს ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ №40 ფილიალის გამგის თ.ლ–ის მიმართ დისციპლინური სასჯელის დაკისრების შესახებ“ ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორის 2020 წლის 5 მარტის №5/ს ბრძანება ძალაში შესვლის დღიდან.
9.5. ამავე ბრძანებით, ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება“-ში დისციპლინური გადაცდომის განმხილველ კომისიას 2020 წლის 21 თებერვლის ინსპექტირების ოქმის საფუძველზე დაევალა თავიდან განეხილა ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ №40 ფილიალის გამგის თ.ლ–ის მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენების საკითხი და დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, ახსნა-განმარტების მოსმენის, მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
9.6. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 601 მუხლი, ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ წესდების მე-4 მუხლის 4.5 პუნქტის „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები, ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ შინაგანაწესის მე-9 მუხლის შესაბამისად ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებაში დისციპლინური გადაცდომის განმხილველი კომისიის წევრების მ.შ–ას და ლ.ღ–ძის 2020 წლის 12 მარტის №130 მოხსენებითი ბარათი.
9.7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დისციპლინური გადაცდომების განმხილველი კომისიის თავმჯდომარემ, 2020 წლის 16 მარტს წერილით მიმართა თ.ლ–ს და აცნობა, რომ: ა.(ა).ი.პ. „ქ. რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორის 2020 წლის 12 მარტის №14/ს ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ა.(ა).იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ №40 ფილიალის გამგის თ.ლ–ის მიმართ დისციპლინური სასჯელის დაკისრების შესახებ“ ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორის 2020 წლის 05 მარტის №5/ს ბრძანება და ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება“-ში დისციპლინური გადაცდომის განმხილველ კომისიას“ 2020 წლის 21 თებერვლის ინსპექტირების ოქმის საფუძველზე დაევალა ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ №40 ფილიალის გამგის თ.ლ–ის მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენების საკითხის თავიდან განხილვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, მისი ახსნა-განმარტების მოსმენის, მტკიცებულებების შესწავლის შემდეგომ კი ახალი გადაწყვეტილების მიღება.
9.8. ამავე წერილით თ.ლ–ს ეცნობა, რომ დისციპლინური გადაცდომის განმხილველი კომისიის ზეპირი მოსმენა ჩატარდებოდა 2020 წლის 18 მარტს 12 საათზე, ა.(ა).ი.პ. ქ. რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. რუსთავი, ..... მე-3 სართული). ამასთან თ.ლ–ს ეთხოვა უზრუნველეყო აღნიშნულ ზეპირ მოსმენაზე მისი დასწრება, წარმოედგინა საკუთარი მოსაზრება, დამატებითი ინფორმაცია და დასწრებოდა საქმის განხილვას.
9.9. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორის 2020 წლის 16 აპრილის №32/ს ბრძანებით განისაზღვრა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების” №40 ფილიალის გამგის თ.ლ–ის მიმართ. დაევალა ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების” №40 ფილიალის გამგეს თ.ლ–ს არაუგვიანეს 2020 წლის 1 მაისისა წარედგინა ახსნა-განმარტებითი ბარათი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებაზე.
9.10. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორის 2020 წლის 15 მაისის №37/ს ბრძანებით ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების” №40 ფილიალის გამგეს თ.ლ–ს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა გაფრთხილება.
9.11. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ VI თავი, ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანების” წესდების მე-4 მუხლის 4.5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი, ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანების” ფილიალების შინაგანაწესის მე-9 მუხლი, მე-13 მუხლის მე-2 და მე-13 პუნქტები, ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების” დირექტორის 2020 წლის 16 აპრილის №32 /ს ბრძანება.
9.12. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 16 აპრილს ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორის №32/ს ბრძანების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება გაერთიანების №40 ფილიალის გამგის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საფუძვლად დაედო ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების” სასწავლო სააღმზრდელო პროცესების მონიტორინგისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსის ი. გ–ძის 2020 წლის 16 აპრილის №145 მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმადაც, გაერთიანების №40 ფილიალის გამგის თ.ლ–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების” ფილიალების შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას.
9.13. ბრძანების თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოირკვა, რომ გაერთიანების №40 ფილიალის აღმზრდელის თ. ბ–ძის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში ფილიალის გამგემ სასწავლო-სააღმზრდელო ჯგუფში აღმზრდელის ნაცვლად აღმზრდელის თანაშემწე და აღმზრდელის თანაშემწის დამხმარეები შეიყვანა, რომლებიც თავიანთი განათლებით არ შეესაბამებიან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს და არ გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია, იმისთვის რომ სასწავლო სააღმზრდელო პროცესი წარმართონ. შესაბამისად ფილიალის გამგის მხრიდან მსგავსი გადანაცვლება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სწორად წარმართვას შეუძლებელს გახდიდა, რაც თავის მხრივ უწყვეტი პროცესია. ფილიალის გამგე ვალდებულია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წარიმართოს სწორად. ამის გათვალისწინებით სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში უნდა ჩაერთო შესაბამისი განათლების მქონე პირი (მაგალითად მორიგე აღმზრდელი) ან მოეხდინა ინფორმაციის დროული მიწოდება გაერთიანების შესაბამისი განყოფილებისთვის.
9.14. ბრძანებაში მითითებულია, რომ 2020 წლის 23 აპრილს ფილიალის გამგეს თ. ლ–ს გაეგზავნა ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანების” დირექტორის წერილი (№67 23.04.2020წ), რომლითაც ეცნობა მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და დაევალა წერილობით წარმოედგინა ახსნა-განმარტებითი ბარათი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებაზე.
9.15. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 01 მაისს ფილიალის გამგემ თ. ლ–მა წარმოადგინა ახსნა-განმარტებითი ბარათი (№154 01.05.2020წ) თანდართული დოკუმენტაციით. ფილიალის გამგემ განმარტა, რომ როგორც მისთვის იყო ცნობილი, აღმზრდელი თ. ბ–ძე საავადმყოფო ფურცელზე გავიდა 2020 წლის 12 თებერვალს ბავშვის ავადობის გამო ანალიზების ჩატარების მიზნით, რომელსაც დაახლოებით 1 ან 2 დღე დასჭირდებოდა და მისი ვარაუდით, აღმზრდელი სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო 17 თებერვალს. ფილიალის გამგე განმარტავს, რომ იხელმძღვანელა „ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ შინაგანაწესის მე-13 მუხლის მე-2 და მე-16 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით და სასწავლო სააღმზრდელო ჯგუფში ამ პერიოდში შეიყვანა აღმზრდელის თანაშემწეები. როგორც ფილიალის გამგე თ. ლ–ი განმარტავს, აღმზრდელ თ. ბ–ძეს 2020 წლის 14 თებერვალს დასჭირდა გადაუდებელი ოპერაცია. შესაბამისად, ის გარემოება, რომ აღმზრდელი დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, მისთვის ცნობილი გახდა ამის შემდეგ. ფილიალის გამგე მიიჩნევს, რომ 2020 წლის 12 თებერვლიდან 2020 წლის 14 თებერვლის ჩათვლით სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რასაც იმით ხსნის, რომ ზ/აღნიშნულ სააღმზრდელო ჯგუფში შეყვანილ აღმზრდელის თანაშემწეებს საკმარისი გამოცდილება ჰქონდათ სააღმზრდელო პროცესის სწორად წარმართვისთვის. 2020 წლის 17 თებერვლიდან კი ის თავად გავიდა საავადმყოფო ფურცელზე შვილის ავადობის გამო და ფილიალის გამგის მოვალეობის შესრულება ფილიალის მენეჯერს დაეკისრა.
9.16. ბრძანების თანახმად, ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების სრულად გარკვევის მიზნით, გაერთიანების №40 ფილიალის გამგის თ. ლ–ის წარმოდგენილი ახსნა-განმარტებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით გასაცნობად გადაეცა გაერთიანების სასწავლო სააღმზრდელო პროცესების მონიტორინგისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსს ი. გ–ძეს, რათა დამატებით წარმოედგინა მოსაზრება ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით.
9.17. სადავო ბრძანებაში მითითებულია, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების მონიტორინგისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსის ი. გ–ძის მოხსენებითი ბარათით (№158 11.05.2020წ) ირკვევა, რომ №40 ფილიალის გამგის თ. ლ–ის მხრიდან ადგილი ქონდა სხვა გადანაცვლებებსაც, სააღმზრდელო ჯგუფებში სისტემატიურად იცვლებოდა პერსონალი, რაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სწორად წარმართვას შეუძლებელს გახდიდა. აღნიშნულს ი. გ–ძე ადასტურებს №40 ფილიალის მენეჯერის მ. ხ–ძის ახსნა-განმარტებითი ბარათით (№154 01.05.2020წ). გასაჩივრებული ბრძანების თანახმად, ფილიალის მენეჯერი მ. ხ–ძე თავის ახსნა-განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნავს, რომ ფილიალში დასაქმებული პირების ამგვარმა გადანაცვლებამ ზოგიერთი დასაქმებულის უკმაყოფილებაც გამოიწვია.
9.18. ბრძანების თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა №40 ფილიალის გამგის თ. ლ–ის მიერ ფილიალების შინაგანაწესით განსაზღვრული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას, რამაც გამოიწვია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის არასწორად წარმართვა, რაც მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საფუძველია. ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების” ფილიალების შინაგანაწესის დაცვა სავალდებულოა ფილიალში დასაქმებული ყველა თანამშრომლისათვის. გაერთიანების დირექტორი უფლებამოსილია თანამშრომლისგან მოითხოვოს შინაგანაწესით გათვალისწინებული სამუშაო ვალდებულების შესრულება. ფილიალებში დასაქმებულები პირები ვალდებულნი არიან შეასრულონ ვალდებულებები თანამდებობის, სპეციალობის კვალიფიკაციის შესაბამისად. ყველა ღონე იხმარონ, რათა სწრაფად იქნას აღმოფხვრილი ის მიზეზები და პირობები, რომლებიც ხელს უშლის ან ართულებს ბაგა-ბაღის გამართულ ფუნქციონირებას. ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების” ფილიალების შინაგანაწესის მე-13 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, ფილიალის გამგე „ხელმძღვანელობს და უზრუნველყოფს ფილიალში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სწორად წარმართვას“. ამასთან მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ფილიალის გამგე „საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში არეგულირებს ფილიალში წარმოშობილ სხვადახვა საკითხებს, მათ შორის თანამშრომელთათვის დროებით ფუნქცია მოვალეობების გადანაწილების საკითხს“. მოცემულ შემთხვევაში ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების” №40 ფილიალის გამგე ვალდებული იყო ჯეროვნად შეესრულებინა მასზე ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, სასწავლო-სააღმზრდელო ჯგუფში თანამშრომელთა დროებითი გადანაწილება მოეხდინა ისე, რომ ხელი არ შეშლოდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სწორად წარმართვას.
10.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება უთითებს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღმზრდელ-პედაგოგი არის პირი, რომელიც დაწესებულებაში სააღმზრდელო-პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებს;
10.2. აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; ამავე მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად აღმზრდელი არის პირი, რომელიც აღმზრდელ-პედაგოგს ეხმარება და სააღმზრდელო ფუნქციებს ახორციელებს. ხოლო ამავე კანონის მე-7 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარი, ხარისხიანი და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპზე დაფუძნებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მისაწოდებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს.
10.3. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478-ე დადგენილებით დამტკიცებულია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი. დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი განსაზღვრავს, თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უნდა ფლობდეს აღმზრდელ-პედაგოგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სააღმზრდელო- პედაგოგიური საქმიანობის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასებისთვის. სტანდარტის მიზანია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში მიმდინარე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება. სტანდარტი სავალდებულოა ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) აღმზრდელ-პედაგოგისათვის.
10.4. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, აღმზრდელ-პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა.ა) ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში, ჰქონდეს აღმზრდელის ან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 4-წლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება; ა.ბ) ჰქონდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.
10.5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორის 2020 წლის 15 მაისის №37/ს ბრძანების თანახმად, თ.ლ–ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა გაერთიანების №40 ფილიალის აღმზრდელის თ. ბ–ძის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში სასწავლო-სააღმზრდელო ჯგუფში აღმზრდელის ნაცვლად აღმზრდელის თანაშემწისა და აღმზრდელის თანაშემწის დამხმარეების შეიყვანა, რომლებიც თავიანთი განათლებით არ შეესაბამებიან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს და არ გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია, იმისთვის რომ სასწავლო სააღმზრდელო პროცესი წარმართონ.
10.6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ თ.ლ–ის ახსნა-განმარტებით ბარათზე (ს.ფ. 24-26), სადაც იგი განმარტავს, რომ 2020 წლის 12 თებერვალს (ოთხშაბათს) №40 ფილიალის 3-4 წლიანთა XII-ე ჯგუფის აღმზრდელი თ. ბ–ძე გავიდა საავადმყოფო ფურცელზე, მისი შვილის ბ.დ–ის ავადმყოფობის გამო. თ. ლ–ისათვის ცნობილი იყო, რომ ბავშვს სჭირდებოდა ანალიზების ჩატარება, რომლისთვისაც საჭირო იყო 1 ან 2 დღე. ექიმის გადაწყვეტილებით, სავარაუდოდ 14 თებერვალს (პარასკევს) თ. ბ–ძეს უნდა დაეხურა საავადმყოფო ფურცელი და შესაბამისად, 17 თებერვალს (ორშაბათს) უნდა დაბრუნებულიყო სამსახურში. ამ სამი დღის განმავლობაში თ.ლ–მა იხელმძღვანელა რა ა.(ა).ი.პ. „ქ. რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების შინაგანაწესის“ მე- 13 მუხლის მე-2 და მე-16 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5-ე პუნქტების მიხედვით, ჯგუფში იმყოფებოდნენ აღმზრდელის თანაშემწეები ნ.რ–ძე და ხ.კ–ი (და არა აღმზრდელის თანაშემწის დამხმარეები, როგორც ეს ი. გ–ძის მოხსენებით ბარათშია აღნიშნული). თ. ბ–ძის ოპერაციის გაკეთების თარიღი თავად ამ უკანასკნელისთვისაც არ იყო ცნობილი 14.02.2020-მდე (პარასკევი), რადგან მას დასჭირდა სასწრაფო გადაუდებელი (ბრმა ნაწლავის) ოპერაცია. 17.02.2020-დან (ორშაბათი) თ. ლ–ს თავად დასჭირდა შვილის მკურნალობის გამო საავადმყოფო ფურცლის გახსნა, რადგან მას აღმოაჩნდა შიდა ყურის მწვავე ანთება. თ. ლ–ის განმარტებით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 12.02.2020-დან 14.02.2020-ის ჩათვლით ჯგუფში მიმდინარეობდა უწყვეტ რეჟიმში, თ. ბ–ძის მიერ წინასწარ გაწერილი კვირის გეგმით, რომელსაც ასრულებდნენ გამოცდილი აღმზრდელის თანაშემწე ნ.რ–ძე (აღნიშნული ჯგუფის ძირითადი აღმზრდელის თანაშემწე), რომელიც კარგად იცნობს ჯგუფის სპეციფიკას, აქვს ბაღის სისტემაში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება და სრულიად კომპეტენტურია სასწავლო სააღმზრდელო პროცესის წარმოებაში, ასევე პრაქტიკოსი ზ.ი–ვა, რომელიც დანიშნულია 17.12.2019 წლის № 180/ს ბრძანებით და ხ.კ–ი, „მე-13“ აღმზრდელის თანაშემწე, რომელსაც 30 წლიანი გამოცდილება აქვს.
10.7. სააპელაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ნ.რ–ძის, ზ.ი–ვას და ხ.კ–ის (ს.ფ. 28, 29, 30-31) მოხსენებითი ბარათებზე, რომლებითაც ასევე დადასტურებულია აღმზრდელის, თ. ბ–ძის არყოფნის პერიოდში 2020 წლის 12 თებერვლიდან, 3-4 წლიანთა XII-ე ჯგუფში ნ.რ–ძის, ხ.კ–ის და ზ.ი–ვას მუშაობა.
10.8. გასაჩივრებული განჩინება უთითებს საქმეში წარმოდგენილ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორის 2019 წლის 2 ოქტომბრის ბრძანებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ ხ.კ–ის დასაქმებულია №40 ფილიალის აღმზრდელის თანაშემწედ (ს.ფ. 53); ასევე 2019 წლის 17 დეკემბრის ბრძანებზე, რომლის თანახმად, ზ.ი–ვას მიეცა უფლება გაიაროს აღმზრდელის თანაშემწის პროფესიული პრაქტიკა №40 ფილალში, 2020 წლის 23 თებერვლის ჩათვლით (ს.ფ. 54); გაერთიანების დირექტორის 2019 წლის 2 ოქტომბრის ბრძანებაზე, რომლის თანახმად, შ.ხ–ი №40 ფილიალში დანიშნულია აღმზრდელის თანაშემწედ (ს.ფ. 55); საქმეში წარმოდგენილ დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომზე (ს.ფ. 52), რომლითაც დასტურდება, რომ ნ.რ–ძემ 2001 წელს დაამთავრა ,,ე.გ.მ. ოპერატორის’’ პროგრამის სრული კურსი და მიენიჭა ელექტრონულ გამომთვლელი მანქანების ოპერატორის კვალიფიკაცია.
10.9. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია, რომ გაერთიანების №40 ფილიალის აღმზრდელის თ. ბ–ძის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში სასწავლო-სააღმზრდელო ჯგუფში აღმზრდელის ნაცვლად შეყვანილი პირები თავიანთი განათლებით არ შეესაბამებოდნენ და არ აკმაყოფილებდნენ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478-ე დადგენილების მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები თ.ლ–ის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის, ხოლო რაც შეეხება ა.(ა).ი.პ. ქ. რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების შინაგანაწესის მე-13 მუხლის მე-2 და მე-16 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5-ე პუნქტებს (რომლითაც იხელმძღვანელა თ.ლ–მა და ჯგუფში შეიყვანა ზემოდასახელებული პირები), აღნიშნული მუხლებით მოწესრიგებულია ფილალის გამგის და აღზრდელის თანაშემწის ფუნქცია მოვალეობები, რომელიც არ ადგენს, რომ დასაშვებია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478-ე დადგენილების მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გადახვევა და აღმზრდელ-პედაგოგის ფუნქციების დაკისრება ისეთი პირსათვის, რომელიც არ აკმაყოფილებებს დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
10.10. სასამართლომ მიუთითა ა.(ა).ი.პ. ქალაქ რუსთავის ბაგა ბაღების გაერთიანების ფილიალების შინაგანაწესის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, დისციპლინური სასჯელის საფუძველია შრომითი დისციპლინის დარღვევა, ასევე შინაგანაწესის დარღვევა, აღნიშნულ შემთხვევაში, გაერთიანების დირექტორს შეუძლია გამოიყენოს გაფრთხილება, საყვედური, ხელფასის თანხის დაკავება, დაქვეითება (დაბალ ანაზღაურებად თანამდებობაზე გადაყვანა), შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. დისციპლინური სასჯელი დადებამდე დამსაქმებელმა შრომის დისციპლინის დამრღვევს უნდა მოსთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტება.
10.11. პალატამ განმარტა, რომ შრომის ხელშეკრულების დარღვევის კონტექსტში, დასაქმებულის ქმედების განსჯა, მისი შეფასება და სანქცირება დამსაქმებლის გადასახედიდან, მის ინტერესებში და, რაღა თქმა უნდა, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით მოწმდება. ამ მიმართებით დგინდება, თუ რა თავისებურებით ხასიათდება ყოველი კონკრეტული სამუშაო, რა პრიორიტეტები აქვს დამსაქმებელს, რა დონის დისციპლინას მოითხოვს შესასრულებელი სამუშაო, რა სახის უარყოფით შედეგებთან არის დაკავშირებული ესა თუ ის დარღვევა და ა. შ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ.ლ–ი არის ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ №40 ფილიალის გამგე. ცხადია, რომ ისეთ საპასუხისმგებლო დაწესებულებაში, სადაც მოსარჩელე მუშაობს, სამუშაოს და მოვალეობების გულისხმიერად, კეთილსინდისიერად და მაღალი სტანდარტით შესრულების ფაქტორს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ეს დაკავშირებულია ბავშვების აღმზრდელობით პროცესთან.
10.12. სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური წესი: „სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი ზოგადი წესი, რომელიც სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“
10.13. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თ.ლ–ის მიმართ გაფრთხილების თაობაზე ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ VI თავი, ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანების” წესდების მე-4 მუხლის 4.5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი („გაერთიანების დირექტორი თავის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებას, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს, ნიშნავს და ათავისუფლებს გაერთიანების თანამშრომლებს, დამფუძნებელთან შეთანხმებით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს, განსაზღვრავს პრემიის გაცემის ან სხვაგვარი წახალისების საკითხებს“), ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანების” ფილიალების შინაგანაწესის მე-9 მუხლი („შრომის დისციპლინის დარღვევისათვის, ასევე შინაგანაწესის დარღვევისათვის გაერთიანების დირექტორს შეუძლია გამოიყენოს დისციპლინური სასჯელი გაფრთხილება“), მე-13 მუხლის მე-2 და მე-13 პუნქტები („ფილიალის გამგე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში არეგულირებს ფილიალში წარმოშობილ სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის თანამშრომელთათვის დროებით ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილების საკითხს, ხელმძღვანელობს და უზრუნველყოფს ფილიალში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სწორად წარმართვას, ხელს უწყობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას“) და ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების” დირექტორის 2020 წლის 16 აპრილის №32 /ს ბრძანება. ამასთან სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ წარმოადგინა იმ სახის მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდა სადავო ბრძანების კანონიერება, შესაბამისად მან თავი გაართვა შრომით სამართალში დამკვიდრებული მტკიცების სტანდარტს. ყოველივე ზემაღნიშნულიდან გამომდინარე კი პალატამ მიიჩნია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორის 2020 წლის 15 მაისის №37/ს ბრძანება, რომლითაც ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების” №40 ფილიალის გამგეს თ.ლ–ს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა გაფრთხილება, სრულ შესაბამისობაშია როგორც მისი გამოცემის საფუძვლებთან, ასევე საკანონმდებლო მოთხოვნებათნ.
11. რაც შეეხება მოსარჩელის (აპელანტის) მითითებას ბრძანების ბათილად ცნობის დისკრიმინაციულ საფუძვლებთან (აპელანტი განმარტავს, რომ მსგავს სიტუაციებში სხვა პირთა მიმართ დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა), სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგზე:
11.1. შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა დასაქმებულის უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაირღვა თუ არა მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი ნორმა-პრინციპი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. ამ გარემოებათა გამორკვევისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ისე საქართველოს საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს შრომის კოდექსით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. დასახელებულთაგან კი, სშკ-ი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, ხოლო შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
11.2. შრომის კოდექსის 402 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად (2020 წლის 15 ივნისის მდგომარეობით, ანუ სარჩელის წარდგენის დროისათვის მოქმედი რედაცია) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და ამ კანონის 37- ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეტანილ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს, თუ დასაქმებული მიუთითებს გარემოებებზე, რომლებიც ქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ დამსაქმებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან/და ამ კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის (მოთხოვნების) დარღვევით მოქმედებდა. შრომის კოდექსის (მოქმედი რედაქცია) მე-7 მუხლის შესაბამისად დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, თუ კანდიდატი ან დასაქმებული მიუთითებს იმ ფაქტებზე ან/და გარემოებებზე, რომლებიც ქმნის საფუძველს გონივრული ვარაუდისთვის, რომ დამსაქმებელმა დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ მოთხოვნა დაარღვია.
11.3. პალატამ განმარტა, რომ რომ აღნიშნული მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მოსარჩელის პროცესუალური ვალდებულებაა მიუთითოს კონკრეტული ფაქტები, ხოლო მოპასუხე-დამსაქმებელი ვალდებულია, უარყოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ამტკიცოს, რომ დისკრიმინაციის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და, რომ ამ საფუძვლით მოსარჩელის განთავისუფლება არ მომხდარა.
11.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული არ ყოფილა არცერთი ფაქტობრივი გარემოება, თუ რაში გამოიხატა მოპასუხის მხრიდან თ.ლ–ის მიმართ პირდაპირი ან არაპირდაპირი დისკრიმინაცია. ასეთი ფაქტების თაობაზე მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მხოლოდ საქმის განხილვის მთავარ ეტაპზე, კერძოდ, ახსნა-განმარტების ჩამოყალიბების დროს მიუთითა. შესაბამისად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია აპელანტის პოზიცია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია სადაო ბრძანების დისკრიმინაციულობასთან დაკავშირებით.
12. რაც შეეხება აპელანტის პოზიციას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. მისი მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული აპელანტის პოზიცია, რომ არ უნდა მომხდარიყო წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების მოსარჩელეზე დაკისრება, რადგან ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებას“ ჰყავს იურისტი და შესაბამისად არ ჰქონდა საჭიროება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადების გზით მიეღო საადვოკატო მომსახურება.
13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.ლ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
13.1. დისკრიმინაციასთან გათანაბრებული მოქცევის დამადასტურებელი ფაქტების სარჩელში მითითებასთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ სარჩელში მიეთითება კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, რათა მოპასუხეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ჯეროვანი შესაგებლით უარყოს სარჩელი, თუმცა მოპასუხისთვის არც სარჩელით და არც სარჩელამდე კომუნიკაციით მითითებული არცერთი ფაქტობრივი გარემოება არ იყო უცნობი, არ განუცხადებია პროტესტი. გარემოებები 2019 წლის 05 თებერვლიდან 22 თებერვლამდე მენეჯერის მიერ აღმზრდელის არყოფნის დროს აღმზრდელის თანაშემწის დამხმარის ჯგუფში შეშვების შესახებ, 2020 წლის 17 თებერვლიდან 24 თებერვლამდე აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტთან შეუსაბამო პირების ჯგუფში შეშვების შესახებ, ამავე წლის 24 თებერვალს აღმზრდელის მოვალეობის შემსრულებლად ფსიქოლოგის (აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტთან შეუსაბამო პირის) დანიშვნის შესახებ, 2021 წლის მარტის თვეში გართიანების N23 ფილიალში აღმზრდელის ფუნქციების მუსიკის ხელმძღვანელისთვის (აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტთან აგრეთვე შეუსაბამო პირისათვის) დაკისრების შესახებ, ი.ხგ–ძის მიერ 2020 წლის 16 აპრილს ფილიალში მონიტორინგის ჩატარების გარეშე მოხსენებითი ბარათის შედგენის შესახებ, მოპასუხემ ფაქტად მიიღო, თუმცა სააპელაციო სასამართლო გასცდა დავის ფარგლებს და მიუთითა, რომ მითითებულ მოვლენებს დავის საგანთან კავშირი არ გააჩნია. სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებით მოსარჩელემ დაადასტურა, რომ გაერთიანებას არ ჰყავს საკმარისი ოდენობის სათადარიგო აღმზრდელი და როდესაც მოქმედი აღმზრდელი ვერ ცხადდება სამსახურში, ფილიალის გამგეს უხდება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და არა აღმზრდელი შეიყვანოს ჯგუფში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შესანარჩუნებლად. აღნიშნული პრაქტიკა ჩვეულებრივი მოვლენაა გაერთიანებაში და თ.ლ–ი დაისაჯა იმ ქმედებისთვის, რომელთა ჩადენის გამო სხვა პირები არ დასჯილან. მოპასუხემ მოსარჩელის პრეტენზიებს მხოლოდ ის არგუმენტები დაუპირისპირა, რომ ხ.კ–ი ვერ აკმაყოფილებდა აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტს, ხოლო ფსიქოლოგს და მუსიკის ხელმძღვანელს გააჩნიათ დიპლომები.
13.2. დისკრიმინაციის დამადასტურებელ ფაქტებზე მოპასუხეს მიეთითა ჯერ კიდევ დისციპლინური წარმოების პროცესში, თუმცა მან ვერ შეძლო აღნიშნული ფაქტების უარყოფა, სწორედ შედავების არასებობის გამო მიუთითა მოსარჩელემ სარჩელში, რომ „მხოლოდ ბრძანების შინაარსის გაცნობა საკმარისია იმისთვის, რომ იგი წაკითხვისთანავე ბათილად იქნას ცნობილი“.
13.3. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო სარჩელში დისკრიმინაციის ფაქტების მიუთითებლობად მიიჩნევს იმას, რომ მოსარჩელის 30.04.2020 წლის განმარტება ტექსტურად არ გადმოიტანა სასარჩელო განცხადებაში, თუმცა აღნიშნული მოპასუხეს არ გაუპროტესტებია, არამედ იგი აპროტესტებდა მხოლოდ იმას, რომ სარჩელი არ შეესაბამებოდა 3631 მუხლის ფორმატს.
13.4. კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხემ კანონის დარღვევით და საჭიროების გარეშე დახარჯა ფული ადვოკატისთვის, შესაბამისად, მოსარჩელეს კანონსაწინააღმდეგო ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება არ გააჩნია.
13.5. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არარსებულ დოკუმენტებზე - ი.გ–ძის N158 მოხსენებით ბარათზე და მ/ხ–ძის N154 მოხსენებით ბარათზე დაყრდნობით არასწორად დაადგინა, რომ თ.ლ–ის მხრიდან მხრიდან ადგილი ქონდა სხვა გადანაცვლებებსაც, სააღმზრდელო ჯგუფებში სისტემატიურად იცვლებოდა პერსონალი, რაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სწორად წარმართვას შეუძლებელს გახდიდა, გადანაცვლებამ კი ფილიალის ზოგიერთი დასაქმებულის უკმაყოფილებაც გამოიწვია.
13.6. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ შეფასება არ მისცა 2020 წლის 05 მარტის ბრძანებას თ.ლ–ისთვის მკაცრი გაფრთხილების გამოცხადების შესახებ, ვინაიდან 2020 წლის 15 მაისის ბრძანება 2020 წლის 05 მარტის ბრძანებით დაწყებული დისციპლინური დევნის გაგრძელებაა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლს, რომლის თანახმადაც, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
18.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით. სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით.
18.2. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს.
18.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მართალია, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელ კონკრეტულ ფაქტს დაამყაროს თავისი სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელის შედგენისას დაიცვას საპროცესო კოდექსის 177-ე და 178-ე მუხლის მოთხოვნები და იმგვარად ჩამოაყალიბოს სარჩელი, რომ როგორც სასამართლოსთვის, ისე მოპასუხე მხარისათვის ცხადი იყოს, რომელ ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება სარჩელის მოთხოვნა ე.ი. შესაძლებელი უნდა იყოს სარჩელით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დაკავშირება სარჩელში მითითებულ ფაქტებთან.
18.4. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას, რომ თ.ლ–ის სასარჩელო განცხადება არ შეიცავდა არცერთ მითითებას დისკრიმინაციული მოპყრობის დამადასტურებელი ფაქტების არსებობის შესახებ და განმარტავს, რომ იმ ფაქტების მითითების ვალდებულება, რომლებიც იძლევა დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის ვარაუდს, აგრეთვე მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრის ეტაპზევე მოსარჩელის პროცესუალური ვალდებულებაა.
18.5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის არცერთ გრაფაში მოსარჩელეს წერილობით არ აღუწერია, თუ რაში გამოიხატა მოპასუხის მიერ მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, ვისთან შედარებით და რა ნიშნით განხორციელდა მის მიმართ განსხვავებული მოპყრობა. სარჩელის სრულფასოვნად შედგენის ვალდებულების შეუსრულებლობა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხე მხარე დისციპლინური სამართალწარმოების ეტაპზე არ შედავებია დისკრიმინაციის დასადასტურებლად თ.ლ–ის ახსნა-განმარტებით ბარათში მოხმობილ გარემოებს, არ წარმოადგენს პროცესუალურად წონად არგუმენტს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის ადრესატი არამხოლოდ მოპასუხე, არამედ სასამართლოც არის; დავის არსის სწორად აღქმის, დავის გადასაწვეტად მნიშვნელოვანი სადავო და უდავო გარემოებების დადგენის ქვაკუთხედი სარჩელი და შესაგებელია. უპირველესად, სწორედ მოსარჩელეა ვალდებული, წარადგინოს სრულფასოვანი, ფაქტებზე დაფუძნებული სარჩელი, სწორედ ამის შემდეგ წარმოიშვება მოპასუხის ვალდებულება კვალიფიციურ შედავებაზე. სასამართლო არც უფლებამოსილია და არც ვალდებული, საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები თავად შეკრიბოს მტკიცებულებების შესწავლის გზით, საქმეში მტკიცებულების წარმოდგენის მიზანია დადასტურდეს ან უარყოფილ იქნეს მხარეთა მიერ სარჩელსა და შესაგებელში წერილობით მითითებული გარემოებები. ამრიგად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტების სარჩელში მითითების ვალდებულება მოსარჩელეს არ ჰქონდა, რამეთუ ისინი ისედაც იყო აღწერილი მოსარჩელის მტკიცებულებებში. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ საქმის მთავარ ხდომაზე აღნიშნული ფაქტების ზეპირსიტყვიერი მითითება ეწინააღმდეგება საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველ ნაწილს („მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული“), მოპასუხე ვალდებული არ არის შეედავოს აღნიშნულ ფაქტებს, ხოლო სასამართლო უფლებამოსილი არ არის, საკუთარი გადაწყვეტილება დააყრდნოს მათ. ამრიგად, საკასაციო პალატა ეთანხმება დასკვნას მასზედ, რომ წინამდებარე დავის გადასაწყვეტად არარელევანტურია საკასაციო საჩივრის დარღვევების გრაფის 1-ლ და მე-2 პუნქტებში (ს/ფ 280-282) აღწერილი ფაქტები ამავე ფაქტებზე არასაპატიო მიზეზით, დაგვიანებით და წერილობითი ფორმის დაუცველად მითითების გამო.
19. საკასაციო პრეტენზია მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა დავის საგანს და საქმეში არარსებული მოხსენებითი ბარათების საფუძველზე დაადგინა თ.ლ–ის მიერ სააღმზრდელო ჯგუფებში პერსონალის სისტემატიური ცვლილებისა და დასაქმებულთა უკმაყოფილების ფაქტები, პროცესუალურად უსაფუძვლოა, რამეთუ გასაჩივრებული განჩინების 6.1.6 პუნქტში სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ციტირებს სადავო ბრძანების ტექსტს ისე, რომ არ მიუთითებს ტექსტში მოხმობილი მოვლენების დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიჩნევის შესახებ. მეტიც, სააპელაციო სასამართლოს მიერ ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორის 2020 წლის 15 მაისის №37/ს ბრძანებით თ.ლ–ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა გაერთიანების №40 ფილიალის აღმზრდელის თ. ბ–ძის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში სასწავლო-სააღმზრდელო ჯგუფში აღმზრდელის ნაცვლად აღმზრდელის თანაშემწისა და აღმზრდელის თანაშემწის დამხმარეების შეიყვანა, რომლებიც თავიანთი განათლებით არ შეესაბამებიან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს და არ გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია, იმისთვის რომ სასწავლო სააღმზრდელო პროცესი წარმართონ (გასაჩივრებული განჩინების მე-14 გვერდის მე-3 აბზაცი). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად შემოფარგლა დავის გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონედ 2020 წლის 12-14 თებერვალს N40 ფილიალში აღმზრდელ თ. ბ–ძის ჩანაცვლების მიზნით მომხდარი გარემოებები.
20. უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია მასზედ, რომ სასამართლოს უნდა ეკვლია, 2020 წლის 15 მაისის ბრძანება გამოცემული იყო იმავე საფუძვლებზე დაყრდნობით, რომელსაც ეფუძნებოდა 2020 წლის 05 მარტის ბათილად ცნობილი ბრძანება, თუ წარმოადგენდა ახალი დისციპლინური გადაცდომის შედეგს. დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის გასაჩივრებული ბრძანების გარდა სხვა ბრძანების ფაქტობრივ საფუძვლებს მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას ერთი და იგივე დარღვევისათვის რამდენიმე დისციპლინური სახდელი შეეფარდა. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის აღძვრის მომენტშივე, 2020 წლის 05 მარტის ბრძანება უკვე აღარ არსებობდა გამომცემის ინიციატივით მისი ბათილად ცნობის გამო, შესაბამისად, გაუქმებული იყო ამავე ბრძანებით გამოყენებული სახდელიც, ამდენად, კავშირის დადგენა 2020 წლის 05 მარტისა და 15 მაისის ბრძანებებს შორის, დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის, არარელევანტურია.
21. გაზიარებას არ იმსახურებს კასატორის პრეტენზია მასზედ, რომ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით მოპასუხის მიერ წინამდებარე დავის საწარმოებლად ადვოკატის მომსახურების მიღება წარმოადგენს გაუმართლებელ და კანონსაწინააღმდეგო ხარჯს, რისი ანაზღაურების ვალდებულებაც მოსარჩელეს არ გააჩნია.
21.1. პალატა მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავის განხილვისას სამოქალაქო საქმეთა განმხილველი სასამართლო არ არის სახელმწიფო შესყიდვის მართლზომიერების მონიტორინგისა და კონტროლის ორგანო, ამდენად, სახელმწიფო შესყიდვის წინაპირობებზე, აუცილებლობასა თუ პროცედურულ კანონშესაბამისობაზე მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო ვერ იმსჯელებს, რამეთუ აღნიშნული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე, 221 და 222 მუხლების თანახმად, სხვა ორგანოთა კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება.
21.2. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება“ წინამდებარე დავის მიზნებისათვის, უფლებაუნარიანი, გარიგებაუნარიანი სუბიექტია, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ არის იურიდიული პირის დამფუძნებელი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის თანახმად, გაერთიანებას შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, დავა აწარმოოს დირექტორის წარმომადგენლობით, ორგანიზაციის იურისტის, სხვა თანამშრომლისა თუ დაქირავებული ადვოკატის მეშვეობით, აღნიშნული მხარის საპროცესო სტრატეგიის ნაწილია.
21.3. გაწეული საპროცესო ხარჯის მეორე მხარისათვის დასაკისრებლად სასამართლო ამოწმებს მხოლოდ იმას, რამდენად მტკიცდება აღნიშნული ხარჯის კონკრეტული საქმის წარმოების მიზნით გაწევის ფაქტი; შეესაბამება თუ არა გაწეული ხარჯის შინაარსი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე განსაზღვრულ სასამართლო ან არასასამართლო ხარჯის დეფინიციას და რამდენად გონივრულია გაწეული ხარჯის ოდენობა დავის საგანთან, ხოლო არაქონებრივ დავებში, საქმის სირთულესთან მიმართებით. ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი არასასამართლო ხარჯს წარმოადგენს, რომელიც, დავაში წარმატებული მხარის შუამდგომლობით, გადახდება მეორე მხარეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
21.4. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ“ ადვოკატ ბახვა ღონღაძის მომსახურება მიიღო კონკრეტულად თ.ლ–ის მიერ ინცირებული შრომითი დავის საწარმოებლად, მომსახურების საფასური კი შეადგენს 1000 ლარს. საქალაქო სასამართლომ დავის სირთულისა და მოცულობის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარეს დააკისრა აღნიშნული თანხის დაახლოებით მესამედი ნაწილი - 300 ლარი, რაც სავსებით გონივრული ოდენობაა.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადასაწყვეტად სწორად მოიძია მატერიალური ნორმები და სწორად განმარტა ისინი. საგულისხმოა, რომ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი დაწესებულებაში სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებას აღმზრდელ-პედაგოგის ფუნქციად მიიჩნევს. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალების შინაგანაწესი ფილიალებში აღმზრდელ-პედაგოგის თანამდებობის არსებობის შესახებ მითითებას არ შეიცავს, ხოლო სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ხელმძღვანელობის ფუნქციას აღმზრდელს აკისრებს (შინაგანაწესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი). იმის მიუხედავად, თუ რა იქნება თანამდებობის დასახელება, კანონმდებლის ნებაა, პროფესიულ სტანდარტს დაუქვემდებაროს იმ პირის საქმიანობა, რომელიც ახორციელებს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ამდენად, სრულებით მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ აღმზრდელის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა ზემოაღნიშნული წესდების მე-13 მუხლის მეორე პუნქტის ფარგლებში ფილიალის გამგის კომპეტენცია იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ აღმზრდელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნავდა აღმზრდელ-პედაგოგის სახელმწიფო სტანდარტთან პროფესიულ შესაბამისობაში მყოფ კადრს. საკანონმდებლო მოთხოვნასთან შეუსაბამო პირით აღმზრდელის ჩანაცვლება და აღნიშნულის შესახებ ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორისათვის ინფორმაციის მყისიერად მიუწოდებლობა წარმოადგენს ფილიალის გამგის მხრიდან კომპეტენციის ფარგლების გადამეტებას და შრომითი უფლებამოსილების დარღვევას, უპირველესად იმიტომ, რომ გაერთიანებას ერთმევა შესაძლებლობა, თავად მოიძიოს აღმზრდელის რესურუსი და სამსახურში არმყოფი პირი ჩაანაცვლოს კანონის პროფესიულ მოთხოვნებთან შესაბამისი პირით, ხოლო მეორე მხრივ, იმის გამო, რომ ფილიალი არ არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი და მასში არსებული ატიპიური პრობლემების (პალატა ასეთად განიხილავს სახელმწიფო პროფესიულ სტანდარტს დაქვემდებარებული თანამდებობის პირის ჩანაცლების საკითხს იმავე სტანდარტის შესაბამისი ჩამნაცვლებლის არასებობისას) გადაჭრის მიზნით თანამშრომლის (მათ შორის, გამგის ან მენეჯერის) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სჭირდება ლეგიტიმაცია იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისგან - დირექტორისგან.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, თ.ლ–ს უნდა დაუბრუნდეს 2021 წლის 08 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ლ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. თ.ლ–ს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება №11184522283, გადახდის თარიღი: 08.07.2022წ. გადამხდელის პ/ნ:.....) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი