Facebook Twitter

საქმე №ა-4592-შ-122-2022 31 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ტ–კო

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის №FM-07-170-14 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის №FM-07-170-14 გადაწყვეტილებით ჯ.ტ–კო (მოსარჩელე) და მ.ტ–კო (მოპასუხე) განქორწინდნენ.

2. მ.ტ–კომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბერს ხელმოწერილი ცნობით დასტურდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება ძალაშია 2013 წლის 29 ოქტომბრიდან. ამავე ჩანაწერში მითითებულია, რომ განქორწინების გადაწყვეტილება საბოლოოა.

4. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, მხარეთა თანდასწრებით.

5. შუამდგომლობაზე თანდართული ამერიკის შეერთებული შტატების №36537581 ნატურალიზაციის სერთიფიკატით ირკვევა, რომ მ.ტ–კომ აშშ მოქალაქეობა 2014 წლის 9 მაისს მოიპოვა.

6. საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 12 იანვრის ბრძანებულებით მ.ტ–კოს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით მ.ტ–კოს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დაზუსტებული მოთხოვნა (შუამდგომლობის ავტორი ითხოვს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების მხოლოდ ცნობას თუ აღსრულებასაც და რა ნაწილში).

8. ზემოაღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 22 სექტემბერს.

9. 2022 წლის 28 სექტემბერს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის №FM-07-170-14 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მ.ტ–კოს შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის №FM-07-170-14 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ.ტ–კოს შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის №FM-07-170-14 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობაზე თანდართული ამერიკის შეერთებული შტატების №36537581 ნატურალიზაციის სერთიფიკატით ირკვევა, რომ მ.ტ–კომ აშშ მოქალაქეობა 2014 წლის 9 მაისს მოიპოვა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 12 იანვრის ბრძანებულებით მ.ტ–კოს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. შესაბამისად, ქორწინებისას მ.ტ–კო საქართველოს მოქალაქე იყო.

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

14. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის №FM-07-170-14 გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ.ტ–კო (მოსარჩელე) და მ.ტ–კო (მოპასუხე) განქორწინდნენ ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ტ–კოს შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის №FM-07-170-14 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის №FM-07-170-14 გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ.ტ–კო (მოსარჩელე) და მ.ტ–კო (მოპასუხე) განქორწინდნენ;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

თ. ძიმისტარაშვილი