საქმე №ას-472-2022
26 ივლისი 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კერძო საჩივრის ავტორი - ე.ხ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ფ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ე.ხ–ის სარჩელი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 152-164).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.ხ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა (ს.ფ. 166-176).
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 იანვრის განჩინებით, ე.ხ–ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და 10 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის სასამართლოში წარდგენა (ს.ფ. 194-196).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 იანვრის განჩინება, 2022 წლის 04 თებერვალს ჩაბარდა ე.ხ–ის წარმომადგენელს (იხ. რწმუნებულება ს.ფ. 190) - თ.ხ–ს (ს.ფ. 198).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განჩინებით, ე.ხ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (ს.ფ. 199-202).
6. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე და 63-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ე.ხ–ს 2022 წლის 18 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ადრესატს პირადად - 2022 წლის 4 თებერვალს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, აპელანტ ე.ხ–ს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2022 წლის 14 თებერვლის ჩათვლით უნდა შეევსო, რაც არ განხორციელებულა, ამიტომ, სააპელაციო პალატამ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის გამო, ე.ხ–ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა.
7. 2022 წლის 13 აპრილს, ე.ხ–ის წარმომადგენელმა თ.ხ–მა, თბილისის სააპელაციო პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟი, სასამართლოს მიერ დადგენილ ათდღიან ვადაში გადაიხადა და 2022 წლის 11 თებერვალს, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლოს მისაღებში განთავსებულ სპეციალურ ყუთში მოათავსა. კერძო საჩივრის ავტორი ამტკიცებს, რომ მის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილი დოკუმენტი დაიკარგა და საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში, გაუგებარი მიზეზების გამო არ იძებნება. საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად, კერძო საჩივრის ავტორს წარმოდგენილი აქვს ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით, ხარვეზის შესახებ განჩინება ასლის სახით და პირადი კომპიუტერის ეკრანზე გადაღებული სურათი, სადაც სასამართლოში წარსადგენი განცხადების ელექტრონულად შექმნის დრო, 2022 წლის 10 თებერვლითაა განსაზღვრული (ს.ფ. 205-216).
8. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორი ამტკიცებს, რომ მან ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო, რის გამოც ითხოვს სააპელაციო პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინების გაუქმებას.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ათდღიანი ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
12. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
13. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებით განსაზღვრული მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შედ. სუსგ №ას-1397-2019, 21.11.2019 წ.)
15. როგორც საქმის მასალებით დგინდება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, ე.ხ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა (ს.ფ. 166-176). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 იანვრის განჩინებით, ე.ხ–ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და 10 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის სასამართლოში წარდგენა (ს.ფ. 194-196). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 იანვრის განჩინება, 2022 წლის 04 თებერვალს ჩაბარდა ე.ხ–ის წარმომადგენელს (იხ. რწმუნებულება ს.ფ. 190) - თ.ხ–ს (ს.ფ. 198).
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
17. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის (წარმომადგენლისთვის) 2022 წლის 04 თებერვალს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული ათდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 05 თებერვალს და ამოიწურა 2022 წლის 14 თებერვალს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
18. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ისაა, რომ მისი სააპელაციო საჩივარი სასამართლოს განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი მისთვის განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში - 2022 წლის 11 თებერვალს შეავსო (სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდა), თუმცა სასამართლოში მიტანილი და სპეციალურ ყუთში განთავსებული ხარვეზის შევსების შესახებ დოკუმენტაცია დაიკარგა.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის“ მე-9 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს იურსიციის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის 20 მარტს, შეიმუშავა რეკომენდაცია. ხსენებული რეკომენდაციის პირველი მუხლის "ლ" ქვეპუნქტით, სასამართლოებს დაევალათ უზრუნველეყოთ, სარჩელების (განცხადებებისა) და სხვა დოკუმენტაციის მიღება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით.
20. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ სწორედ ამგვარ სპეციალურ ყუთში მოათავსა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის საჭირო დოკუმენტაცია და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად წარმოდგენილი აქვს ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით, ხარვეზის შესახებ განჩინება ასლის სახით და პირადი კომპიუტერის ეკრანზე გადაღებული სურათი(სქრინი), სადაც მითითებულია სასამართლოში წარსადგენი განცხადების ელექტრონულად შექმნის დრო, 2022 წლის 10 თებერვალი (ს.ფ. 205-216).
21. განსახილველი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძვლიანად გამოკვლევის მიზნებისთვის საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 20 ივლისს, ზეპირი სხდომა გამართა. სხდომის მიმდინარეობისას, კერძო საჩივრის წარმომადგენელმა ვერ გაიხსენა დროის კონკრეტული მონაკვეთი (მიუთითებს, რომ სავარაუდოდ შეიტანდა ნაშუადღევის შემდეგ), თუ როდის მივიდა სააპელაციო სასამართლოში და მოათავსა დოკუმენტაცია სპეციალურ ყუთში.
22. აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა, კერძო საჩივარს დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, დედნის სახით და ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების ასლი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების დედანი არ წარმოადგინა კერძო საჩივართან ერთად, რადგან იგი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განთავსებულ სპეციალურ ყუთში ჰქონდა ჩაგდებული. ამასთან დასძინა, რომ ყველა განცხადების ასლს ინახავს, რამაც შესაძლებლობა მისცა უზენაეს სასამართლოში დოკუმენტის ასლი წარმოედგინა. აღნიშნული ახსნა-განმარტების მიუხედავად, სასამართლოს შეკითხვაზე განცხადების ასლთან ერთად შენახული ჰქონდა თუ არა თანდართული ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლიც, მხარემ უარყოფითი პასუხი გასცა.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეს არ მიუმართავს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსთვის და არ გამოუთხოვია ინფორმაცია სპეციალურ ყუთებთან ვიდეო კამერის არსებობის შესახებ და უშუალოდ სპეციალურ ყუთში გზავნილის მოთავსების დამადასტურებელი ვიდეო-კამერის ჩანაწერები, რის ვალდებულებასაც (მტკიცების ტვირთი) საპროცესო კანონმდებლობა სწორედ მას აკისრებს.
24. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხარე გონივრული მტკიცების ტვირთის სტანდარტით, ვერ ასაბუთებს საკუთარ პოზიციას, მისი ახსნა-განმარტება არ არის თანმიმდევრული და ლოგიკური. ამგვარად, პრეზუმფცია, რომ კოვიდპანდემიის გამო სასამართლოში განთავსებულ სპეციალურ დალუქულ ყუთში მოთავსებული კორესპონდენცია, სათანადოდ მუშავდება და შესაბამის უფლებამოსილ პირს გადაეცემა, გაქარწყლებული არ არის (კოვიდპანდემიის პერიოდში, თბილისის სააპელაციო სასამართლო აწარმოებდა სპეციალური ყუთის ვიდეომონიტორინგს). შესაბამისად, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად საკმარისია არა მხოლოდ მხარის მოქმედება (ბაჟის საბანკო დაწესებულებაში გადახდა), არამედ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისი მოქმედების განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენაც, ხოლო ასეთი მტკიცებულება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარეს 2022 წლის 14 თებერვლამდე არ წარუდგენია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველი მართებულად დარჩა.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
26. წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე.ხ–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ხ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე