Facebook Twitter

საქმე №ას- 141-2021

13 მაისი 2022წ. ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი.უ–ნა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

სააქციო საზოგადოება „ს.რ–ას” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 27 975.86 აშშ დოლარის გადახდა.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1 2018 წლის 14 ნოემბერს, მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ,,ი.უ–ნამ” ,,ს.რ–ას” მიაწოდა 559 519. 22 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი - სატვირთო ვაგონის წყვილთვალები. ხელშეკრულების თანახმად, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ორ ეტაპად. მოსარჩელემ პირველი მიწოდება განახორციელა 45 დღის ვადაგადაცილებით, ხოლო მეორე მიწოდება - 22 დღის ვადაგადაცილებით. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელემ გადააცილა საქონლის მიწოდების შეთანხმებულ ვადას, მყიდველმა დაუკავა პირგასამტეხლო და გადაუხადა შეთანხმებულ ფასზე 27 975.86 აშშ დოლარით ნაკლები. შესაბამისად, შპს „ი.უ–ნამ“ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი საზღაურიდან პირგასამტეხლოს ანგარიშში დაკავებული თანხის 27 975.86 აშშ დოლარის უკან დაბრუნება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი პირგასამტეხლო თვითნებურად დაეკავებინა ნასყიდობის თანხიდან, არამედ მას უნდა მიემართა ბანკისთვის და გამოეყენებინა ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარდგენილი საბანკო გარანტია.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1 მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადების გადაცილების შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისთვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. ამასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდებოდა მას შემდეგ, რაც დარიცხული თანხა მიაღწევდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ს.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

4.1 ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სს „ს.რ–ას“ შპს „ი.უ–ნას“ სასარგებლოდ დაეკისრა 13 987.93 აშშ დოლარის გადახდა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ნოემბრის განჩინებით, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. შპს „ი.უ–ნას“ და სს „ს.რ–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

5.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

5.3 2018 წლის 14 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ი.უ–ნას“ სს „ს.რ–ისათვის“ უნდა მიეწოდებინა 559 519.22 აშშ დოლარის ღირებულების (დღგ-ს გარეშე) საქონელი - სატვირთო ვაგონის წყვილთვალები. მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ორ ეტაპად.

5.4 სს „ს.რ–ამ“ მიიღო ნაყიდი საქონელი და გამყიდველს გადაუხადა შეთანხმებულ ფასზე 27 975.86 აშშ დოლარით ნაკლები. აღნიშნული თანხა სს „ს.რ–ამ“ პირგასამტეხლოს სახით დაიტოვა;

5.5 მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ი.უ–ნამ“ სს „ს.რ–ას“ ნასყიდობის საგანი ორ ნაწილად მიაწოდა. მოსარჩელემ პირველი მიწოდება განახორციელა 45 დღის ვადაგადაცილებით, ხოლო მეორე მიწოდება - 22 დღის ვადაგადაცილებით.

5.6 ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადების გადაცილების შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისთვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. ამასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდებოდა მას შემდეგ, რაც დარიცხული თანხა მიაღწევდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ს.

5.7 პალატამ აღნიშნა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტობრივი გარემოებები. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა.

5.8 თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, ვინაიდან სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას შეაფასებს მხოლოდ სამართლებრივი კუთხით, კერძოდ, თუ რამდენად არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.

5.9 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა შემცირებულიყო, რადგან ეს უკანასკნელი მხარეებმა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეათანხმეს. სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი, შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

5.10 სააპელაციო პალატამ, აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

5.11 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, ხოლო პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

5.12 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა პირგასამტეხლოს არსი და მართებულად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით მიიჩნია უსაფუძვლოდ და არ გაიზიარა.

5.13 თბილისის სააპელაციო საასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.რ–ამ“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1 კასატორის მტკიცებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიცავდა სპეციფიკურ პირობებს, კერძოდ, ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ვადების გადაცდენის შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, ვადების დარღვევით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კასატორი აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ შეამცირეს მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით შპს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ზემოაღნიშნული მუხლის არცერთი ჩამოთვლილი საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

11. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და სასამართლოს უფლება არ აქვს გასცდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების კანონიერება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

15. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-535-2021 29.10.21წ).

16. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი).

17. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს „ს.რ–ამ“ მიიღო ნაყიდი საქონელი და გამყიდველს გადაუხადა შეთანხმებულ ფასზე 27 975.86 აშშ დოლარით ნაკლები. აღნიშნული თანხა სს „ს.რ–ამ“ პირგასამტეხლოს სახით დაიტოვა. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ი.უ–ნამ“ სს „ს.რ–ას“ ნასყიდობის საგანი ორ ნაწილად მიაწოდა. მოსარჩელემ პირველი მიწოდება განახორციელა 45 დღის ვადაგადაცილებით, ხოლო მეორე მიწოდება - 22 დღის ვადაგადაცილებით. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება და არც კასატორი მიუთითებს იმგვარ ფაქტებზე, რომელიც მის ქონებრივ დანაკლისს დაამტკიცებდა, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი და არც მიუღებელი შემოსავალი, ასეთ ვითარებაში კი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი (შემცირებული) პირგასამტეხლოს ოდენობა (13 987.93 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში) სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება მოპასუხის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის (13 987.93 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში) თაობაზე და მიაჩნია, რომ კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, ვალდებულების დარღვევის შინაარსის, შეუსრულებელი ვალდებულების მთლიან სახელშეკრულებო ვალდებულების მოცულობასთან თანაფარდობის, მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებებისადმი დამოკიდებულების და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ადეკვატური და გონივრულია.

19. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას - დამრღვევ მხარეს უპირობოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო არა ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან, არამედ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, კერძოდ, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ: Nას-971-2019, 28.10.2019; Nას-581-2019, 31.07.2019; Nას-164-160-2016, 28.07.2016).

20. საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

23. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი.

2. კასატორ სს „ს.რ–ას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით სს „ს.რ–ის“ მიერ 2022 წლის 13 იანვარს №45195 საგადახდო დავალებით გადახდილი 2 159,40 ლარის 70% - 1511,58 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ამირან ძაბუნიძე