Facebook Twitter

საქმე №ა-2550-შ-61-2021 18 ოქტომბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია,

ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

თარჯიმანი - თ.ც–ი

შუამდგომლობის ავტორი – შ.პ.ს. „კ-პ.“

მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური მეწარმე ვ.დ.

სააღსრულებო წარწერები (სააღსრულებო ფურცლები), რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 09.08.2018 წელს გაცემული №1-685 სააღსრულებო წარწერა და 27.09.2018 წელს გაცემული №2-27 სააღსრულებო წარწერა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის ნოტარიუსის სააღსრულებო წარწერის (სააღსრულებო ფურცლის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 09.08.2018 წელს გაცემული №1-685 სააღსრულებო წარწერის მიხედვით, ინდივიდუალურ მეწარმე ვ.დ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოწინააღმდეგე მხარე") შ.პ.ს. „კ-პ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "შუამდგომლობის ავტორი") სასარგებლოდ 10.07.2017 წლის N7/А-2ПК იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე 07.08.2018 წლის მდგომარეობით დაეკისრა 26.12.2017 წლიდან 31.05.2018 წლამდე წარმოშობილი დავალიანების 24 723 რუბლისა და 40 კაპიკის, ასევე სამართლებრივი და ტექნიკური ხასიათის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 36 რუბლისა და 75 კაპიკის გადახდა. ასევე, ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 27.09.2018 წელს გაცემული №2-27 სააღსრულებო წარწერის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ 10.07.2017 წლის N7/А-2ПК იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე 07.08.2018 წლის მდგომარეობით დაეკისრა 01.03.2018 წლიდან 31.05.2018 წლამდე წარმოშობილი კომუნალური დავალიანების 295 რუბლისა და 98 კაპიკის, ასევე სამართლებრივი და ტექნიკური ხასიათის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 14 რუბლისა და 80 კაპიკის გადახდა.

2. ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 22.01.2021წ. განჩინებით აღდგენილ იქნა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 09.08.2018 წელს გაცემული №1-685 სააღსრულებო წარწერის აღსასრულებლად წარდგენის ვადა; ამავე სასამართლოს 18.03.2021წ. განჩინებით კი აღდგენილ იქნა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 27.09.2018 წელს გაცემული №2-27 სააღსრულებო წარწერის აღსასრულებლად წარდგენის ვადა. განჩინებები კანონიერ ძალაშია შესული.

3. შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო წარწერების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული სააღსრულებო წარწერები ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები კანონით დადგენილი წესით გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობაში მითითებულ მისამართზე და მასვე ჩაჰბარდა. მან შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება, რომლითაც მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ხელმძღვანელობს "სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში "კონვენცია"). კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები.

7. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს, მათ შორის, სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიულ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით (კონვენციაში შემდგომ მოხსენიებული, როგორც "გადაწყვეტილებები").

8. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

9. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

10. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 09.08.2018 წელს გაცემული №1-685 და 27.09.2018 წელს გაცემული №2-27 სააღსრულებო წარწერების ცნობას და აღსასრულებლად მიქცევას. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთ მითითებული სააღსრულებო წარწერები ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

11. ნოტარიუსის მიერ ფულად ვალდებულებებზე სააღსრულებო ფურცლების უდავო წესით გაცემის თავისებურების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მათ ცნობასა და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის კონვენციის 55-ე მუხლში გათვალისწინებული რაიმე საფუძველი.

12. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას. საკასაციო პალატის მსჯელობა შესაბამისობაშია ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით ნოტარიული აქტების ცნობა-აღსრულების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან (სუსგ №ა-2251-შ-49-2021, 24.09.2021წ., №ა-1540-შ-46-2022, 30.06.2022წ., №ა-4724-შ-114-2020, 12.03.2021წ., №ა-2432-შ-65-2017, 17.11.2017წ.).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენციის 51-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.პ.ს. „კ-პ–ს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 09.08.2018 წელს გაცემული №1-685 სააღსრულებო წარწერა, რომლითაც ინდივიდუალურ მეწარმე ვ.დ–ს შ.პ.ს. „კ-პ–ს“ სასარგებლოდ 10.07.2017 წლის იჯარის ხელშეკრულების N7/А-2ПК საფუძველზე 07.08.2018 წლის მდგომარეობით დაეკისრა 26.12.2017 წლიდან 31.05.2018 წლამდე წარმოშობილი დავალიანების 24 723 (ოცდაოთხი ათას შვიდას ოცდასამი) რუბლისა და 40 (ორმოცი) კაპიკის, ასევე სამართლებრივი და ტექნიკური ხასიათის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 36 (ოცდათექვსმეტი) რუბლისა და 75 (სამოცდათხუთმეტი) კაპიკის გადახდა.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 27.09.2018 წელს გაცემული №2-27 სააღსრულებო წარწერა, რომლითაც ინდივიდუალურ მეწარმე ვ.დ.ს შ.პ.ს. „კ-პ–ს“ სასარგებლოდ 10.07.2017 წლის იჯარის ხელშეკრულების N7/А-2ПК საფუძველზე 07.08.2018 წლის მდგომარეობით დაეკისრა 01.03.2018 წლიდან 31.05.2018 წლამდე წარმოშობილი კომუნალური დავალიანების 295 (ორას ოთხმოცდათხუთმეტი) რუბლისა და 98 (ოთხმოცდათვრამეტი) კაპიკის, ასევე სამართლებრივი და ტექნიკური ხასიათის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 14 (თოთხმეტი) რუბლისა და 80 (ოთხმოცი) კაპიკის გადახდა.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

ლაშა ქოჩიაშვილი