Facebook Twitter

საქმე №ა-1676-ა-5-2022 31 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებლები – გ. წ-ის კანონისმიერი მემკვიდრეები - ა. ხ-ძე, ლ. ა-ლი, ვ. და მ. მ-ბი, თ. და ნ. ბ-ები, დ, გ. და ე. წ-ები

მოწინააღმდეგე მხარეები – ქ. ს-ლი, ვ. ს-ლი, თ. დ-ლი (მოსარჩელეები), გ. წ-ის უფლებამონაცვლე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხე - გ. ს-ლი

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინება

განმცხადებლების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. ს-მა, ვ. ს-მა და თ. დ-მა (შემდგომში - „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ. წ-სა (შემდგომში - „მოპასუხე“) და გ. ს-ის მიმართ მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. გ. ს-ლს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით გ. წ-ის (პირადი ნომერი ------) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

8. ამავე სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით გ. წ-ის უფლებამონაცვლის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინებით გ. წ-ის უფლებამონაცვლის – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

10. გ. წ-რის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა თ. და ნ. ბ-მა, დ, გ. და ე. წ-მა, ა. ხ-ემ, ლ. ა-მა, ვ. და მ. მ-მა საკასაციო სასამართლოს მომართეს განცხადებებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

11. განმცხადებლებმა მიუთითეს გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის შემდეგ საფუძვლებზე: ა) თ.ა და ნ. ბ-მა, დ, გ. და ე. წ-მა, ა. ხ-ემ, ლ. ა-მა, ვ. და მ. მ-მა, როგორც გ. წ-ის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა, სამკვიდროს გახსნიდან კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში მიმართეს ნოტარიუს მ. მ-ლს სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით; ბ) ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობებით მიიღეს გ. წ-ის სამკვიდროს ნაწილი; გ) განმცხადებლებს უშუალოდ ეხებათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინება და ისინი უნდა ყოფილიყვნენ მოწვეულები საქმის განხილვისას.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის და ამავე სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის და 20 სექტემბრის განჩინებებით გ. წ-ის კანონისმიერი მემკვიდრეების თ. და ნ. ბ-ის, დ, გ. და ე. წ-ის, ა. ხ-ის, ლ. ა-ის, ვ. და მ. მ-ის განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა წარმოდგენილი განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და მიიჩნევს, რომ განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

15. მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საქმის წარმოების განახლება არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

7. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლები მოითხოვენ საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 13 მაისის განჩინების ბათილად ცნობას და საქმის წარმოების განახლებას სსსკ-ის 422.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

16. მოცემულ შემთხვევაში, გ. წ-ის კანონისმიერი მემკვიდრეების - ა. ხ-ის, ლ. ა-ის, ვ. და მ. მ-ის, თ. და ნ. ბ-ის, დ, გ. და ე. წ-ის განცხადებების ძირითადი დასაბუთება იმაში მდგომარეობს, რომ მათ, როგორც გ. წ-ის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა, სამკვიდროს გახსნიდან კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში მიმართეს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით და მიიღეს გ. წ-ის სამკვიდროს ნაწილი. შესაბამისად, განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ მათ, როგორც გ. წ-ის კანონისმიერ მემკვიდრეებს, უშუალოდ ეხებათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინება და ისინი უნდა ყოფილიყვნენ მოწვეულები საქმის განხილვისას.

17. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლზე, რომლის თანახმად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო, ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებელმა განსაზღვრა შემდეგი: სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

18. საქმის მასალებში წარმოდგენილი ნოტარიუს მ. მ-ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობებით დასტურდება, რომ განმცხადებლებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანამდე, სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილ ვადაში მიმართეს ნოტარიუსს და როგორც კანონისმიერმა მემკვიდრეებმა მიიღეს გ. წ-ის სამკვიდრო (იხ: ტ. 4., ს.ფ. 21-23, 90-95, 136-144). შესაბამისად, განმცხადებლები წარმოადგენენ სსსკ-ის 422.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს.

19. სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით.

20. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. -ის კანონისმიერი მემკვიდრეების - ა. ხ-ის, ლ. ა-ის, ვ. და მ. მ-ის, თ. და ნ. ბ-ის, დ, გ. და ე. წ-ის განცხადებები საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 430-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. წ-ის კანონისმიერი მემკვიდრეების - ა. ხ-ის, ლ. ა-ის, ვ. და მ. მ-ის, თ. და ნ. ბ-ის, დ, გ. და ე. წ-ის განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი