Facebook Twitter

საქმე №ას-505-2020 21 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ვ.ბ.ჯ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ა–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.04.2020 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.08.2019 წლის გადაწყვეტილებით ზ.ა–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი სს „ვ.ბ.ჯ–ას“ ((საფირმო სახელწოდების ცვლილებამდე - სს „გ.ქ.ბ–ი“) შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „ბანკი“) მიმართ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჯარო რეესტრში 8820120... ნომრით რეგისტრირებული მოპასუხის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ფოთი, ....., საკადასტრო კოდი: ....., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობი: 435 კვ.მ, შენობა-ნაგებობა №1, განაშენიანების ფართი: 87,1 კვ.მ, №2 განაშენიანების ფართი: 17,6 კვ.მ, №3 განაშენიანების ფართი: 2,6 კვ.მ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ნივთი“), და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობილ იქნა მოსარჩელე. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. 26.04.2004 წლის იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით: იპოთეკარსა და კ.კ–ს (შემდეგში „მსესხებელი“) შორის 26.04.2004 წელს გაფორმებული №02-014 მიკროსაკრედიტო ხაზის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ნივთი, სალიკვიდაციო ღირებულებით - 4000 აშშ დოლარი. იპოთეკის საგანი წარმოადგენს მესაკუთრის საკუთრებას, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი 040400642, თარიღი: 23.04.04. იპოთეკის საგანი მხარეთა მიერ შეფასებულია 4000 აშშ დოლარად, 7960 ლარი (კურსი 1,99). ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, სარგებელი შეადგენს წლიურ 24%-36%-ს, შესრულება განისაზღვრება 22 თვის ვადით.

1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 11.08.2010 წლის №09/10-50 განკარგულების შესაბამისად, ვინაიდან 26.07.2010 წელს დანიშნულ განმეორებით იძულებით აუქციონზე არ მოხდა სადავო უძრავი ნივთის რეალიზაცია, კრედიტორის კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით მოითხოვა ნივთის ნატურით გადაცემა და გახდა მესაკუთრე. მან ნივთის ნატურით გადაცემისთვის გადაიხადა 264,80 ლარი.

1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 10.07.2017 წლის №4100 წერილის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №045041214012 საქმეზე, აღმასრულებლის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

1.4. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებლის 25.05.2018 წლის წერილის შესაბამისად, სააღსრულებო საქმე, სადაც კრედიტორს წარმოადგენს მოპასუხე, ხოლო მოვალეს მოსარჩელე და სხვები, სააღსრულებო საქმის წარმოების მასალები გადაგზავნილია ქ. ფოთის რაიონულ პროკურატურაში.

1.5. შპს აუდიტორული ფირმა „გ.ა–ის“ 24.10.2018 წლის დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნის მიხედვით, სადავო უძრავი ნივთის საწყის საბაზრო ღირებულად შეიძლება მიღებულ იქნას 20 000 ლარი.

1.6. 12.12.2018 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე არის მოპასუხე.

1.7. მოპასუხის მონაცემებით, მსესხებლის გადახდის ისტორიით, №5838006502 ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ნათლად ჩანს, რომ სესხი გაიცა 24.06.2005 წელს 8000 აშშ დოლარით და ის სრულად დაიფარა, მოპასუხემ მიიღო შესრულება. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ თავის საკუთრებად დაირეგისტრირა სადავო უძრავი ნივთი, რომელიც ნატურით ჩაითვალა.

1.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანია უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. უძრავი ქონებისა და ფულადი მასის ბანკის საკუთრებად მიქცევა, სწორედ რომ სამართლებრივად უსაფუძვლო და უკანონო გამდიდრების რეჟიმში განხორციელდა. მოპასუხეს, ფაქტობრივად, სადავო უძრავი ნივთით არ უსარგებლია, იქ კვლავ ცხოვრობს თავდაპირველი (ყოფილი) მესაკუთრე, ანუ ნივთი ობიექტურად არსებობს, რის გამოც შესაძლებელია მისი დაბრუნება.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით -სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.04.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითა შემდეგი:

3.1. 26.04.2004 წელს მოსარჩელესა და ბანკს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით, 26.04.2004 წელს გაფორმებული №02-014 მიკროსაკრედიტო ხაზისა და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ნივთი.

3.2. მსესხებელმა დაარღვია თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც ბანკმა სარჩელით მიმართა სასამართლოს. ფოთის საქალაქო სასამართლოს 05.07.2006 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მსესხებელს ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა 8588,68 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსით. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა - კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველყოფის მიზნით მოხდეს მსესხებლის კუთვნილი მიკროავტობუსის „ფორდ-ტრანზიტის“ (გამოშვებული 1993 წელს, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AE N0053458, გაცემული სპ მთავარი სამმართველოს მიერ 19.04.2004 წელს, სარეგისტრაციო ნომერი ACA .., ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი .....), საოჯახო ნივთების - ტელევიზორის, ვიდეომაგნიტოფონის, საძინებლის, მაღაზიის ინვენტარის სამი მაცივრის რეალიზაცია და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული სადავო უძრავი ნივთის რეალიზაცია. ფოთის საქალაქო სასამართლოს 05.07.2006 წლის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მისი აღსრულების მიზნით დაიწყო იძულებითი აღსრულება.

3.3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 05.07.2006 წლის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის - 8588,68 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით, მსესხებელმა 15.05.2007 წლიდან ბანკის წინაშე განახორციელა გარკვეული გადახდები. კერძოდ, 15.05.2007 წლიდან 27.07.2010 წლის ჩათვლით მსესხებელმა მოპასუხეს გადაუხადა 8813,60 აშშ დოლარი (მათ შორის - 2007 წლის 15 მაისს - 4703,60 აშშ დოლარი; 2008 წლის 12 მარტს - 1500 აშშ დოლარი; 2008 წლის 31 მარტს - 1600 აშშ დოლარი; 2009 წლის 06 ნოემბერს - 200 აშშ დოლარი; 2010 წლის 12 ივლისს - 350 აშშ დოლარი, ხოლო 2010 წლის 27 ივლისს - 460 აშშ დოლარი, - ჯამში 8813,60 აშშ დოლარი).

3.4. 15.05.2007 წლიდან 27.07.2010 წლის ჩათვლით მსესხებლის მიერ მოპასუხისთვის 8813.60 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი დასტურდება მოპასუხის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტით - გადახდების ისტორიით, რომელიც მოიცავს 24.06.2005 წლიდან 29.09.2010 წლის ჩათვლით პერიოდში მსესხებლის მიერ სესხის თანხის გადახდის (დავალიანების დაფარვის) შესახებ ინფორმაციას. სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი - გადახდების ისტორია არ ასახავს მსესხებლის მიერ რეალურად გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციას.

3.5. საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს მოპასუხის მიერ მითითებულ იმ გარემოებას, რომ 15.05.2007 წლის მდგომარეობით, მსესხებელს 4703.60 აშშ დოლარი ბანკის სასარგებლოდ სრულად არ გადაუხდია და ეს მონაცემი (4703.60 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი) ბანკის მიერ ფიქსირებული იქნა მსესხებლის დავალიანების ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხეს ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ აქვს.

3.6. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 27.07.2010 წლიდან მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა მსესხებლის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების სრულად შესრულებით.

3.7. დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 11.08.2010 წელს მიღებული იქნა №09/10-59 განკარგულება და იმის გამო, რომ 26.07.2010 წელს დანიშნულ განმეორებით იძულებით აუქციონზე არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, კრედიტორს (მოპასუხეს) ნატურით გადაეცა იპოთეკის საგანი და იგი გახდა მისი მესაკუთრე.

3.8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, რადგან 27.07.2010 წლის მდგომარეობით მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილი იყო კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, 11.08.2010 წელს მოპასუხეს სადავო უძრავი ნივთი გადაეცა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

3.9. დადგენილია, რომ აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე, მოპასუხემ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა 10.09.2010 წელს. საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი გადახდის ქვითრით, ასევე სესხის გადახდის ისტორიით დადგენილია, რომ 29.09.2010 წელს მსესხებელმა მოპასუხის ანგარიშზე, იმავე სესხის ფარგლებში, კვლავ ჩარიცხა 1478,68 აშშ დოლარი, რაც მოპასუხეს მსესხებლისათვის არ დაუბრუნებია.

3.10. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვალდებულების გარეშე შესრულების განხორციელების შემთხვევაში, იქმნება შესრულების კონდიქციის სამართლებრივი მდგომარეობა - კრედიტორს წარმოეშვება უფლება მოითხოვოს განხორციელებული შესრულების შედეგად გადაცემულის უკან დაბრუნება უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი საფუძვლით. არანამდვილი გარიგების საფუძველზე, მიმღებმა საგანი უნდა დაუბრუნოს გამცემს შესრულების კონდიქციით. კონდიქცია წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს, რომელიც ემსახურება ქონების უსაფუძვლო მოძრაობის უკუქცევას. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 27.07.2010 წლის მდგომარეობით, მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილი იყო კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, შესაბამისად, 11.08.2010 წელს მოპასუხეს იპოთეკით დატვირთული სადავო უძრავი ნივთი საკუთრებაში გადაეცა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავი ქონების მოსარჩელისთვის (ყოფილი მესაკუთრისათვის) უკან დაბრუნების საფუძველია.

3.11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა და მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეში არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით) გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რადგან არ არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. პალატის მითითებით, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად ვერ განიხილება ფოთის საქალაქო სასამართლოს 18.01.2011 წლის განჩინება (მოსარჩელის სარჩელის დაუშვებლობის გამო ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ) №3/87 ადმინისტრაციულ საქმეზე, რომლის ფარგლებშიც, მოცემული სამოქალაქო სარჩელისაგან განსხვავებით, დავის საგანს ადმინისტრაციული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის - სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 11.08.2010 წლის №09/0-59 განკარგულების ბათილად ცნობა წარმოადგენდა.

3.12. პალატამ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო მოპასუხის მტკიცება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთნ დაკავშირებითაც. უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე არსებული მოთხოვნის მიმართ, სსკ-ით სპეციალური ხანდაზმულობის ვადები გათვალისწინებული არ არის. ამდენად, ამ სახის ურთიერთობების ფარგლებში მასზე უნდა გავრცელდეს სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა 10 წელია. დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მოპასუხისთვის ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება სააღსრულებო ბიურომ გამოსცა 11.08.2010 წელს, იმავე წლის 9 სექტემბერს უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ბანკის საკუთრებად. მოსარჩელემ ფოთის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა 10.01.2019 წელს, სსკ-ის 128.3 მუხლით დადგენილი 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე, რის გამოც სარჩელი ხანდაზმული არ არის.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ მსესხებლის გადახდების ისტორიის საფუძველზე დადგენილია და კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია მასზე, რომ 27.07.2010 წლის მდგომარეობით მსესხებელსა და ბანკს შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილი იყო კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (იხ. ტ.2, ს.ფ. 59-60).

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

10. სსკ-ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. აქცესორულობა, როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი, ქმნის კავშირს უზრუნველყოფილ მოთხოვნასა და პასუხისმგებლობის ობიექტს შორის და მისი დანიშნულებაა, განსაზღვროს პასუხისმგებლობის მოცულობა და ხანგრძლივობა (თოთლაძე ლევან, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბილისი, 2018, მუხლი 153, ველი 2.). იპოთეკის აქცესორული ბუნება მოცემულია სსკ-ის 288-ე და 295-ე მუხლებში, რომელთა თანახმადაც, იპოთეკის წარმოშობა, გადაცემა და შეწყვეტა დამოკიდებულია ძირითადი მოთხოვნის არსებობაზე (თოთლაძე ლევან, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბილისი, 2018, მუხლი 153, ველი 4).

11. შესაბამისად, სასესხო ვალდებულების შეწყვეტის გამო 11.08.2010 წელს სადავო უძრავი ნივთი, როგორც იპოთეკით დატვირთული ქონება, მოპასუხეს გადაეცა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ანუ მოსარჩელის ხარჯზე მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რაც სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სადავო უძრავი ნივთის უკან მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

12. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის გამოკვეთილი უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე (ქონებრივი სიკეთის გადანაცვლება) და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (სუსგ №ას-360-342-2015, 03.06.2015წ; №ას-225-215-2016, 25.05.2016წ; №ას-390-390-2018, 15.05.2018წ; №ას-822-822-2018, 13.05.2019წ; №ას-64-2019, 05.03.2021წ.).

13. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების არსებობის თაობაზე (ფოთის საქალაქო სასამართლოს 18.01.2011 წლის განჩინება (მოსარჩელის სარჩელის დაუშვებლობის გამო ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ) №3/87 ადმინისტრაციულ საქმეზე), საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ან განჩინების არსებობა იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, თუ გადაწყვეტილება/განჩინება გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 1000 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 700 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ვ.ბ.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. სს „ვ.ბ.ჯ–ას“ (ს/კ .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 000 ლარის (საგადახდო დავალება №27, გადახდის თარიღი 30.07.2020წ.) 70% – 700 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია