Facebook Twitter

საქმე №ას-651-2022 21 ოქტომბერი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ. ბ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ-ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) სარჩელი დაკმაყოფილდა.

1.1.გ. ბ-ის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, რომლის მისამართია - ქ. ბათუმი, ------ ქ. N---, ს/კოდი N------და გამოთავისუფლებული გადაეცა მესაკუთრეს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა :

3.1. უძრავი ქონება, რომლის მისამართია - ქ. ბათუმი, ----- ქ. N---, ს/კოდი N-----, მოსარჩელეს ეკუთვნის.

3.2. საჯარო რეესტრის მონაცემებით, სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლებას საფუძვლად 2017 წლის 20 სექტემბრის N----------განკარგულება დაედო.

3.3. მოპასუხე სადავო ბინას ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მოსარჩელეს/მესაკუთრეს ნივთით სარგებლობის უფლება ეზღუდება.

4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის შესაბამისად „მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.

5. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, რომ სადავო ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. ეს ნიშნავს, რომ ნივთი სწორედ მას ეკუთვნის.

6. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება. შესაბამისად, იგი უკანონოდ ფლობს უძრავ ქონებას. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია, სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს ნივთი.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1 მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად გამოაქვს დასკვნა, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

11. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გამოიკვლია განსახილველ დავაში სათანადო მოპასუხის საკითხი, რამდენადაც საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხის მფლობელობას დაადასტურებს; შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და მართებულად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებზე (იხ. სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი): ა) მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან: ბ) მოპასუხე სადავო ბინას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს.

13. საკასაციო სასამართლო საპროცესო სამართლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

14. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

15. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, „ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას, 170-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, „მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისულად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას „ ხოლო 172-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“

16. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს მოსარჩელის მოთხოვნის გასაბათილებლად, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას (იხ. სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები) ემყარებოდა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია დასაბუთებული შედავება და სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომლითაც ან გამოირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ან დადგინდებოდა კასატორის უკეთესი უფლება იმავე ნივთზე, რაც შეზღუდავდა მესაკუთრის უფლებას სადავო ქონებასთან მიმართებით, კასატორმა ვერ მიუთითა ისეთ გარიგებისმიერ ან კანონისმიერ საფუძვლებზე (იხ. სსკ-ის 162-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც სადავო საგნის მართლზომიერ მფლობელად ჩაითვლებოდა.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მხარის ვალდებულება, მისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები. მხარის დასაბუთებული პრეტენზიის არსებობა სასამართლოს წარმოუშობს ვალდებულებას, დადგენილი გარემოებების სისწორე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლივად შეაფასოს სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ Nას-1903-2018, 22.11.2019წ). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხემ (კასატორმა), სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და სასამართლოს ვერ დაუდასტურა უძრავ ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

18. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მოპასუხე არ ფლობს სადავო უძრავ ქონებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ნივთის ფლობის ფაქტი სადავო არ ყოფილა და მხოლოდ საკასაციო სამართალწარმოების განხილვის ეტაპზე განაცხადა, რაც ზემოხსენებული ნორმის დათქმას ეწინააღმდეგება. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ თუნდაც გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესი, ადასტურებს კასატორის მიერ სადავო უძრავი ნივთის ფლობის ფაქტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალწარმოების შედეგით ვერ იქნება დაინტერესებული, რამდენადაც გადაწყვეტილება მის მიმართ ვერ აღსრულდება (შდრ. სუსგ. Nას-541-2020, 25.05.2021წ). ამდენად, კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა და არ არის გაზიარებული.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ. ბ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი -----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ. ფ-ის (პ/ნ -----) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება N------, გადახდის თარიღი 2022 წლის 15 აგვისტო), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე