Facebook Twitter

17 ივნისი, 2020 წელი,

საქმე №ას-1626-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს "კ.მ–ი" (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით )

წარმომადგენელი - ე.ი–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით)

წარმომადგენელი - დ.ბ–ძე; შ.ნ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კ.მ–სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შპს, მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე ან კასატორი) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ს–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე ან აპელანტი) შორის 2014 წლის 1 იანვარს დაიდო წერილობითი შეთანხმება რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა კომპანია „პ–თან“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გამყიდველი) 2010 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ შესყიდული ელექტროსაქონლის საქართველოში გადაზიდვის ვალდებულება. გადაზიდვის პირობა - FCA (ინკოტერმს 2000), ხოლო ტვირთის ღირებულება 273 348,13 აშშ დოლარი იყო.

2. მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირება დაავალა უკრაინულ კომპანია „კ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გადამზიდველი). კერძოდ, ამ უკანასკნელს უნდა მიეღო ტვირთი - გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში, კომპანია „პ–ის“ კონტრაქტორი ორგანიზაციისგან „E.W.D.G.“ და ავტომანქანით (სანომრე ნიშანი ....; მისაბმელის ნომერი ....) საერთაშორისო ზედდებულის საფუძველზე გადაეზიდა საქართველოში.

3. 2014 წლის 28 აპრილს „E.W.D.G.-ის“ წარმომადგენელმა გამყიდველს აცნობა, რომ ტვირთის გადასაზიდად მისული და მათთვის ცნობილი ავტომანქანის მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. მან მძღოლისა და ავტომანქანის მონაცემები და ფოტოსურათები გაუგზავნა მოსარჩელეს, ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, გადამოწმებისა და დადასტურების მიზნით გაუგზავნა მოპასუხეს, და მოსთხოვა მათი იგივეობის დადასტურება, რაზეც მიიღო პასუხი, რომ გადამოწმდა და სისწორე დადასტურდა. თავის მხრივ, მოსარჩელემ გამყიდველს დაუდასტურა ავტომანქანისა და მძღოლის მონაცემების თანხვდენილობა.

4. 2014 წლის 28 აპრილს საქონელი ავტომანქანაში ჩაიტვირთა, ტვირთის მიღების დოკუმენტზე მძღოლის მიერ ხელმოწერა შესრულდა გვარით - „გ–ი“. გადამზიდველმა ტვირთი დანიშნულების ადგილას არ ჩაიტანა. მოპასუხემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ჰამბურგის პოლიციის განყოფილებაში დაუყოვნებლივ განაცხადა ტვირთის დაკარგვის შესახებ და დახმარებისთვის მიმართა ინტერპოლს. შედეგად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ჰამბურგის პოლიციის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება, რა დროსაც დადგინდა, რომ ტვირთი გამომგზავნი („პ–ი“) კომპანიის საწყობის ტერიტორიის გარეთ დაიკარგა. იმის გამო, რომ ტვირთის ადგილსამყოფელის დროული აღმოჩენა ვერ ხერხდებოდა, 2014 წლის 2 ივნისს მხარეებს შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება, კერძოდ, ისინი შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე მოსარჩელეს ტვირთის ღირებულებას, 273 348,13 აშშ დოლარს, 22 თვის განმავლობაში, 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით აუნაზღაურებდა. მხარეებმა დაადასტურეს, რომ გადახდის ფაქტი, არ გულისხმობდა ბრალის აღიარებას. ამავე შეთანხმებით, მოსარჩელემ მოპასუხეს მიანიჭა ამ ფაქტთან დაკავშირებით ნებისმიერი პირის წინაააღმდეგ დავის წარმოების უპირობო უფლება.

5. მოგვიანებით, 2015 წლის 29 იანვარს მხარეებს შორის დაიდო „მინდობილობით“ დასათაურებული წერილობითი შეთანხმება, რომლითაც მოსარჩელემ შეკვეთილი და შესყიდული საქონლის დაკარგვასთან დაკავშირებით, მოპასუხეს მიანიჭა მის ნაცვლად, საკუთარი სახელითა და საკუთარ ანგარიშზე ნებისმიერი პირის წინააღმდეგ დავის წარმართვისა და სხვა უფლებამოსილების განხორციელების შესახებ უპირობო უფლებამოსილება 2015 წლის 27 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე.

6. 2015 წლის 27 აგვისტოს მოსარჩელემ გამყიდველს აცნობა, რომ 2014 წელს სატვირთო ავტომობილის დაყაჩაღებასთან დაკავშირებით, მის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა.

7. 2015 წლის 5 მარტს მოპასუხის წარმომადგენელმა იმაზე მითითებით, რომ მოქმედებდა მოსარჩელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კომპანია „პ–ს“, 2014 წლის 28 აპრილს ტვირთის დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით, საკონტრაქტო ვალდებულების შესრულება - მოსარჩელისათვის საქონლის მიწოდება მოსთხოვა. კომპანიის 2015 წლის 1 სექტემბრის საპასუხო წერილის მიხედვით, ტერიტორიის გარეთ არსებული შემთხვევის გამო, მოსარჩელესაც არ ჰქონდა პრეტენზია მათ მიმართ, შესაბამისად, უარყოფდა მოთხოვნას.

8. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ 2016 წლის 16 მარტს სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების, პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე და წარდგენილი შეგებებული სარჩელით ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილი კანონისმიერი ვალდებულების შესრულება მოითხოვა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეგებებულ მოპასუხეს 136 606, 85 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ; შეგებებული სარჩელი 6 389,48 ევროს მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“ კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში, სსკ-ის 8.3, 115-ე, 316.1, 317.1, 319.1, 327.1.2, 328-ე, 352-ე, 354-ე, 355-ე, 361-ე, 394-ე, 405-ე, 407-ე, 408-ე, 410-ე, 411-ე, 417-ე და 418-ე მუხლები გამოიყენა.

10. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა 136 741, 28 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და პირგასამტეხლოს - 30 640 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხეს დაეკისრა 2015 წლის 28 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლო - დღეში 136, 7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; ზიანის - 137 927,04 აშშ დოლარის წლიური 11%-ის დაკისრების თაობაზე სარჩელი უარყოფილ იქნა; 136 606,85 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის თაობაზე შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11.1. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან შეთანხმების დარღვევა და, შესაბამისად, მოპასუხისათვის ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერი საფუძვლები არ ვლინდებოდა და არც 2015 წლის 27 აგვისტოს წერილი არ იყო მოთხოვნის დამკარგავი სამართლებრივი აქტი - ვალის პატიების შესახებ განცხადება/ხელშეკრულება.

11.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა მოსარჩელის მიერ 2015 წლის 29 იანვარს მოპასუხის სახელზე გაცემულ დოკუმენტთან დაკავშირებითაც და მიიჩნია, რომ თავისი არსით არა მინდობილობა, არამედ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება იყო, რაც მოსარჩელემ შეთანხმების ფარგლებში განახორციელა.

11.3. სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შეგებებულმა მოსარჩელემ ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ შეგებებულმა მოპასუხემ დაარღვია შეთანხმების 3.3. პუნქტი, რაც მის მოთხოვნას უსაფუძვლოდ აქცევდა.

11.4. მხარეთა შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 4 აპრილის მონაცემებით, მოპასუხის დავალიანება 136 741,28 აშშ დოლარია, რომლის გადახდაც მას ეკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი არ ვლინდებოდა, შესაბამისად, მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის ზიანის სახით, 137 927,04 აშშ დოლარის წლიური 11%-ის დაკისრების თაობაზე სარჩელი დაუსაბუთებელი იყო და უარყო.

12. შეგებებულმა მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველზე, მოსარჩელისათვის გადახდილი თანხის - 136,606,85 აშშ დოლარის უკან დაბრუნება მოითხოვა.

12.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება ცალკეული ფაქტობრივი გარემოებების ფრაგმენტულ შეფასებას ისე დააფუძნა, რომ არ განმარტა ყველაზე არსებითი, თავად ამ სამართლებრივი ურთიერთობისა და მოთხოვნის საფუძველი - მხარეთა შეთანხმების არსი, რის გარეშეც შეუძლებელია ურთიერთვალდებულებებისა და მათი კეთილსინდისიერი და ჯეროვანი განხორციელების შეფასება, სასამართლომ მხარეთა მოთხოვნის საფუძველი მიიჩნია, რიგით მორიგებად, ვალის აღიარებად, რომელიც უნდა განხორციელდეს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, რასაც, ბუნებრივია, არასწორი სამართლებრივი შეფასება მოჰყვა. მხარეებმა ამ შეთანხმებით დაადგინეს ურთიერთვალდებულებები, რომელიც არა დავის საბოლოო გადაწყვეტას, არამედ პრობლემის საბოლოო ამოწურვამდე მხარეთა ორმხრივი ინტერესების მოწესრიგებას ემსახურებოდა, რისთვისაც მათ ორმხრივი ძალისხმევა და ურთიერთვალდებულებებზე განსაკუთრებული ზრუნვა ევალებოდათ. მოსარჩელემ კი, 2015 წლის 27 აგვისტოს წერილით „პ–ის“ მიმართ მოთხოვნაზე უარი თქვა, რითაც მხარეთა შორის 2014 წლის 2 ივნისს დადებული შეთანხმების 3.3 პუნქტი დაარღვია, რაც ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადახდილი თანხის უკან დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 1 იანვარს საექსპედიტორო მომსახურების ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც მოპასუხემ, ანუ ექსპედიტორმა მოსარჩელის, ანუ შემკვეთის მიერ შესყიდული ელექტროსაქონლის საქართველოში გადაზიდვის ორგანიზება იკისრა. ასევე უდავოა, რომ ექსპედიტორმა ტვირთის ტრანსპორტირება უკრაინულ კომპანიას დაავალა, მაგრამ ტვირთი დაკარგვის გამო დანიშნულების ადგილამდე არ იქნა მიტანილი. ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 2 ივნისის მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება დაიდო. კასატორი ამტკიცებს, რომ ამ შეთანხმებით, მათ ორმხრივი ძალისხმევა და ურთიერთვალდებულებებზე განსაკუთრებული ზრუნვა ევალებოდათ, მოსარჩელემ კი, 2015 წლის 27 აგვისტოს წერილით „პ–ის“ მიმართ მოთხოვნაზე უარი თქვა, რითაც შეთანხმება დაარღვია, რაც ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადახდილი თანხის უკან დაბრუნების სამართლებრივი საფუძველია, ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი ექსპედიტორის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებაა.

16. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ნაწილობრივ მათ სამართლებრივ შეფასებას, ამასთან, კასატორების ყურადღებას მიაქცევს შემდეგზე: ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი მხარის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევას უკავშირდება. ის გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს, მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების საფუძვლები შეიძლება, დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალური შეიძლება გულისხმობდეს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობას, ხოლო ფორმალური – დამატებითი ვადის დაწესებასა და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინებას. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობაა ორმხრივი ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს) ანუ ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს შესრულების ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივად კვლევის შედეგად საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 2 ივნისს დადებული შეთანხმების საგანი 2014 წლის 1 იანვრის საექსპედიტორო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის მოწესრიგებაა და არა დამოუკიდებელი ხელშეკრულება, რომლითაც ექსპედიტორმა შემკვეთის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა, ამდენად, იგი ცალმხრივი ხელშეკრულებაა და მასზე არ ვრცელდება სსკ-ის 352-ე და მომდევნო მუხლებით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი შედეგები. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის იმ პრეტენზიის, რომ 2014 წლის 2 ივნისის შეთანხმება დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა, გაზიარების შემთხვევაშიც, კი სარჩელი წარუმატებელია, ვინაიდან, დადგენილია, რომ შეთანხმება შესრულდა, ხელშეკრულებაზე უარის თქმისას კი, აუცილებელია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება იყოს ძალაში, რაც შეგებებული სარჩელის წარუმატებლობის საფუძველია (შდრ. სუსგ. #ას-331-734-2006; 08.01.2007წ ).

17. ამასთან, თუ კასატორი თვლიდა, რომ შემკვეთმა, ტვირთის გამომგზავნისათვის („პ–ისათვის“) 2015 წლის 27 აგვისტოს გაგზავნილი წერილით, დაარღვია კეთილსინდისიერების ზოგადი პრინციპი და შეძლებდა იმის დამტკიცებას, რომ იგი თავისი შინაარსით ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე უარს წარმოადგენდა, რასაც შედეგად მისთვის ზიანის მიყენება მოჰყვა, სსკ-ის 730-ე (ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს, თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა, გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია. 2. ექსპედიციის მიმართ შესაბამისად გამოიყენება დავალების წესები, თუ ამ თავიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს), 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლების საფუძველზე ზიანის ანაზღაურების უფლება წარმოეშობოდა, თუმცა მოცემული ნორმებით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელ ფაქტებზე კასატორი არ მიუთითებს, შესაბამისად, მის მიერ დაყენებული საფუძვლით, მოთხოვნა წარმატებული ვერ იქნება.

18. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 740-ე (ექსპედიტორი ექსპედიცის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის რაიმე ბრალი) და 396-ე (მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს) მუხლების შინაარსზეც და 2014 წლის 2 ივნისის იმ შეთანხმების მიუხედავად, რომ „გადახდის ფაქტი, არ გულისხმობს ბრალის აღიარებას“ მიიჩნევს, რომ ექსპედიტორმა სათანადოდ არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება, სახელდობრ, გადამზიდველი კომპანიის შერჩევისას მან, სულ მცირე, მარტივი გაუფრთხილებლობა დაუშვა, რადგან კომპანიის საქმიანობა კრიტიკულად არ შეისწავლა და ისეთ პირს დაავალა ტვირთის მიღება და გადაზიდვა, რომლის რეპუტაცია საეჭვო იყო (გადამზიდველი უკრაინის საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდველთა ასოციაციის წევრი არ იყო და არც სატრანსპორტო საშუალებები ერიცხებოდა). მოცემულ შემთხვევაში, ტვირთი გადამზიდველისთვის გადაცემის შემდეგ დაიკარგა, შესაბამისად, ექსპედიტორი მის მიერ შერჩეული დამხმარე პირის ბრალეული მოქმედებით მიყენებული ზინისათვის ისეთივე მოცულობით აგებს პასუხს, როგორც საკუთარი მოქმედების დროს.

19. ამდენად, საქმის გარემოებათა ურთიერთშეჯერებითა და სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის დანაწესთა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ დაამტკიცა ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერი საფუძვლების არსებობა.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

21. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

22. კასატორმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 257.1, 264.3, 408.1, 408.2, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "კ.მ–ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი