საქმე № ას-1049-2022 26 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - რ. თ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. რ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ქვედა ინსტანციაში დაბრუნება არსებითად განსახილველად
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - ხარვეზის დადგენა კერძო საჩივარზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. რ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რ. თ-იას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 320 ლარის გადახდა, მოსარჩელეს უარის ეთქვა მშენებლობის აკრძალვისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე.
2. დასახელებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მხარეთა შორის დავის საგანს 320 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა, რაც 2 000 ლარზე ნაკლები იყო, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 365-ე მუხლის მიხედვით ასეთი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო.
5. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის არსებითად განხილვის მიზნით, ქვემდგომ ინსტანციაში დაბრუნების მიზნით.
6. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დასახელებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაუსაბუთებელი იყო.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მხრიდან სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისა და აღნიშნულის შედეგად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
10. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
11. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივსამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად (შენიშვნა: საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარზე დავის საგნის ღირებულება 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა ძალაშია საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონით №2035 - ვებგვერდი, 29.03.2018წ).
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი).
13. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 01 ივნისიდან).
14. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც.
15. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობის შეფასება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივანის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვ.) ხდება და მხოლოდ აბსტარქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა, ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და თუკი მიიჩნევს, რომ დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია ანდა მომჩივანის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივანის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა).
16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელის მოთხოვნას მოპასუხისთვის უნებართვოდ აშენებული სასაზღვრო მიჯნის დანგრევა და მომავალში, მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე რეიმე სახის მშენებლობის წარმოების აკრძალვა იყო, ამასთან, მოჭრილი ხეების ღირებულების 320 ლარის დაკისრებას ითხოვდა მოსარჩელე მოპასუხისთვის. სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოჭრილი ხეებისთვის წარმოშობილი ზიანის 320 ლარის ანაზღაურება დაევალა, ხოლო, მეორე მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მხოლოდ დაკისრებული თანხის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იყო.
17. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის 2 000 ლარზე ნაკლები ღირებულების დავის საგანი იყო, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუშვებელია სააპელაციო საჩივრის წარდგენა. ამასთან, რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის სხვა პრეტენზიებს, რომელიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხება არსებითად, წინამდებარე კერძო საჩივრის განხილვის საგანი ვერ გახდება, იმავე საფუძვლით, რომ განსახილველი დავა ვერ იქცევა სააპელაციო და საკაციო წესით არსებითი განხილვის ფარგლებში დასახელებული მოტივებით.
18. დამატებით, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია სადავო საგნის მიმართ, საქართველოს კანონმდებლობით ქონებრივსამართლებრივი დავისათვის დადგენილ ზღვარს ვერ ცდება, რის გამოც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისი სხვა პრეტენზიები განსახილველი საქმის ფარგლებში მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
19. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით (2000 ლარი) გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობას, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. თ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე