Facebook Twitter

საქმე №ას-1333-2020 16 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „------ ---“-ის დამფუძნებელი წევრები: გ. თ-ლი, მ. ტ-ძე, მ. ხ-ლი, მ. ზ-ლი, ც. ჩ-ია, ს. ს-ძე, გ. დ-ი, ნ. ღ-ლი, ე. თ-ე, მ. ც-ძე, რ. ნ-ლი, ი. მ-ლი, ნ.ა-ლი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უფლების ბოროტად გამოყენების აღიარება და თანხმობის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, სააგენტო ან კასატორი) საკასაციო საჩივრით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს განჩინება, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც სარჩელი უფლების ბოროტად გამოყენებისა და თანხმობის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა, ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „----- -----ის“ წევრებს ნება მიეცათ, მოპასუხის თანხმობის გარეშე განეხორციელებინათ - „----- ---ის“ დამფუძნებელ წევრთა 2016 წლის 2 ნოემბრის კრების ოქმი #- საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაცია.

2. კასატორის განმარტებით, იბას წევრს წარმოადგენდა სახელმწიფო, რომელმაც უარი განაცხადა იბას ქონების სამი პირისთვის გადაცემაზე, სანამ არ დადგინდებოდა კასატორის წილი ამხანაგობაში.

3. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამიჯნა ერთმანეთისგან იბა (ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა) და ბმა (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა). განსახილველ შემთხვევაში, იბას 16 წევრს საკუთრების უფლება იდენტიფიცირებული აქვთ და მინიჭებული ჰქონდათ ე.წ. ჩაშლილი საკასადასტრო მონაცემები, მაშინ როდესაც იბა-ს საკუთრება არ იყო განსაზღვრული.

4. ზემოაღნიშნულთან ერთად, არ დგინდებოდა, ბმა-სა და იბა-ს წევრების ოდენობა და ვინაობა. არიან ისეთი პირები რომლებიც ბმა-ს წევრები არიან და არ არიან იბა-ს წევრები და პირიქით, ასევე, არაა გამიჯნული ამ პირთა ქონება და წილები საერთო საკუთრებაში.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

8. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

9.1. ამხანაგობა „-------“ შექმნილია ვაკის რაიონის გამგეობის 1998 წლის 23 სექტემბრის N-----გადაწყვეტილებით. ამხანაგობა „-------“ შეიქმნა იმ მიზნით, რომ მის წევრებს (ვ. მ-ს, მ. ა-ს, რ. კ-ეს და ა. ა-ს) დაეშალათ მათ საკუთრებაში არსებული კერძო მფლობელობის ძველი ამორტიზებული სახლი და აეშენებინათ ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. ამხანაგობა „---------“-მ ააშენა საცხოვრებელი სახლი და ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 1999 წლის 27 ოქტომბრის #----- გადაწყვეტილებით, ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ დამტკიცდა ქ. თბილისის არქიტექტურულ სამშენებლო კონტროლის ინსპექციის აქტი ------ ქ #---ში ამხანაგობა ----- ---ის წევრების მიერ აშენებული ინდივიდუალური მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 1638,0 კვ.მ. საცხოვრებელი, 894 ,0 კვმ. დამხმარე, 2532,0 კვ.მ. საერთო, 380,0 კვ.მ. ავტოსადგომების და 310, კვ.მ. მანსარდის ფართობებით.

9.2. ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 2000 წლის 29 მარტის # ----- გადაწყვეტილებით, განისაზღვრა ამხანაგობის წევრების საბოლოო სია მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინების განთავსების (სართულების) მიხედვით, მათ შორის: გ. დ-ს - საცხ. 109,2 კვმ, საერთო -168,6 კვმ, ა. ა-ნს - საცხ. 109,2 კვმ, საერთო -168,6 კვმ; ვ. მ-ლს - საცხ. 109,2 კვმ, საერთო -168,6 კვმ;

9.3. საქმის განხილვის მდგომარეობით, ქ. თბილისში ---- ქუჩა N---ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ N------) რეგისტრირებულია გ. ა-ის, გ. დ-ის, ე. თ-ის, ზ. ლ-ის, თ. ჩ-ის, თ. ბ-ის, მ. თ-ის, მ. ბ-ის, მ. ა-ის, მ. ც-ის, მ. ხ-ის, ნ. ა-ის, ნ. გ-ის, რ. ნ-ის, ს. ზ-ის, ს. ს-სა და ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,----------“-ის თანასაკუთრების უფლება;

9.4. ნ. ა-ლი ქ. თბილისში, ------- ქ.---ში მდებარე მე-3 სართულზე განთავსებული 168,60 კვ.მ. ფართის მესაკუთრედ აღრიცხულია 2013 წლის 15 ივლისიდან. საფუძველი: N----- სამკვიდრო მოწმობა; ნ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას წინ უსწრებდა ა. ა-სა და ო. ქ-ლს შორის 2000 წლის 13 აპრილს დადებული ხელშეკრულება ქ. თბილისში, ------- ქ. ---ში მდებარე მე-3 სართულზე განთავსებული 168,60 კვ.მ. ფართის ნასყიდობის თაობაზე, რომლის თანახმადაც ა. ა-მა გაყიდა, ხოლო ო. ქ-მა იყიდა მითითებული უძრავი ქონება 15 000 ლარად. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ა. ა-ის უფლების დადასტურების მიზნით მითითებულია ზემოაღნიშნული ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 2000 წლის 29 მარტის # --- გადაწყვეტილება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ; ნ. ა-ლი ო. ქ-ის უფლებამონაცვლეა, რომელსაც 2013 წლის 15 ივლისის ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აქვს მიღებული მამის ო. ქ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, ქ. თბილისში, ---- ქ. ---ში მდებარე მე-3 სართულზე მდებარე 168,60 კვ.მ. ფართის ბინა. სამკვიდრო მოწმობით დადასტურებულია, რომ სამკვიდრო ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მამკვიდრებელს, საჯარო რეესტრის 2013 წლის 01 მარტის ამონაწერის საფუძველზე (განცხადების რეგისტრაცია N--------- 28.02.2013);

9.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აწ გარდაცვლილ ა. ა-ის (პ/ნ -----) წილზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „------“-ში, როგორც უმკვიდრო ქონებაზე, მესაკუთრედ ცნობილი იქნა სახელმწიფო (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახით);

9.6. აღნიშნულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა გარდაცვლილი ამხანაგობის წევრის ა. ა-ის წილზე უფლებამონაცვლის დადგენა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების -----. პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ საქმეში წარდგენილი 2004 წლის 1 ივლისის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, მარჩენალისათვის უძრავი ქონების გადაცემით, დგინდება, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით მარჩენალმა ნ. მ-მა იკისრა ვალდებულება, სარჩენს, ა. ა-ნს გადაუხადოს სარჩო, სარჩენმა ივალდებულა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება გადასცეს მარჩენალს, ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით. დასახელებული ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, მარჩენალი ვალდებული იყო სარჩო გადაეხდა სარჩენისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე, ხოლო, ამავე ხელშეკრულების 2.6 პუნქტის დანაწესის მიხედვით, სარჩენი სამისდღეშიო რჩენისათვის, მარჩენალს გადასცემდა საკუთრების უფლებას მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე - საცხოვრებელ ბინაზე, წილობრივი მონაცემებით 39/2998 კვ.მ. და ამ ფართის პროპორციულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს: ქ. თბილისში, ----- ქ. #---ში, ბინა #--.

9.7. ამავე გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 2000 წლის 29 მარტის # ---- გადაწყვეტილებით ავტოსადგომების და ასევე, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული ფართის ამხანაგობის წევრებისათვის ინდივიდუალურად მიკუთვნება არ განხორციელებულა და შესაბამისად აღნიშნულმა ფართებმა, საჯარო რეესტრში ჩანაწერებში ასახვა ჰპოვა იმგვარად, რომ ქ. თბილისი, ქუჩა ---- #--, ს/კ N-----მესაკუთრეები არიან: გ. ა-ძე, გ. დ-ი, ე. თ-ძე, ვ. მ-ლი, ზ. ლ-ლი, თ. ჩ-ნი, თ. ბ-ზი, მ. თ-ძე, მ. ბ-ძე, მ. ა-ძე, მ. ხ-ლი, ნ. ა-ლი, ნ. გ-ლი, ს. ზ-ლი, ს. ს-ძე და ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,--------“. აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, დგინდება, რომ: ა) ამხანაგობა „---- #--“-ს ერთობლივი საქმიანობა არ შეუწყვეტია, ბ) ამხანაგობა „----- #---“-ს აქვს საკუთრება, რომლის განაწილება მის წევრებს შორის არ მომხდარა.

9.8. აღნიშნული გადაწყვეტილების 6.9. პუნქტის თანახმად სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ა-ის სამკვიდრო ქონება ავტოსადგომების და საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული ფართის ამხანაგობის წევრებისათვის ინდივიდუალურად მიკუთვნების უფლების სახით, როგორც უმკვიდრო ქონება უნდა გადავიდეს სახელმწიფოზე.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქ. თბილისში, --------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის განშლა დამტკიცდა ვაკის რაიონის გამგეობის 2000 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, მაგრამ მოცემული გადაწყვეტილებით განიკარგა და განიშალა მხოლოდ საცხოვრებელი ბინები, ხოლო, არასაცხოვრებელი ფართები-ავტოფარეხები დარჩა გაუნაწილებელი. მოცემული ფართების განშლაზე და განაწილებაზე უფლებამოსილია ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,---------“ მათი სრული შემადგენლობით და მათ მიერ ხელმოწერილი 100%-იანი კრების ოქმით.

11. ამასთანავე, კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2000 წლის 13 აპრილს, საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციის მიღების შემდეგ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ა. ა-მა გაასხვისა მისი ინდივიდუალური საკუთრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში და დღეის მდგომარეობით ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 2000 წლის 29 მარტის # ---- გადაწყვეტილებით ა. ა-ვის განსაზღვრული წილის მესაკუთრეს წარმოადგენს ო. ქ-ის მემკვიდრე - ნ. ა-ლი. ამდენად, აპელანტის/მოპასუხის ქმედება პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ შეაფასა ხელშეშლად და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების ბოროტად სარგებლობად.

12. განსახილველ შემთხვევაში, იბას წევრის (მოპასუხის) თანხმობა აუცილებელია ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ფართების განაწილებისთვის, რის საპირისპიროდაც მოპასუხე სახელმწიფო საკუთრებად დასარეგისტრირებელი წილის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს ითხოვდა, თუმცა მოცემული არგუმენტი მოპასუხის უარზე ფართების განაწილებასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს დასაბუთებულ უარს და შესაბამის არგუმენტს. ამასთან, დადგენილია, რომ კასატორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათება, რომელიც ა. ა-ის ბინათმესაკუთრეობას ადასტურებდა, რომლის უფლებამონაცვლესაც შესაბამისად მოპასუხე წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო, საქალაქო სასამართლოს დასახელებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომლითაც მოპასუხეს მხოლოდ ზოგადად განესაზღვრა უფლება, თუმცა კონკრეტულად არ ყოფილა განსაზღვრული კონკრეტული წილის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, ვერც თავად სახელმწიფო უთითებდა კონკრეტულად რა სახის ქონებაა მიღებული დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ა. ა-ის უმკვიდრო ქონების სახით, მეტიც სახელმწიფო მითითებულ დავაში სარჩელს საერთოდ არ ცნობდა და უარს აცხადებდა რაიმე ქონების მიღებაზე ან მესაკუთრედ ცნობაზე, ხოლო, როგორც აღინიშნა, საპირისპიროდ, საქმის მასალებით დგინდებოდა ა.ა-ის მიერ მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება, რომელიც საბოლოოდ ნ. ა-ის სახელზეა რეგისტრირებული.

13. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იბა-მ საცხოვრებელი სახლი ააშენა და ვაკის რაიონის გამგეობის 1999 წლის 27 ოქტომბრის #---- გადაწყვეტილებით, ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ დამტკიცდა ქ. თბილისის არქიტექტურულ სამშენებლო კონტროლის ინსპექციის აქტი ----- ქ #--ში ამხანაგობა ---- ---ის წევრების მიერ აშენებული ინდივიდუალური მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 1638,0 კვ.მ. საცხოვრებელი, 894,0 კვ.მ. დამხმარე, 2532,0 კვ.მ. საერთო, 380,0 კვ.მ. ავტოსადგომების და 310, კვ.მ. მანსარდის ფართობებით. ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 2000 წლის 29 მარტის # --- გადაწყვეტილებით, განისაზღვრა ამხანაგობის წევრების საბოლოო სია მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინების განთავსების (სართულების) მიხედვით, მათ შორის: გ. დ-ს - საცხ. 109.2 კვმ, საერთო - 168,6 კვმ, ა. ა-ნს - საცხ. 109,2 კვმ, საერთო -168,6 კვმ; ვ. მ-ლს - საცხ. 109,2 კვმ, საერთო -168,6 კვმ; ამდენად, ნ. ა-ლი, ა. ა-ის წილზე: ქ. თბილისში, ---- ქ.---ში მდებარე მე-3 სართულზე განთავსებული 168,60 კვ.მ. ფართიზე მესაკუთრედ აღრიცხულია 2013 წლის 15 ივლისიდან სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, გ. დ-ი წარმოადგენს იბა „---- --“-ის წევრს, ხოლო ი. მ-ლი წარმოადგენს ვ. მ-ის მემკვიდრეს.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას“. ამავე კოდექსის 115-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ „სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“.

15. ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე დაფუძნებული და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “bona fides“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „ius civile“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. ეს პრინციპი განმტკიცებულია ეროვნული კანომდებლობის დონეზეც: სსკ-ის 8.3 და 115-ე მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ უპირობოდ მაინც მას ეფუძნება (იხ. სუსგ-ები: N ას-683-2021, 10.12.2021; N ას-25-2021, 27.04.2021წ; N ას-73-2020, 17.06.2020წ; N ას-1351-2019, 08.05.2020წ; N ას-1326-2019, 13.03.2020წ; ას-833-2019, 15.11.2019წ).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე