Facebook Twitter

საქმე № ას-618-2021 25 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე----ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი –პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში: „მოსარჩელე, „მერია“, „შემსყიდველი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მერიის სარჩელი შპს „ე----ოს“ (შემდეგში „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.

2. კასატორის პრეტენზიით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს ფორსმაჟორულ გარემოებად ნალექიანი ამინდების ინტენსივობა, რის გამოც არასწორად დაასკვნეს, რომ არ არსებობდა ვალდებულების ვადის დარღვევის მოტივით შემსრულებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. სასამართლოს მითითება, რომ საბოლოოდ სამუშაოები შესრულებულია, რაც გამორიცხავს მიმწოდებლისთვის ზიანის მიყენებას, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და აზრი ეკარგება მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას სამუშაოთა ვადაში შესრულების შესახებ. სასამართლოს ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს ბუნებას, რომელიც დამოუკიდებელია დამდგარი ზიანის ოდენობისგან.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. 2017 წლის 22 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“), რომლის საგანს, ქალაქ თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესრულება წარმოადგენდა. ხელშეკრულების ღირებულება, ყველა გადასახადის ჩათვლით 4 394 521.98 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულება ძალაში შევიდა გაფორმებისთანავე და 2021 წლის 16 იანვრის ჩათვლით მოქმედებდა;

7.2. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში საჯარიმო სანქციები გამოიყენებოდა;

7.3. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, წერილობითი დავალების მიცემიდან სამუშაოების დაწყების ვადის 5 კალენდარული დღით გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით დაეკისრებოდა.

7.4. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით დაეკისრებოდა;

7.5. 2017 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 438 811.41 ლარით გაიზარდა და ნაცვლად 4 394 521.98 ლარისა, 4 833 333.39 ლარით განისაზღვრა, რაც ხელშეკრულების მე-15 მუხლის 15.3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას არ იწვევდა;

7.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის 2017 წლის 21 აგვისტოს წერილით მოპასუხეს ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ----- ქუჩის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება დაევალა. აღნიშნული სამუშაოებისათვის მოპასუხეს 2017 წლის 29 აგვისტოდან 2017 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი განესაზღვრა;

7.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წერილის თანახმად, სამუშაოების წარმოების ხელისშემშლელი გარემოებების, კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ნალექიანი დღეების თაობაზე არსებული პროგნოზის გათვალისწინებით, სამუშაოების დასრულების ვადად 2017 წლის 7 ოქტომბრის ნაცვლად 2017 წლის 15 ოქტომბერი განისაზღვრა;

7.8. 2017 წლის 23 ოქტომბრის N----წერილის შესაბამისად, მოპასუხემ არსებული მოცულობითი სამუშაოებისა და უამინდობის გამო, სამუშაოების წარმოებისათვის ვადის 2017 წლის 27 ოქტომბრამდე გაზრდა მოითხოვა. აღნიშნული წერილის საპასუხოდ მას განემარტა, რომ სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ გაზარდოს სამუშაოების დასრულებისათვის განსაზღვრული ვადა;

7.9. 2017 წლის 19 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების #-- აქტის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები #--- ფორმა #-ის მიხედვით დადასტურებული იყო და ისინი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად იყო შესრულებული. ფორმა #-ით დადასტურებული სამუშაოების დასრულების თარიღად 2017 წლის 25 ოქტომბერი, ხოლო შესრულებული სამუშაოს ფაქტიური ღირებულება 85 059.66 ლარით განისაზღვრა;

7.10. მოსარჩელემ სამუშაოების წარმოებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილების გამო მოპასუხეს მოსთხოვა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 4 833 39 ლარის 0.05%-ის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (10 დღე)), 24 166.7 ლარის გადახდა;

7.11. გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 ოქტომბრის წერილის თანახმად, 2017 წლის 20 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ნალექი 22,27, 28, 29, 30 სექტემბერს, ასევე 1, 2, 3 და 4 ოქტომბერს აღინიშნა. გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 ნოემბრის წერილის თანახმად, ნალექი - 10,11,16,17,24,27,28,29 და 30 ოქტომბერსაც აღინიშნა.

8. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

9. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს (სუსგ №ას-866-808-2017, 17.10.2017წ.). ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.

10. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი/ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ Nას-1053-993-2015; 08.04.2016წ.; სუსგ Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

11. საკასაციო სასამართლო განსახილველი დავის საგნისა და წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე განმარტავს, რომ მხარეთა შორის სადავო არაა მოპასუხე კომპანიის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი. ამასთან, დადგენილია, რომ ვალდებულების ძირითადი ნაწილი სათანადოდ, დათქმულ დროში შესრულდა, ბოლო ეტაპი კი დასრულდა 10 დღის ვადაგადაცილებით, თუმცა, საბოლოოდ შესრულებული სამუშაო მიმღებმა დაადასტურა. კერძოდ, სადავო არ არის, რომ პროექტის მიხედვით სარეაბილიტაციო ქუჩაზე გათვალისწინებული იყო ცხრა ჭის მოწესრიგება, ხოლო სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ დამატებით ოცდათექვსმეტი ჭის მოწესრიგება გახდა საჭირო, რის გამოც მხარეებმა ცვლილება შეიტანეს ხელშეკრულებაში და გაზარდეს როგორც სამუშაოთა მოცულობა, ასევე მისი ღირებულება. ამასთან, გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების არსებობის გამო, მოპასუხემ მიმართა მოსარჩელეს და სამუშაოთა დასრულების ვადის ერთი კვირით (7 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე) გადაწევა მოითხოვა.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, როგორც სამუშაოთა განხორციელების დროისთვის წარმოშობილი დაბრკოლებები (9 ჭის ნაცვლად 36 ჭის მოწესრიგების საჭიროება), ასევე უხვი ნალექის გამო სამუშაოთა ვადაში შესრულების გაძნელება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაზიარებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა ხელშეკრულების შესრულების ვადაგადაცილებისას მოპასუხის არაბრალეულობის შესახებ.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულებაა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.). სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12). სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.).

14. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების 10 დღით დაგვიანება იმ გონივრულ ვადად უნდა იქნას მიჩნეული, რომელიც შემსრულებელს შესაძლებელია გაზრდილი სამუშაოსა და გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების არსებობის დროს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესასრულებლად დასჭირვებოდა.

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე