Facebook Twitter

საქმე №ას-1185-2022 19 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,ს-----ნ ფ------გ ი-----რი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ს----ნ ფ-----გ ი----ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, დამსაქმებელი კომპანია ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით ნაწილობრივ დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კომპანიის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, კომპანიის მიერ 2021 წლის 24 მაისს მიღებული ბრძანება ნ. ს-ის (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად იქნა ცნობილი, კომპანიას დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 2 000 ლარის გადახდა, კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდური 2021 წლის 24 მაისიდან 2021 წლის 1 აგვისტომდე ყოველთვიურად დაბეგრილი 4 300 ლარი, ხოლო, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე ყოველთვიურად დაბეგრილი 1 172 ლარი, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება დაბეგრილი 4 040 ლარი და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაყოვნების პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაბეგრილი 4 040 ლარის 0.07% 2021 წლის 15 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გამოთვალეს ხელფასი, კერძოდ არ გაითვალისწინეს, რომ 2021 წლის აპრილიდან გადაიხედა მოსარჩელის თავდაპირველი ხელფასი და ნაცვლად დაბეგრილი 4 300 ლარისა განისაზღვრა 3 700 ლარით. აღნიშნულის შესაძლებლობას იძლეოდა მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შრომის ანაზღაურების გადახედვა დამოკიდებული იყო დასაქმებული მიერ ვალდებულებების, მათ შორის გაყიდვების გაზრდის და გეგმისა და სხვა ვალდებულებების შესრულებაზე.

3. კასატორის განმარტებით, ანაზღაურების შემცირებიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, მოსარჩელეს პრეტენზიები არ გამოუთქვამს, ამდენად, მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით შემცირდა მანამდე არსებული ანაზღაურება, შესაბამისად, იძულებითი განაცდური და ანგარიშწორების დაყოვნების საკომისიო სწორედ შემცირებული ხელფასიდან უნდა გამოანგარიშებულიყო.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

8.1. მოსარჩელე, 2020 წლის 1 ოქტომბრიდან დასაქმდა მოპასუხე კომპანიის გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული იყო 1 (ერთი) წლის ვადით - 2021 წლის 1 ოქტომბრამდე. ხელშეკრულების 1.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მე-6 პუნქტში განსაზღვრული პირობების თანახმად, ხელშეკრულება ითვლება გაგრძელებულად კიდევ ერთი წლით. მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად შეადგენდა 4 300 (ოთხი ათას სამასი) ლარს - საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალსიწინებული გადასახადის გარეშე. შრომითი ხელშეკრულების 5.1. პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრიდან მხარეები დამატებით განიხილავენ ხელფასს, შესრულებული სამუშაოს და მოცემული პროდუქტის მოხმარების ბაზრის რესურსის შესაძლებლობის გადახედვის შემდეგ. დამსაქმებლის მიერ ნ. ს-ვის შრომის ანაზღაურების გადახდა ხდებოდა მომდევნო თვის ათ რიცხვამდე.

8.2. მოსარჩელე ასრულებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას 2021 წლის აპრილის თვეში, ასევე, ამავე წლის 1 მაისიდან 24 მაისამდე. მოსარჩელესა და კომპანიას შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებითი პირობა - შრომის ანაზღაურების ოდენობა მხარეთა შეთანხმებით არ შეცვლილა (შემცირებულა).

8.3. მოსარჩელე 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 24 მაისამდე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში. მხარეთა შორის 2020 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო არსებითი პირობები, მათ შორის თანამდებობრივი სარგო, რაც ხელშეკრულების 5.1. პუნქტის შესაბამისად, შეადგენდა ყოველთვიურად 4 300 ლარს საგადასახადო კოდექსის თანახმად გადასახდელი გადასახადის გათვალისწინებით, თუმცა მხარეთა განმარტებით უდავოდ დადგინდა დასახელებული თანხის დაბეგრილი, ხელზე ასაღები ოდენობაზე შეთანხმება. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის მიხედვით, განსაზღვრული იყო ასევე 2021 წლის 1 იანვრიდან ხელფასის დამატებით განხილვა მხარეების მიერ, შესრულებული სამუშაოს და მოცემული პროდუქტის მოხმარების ბაზრის რესურსის შესაძლებლობის გადახედვის შემდეგ. ხელფასის ჩარიცხვა ხდებოდა მომდევნო თვის ათ რიცხვამდე

8.4. 2020 წლის ნოემბრიდან მოსარჩელეს ყოველთვიურად ერიცხებოდა შეთანხმებული სარგო, სრული ოდენობით, გარდა სადავოდ ქცეული პერიოდისა, 2020 წლის აპრილის და მაისის თვისა. მოსარჩელეს 2021 წლის აპრილის თვის ხელფასის სახით 2021 წლის 10 მაისს ჩაერიცხა 2 200 ლარი, ხოლო 21 მაისს - 1 500 ლარი, ასევე კომპანიას დასაქმებულისთვის არ აუნაზღაურებია 2021 წლის მაისის თვის 24 დღის თანამდებობრივი სარგო 3 440 ლარი. შრომის ანაზღაურების შემცირების თაობაზე მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება არ დადებულა, ხოლო შეცვლილი პირობით ანაზღაურების გაცემის შესახებ მოპასუხეს წინასწარი შეთავაზება დასაქმებულისათვის არ გაუგზავნია.

9. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; Nას-1001-2018, 05.03.2021წ.; Nას-861-861-2018, 25.09.2018წ.; Nას-45-2019, 05.04.2019წ.; Nას-640-2019, 05.07.2019წ. №ას-151-147-2016, 19.04.2016). სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერების, თანაზომიერების საკითხი (სუსგ №ას-887-854-2016, 08.02.2019წ.). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი, ახალი რედაქციით 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი დაედო.

10. სშკ-ის 37.1(ო)-47.1(ო) მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

11. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“, 41.4-ე „დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერ ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულ გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07%.“ 44-ე „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, „სადავო ურთიერთობის წარმოშობისას არსებული რედაქცია“ ასევე, სსკ-ის 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“, 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ და 409-ე „თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება“ მუხლები.

12. საკასაციო სასამართლო უპირველესად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებაზე იმსჯელებს და მიუთითებს შრომითი დავების სპეციფიკურობის გათვალისწინებით, სამართალშეფარდების პროცესში, მტკიცების ტვირთის ზოგადი წესისგან განსხვავებულ გადანაწილებაზე, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელია ვალდებული ამტკიცოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რაც, ბრძანებაში, ასეთი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებული ნორმის დისპოზიციის, დასაქმებულის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან სწორ შეფარდებას გულისხმობს. ამასთან, აღნიშნული შეფარდების პროცესში აუცილებელია ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპის გათვალისწინება, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს.

13. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).

14. საგულისხმოა, რომ დამსაქმებელს არც მოსარჩელისთვის გადაუცია და არც სასამართლოსთვის წარმოუდგენია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება, ხოლო საქმეზე წარდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე გაკეთებული ახსნა განმარტებებით დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა სშკ-ის 47-ე მუხლის „ო“ ქვეპუნტს შეესაბამებოდა, თუმცა, იმავდროულად მოპასუხე კომპანიის მითითება მოსარჩელის მხრიდან დაკისრებული ვალდებულებების სისტემატიურ დარღვევის შესახებ, იმავე კოდექსის „ზ“ ქვეპუნტის დისპოზიციასაც იმეორებდა.

15. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).

16. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელი ორგანიზაციის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ემტკიცებინა, მოსარჩელის მხრიდან ვალდებულებების სისტემატიური და ისეთი სახის დარღვევა, რაც მისი ქმედების უხეშ დარღვევად შეფასების საფუძველს ქმნიდა. საქმეში წარდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, თუ რა გეგმა ჰქონდა კომპანიას გაყიდვების გაზრდასთან დაკავშირებით, რა მიზნები იყო დასახული დასაქმებულისთვის ამ მხრივ, რა ვალდებულება ვერ შესრულდა, რა ზიანი მიადგა კომპანიას და რა მიზეზობრივი კავშირია მოსარჩელის ქმედებასა და ზიანს შორის.

17. საკასაციო სასამართლო სშკ-ის 47-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტზეც მიუთითებს და განმარტავს, რომ აღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს (იხ. სუსგ №ას-188-2021, 08.04.2021წ.).

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს შორის, ყველაზე ზოგადი ხასიათის ფორმულირება სწორედ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ შეწყვეტის საფუძველს აქვს - „სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“. შესაბამისად, კანონმდებელი რამდენადაც მეტ თავისუფლებას ანიჭებს დამსაქმებელს, დასახელებული ნორმის ფარგლებში შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (იმავე მუხლში ჩამოთვლილ შრომის ხელშეკრულების სხვა, უფრო კონკრეტულ და ამომწურავი ხასიათის საფუძვლებთან შედარებით), ამდენადვე, მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაქსიმალურად კონკრეტული, გასაგები და არაორაზროვანი იყოს ინდივიდუალურ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახელებული საფუძვლით. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით დამსაქმებლისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით მინიჭებული უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სსკ-ის 115-ე მუხლი) (იხ. სუსგ-ები №ას-1155-1086-2015, 02.02.2016წ; №ას-545-513-2012, 05.10.2012წ.; №ას-1001-2018, 05.03.2021წ.).

19. ამდენად, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების არამართლზომიერად ცნობის დროს, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, ამ უკანასკნელის იმავე თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტის სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელე კომპანიის გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე იყო დასაქმებული, რომელ ფუნქციებსაც დავის განხილვის მომენტში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საშტატო ნუსხის მიხედვით, მენეჯერი ითავსებს, ამასთან, აღნიშნული თანამდებობა არ არის ვაკანტური.

20. ზემოაღნიშნულთან ერთად მნიშვნელოვანი იყო დასაქმებულის დასაქმების ფაქტი შპს ,,მ-----დ ----- ფ----იმ ჰიპერმარკეტს ჯ-----ში“ შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე - 2021 წლის 28 ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, რა დროსაც დასაქმებულმა ხელფასის სახით მიიღო შრომითი ანაზღაურება აგვისტოს თვეში დაბეგრილი - 3128,24 ლარი, ხოლო სექტემბერში დაბეგრილი - 3127,52 ლარი.

21. ამდენად, ხელშეკრულების ვადის, თანამდებობრივი სარგოს და სხვაგან დასაქმების გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს მიზანშეწონილად, კომპანიის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება 2021 წლის 24 მაისიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე, მოსარჩელის შპს ,,მ-----დ --- ფ----მ ჰიპერმარკეტს ჯ-----ში“ მიღებული შრომითი ანაზღაურების გათვალისწინებით, კერძოდ, 2021 წლის 24 მაისიდან 2021 წლის 1 აგვისტომდე ყოველთვიურად დაბეგრილი 4 300 ლარის, ხოლო 2021 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე ყოველთვიურად დაბეგრილი 1 172 ლარის ოდენობით;

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმ პირობებში როდესაც მართლზომიერად არ ჩაითვალა დამსაქმებლის მხრიდან მოსარჩელისათვის თანამდებობრივი სარგოს თვითნებური შემცირება, საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა 2021 წლის აპრილის თვეში დანაკლისი ხელფასის სახით - 600 ლარი, ხოლო მაისის თვეში 3 440 ლარის კომპანიისთვის დაკისრების თაობაზე. ამდენადვე საფუძვლიანია დაყოვნებული სახელფასო დავალიანების ყოველი დაყოვნების დღისთვის, მითითებული თანხის 0.07%-ის დაკისრების შესახებ.

23. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ არსებული გარემოებების, სხვა სამსახურში დასაქმების, არსებული ხელფასის დანაკლისისა და ამავე დანაკლისის დაყოვნებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით აგრეთვე სამართლიანი და გონივრული იყო კომპენსაციის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ კომპანიისთვის 2 000 ლარის დაკისრება.

24. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ კომპანიის შეუდავებლობის პირობებში (საკასაციო პრეტენზიის ძირითად საგანი იძულებითი განაცდური, დაყოვნების საკომისო და კომპენსაციის ოდენობაა), და გარემოების დადგენილად მიჩნევით, რომ კომპანიამ ვერ დაასაბუთა შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, მის მიერ წარმოდგენილი პრეტენზიები ვერ აქარწყლებს საქმეზე, მოსარჩელის სასარგებლოდ დადგენილი გარემოებების შედეგებს, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, ხოლო საკასაციო პრეტენზიები დაუშვებელი.

25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ს-----ნ ფ----გ ი----ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს ,,ს---ნ ფ----გ ი--ის“ (----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №-----, გადახდის თარიღი 2022 წლის 30 სექტემბერი), 615.30 ლარის 70% - 430.71 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ.მიქაბერიძე