ბს-1144-720(გ-05) 20 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატამ განიხილა ზ. მ-ას სარჩელის განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 10 მარტს ზ. მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სს სასტუმრო “ი-ისა” და ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების მიერ მოსარჩელისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ფართის, სასტუმრო “ი-ის” შენობაში ¹317 ოთახის, რომელიც ჯერ კიდევ იურიდიულად მის სარგებლობაში ითვლება, დაბრუნება და მოპასუხისათვის ისეთი ქმედების განხორციელების აკრძალვა, რომელიც მომავალში ხელს შეუშლის მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ფართის გამოყენებას. მათ მიერ წინამდებარე პირობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის: სს სასტუმრო “ი-ისა” და ქ. თბილისის მერიისთვის 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ ზ. მ-ას სარჩელი ჩაითვალა ხარვეზიანად, სასარჩელო მოთხოვნის დაუკონკრეტულობის და სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და 2005წ. 15 მარტის განჩინებით მიეცა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.
2005წ. 24 მარტს ზ. მ-ამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მისი შესახლება სასტუმრო “ი-ის” ¹317 ოთახში და მის მფლობელობაში არსებულ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთა, მოთხოვნა მიმართული იყო სასტუმრო “ი-ის” ადმინისტრაციისადმი. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად წარადგინა სასარჩელო განცხადება, რომლითაც მოითხოვა: მოპასუხე სს სასტუმრო “ი-ას” დავალებოდა, მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ფართის _ სასტუმრო “ი-ს” ¹317 ოთახის დაბრუნება და სს სასტუმრო “ი-ის” ადმინისტრაციისათვის ისეთი ქმედების განხორციელების აკრძალვა, რომელიც მომავალში ხელს შეუშლის მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ფართის გამოყენებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 6 ივნისის განჩინებით ზ. მ-ას სარჩელი ვალდებულების დარღვევისათვის რეალური წილის გამოყოფის შესახებ, თანდართულ მასალებთან ერთად განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას იმ მოტივით, რომ მოცემული დავა განეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეს, რადგან ქ. თბილისის მერია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რის გამოც საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადი ვერ იქნება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის I და მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 29 ივლისის განჩინებით, საქმე მოსარჩელე ზ. მ-ას სარჩელის გამო სს სასტუმრო “ი-ის”, თბილისის მერიის, მესამე პირის _ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, ქმედების აკრძალვისა და თანხის დაკისრების თაობაზე განსჯადობის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსამართლემ განმარტა, რომ მოსარჩელე ზ. მ-ამ აღძრა ვინდიკაციური სარჩელი და მოითხოვა მოპასუხეებს: სს სასტუმრო “ი-ას” და თბილისის მერიას დავალებოდათ, მოსარჩელისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ფართის, სასტუმრო “ი-ის” ¹137 ოთახის დაბრუნება და აკრძალვოდათ ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც მომავალში ხელს შეუშლის და მისთვის დროებით გადაცემული ფართის სარგებლობაში. ურთიერთობები მართლზომიერი მფლობელის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობით რეგულირებულ ურთიერთობებს და მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ დავაში მოპასუხედ და მესამე პირად მონაწილეობენ ადმინისტრაციული ორგანოები, ეს გარემოება არ ცვლის დავის ხასიათს.
სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სასამართლოს აზრით, მოცემული დავა გამომდინარეობს არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან, შესაბამისად, იგი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, დავის განსჯადობის შესახებ სასამართლთა განჩინებების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქმის განსჯადობის საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ სწორად არის გადაწყვეტილი და ზ. მ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის მე-11 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს ქვემდებარე სამოქალაქო დავების კატეგორიებს, ხოლო უწყებრივად სასამართლოს ქვემდებარე ადმინისტრაციული დავების რეგლამენტაცია მოცემულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საერთო სასამართლოში განიხილება იმ სამართლებრივ-ურთიერთობებთან დაკავშირებული დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის (საჯარო) კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულია სასამართლოს ქვემდებარე ადმინისტრაციულ დავათა არასრული ჩამონათვალი, კერძოდ, ადმინისტრაციულ დავას განეკუთვნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება-შესრულება-შეწყვეტის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების, ქმედების განხორციელების შესახებ დავები.
ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, დავის განსჯადობის საკითხის სწორად გადაწყვეტისა და საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ განსახილველი დავა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან. რაც შეეხება ე.წ. სამართალსუბიექტობის პრინციპს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა არ განსაზღვრავს დავის ხასიათს, არამედ, როგორც აღინიშნა, უმთავრესია, თუ რომელი კანონმდებლობიდან არის აღმოცენებული დავა, რა არის დავის არსი და საგანი.
კონკრეტულ შემთხვევაში, დაზუსტებული სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ფიზიკური პირი ზ. მ-ა მოპასუხე სს სასტუმრო “ი-ისგან” ითხოვს სატუმროს შენობაში მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ფართის _ ¹317 ოთახის დაბრუნებას და “ი-ის” ადმინისტრაციისათვის ისეთი ქმედების განხორციელების აკრძალვას, რომელიც მომავალში ხელს შეუშლის დროებით სარგებლობაში გადაცემული ¹317 ოთახის გამოყენებაში.
განსახილველი დავის პროცესუალური სუბიექტები არიან: მოსარჩელე ზ. მ-ა, რომელიც ფიზიკური პირია და მოპასუხე _ სს სასტუმრო “ი-ა”, რომელიც კერძო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს და ზოგადი ადინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანო არ არის. დავის საგანია ფიზიკური პირის _ მოთხოვნა კერძო სამართლის იურიდიული პირისადმი, სასტუმრო “ი-ისადმი”, დროებით სარგებლობაში გადაცემული ფართის, სასტუმროს ¹317 ოთახის მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, რაც სამართლებრივად წარმოადგენს სკ-ის 160-ე მუხლით გათვალისწინებულ ვინდიკაციურ სარჩელს, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. მოსარჩელეს იმავე მოპასუხისადმი აქვს მეორე მოთხოვნაც _ სასტუმროს ადმინისტრაციისათვის ისეთი ქმედებების განხორციელების აკრძალვა, რაც ხელს შეუშლის მომავალში მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ფართის გამოყენებაში, რაც ასევე წარმოადგენს სკ-ის 161-ე მუხლით რეგულირებულ ურთიერთობას (ნეგატორული სარჩელი).
მოსარჩელეს თავდაპირველ სარჩელში, მართალია, მოპასუხედ მითითებული ჰყავს ადმინისტრაციული ორგანო _ თბილისის მერია, ხოლო მესამე პირად _ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, მაგრამ დაზუსტებულ სარჩელში მათ მიმართ რაიმე მოთხოვნა არ დაუყენებია. ამიტომ დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მარტოოდენი მონაწილეობა არ განსაზღვრავს ამ დავის სამართლებრივ ბუნებას და საქმის განსჯადობას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე ფიზიკური პირი ზ. მ-ა, მოპასუხე კერძო სამართლის იურიდიული პირის _ სს სასტუმრო “ი-ის” ადმინისტრაციისაგან ითხოვს უკანონოდ ჩამორთმეული, დროებით სარგებლობაში გადაცემული ფართის დაბრუნებას (ვინდიკაცია) და მოპასუხისათვის ისეთი ქმედებების აკრძალვას, რაც ხელს შეუშლის ფართის მართლზომიერ ფლობაში (ნეგატორია), ესაა კერძო_სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსით რეგულირებული სამოქალაქო დავა, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს დავა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. მ-ას სარჩელი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.