21 ოქტომბერი 2022 წელი
№ას-318-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შ.პ.ს. „ს.ჯ.პ–ები“
მოწინააღმდეგე მხარე - ი.ჭ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ი.ჭ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შ.პ.ს. „ს.ჯ.პ–ები“-ს 12.02.2019წ. №169 ბრძანება ი.ჭ–ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, შ.პ.ს. „ს.ჯ.პ–ებს“ ი.ჭ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება ერთი წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის - თვეში 700 ლარის ოდენობით. ი.ჭ–ძის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და აღდგენამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ს.ჯ.პ–ები“-ს წარმომადგენელმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შევსების მიზნითაც, აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 336 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
4. აღნიშნული განჩინება გაიგზავნა საქმის მასალებში (შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში) მითითებულ აპელანტის ძირითად მისამართზე: თბილისი, ..... და როგორც საფოსტო უკუგზავნილის თანახმად დგინდება, 2022 წლის 11 იანვარს ჩაბარდა უსაფრთხოების თანამშრომელ ზ.კ–ას (იხ. ტ.1, ს.ფ.192).
5. დადგენილია, რომ აპელანტს (წარმომადგენელს) სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში - 2022 წლის 12 იანვრიდან 2022 წლის 21 იანვრის ჩათვლით დროის შუალედში, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიაში 2022 წლის 25 იანვარს დარეგისტრირდა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი 336 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითრის დედანთან და საფოსტო ქვითართან ერთად, რომლის თანახმადაც, გზავნილი ფოსტას თბილისის სააპელაციო სასამართლოში მისატანად ჩაბარდა 2022 წლის 24 იანვარს (ტ.1, ს.ფ. 206).
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად დადგენილი ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის მოტივით.
8. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტ ორგანიზაციას წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებულ მისამართზე და 2022 წლის 23 თებერვალს ჩაბარდა ორგანიზაციის ადმინისტრაციულ ასისტენტ ე.ჟ–ას 2022 წლის 28 თებერვალს.
9. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ს.ჯ.პ–ები“-ს წარმომადგენელმა გ.გ–ძემ და მიუთითა, შემდეგზე:
9.1. ზ.კ–ა არის არა აპელანტი ორგანიზაციის თანამშრომელი, არამედ ამავე ორგანიზაციის კონტრაქტორის - შ.პ.ს. „შ.ბ“-ის დასაქმებული პირია, ამდენად, 2022 წლის 11 იანვარს შედგენილ საფოსტო უკუგზავნილში განხორციელებული მითითება, რომ გზავნილი ჩაიბარა აპელანტის თანამშრომელმა, სიმართლეს არ შეესაბამება. შ.პ.ს. „ს.ჯ.პ–ები“-ს ადმინისტრაციას ზ.კ–ამ სასამართლოს გზავნილი გადასცა არა 11 იანვარს, არამედ 13 იანვარს, ამასთან, არ განუმარტავს, რომ გზავნილი ჩაბარებული ჰქონდა 11 რიცხვში, რის გამოც ადმინისტრაციამ მიღებისთანავე უზრუნველყო დოკუმენტის აღრიცხვა 13 იანვრის რიცხვით, რის შესახებაც დაუსვა მიღებული კორესპონდენციის ბეჭედი და შესაბამისად, 13 რიცხვითვე გადაუგზავნა იურიდიულ სამსახურს.
9.2. კონტრაქტორის თანამშრომელი არ უნდა იქნეს მიჩნეული აპელანტი ორგანიზაციის უფლებამოსილ პირად, შესაბამისად, ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა 12 იანვრიდან, არამედ გზავნილის უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულზე გადაცემის მეორე დღიდან (14 იანვრიდან), რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი მიიჩნევა ვადაში აღმოფხვრილად.
9.3. კერძო საჩივარს დანართად ერთვის მომსახურების ხელშეკრულება შ.პ.ს. „ლ.ჯ–“-სა და შ.პ.ს. „შ.ბ“-ს შორის, შ.პ.ს. „ს.ჯ.პ–ები“-სა და შ.პ.ს. „შ.ბ“-ის გაცემული ცნობები, ზ.კ–ას ახსნა-განმარტება, შ.პ.ს. „ს.ჯ.პ–ები“-ს შემოსული კორესპონდენციის ბეჭდით დამოწმებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილის ასლი და ამონაბეჭდი ელექტრონული ფოსტიდან.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინებით, შ.პ.ს. „ს.ჯ.პ–ები“-ს კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
13. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი საპროცესო ვადის გაშვების გამო.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.
15. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
16.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს 1) კანცელარიას ან 2) ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - 3) ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება ასევე შესაძლოა გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
16.2. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტაბილური პრაქტიკის თანახმად, „ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირის“ ცნებაში მოიაზრება ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება. ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესის საპირისპიროდ განმარტება არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან (იხ. სუსგ. №ას-330-2019 19.11.2019წ.; №ას-1289-1309-2011, 14.11.2011წ.)
16.4. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოება ის, რომ ზ.კ–ა არ წარმოადგენს აპელანტი დაწესებულების უსაფრთხოების თანამშრომელს, არამედ მითითებული პოზიცია უკავია კერძო საჩივრის ავტორის კონტრაქტორ ორგანიზაციაში - შ.პ.ს. „შ.ბ“-ში.
16.5. საქართველოს სამოქალაქო საპრცოცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
16.6. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცების საგანს წარმოადგენდა იმ ფაქტის უარყოფა, რომ ფოსტის მეშვეობით იურიდიული პირისათვის გაგზავნილი სასამართლო გზავნილი ჩაბარდა არა ადრესატს, არამედ მისი ხელშემკვრელი ორგანიზაციის უსაფრთხოების თანამშრომელს. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მხარემ წარმოადგინა შ.პ.ს. „ლ.ჯ“-სა და შ.პ.ს. „შ.ბ“-ს შორის 2022 წლის 01 იანვარს დადებული მომსახურება, რომლის თანახმადაც, ეს უკანასკნელი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს დამკვეთის - შ.პ.ს. „ლ.ჯ“-ს მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობების (მის: თბილისი, ........) დალაგება, დასუფთავება სამეურნეო ნაწილის ზედამხედველობა და ეზოს მოვლა დამკვეთის მითითებების შესაბამისად (იხ. ტ.1, ს.ფ. 216-218). აგრეთვე წარმოდგენილია შ.პ.ს. „ს.ჯ.პ–ები“-ს ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მიერ 2022 წლის 04 მარტს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ზ.კ–ა არ არის აღნიშნული ორგანიზაციის თანამშრომელი (იხ. ტ.1, ს.ფ. 219). საქმეს დაერთვის შ.პ.ს. „შ.ბ“-ის დირექტორის მიერ 2022 წლის 04 მარტსვე გაცემული ცნობა, რომლის თანხმად, ზ.კ–ა მუშაობს შ.პ.ს. „შ.ბ“-ში 2021 წლის 24 ივნისიდან უსაფრთხოებისა და ქონების დაცვის სამსახურის ცვლის კონტროლიორის თანამდებობაზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 220).
16.7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე შეფასების შედეგად განმარტავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები სარწმუნოდ ვერ ადასტურებს სადავო გზავნილის მიმღები პირის არაუფლებამოსილებას გზავნილის ჩაბარებაზე, კერძოდ, წარმოდგენილი მომსახურების ხელშეკრულების მხარე შ.პ.ს. „ს.ჯ.პ–ები“ არ არის, ამავდროულად, საქმის მასალებით არ დგინდება სამართლებრივად რელევანტური კავშირი შ.პ.ს. „ს.ჯ.პ–ები“-სა და შ.პ.ს. „ლ.ჯ–“-ს შორის, ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა იქნეს განხილული შ.პ.ს. „ლ.ჯ“-ს, როგორც დამკვეთის მიერ დადებული ხელშეკრულება შ.პ.ს. „ს.ჯ.პ–ები“-ს მიერ მიღებულ მომსახურებად. ამავდროულად, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის უსაფრთხოებისა და ქონების დაცვის მომსახურების გაწევის ვალდებულება შ.პ.ს. „შ.ბ“-ის მიერ, ამდენად, რომც ჩაითვალოს, რომ ამ ხელშეკრულებასთან რაიმე ფორმით შ.პ.ს. „ს.ჯ.პ–ები“ დაკავშირებულია, მომსახურების შინაარსი არ ითვალისწინებს დამკვეთის ობიექტზე უსაფრთხოების თანამშრომლის ყოფნას.
16.8. კერძო საჩივრის პრეტენზიის გაზიარების საფუძველს არ იძლევა არც შ.პ.ს. „ს.ჯ.პ–ები“-ს ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მიერ გაცემული ცნობა, უპირველესად იმიტომ, რომ აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას 2022 წლის 04 მარტის მდგომარეობით და რაიმე მითითებას მასზედ, რომ ზ.კ–ას ამავე ორგანიზაციაში არასდროს უმუშავია, ცნობა არ შეიცავს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული ცნობა გაცემულია დავის სამართლებრივი შედეგით უშუალოდ დაინტერესებული პირის – მოპასუხის მიერ, რაც უარყოფითად ზემოქმედებს მის სარწმუნოობაზე (იხ. სუსგ. №ას-17-17-2018, 21.09.2018წ).
16.9. რაც შეეხება შ.პ.ს. „შ.ბ“-ის დირექტორის მიერ გაცემული ცნობის შინაარსს, აღნიშნული დოკუმენტი ვერ გამორიცხავს იმ დაშვებას, რომ სადავო პერიოდში (2022 წლის 11 იანვარს) ზ.კ–ა მუშაობდა არამარტო შ.პ.ს. „შ.ბ“-ში, არამედ სხვა ორგანიზაციაში, მაგალითად, შ.პ.ს. „ს.ჯ.პ–ები“-ში. რაც შეეხება თავად ზ.კ–ას ახსნა-განმარტებას (იხ. ტ.1, ს.ფ. 220), დოკუმენტი არ შეიცავს რაიმე მითითებას მასზედ, რომ აღნიშნულ პირს შრომითი ურთიერთობა შ.პ.ს. „ს.ჯ.პ–ები“-სთან არ ჰქონია სადავო გზავნილის ჩაბარების ეტაპისათვის.
16.10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რა დროსაც საკასაციო პალატამ გაიზიარა მხარის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გზავნილის მიმღები პირი ადრესატი მხარის თანამშრომელი არ იყო და აღნიშნული გარემოება დადასტურებულად მიიჩნია უტყუარი მტკიცებულების – შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ორგანიზაციის მიერ კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში გაცემული თანხისა და დაკავებული თანამდებობების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-1007-968-2016, 31.01.2017წ).
16.11. პრეზუმირებულია, რომ საწარმოს იურიდიულ მისამართზე უწყების მიმღები პირი უფლებამოსილია, მიიღოს კორესპონდენცია. თუკი ასეთი უფლებამოსილება სინამდვილეში არ არსებობს, აღნიშნული საწარმოს მენეჯმენეტისა და შიდა ორგანიზაციულ ხარვეზზე მიუთითებს, რაც განხორციელებული საპროცესო მოქმედების სამართლებრივ შედეგს ვერ შეცვლის. იგულისხმება, რომ ორგანიზაციამ ისეთი პირობები შექმნა, რომ უწყების ჩამბარებელი სუბიექტი კეთილსინდისიერად ვარაუდობდა გზავნილის მიმღების სათანადო უფლებამოსილების არსებობას (იხ. სუსგ. №ას-62-2020, 16.12.2020წ; №ას-610-583-2016, 05.10.2016წ.; სუსგ №ას-151-151-2018, 30.07.2018წ).
16.12. ხშირია შემთხვევები, როდესაც შიდაორგანიზაციული ინსტრუქციებისა და წესების მიხედვით, კორესპონდენციის მიღებისა და მასზე რეაგირების ფუნქცია მინიჭებული აქვს კონკრეტული პირსა თუ საწარმოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, თუმცა გზავნილს იბარებს ასეთი უფლებამოსილების არმქონე თანამშრომელი. შიდა ინსტრუქციით განსაზღვრულ წესთა ერთობლიობა აღნიშნული საზოგადოების შიდაორგანიზაციული სახის დოკუმენტს წარმოადგენს და მისი დაცვის ვალდებულება ორგანიზაციის თანამშრომლებს ევალებათ. მითითებული ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების ცოდნა არ მოეთხოვებათ მესამე პირებს, მათ შორის, სასამართლოს კურიერს. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნებისმიერმა ორგანიზაციამ საკუთარ ოფისში ისე უნდა უზრუნველყოს კორესპონდენციის მიღების პროცედურა, რომ იგი არ ქმნიდეს რაიმე გაურკვევლობას მესამე პირებისათვის (იხ. სუსგ. №ას-67-58-2011, 18.03.2011წ; №ა-4227-ა-12-2018, 21.09.2018წ).
16.13. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ უსაფრთხოების თანამშრომლის მიერ მიღებული გზავნილი გადაეცა კორესპონდენციის წარმოებაზე პასუხისმგებელ შიდაორგანიზაციულ ორგანოს. საგულისხმოა, რომ სასამართლო განჩინებით განსაზღვრული ვადის დაცვის სავალდებულო ხასიათი და მისი დაუცველობის შედეგები ვლინდებოდა რა დოკუმენტის შინაარსითვე, სწორედ აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის ვალდებულებას წარმოადგენდა, გონივრული წინდახედულობის ფარგლებში, კორესპონდენციის მიღების დამადასტურებელი ბეჭდის შევსებამდე (რომელშიც გზავნილის მიღების თარიღად თვითნებურად მიეთითა 13 იანვარი) გამოეკვლია განჩინების უსაფრთხოების თანამშრომელზე გადაცემის კონკრეტული თარიღი როგორც გზავნილის უშუალოდ მიმღები პირისგან, ისე სასამართლოს შესაბამისი მოხელისგან, მით უმეტეს, რომ ამავე გზავნილის თავფურცელი (იხ. ტ.1, ს.ფ. 222) შეიცავდა დეტალურ ინფორმაციას სასამართლოსთან კომუნიკაციის დამყარების საშუალებათა შესახებ, როგორც ტელეფონით, ისე ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მისამართების მითითებით. საგულისხმოა, რომ წინდახედულობის ამგვარი სტანდარტი ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულებს არაგონივრულ ძალისხმევას არ ავალდებულებს, არამედ წარმოადგენს საკუთარ უფლება-მოვალეობათა გულისხმიერად შესრულების ნიმუშს, რომლის უგულვებელყოფაც უარყოფით საპროცესო შედეგს იწვევს ამავე ორგანიზაციის მიმართ.
16.14. ამრიგად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კერძო საჩივრის ავტორმა თავი ვერ გაართვა იმ გარემოების მტკიცების ტვირთს, რომ გზავნილი ჩაბარებულია არაუფლებამოსილი პირისათვის. ამავდროულად, გზავნილის ჩამბარებელმა უფლებამოსილების არარსებობაზე მიუთითებლობით გზავნილის ჩამბარებელს შეუქმნა გონივრული მოლოდინი მასზედ, რომ იგი ასეთი კორესპონდენციის მიღებისათვის სათანადო სუბიექტი იყო. ამრიგად, საფუძველს მოკლებულია მტკიცება მასზედ, რომ გზავნილზე ხელმომწერი პირის მიერ დოკუმენტის ჩაბარების თარიღი მიჩნეული არ უნდა იქნეს ორგანიზაციის მიერ გზავნილის მიღების თარიღად.
17.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
17.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
17.3. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
17.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
18. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონიერია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის ათვლა 2022 წლის 12 იანვრიდან დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე) და მიმდინარეობდა 2022 წლის 21 იანვრის ჩათვლით. ამავდროულად, ხარვეზის შინაარსის გათვალისწინებით, ხარვეზის შესავსებად მიცემული დრო წარმოადგენდა გონივრულად განსაზღვრულ საპროცესო ვადას, რომლის ფარგლებში აპელანტს არც ხარვეზი შეუვსია და არც საპროცესო ვადის გაგრძელება უშუამდგომლია, ამავდროულად, არ მიუთითებია ისეთი საპატიო გარემოების არსებობაზე, რომელიც გაამართლებდა შ.პ.ს. „ს.ჯ.პ–ები“-ს მხრიდან საპროცესო ვადის დარღვევას და გამოიწვევდა აღნიშნული ვადის აღდგენას.
19. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებს, დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 63-ე, 73-ე, 74-ე, 368-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს „ს.ჯ.პ–ები“-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი