21 ოქტომბერი 2022 წელი
№ას-673-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ დ.კ–ი, თ.კ–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს. „ვ.ბ.ჯ–ა“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით, ს.ს. „ვ.ბ.ჯ–ა“-ს სარჩელი დ.კ–ისა და თ.კ–ის მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2020 წლის 26 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 8534.54 ლარის, პროცენტის - 1 503.80 ლარის და პირგასამტეხლოს - 282 ლარის ანაზღაურება. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს დ.კ–ს და თ.კ–ს მოსარჩელე ს.ს. „ვ.ბ.ჯ–ა“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 157.77 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის ანაზღაურება.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს დ.კ–მა და თ.კ–მა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შევსების მიზნითაც, აპელანტებს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის, მისი ელექტრონული ვერსიისა და 412,81 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) წარდგენა.
4. აპელანტთა წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 10 დღით. მითითებული განჩინება აპელანტების წარმომადგენელს ჩაჰბარდა კანონით განსაზღვრული წესით 2022 წლის 13 აპრილს.
5. 2022 წლის 26 აპრილს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტთა წარმომადგენელმა ნ.წ–ამ და განმარტა, რომ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში შემცირებულ იქნა სააპელაციო მოთხოვნა და გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ პროცენტის - 1503.80 ლარის, პირგასამტეხლოს - 282 ლარისა და საპროცესო ხარჯების - 386.04 ლარის დაკისრების ნაწილში, რის გამოც, გადაიხადა შემცირებული სააპელაციო მოთხოვნის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 87 ლარი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით, დ.კ–ისა და თ.კ–ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს.
7. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელ ნ.წ–ას საქმის მასალებში მის მიერ მითითებულ მისამართზე (თბილისი, .....) და პირადად ჩაჰბარდა 2022 წლის 05 მაისს.
8. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ.კ–ისა და თ.კ–ის წარმომადგენელმა ნ.წ–ამ და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება 1785.80 ლარით, ვინაიდან დაზუსტებულ სააპელაციო მოთხოვნაში მითითებული იმ თანხების ჯამი, რომლის მოპასუხეთათვის დაკისრებასაც ასაჩივრებს წარმომადგენელი, შეადგენს 2171.84 ლარს, რაც აღემატება 2000 ლარს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით, დ.კ–ისა და თ.კ–ის კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
12. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საკითხია, წარმოადგენს თუ არა მხარისათვის დაკისრებული საპროცესო ხარჯი დავის საგნის ღირებულების ნაწილს და შესაბამისად, რამდენად უნდა იქნას გათვალისწინებული მისი ოდენობა სააპელაციო საჩივრის ფასის გამოთვლისას.
13. საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, თავდაპირველად წარდგენილ სააპელაციო საჩივარში, აპელანტთა წარმომადგენელმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სრულად, ესე იგი, დაკისრებული სესხის ძირითადი თანხის ნაწილშიც. თუმცა სააპელაციო საჩივრის ამ ფორმით განსახილველად მიღებამდე, აპელანტთა წარმომადგენელმა დააზუსტა სააპელაციო მოთხოვნა იმგვარად, რომ გასაჩივრებას დაუქვემდებარა მარტოოდენ პროცენტის, პირგასამტეხლოსა და მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების მოპასუხეებზე დაკისრების საფუძვლიანობა, ესე იგი, შეამცირა სააპელაციო მოთხოვნა.
14. საყურადღებოა, რომ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს ხელს აწერენ არა უშუალოდ აპელანტები, არამედ მათი წარმომადგენელი - ნ.წ–ა, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასტურდება საქმეში არსებული მინდობილობებით - (იხ. ტ.1, ს.ფ. 72-77). აღნიშნული მინდობილობების ძალით, წარმომადგენელი აღჭურვილია როგორც სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების, ისე მოთხოვნების შემცირების უფლებამოსილებით, ამდენად, წარმომადგენლის მიერ გამოვლენილი ნება სააპელაციო მოთხოვნათა შემცირებაზე უშუალო შედეგს წარმოშობს მისი მარწმუნებლების - აპელანტების მიმართ.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
16. უდავოა, რომ წინამდებარე დავა ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათის არის, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს შეუსრულებელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამდენად, დავის სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის დამატებითი კრიტერიუმს აწესებს სსსკ 365-ე მუხლში დავის ქონებრივი ცენზის სახით, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლო არსებითად იხილავს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივარს, რომლის ღირებულებაც სცილდება 2000 ლარს. ქონებრივ დავაში კი სააპელაციო საჩივრის ფასი განისაზღვრება არა სარჩელის, არამედ გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ აპელანტის მიერ წარდგენილი მოთხოვნის მოცულობიდან.
17. სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრის კონკეტულ წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე (სააპელაციო საჩივარზე) დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.
18. საგულისხმოა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მეორე ნაწილიც, რომელიც ადგენს, რომ თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.
19. გასათვალისწინებელია, რომ დავის საგნის ღირებულებაში, სსსკ მე-40, 41-ე მუხლებიდან გამომდინარე, იგულისხმება სასარჩელო მოთხოვნის მატერიალური ნაწილი და არა მისი განხორციელების მიზნებისათვის გაღებული საპროცესო ხარჯი. აღნიშნულის მსგავსად, დავის საგნის ღირებულებაში, რაზეც სსსკ-ის 365-ე მუხლი მიუთითებს, იგულისხმება სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილი და მასში არ მოიაზრება პროცესის ხარჯები (მათ შორის, სახელმწიფო ბაჟი). ასეთი დასკვნა, უპირველეს ყოვლისა, გამომდინარეობს თავად ამ მუხლის შინაარსიდან, კერძოდ, როდესაც კანონმდებელი საუბრობს დავის საგნის ღირებულების ზღვრული ოდენობის დადგენაზე, იქვე განმარტავს, რომ შეზღუდვა შეეხება ქონებრივ-სამართლებრივი სახის სააპელაციო საჩივრებს. ამდენად, კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს მოთხოვნის სწორედ მატერიალურ ნაწილზე. გარდა ამისა, სსსკ-ის 37.2 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს სასამართლო ხარჯს, ხოლო აკრძალვის რეგისტრაციის საფასური - სსსკ 37.3 მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოსგარეშე ხარჯია, შესაბამისად, ბუნებრივია, დავის წარმოების მიზნით გაწეული საპროცესო ხარჯები დავის საგნის ღირებულებაში ვერ შევა. პროცესის ხარჯები გამოანგარიშდება დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, ხოლო თავად დავის საგანი მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებირივი მოთხოვნის მიხედვით გამოითვლება, სსსკ-ის მე-40 და 41-ე მუხლებით დადგენილი წესით. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ პროცესის ხარჯი დავის საგნის ღირებულებაში არ შედის და სააპელაციო საჩივრის ღირებულების გამოანგარიშებისას დავის საგნის ღირებულებას არ ემატება (იხ. სუსგ №ას-19-2022, 11.02.2022წ). საგულისხმოა, რომ მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა (იხ. სუსგ-ები: №ას-63-2019, 19.06.2019წ; №ას-230-218-2017, 28.04.2017წ; №ას-1360-1585-05, 07.02.2006წ).
20. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა სსსკ 365-ე მუხლზე მითითებით, ამ უფლებით დაცულ სფეროში კანონისმიერი ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა ჩარევას გააჩნია გამართლება შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავების სწრაფად დასრულების მიზნის სახით.
21. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა), (იხ. სუსგ №ას-506-2021, 12.11.2021წ).
22. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორებს არ მიუთითებიათ ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე, 365-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.კ–ის და თ.კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი