21 ოქტომბერი 2022 წელი
№ას-939-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ს.ს. „ს.კ.პ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე _ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ს.ს. „ს.კ.პ–ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების თანხის - 45756 ლარისა და პირგასამტეხლოს - 3890.24 ლარის გადახდა.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო გაასაჩივრა ს.ს. „ს.კ.პ–ი”-ს წარმომადგენელმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შევსების მიზნითაც, აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი), აგრეთვე დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
4. აღნიშნული განჩინება გაიგზავნა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: თბილისი, ........, სართული 6, ოფისი 6. საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, კურიერმა სასამართლო გზავნილი განათავსა საფოსტო ყუთში (იხ. ტ. 2, ს.ფ. 7-8).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით, ს.ს. „ს.კ.პ–ი“-ს სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის მოტივით, დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ აპელანტს გაეგზავნა წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებულ მისამართზე და 2022 წლის 27 ივნისს ჩაბარდა ორგანიზაციის თანამშრომელს („აიტი“-ს) თ.ც–ს (იხ. ტ.2, ს.ფ. 14-15).
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს.ს. „ს.კ.პ–ი“-ს წარმომადგენელმა ე.თ–მა და მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განჩინება აპელანტს არ ჩაბარებია, მისი მიღება არ ფიქსირდება აპელანტის ოფისში, ამრიგად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით, ს.ს. „ს.კ.პ–ი“-ს კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მითითებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
11. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია ორგანიზაციის შენობის შესასვლელთან კორესპონდენციისათვის განთავსებულ სპეციალურ ყუთში გზავნილის ჩაგდება ითვლება თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარებად.
11.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
11.2. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
11.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
12.1. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ორგანიზაციისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვალოს, ის უნდა ჩაბარდეს ორგანიზაციის კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნისას – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს. ამასთან, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ გზავნილის ჩაბარება დადასტურდეს მის მეორე ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით. საპროცესო კანონმდებლობა ამ წესიდან გამონაკლისს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მხოლოდ ამ წესის დაცვით ჩაბარებული გზავნილი წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. (იხ. სუსგ. №ას-722-2022, 21.09.2022წ).
12.2. საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილის გამოკვლევის შედეგად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კურიერმა ი.გ–მა სასამართლო გზავნილი მოათავსა საფოსტო ყუთში, რის შესახებაც მიუთითა კომენტარში, ხოლო მიმღების ხელმოწერის გრაფაში განათავსა საკუთარი ხელმოწერა, რასაც მოწმობს ხელმოწერის გრაფაში დასმული ინიციალები „ი“ და „გ“ (იხ. ტ.2, ს.ფ. 8).
12.3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გზავნილი არ ჩაბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ ორგანიზაციის უფლებამოსილ სამსახურს ან/და პირს და არც გზავნილის ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით. საფოსტო ყუთში წერილის მოთავსების გზით სასამართლო გზავნილის პროცესის მონაწილისათვის ჩაბარების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს, ამავდროულად, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ საფოსტო ყუთში გზავნილის მოთავსების გზით კორესპონდენციის ჩაბარების წესზე მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად.
12.4. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლო განჩინება აპელანტს არ ჩაბარებია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვინაიდან ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა ამავე ხარვეზის შესახებ გამოტანილი განჩინების ადრესატისათვის ჩაბარებაა, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს. „ს.კ.პ–ი“ -ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი