№ას-25-2022
05 ოქტომბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ჯ.მ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.ბ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა საჩხერის რაიონულ სასამართლოში შპს „ჯ.მ–ის“ (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, 180 000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 1-12).
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ი.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „ჯ.მ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 56000 ლარის გადახდა.
3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით დამატებით 39 000 ლარის დაკისრება (დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნით).
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ჭიათურის რაიონის სოფელ ...., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ ....., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N01 ფართით 88 კვ.მ., N02 ფართით 351 კვ.მ.
5.2. მოსარჩელის თანასაკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ჭიათურის რაიონი, სოფელი ......, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ .......
5.3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიურ ფაკულტეტთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ცენტრის „სამთო-გეოლოგ პროექტის“ 2020 წლის საექსპერტო დასკვნის თანახმად: ჩატარებული თეორიული სამეცნიერო კვლევები, სამთო სამუშაოების მიმდინარეობის განვითარების ისტორია, მიწისქვეშა სამთო სამუშაოების განვითარების გეგმები და მიწის ზედაპირზე სამთო სამუშოების ზეგავლენაზე მოქმედი სამთო-გეოლოგიური, სამთო ტექნიკური ფაქტორების ანალიზი ადასტურებს, რომ საკვლევი ობიექტის არეალი იმყოფებოდა მიწისქვეშა სამთო სამუშოების ზეგავლენის ზონაში და იგი განაპირობებდა მის დეფორმაციებს და ზიანის მიყენებას, რაც გამოწვეულია შპს „ჯ.მ–ის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის საკუთრებაში არსებული სტალინის სახელობის მაღაროების მიერ წარმოებული სამუშოების შედეგად.
5.4. შპს „უ.ქ.ე–ის“ 2020 წლის 16 დეკემბრის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (ს/კ ..... და ს/კ ......) საბაზრო ღირებულებაა 168000 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება
5.5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს დელიქტიდან. მოსარჩელემ მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად წარადგინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2020 წლის სამთო გეოლოგიურ ფაკულტეტთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ცენტრის „სამთო-გეოლოგ პროექტის“ საექსპერტო დასკვნა, რომელიც გაცემულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი და საპროექტო ცენტრის „სამთო-გეოლოგ პროექტის“ ხელმძღვანელ ტ.მ.კ.-ის პროფესორ გ. მ–ძის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიების ხელმძღვანელ ი. ჯ–ის მიერ. აღნიშნული დასკვნა შედგენილია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ვიზუალური დათვალიერებით და ეყრდნობა როგორც ადგილზე წარმოებულ კვლევას, ასევე, ზედაპირის ჰიფსომეტრიულ, ტოპოგრაფიულ და მიწისქვეშა სამთო სამუშაოების განვითარების გეგმებსა და ნახაზებს. დასკვნაში მითითებულია, რომ საცხოვრებელ სახლს, დამხმარე შენობა-ნაგებობებს, მიმდებარე ტერიტორიას და ტერიტორიის შემომსაზღვრელ ღობეს განცდილი ჰქონდა საკმაოდ მაღალი ხარისხის დეფორმაციები, დეფორმაციის ხასიათი და სიდიდეები მიანიშნებდა იმაზე, რომ იგი სხვა გამომწვევ მიზეზებთან ერთად ძირითადად გამოწვეული იყო მარგი წიაღისეულის მოპოვების მიზნით განხორციელებული მიწისქვეშა სამთო სამუშაოების გავლენის შედეგად განვითარებული ნიადაგის დაძვრის პროცესებით.
5.6. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების გასაბათილებლად წარმოდგენილია 2021 წლის 15 მაისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა N002299321, რომელიც შედგენილია კ.ზ–ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და სინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის დეპარტამენტის სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტ ა. გ–ას მიერ. აღნიშნული დასკვნით დასტურდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ექსპლუატაციისათვის უვარგისია და დაზიანებათა კლასიფიკაციის მიხედვით შეფასებულია 3 ხარისხში. აღნიშნული საინჟინრო დასკვნა არ შეიცავს პასუხს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე - შპს „ჯ.მ–ის“ მიერ განხორციელებული სამთო სამუშაოები ნაწარმოებია თუ არა სამთო ქანების ძვრის საპროექტო საზღვარში და განხორციელებული სამუშაოები მოახდენდა თუ არა სადავო უძრავ ნივთზე ნეგატიურ ზეგავლენას, რაც გამოიწვევდა მის ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარ მდგომარეობამდე მიყვანას. ამასთან, მითითებულია, რომ უძრავი ქონების მდგრადობაზე ზეგავლენა შეიძლებოდა მოეხდინა სხვადასხვა მიზეზთა ერთობლიობას, მათ შორის, ასაკობრივ ცვეთას და ექსპლუატაციის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებს.
5.7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა უფრო წონადი, სარწმუნო და კვალიფიციური იყო. შედგენილი იყო უშუალოდ სამთო სამუშაოების სპეციალისტების მიერ, რომლებსაც სიღრმისეულად ქონდათ შესწავლილი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე არსებული დაზიანებების მიზეზები და წარმომავლობა, ხოლო დასკვნაში ასახული გარემოებების საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებას მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნა არ შეიცავდა.
5.8. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების – საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობების დაზიანება, ასაკობრივ ცვეთასთან და ექსპლუატაციის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებთან ერთად, განაპირობა სწორედ მოპასუხის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა - მაღაროებში სამუშაოების წარმოებამ, რამაც გამოიწვია უძრავი ქონების მდგომარეობის იმგვარი გაუარესება, რომ დანიშნულებისამებრ მათი გამოყენება შეუძლებელი გახდა. რაც შეეხება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „უ.ქ.ე–ის“ უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაა 168 000 ლარი, უფრო სარწმუნო მტკიცებულებას წარმოდგენდა, ვიდრე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა N002702621, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებაა 67 000 ლარი და 10 000 ლარი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა გაცემულია უძრავი ქონების სერტიფიცირებული შემფასებლის გ.მ–ძის მიერ და ის შეიცავს შეფასების განსახორციელებლად გამოსაყენებელი მეთოდების და სტანდარტების არა მხოლოდ თეორიულ აღწერას, არამედ მასში დეტალურადაა შესწავლილი და გაანალიზებული კვლევისათვის აუცილებელი ყველა კომპონენტი. კერძოდ, დასკვნა შეიცავს შესაფასებელი ობიექტის დეტალურ აღწერას, ასევე, შესაფასებელი ობიექტისა და ანალოგების შედარება/კორექტირების დეტალურ ანგარიშს, ხოლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა შეიცავს მხოლოდ თეორიულ საკითხებზე მითითებას, შეფასების მეთოლოგიასთან დაკავშირებით. მართალია, ექსპერტი მიუთითებს, რომ გამოიკვლია ბაზარი და მოახდინა ბაზრის იმ მონაცემების მოპოვება და ანალიზი, რომლებიც საშუალებას იძლეოდნენ დადგენილიყო ანალოგიური უძრავი ქონების ობიექტები, მაგრამ დასკვნა არ შეიცავს რაიმე მითითებას ანალოგ ობიექტებთან მიმართებით, რაც საექსპერტო კვლევასა და მასში ასახულ გარემოებებს არასარწმუნოს/არადამაჯერებელს ხდის.
5.9. სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 168 000 ლარის მესამედის - 56 000 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდებოდა, რომ უძრავი ქონება დაზიანებათა გამო უვარგისია მისი დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. ამასთან, დადგენილი იყო, რომ მიყენებული ზიანი მოპასუხის ბრალეული ქმედების გარდა, ასევე გამოწვეულია ასაკობრივი ცვეთითა და მიწისძვრის შედეგად. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მრავალწლიანი ნარგავების საკომპენსაციო ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, ამ ნაწილში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 06 იანვრის, სერტიფიცირებული შემფასებლის ვ.დ–ძის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... ი.ბ–ძის საკუთრებაში არსებული მრავალწლიანი ნარგავების საკომპენსაციო თანხის გაანგარიშების N1-ზ ანგარიშით დასტურდებოდა, რომ არსებულ მიწის ფართზე (ს/კ ......) განთავსებულია მრავალწლიანი ნარგავები და მითითებულია მათი რაოდენობრივი და ასაკობრივი ჩამონათვალი. ანგარიშში მითითებულ ფორმულაზე დაყრდნობით გაანგარიშებული იქნა საკომპენსაციო თანხა მრავალწლიანი ნარგავებისათვის, დაკარგული შემოსავლის პრინციპის გათვალისწინებით (არსებული ხის ასაკამდე ახალი ხის გახარების პერიოდში, აღნიშნული ხის ჯამური მოსავლის ღირებულების ჯამი), რამაც შეადგინა 11 271. 4 ლარი. აღნიშნული ანგარიში არ შეიცავს არანაირი სახის ინფორმაციას ნარგავების დაზიანებებისა და შესაბამისად, დაზიანებების გამომწვევი მიზეზების თაობაზე. ხოლო აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი სხვა რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ ირკვეოდა ნარგავები საერთოდ დაზიანებულია თუ არა ან/და თუ დაზიანებულია, რამ გამოიწვია იგი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ.მ–მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. შპს „ჯ.მ–ის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად მოსარჩელის საკუთრება არ დაზიანებულა. მოპასუხე მხარეს არასოდეს უწარმოებია სამუშოები მოსარჩელის საკუთრების ქვეშ, რასაც ადასტურებს სარჩელზე თანდართული 2018 წლის 30 აგვისტოს წერილი.
6.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი „სამთო გეოლოგ პროექტის“ 2020 წლის დასკვნა არის არაკომპეტენტური. ექსპერტი დასკვნაში არ უთითებს, თუ როდის მიიღო დაზიანებები უძრავმა ქონებამ, არ მსჯელობს მოსარჩელის სახლი აკმაყოფილებს, თუ არა მშენებლობისათვის აუცილებელ სტანდარტებს და ასევე არ მსჯელობს გამოწვეულია თუ არა საცხოვრებელი სახლის ბზარები მისი ბუნებრივი ცვეთით და სხვა გარემო პირობების ზეგავლენით.
6.3. კასატორი მიუთითებს, სარჩელზე თანდართული სამკვიდრო მოწმობაში მითითებული მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ღირებულებისა და „უქეს“ მიერ აღნიშნული ქონების შეფასების შეუსაბამობაზე. ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მის მიერ წარმოდგენილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, როგორც ყველაზე ობიექტური და ნეიტრალური დასკვნა უძრავი ქონების ღირებულებაზე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ შპს „ჯ.მ–ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე (ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან), 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
13. პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. თავისთავად, დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017წ.).
14. დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; 2018 წელი; №ას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით სადავოა მოპასუხისათვის აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობების არსებობა. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს არ გამოუწვევია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება, ამდენად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანებას შორის.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს. ისეთი საკითხების შეფასებისას, როდესაც სასამართლოს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია ექსპერტიზის დასკვნა ერთ-ერთი წონადი მტკიცებულებაა, რომელსაც სასამართლო მხედველობაში მხოლოდ მისი, განკუთვნადობის, შესაბამისობის, სანდოობისა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით იღებს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2020 წლის სამთო გეოლოგიურ ფაკულტეტთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ცენტრის „სამთო-გეოლოგ პროექტის“ საექსპერტო დასკვნის წარმოდგენით მოსარჩელემ წარმატებით უზრუნველყო თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მისი კუთვნილი უძრავი ქონების მოპასუხე კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოებით დაზიანების ფაქტის დადასტურება. მის მიერ წარმოდგენილი დასკვნა ეყრდნობა, როგორც ადგილზე წარმოებულ კვლევას, ასევე, ზედაპირის ჰიფსომეტრიული, ტოპოგრაფიული და მიწისქვეშა სამთო სამუშაოების განვითარების გეგმებსა და ნახაზებს. დასკვნის შემდგენი სპეციალისტების მიერ, სიღრმისეულად შესწავლილია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე არსებული დაზიანებების მიზეზები და წარმომავლობა. აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია, რომ „ჩატარებული თეორიული და სამეცნიერო კვლევები, სამთო სამუშაოების მინდინარეობის განვითარების ისტორია, მიწისქვეშა სამთო სამუშაოების განვითარების გეგმები და მიწის ზედაპირზე სამთო სამუშაოების ზეგავლენაზე მოქმედი სამთო-გეოლოგიური, სამთო ტექნიკური ფაქტორების ანალიზის თანახმად, საკვლევი ობიექტის არეალი იმყოფებოდა მიწისქვეშა სამთო სამუშაოების ზეგავლენის ზონაში და იგი განაპირობებდა მის დეფორმაციებს და ზიანის მიყენებას, რაც გამოწვეულია შპს „ჯ.მ–ის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის საკუთრებაში არსებული მაღაროს მიერ წარმოებული სამთო სამუშაოების შედეგად“.
18. ზემოაღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 15 მაისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა (N002299321) არ შეიცავს პასუხს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე კითხვაზე - შპს „ჯ.მ–ის“ მიერ განხორციელებული სამთო სამუშაოები ნაწარმოებია თუ არა სამთო ქანების ძვრის საპროექტო საზღვარში და განხორციელებული სამუშაოები მოახდენდა თუ არა სადავო უძრავ ნივთზე ნეგატიურ ზეგავლენას, რაც გამოიწვევდა მის ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარ მდგომარეობამდე მიყვანას. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა თავადაც ადასტურებს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანების ფაქტს და მითითებულია, რომ უძრავი ქონების მდგრადობაზე ზეგავლენა შეიძლებოდა მოეხდინა სხვადასხვა მიზეზთა ერთობლიობას, მათ შორის, ასაკობრივ ცვეთას, ექსპლუატაციის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებს, ფუძე გრუნტების გაწყლიანებას შენობის ირგვლივ შემონაკირწყლის არქონის გამო, მიწისქვეშა სამთო აფეთქებით სამუშაოებს.
19. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა სადავო საკითხთან მიმართებით ამომწურავ ხასიათს ატარებს, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნა კი თავადაც არ გამორიცხავს მოპასუხე კომპანიის მხრიდან განხორციელებული სამუშაოების შედეგად ზიანის დადგომის შესაძლებლობას. ის გარემოება, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ქვეშ სამუშაოები არ მიმდინარეოდა, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიუყენებლობას არ ადასტურებს. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქმეს ერთვის N002618513 ექსპერტიზის დასკვა და კ.ზ–ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის წერილი, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების მიმდებარედ მთელი რიგი შენობა-ნაგებობების დაზიანების გამომწვევ მიზეზს წარმოადგენდა შპს „ჯ.მ–ის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის საკუთრებაში არსებული მაღაროს მიერ ჩატარებული სამუშაოები, რაც კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის სარჩელის საფუძვლიანობას.
20. კასატორის პრეტენზია შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი „სამთო გეოლოგ პროექტის“ 2020 წლის დასკვნას. კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ მასში არ არის მსჯელობა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ბუნებრივი ცვეთით და სხვა გარემო პირობების ზეგავლენით დაზიანებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დაეფუძნა სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებას და მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების შეფასების გათვალისწინებით, მოპასუხის სამუშოების შედეგად მიყენებული ზიანის პროპორციულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება ასაკობრივ ცვეთასთან და ექსპლუატაციის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებთან ერთად, განაპირობა მოპასუხის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა (168000:3=56000) 56000 ლარი ზიანის ანაზღაურების სახით.
21. საკასაციო პალატა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ღირებულების შესახებ კასატორის პრეტენზიას ასევე ვერ გაიზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების ღირებულების შესახებ დასკვნა შეიცავს როგორც გამოსაყენებელი მეთოდებისა და სტანდარტების თეორიულ აღწერას, ასევე, შესაფასებელი ობიექტის დეტალურ აღწერას, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნა ემყარება მხოლოდ თეორიულ საკითხებს და არ შეიცავს რაიმე მითითებას ანალოგიურ ობიექტებთან მიმართებით.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა ზიანი, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანების სახით, დადგენილია მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და მოპასუხის ქმედებას (წარმოებულ სამუშაოებს) შორის, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
22. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ დავის სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია მას ვერ დაუპირისპირა და შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ჯ.მ–ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 2800 ლარის (საგადახდო დავალება N1643625111, გადახდის თარიღი 31.01.2022) 70% – 1960 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ.მ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. შპს „ჯ.მ–ს“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2800 ლარის (საგადახდო დავალება N1643625111, გადახდის თარიღი 31.01.2022) 70% – 1960 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე