Facebook Twitter

ას-1330-2021

16 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ი–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შ.მ–მა (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ი–ის“ (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის მიერ 2021 წლის 19 მარტს გამოვლენილი ნების ბათილად ცნობის, დამსაქმებლის 2021 წლის 23 მარტის N23/03/-1 ბრძანებით მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 2-21).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით, შ.მ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის მიერ 2021 წლის 19 მარტს გამოვლენილი ნება მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის მიერ 2021 წლის 23 მარტის N23/03-1 ბრძანებით გამოვლენილი ნება მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 83000 ლარის გადახდა.

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 09 აგვისტოს საოქმო განჩინების ამონაწერით მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა მოცემულ საქმეზე 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის დაკისრებული 83 000 ლარიდან 20 000 ლარის ოდენობით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ასევე გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხემ კერძო საჩივრით ასევე გაასაჩივრა 2021 წლის 09 აგვისტოს საოქმო განჩინების ამონაწერი და მოითხოვა მისი გაუქმება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. შპს „ი–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. მოსარჩელე შ.მ–ი 2012 წლის 01 ოქტომბრიდან დასაქმებული იყო შპს „ი–ში“ უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ტექნიკური სამსახურის უფროსის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა საწარმოს ტექნიკური გამართულობის კონტროლი, ასევე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 2019 წლის 19 სექტემბრიდან მოსარჩელის მიერ დაკავებულ პოზიციას ეწოდა შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის/შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიცია.

5.2 მოსარჩელის ყოველთვიურ შემოსავალს წარმოადგენდა ფიქსირებული ხელფასი, დარიცხული 3125 ლარი და ყოველთვიური დანამატი დარიცხული 1875 ლარი. ხელფასზე დანამატი იყო რეგულარული და მოსარჩელეს იგი მიღებული აქვს ბოლო 6 წლის განმავლობაში ყოველთვიურად.

5.3. შრომითი ურთიერთობის მოქმედების პერიოდში, შ.მ–ის მხრიდან ჯეროვნად ხორციელდებოდა მასზე დაკისრებული მოვალეოებები და მხარეთა შორის შრომითი მოვალეობების განხორციელებასთან მიმართებით უთანხმოებას ადგილი არ ჰქონია.

5.4. 2021 წლის 19 მარტს შ.მ–მა წერილობითი განცხადებით მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება. არც წერილობით განცხადებაში და არც ზეპირსიტყვიერად დასაქმებულს არ განუმარტავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილი. (განცხადების დაწერის შემდგომ მოსარჩელე სამსახურში აღარ გამოცხადებულა და შრომითი მოვალეობები აღარ შეუსრულებია).

5.5. ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე, 2021 წლის 23 მარტს დამსაქმებელმა გამოსცა ბრძანება N23/03-1 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, რომლითაც სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის თარიღად განისაზღვრა - 2021 წლის 01 აპრილი. შრომითი ხელშკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი. ამავე ბრძანებით, შ.მ–ს კომპანიაში მრავალწლიანი მუშაობის და შესრულებული მოვალეობებისათვის, მადლობის ნიშნად გადაეცა ფულადი პრემია - 7000 ლარის ოდენობით.

5.6. სადავო ბრძანების გამოცემამდე, დამსაქმებელი არ დაინტერესებულა, თუ რა გახდა დასაქმებულის მხრიდან პირადი განცხადების საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენის საფუძველი.

5.7. გათავისუფლების თაობაზე ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 2021 წლის 29 მარტს, ვაიბერის მეშვეობით. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, მოსარჩელე ეცადა დაკავშირებოდა მოპასუხე კომპანიის პარტნიორსა და დირექტორს, თუმცა ამ უკანასკნელის მხრიდან ვერ მოხერხდა შესაბამისი დროის გამონახვა, რის გამოც მოსარჩელემ ვერ შეძლო მასთან გასაუბრება.

5.8. მოპასუხე შპს „ი–ის“ პარტნიორები არიან: ბ.ბ–ძე 30% წილის მფლობელი, ვ.ბ–ძე 30% წილის მფლობელი, შ.ბ–ძე 40% წილის მფლობელი, ამასთან ვ.ბ–ძე არის საზოგადოების დირექტორი, ბ.ბ–ძე დირექტორის მოადგილე. 30-30%-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორები ვ.ბ–ძე და ბ.ბ–ძე არიან, ამავე კომპანიის 40% წილის მესაკუთრე შ.ბ–ძის შვილები. სწორედ, ვ.ბ–ძესთან არსებული უთანხმოება და მისი არაკეთილგანწყობა გახდა შ.მ–ის მხრიდან გათავისუფლების თაობაზე ნების გამოვლენის საფუძველი.

5.9. დამსაქმებელმა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ მოკლე ვადაში მოახდინა მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის რეორგანიზაცია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული პოზიცია მის მიერ შესასრულებელი სამუშაოების გათვალისწინებით რეორგანიზაციის გამო დანაწევრდა და აღარ არსებობს. მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე (რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად) და განმარტა, რომ მნიშვნელოვანი იყო გამორიცხულიყო დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება. გამორკვეულიყო რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელი იყო მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-1350- 2019, 27 ნოემბერი, 2019 წ.).

5.11. საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო დასაქმებულის 2021 წლის 19 მარტის განცხადება, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივი შეჯერებით, შესაფასებელი იყო სწორედ მითითებული განცხადების ფარგლებში დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების დადგენა და ამავდროულად გამოხატული ნების განმაპირობებელი ფაქტორების შესწავლა.

5.12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნება, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ცალმხრივი გარიგებაა, რომლის ნამდვილობაც, ამავე კოდექსის 51-ე მუხლის წინაპირობის არსებობაზეა დამოკიდებული (იხ. სუსგ საქმე №ას-1221-2018, 8 თებერვალი, 2019 წელი).

5.13. სააპელაციო პალატის მითითებით, შრომითი ურთიერთობის დაწყება და დასრულება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. ნების გამოვლენა განსაზღვრულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო, მეორე მხრივ კი - ფორმალური წინაპირობები. პირველში - პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა) იგულისხმება, ხოლო მეორეში - ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. პალატამ მიუთითა, შრომის სამართალში არსებულ მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ სტანდარტზე და მიიჩნია, რომ მართალია მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო დასაქმებულის მიერ თანამდებობის საკუთარი წერილობითი განცხადებით დატოვება, თუმცა ვინაიდან მოსარჩელე უარყოფდა საკუთარი ნებით სამსახურის დატოვების ფაქტს, დამსაქმებელი იყო ვალდებული ემტკიცებინა დასაქმებულის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების ნების გამოვლენა, რაც კანონმდებლობის სრული დაცვით სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძველს შექმნიდა.

5.14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ როდესაც დასაქმებულის მხრიდან გათავისუფლებამდე დაფიქსირდა პრეტენზია მისდამი დამოკიდებულებასთან მიმართებით, საწარმოს ხელმძღვანელობას კეთილსინდისიერებისა და კონტრაჰენტის უფლებებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების პრინციპის შესაბამისად, ასევე წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობების გათვალისწინებით, ევალებოდა დაეზუსტებინა და გამოერკვია დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

5.15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე შექმნილი არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო იძულებული გახდა გამოევლინა არანამდვილი ნება, რაც განაპირობა ხელმძღვანელობის ზეპირმა მოწოდებამ დაეწერა განცხადება. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის შევიწროვების ფაქტის გაქარწყლება მოპასუხე მხარემ სათანადო შედავებისა და ვარგისი მტკიცებულების წარმოდგენით ვერ უზრუნველყო.

5.16. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე კომპანიისთვის დაკისრებული კომპენსაცია (83000 ლარი), მოსარჩელის მაღალი კვალიფიკაციის, საქმიანი გამოცდილების, ასაკის, ხელფასის ოდენობის, ხელშეკრულების ვადისა (განუსაზღვრელი) და სამომავლო დასაქმების შესაძლებლობის გათვალისწინებით გონივრულად იყო განსაზღვრული.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ი–მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მითითებით, მოსარჩელეს უნდა წარედგინა და საქმეში უნდა არსებობდეს ფაქტები, მტკიცებულებები (ფიზიკური ან/და ფსიქიკური იძულება), რომლებიც დაადასტურებდა გამოვლენილი ნების არანამდვილობასა და მოსარჩელეზე ზემოქმედებას. მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიდა გონივრულ ვარაუდს დასაქმებულის შევიწროვების დასადასტურებლად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

6.2. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ზემოქმედებისგან თავისუფალი ნების გამოვლენას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები). დასაქმებულს არც სამსახურის დატოვებამდე და არც მას შემდეგ სარჩელის შეტანამდე, არ განუცხადებია მის მიერ გამოვლენილი ნების არანამდვილობის შესახებ და არ მიუთითებია, რომ გადაიფიქრა სამსახურიდან წასვლა. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის სამსახურიდან წასვლისთვის მზადებას ადასტურებს განცხადების დაწერამდე შვებულებით სარგებლობა და შრომითი ხელშეკრულების მოთხოვნა.

6.3. კომპანიის მენეჯმენტსა და პარტნიორთა უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე (კომპანიის დამადგარები, მათი ღირებულება...) კომპანიის საბოლოო გადაწყვეტილებისა და მოსარჩელის მოსაზრების შეუთავსებლობა არ შეიძლება აღქმულ იქნას დასაქმებულის შევიწროებად.

6.4. დისკრიმინაციაზე მსჯელობისას, რომელიმე ფაქტის დისკრიმინაციად კვალიფიცირებისთვის საჭიროა ადგილი ჰქონდეს დამსაქმებლის მხრიდან რომელიმე დაცული ნიშნის საფუძვლით დასაქმებულის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა დასაქმებულთან შედარებით, შევიწროებაზე მითითებისას სახეზე უნდა იყოს რომელიმე დაცული ნიშნით განპირობებული არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ ასეთ საფუძვლებზე მითითება არ განხორციელებულა.

6.5. კასატორის პრეტენზია მიმართულია ასევე კომპენსაციის ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ კომპენსაციის დაკისრებული ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ კომპენსაციის თანხაში პრემიის გათვალისწინება არასწორია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ი–ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ი–ის“ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო საჩივრით სადავოა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილობის საფუძვლის არსებობა, კომპენსაციის გადახდის მოვალეობა და მისი ოდენობა.

13. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.

14. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებით. რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც შრომის კოდექსის შესაბამის მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისათვის.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19 აპრილი 2016 წელი). განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის მიერ 2021 წლის 19 მარტს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოვლენილი ნების საფუძველზე, დამსაქმებლის 2021 წლის N23/03-1 ბრძანების მიხედვით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება) შესაბამისად.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავოა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა. კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ეფუძნება დასაქმებულის მიერ ზემოქმედებისგან თავისუფლად გამოვლენილ ნებას. ასეთ მოცემულობაში, სასამართლო აფასებს გამოვლენილი ნების ნამდვილობას დამსაქმებლის არაკეთილსინდისიერი ქცევის ზემოქმედებისაგან დაცვის კონტექსტში და მნიშვნელოვანია დადგინდეს ამ უკანასკნელის მხრიდან იკვეთება თუ არა ზეწოლის ფაქტები.

16. როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაშია განმარტებული, „შრომისსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას. თუმცა, შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (იხ. სუსგ Nას-98-94-2016, 26.07.2016წ.). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება.

17. განსახილველ საქმეში მოსარჩელე სადავოდ ხდის მის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობას და მიუთითებს მის მიმართ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე, რამაც აიძულა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა.

18. კასატორის პრეტენზია შეეხება მოსარჩელის მიერ ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლებიც შექმნიდა გონივრულ ვარაუდს დასაქმებულის ნების თავისუფალი გამოვლენის არანამდვილობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს შრომით დავებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების თავისებურებაზე და განმარტავს, რომ დამსაქმებელი ვალდებულია ამტკიცოს, რომ დასაქმებულმა სამსახურიდან გათავისუფლების ნება გამოავლინა, რაც კანონმდებლობის სრული დაცვით სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძველს შექმნიდა. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ დამსაქმებელმა ვერ შეძლო სასამართლოსთვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რაც გაამართლებდა შრომისსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე 9 წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად და ჯეროვნად მუშაობდა მოპასუხე საწარმოში. დამსაქმებლის მიერ მის მიმართ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ გამოთქმულა. თვითონ მოპასუხე ამახვილებს ყურადღებას დასაქმებულის კომპეტენციაზე, პროფესიონალიზმსა და შრომისმოყვარეობაზე, თუმცა ამავე დროს, იგი არც გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე და არც მას შემდეგ არ დაინტერესებულა დასაქმებულის მიერ სამუშაოდან წასვლის შესახებ გამოვლენილი ნების მიზეზებზე. საწარმოს ხელმძღვანელობას კეთილსინდისიერებისა და კონტრაჰენტის უფლებებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების პრინციპის შესაბამისად, ევალებოდა დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნების დაზუსტება და გამოკვლევა.

19. კასატორის პრეტენზია ასევე შეეხება მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმე - შ.ბ–ძის ჩვენების გაუთვალისწინებლობას. ჩვენება შეეხებოდა სამსახურიდან წასვლამდე მოსარჩელის საუბარს კომპანიის ერთ-ერთ დირექტორთან, ა.ბ–ძესთან და ერთ-ერთ დამფუძნებელ პარტნიორთან - შ.ბ–ძესთან. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ადასტურებს მოსარჩელის საკუთარი სურვილით და დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სამსახურიდან წასვლას. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოწმე - შ.ბ–ძე კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორია, რომელიც დაინტერესებულია საქმის შედეგით, შესაბამისად, მისი ჩვენებით ვერ იქნებოდა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დამსაქმებელი კომპანიის მხრიდან რაიმე გავლენას არ ჰქონია ადგილი. პირიქით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ჩვენების იმ ნაწილს, სადაც შ.ბ–ძის მითითებით, ის სამსახურიდან გათავისუფლებამდე გარკვეული დროით ადრე ესაუბრა მოსარჩელეს, რომელმაც აცნობა, რომ შ.ბ–ძის შვილს - ვ.ბ–ძეს არ სურდა შ.მ–ის კომპანიაში მუშაობა (იხ. სხდომის ოქმი 28.06.2021, 14.04.43-14.05.38). მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ იგი სამსახურიდან წასვლამდეც ესაუბრა მოსარჩელეს, რომელმაც შეატყობინა სამსახურიდან წასვლის სურვილის შესახებ, თუმცა მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულით არ დაინტერესებულა და არც მიზეზების შესახებ უკითხავს რაიმე. შ.ბ–ძემ ასევე მიუთითა, რომ სამსახურიდან წასვლის შემდეგ მოსარჩელემ სთხოვა შეხვედრა, თუმცა იმ პერიოდში დროის არ ქონის გამო შეხვედრა ვერ შედგა (იხ. სხდომის ოქმი 28.06.2021, 13.54.16-13.55.54). ამდენად, მიუხედავად მოწმის მითითებისა, მოსარჩელის მიმართ იძულებისა და უთანხმოების არარსებობაზე, მისი ჩვენების ზემოაღნიშნული ნაწილი ადასტურებს საპირისპიროს. ამასთან, პალატას მოწმის ჩვენების და სააპელაციო სასამართლოს მიერ გათვალისწინებული გარემოებების (დასაქმებულის ასაკი, სამუშაო გამოცდილება, სახელფასო ანაზღაურება, დასაქმების ბაზარზე არსებული მდგომარეობა, მისი საკრედიტო ვალდებულებები და ის გარემოება, რომ მოსარჩელე სხვაგან არ დასაქმებულა) ერთობლიობაში შეჯამებით ექმნება რწმენა, რომ დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნება პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან წასვლის შესახებ არ მიღებულა დამოუკიდებლად, დამსაქმებლის არამართლზომიერი მოქმედების გარეშე.

20. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა მაღალია და დაკისრებულ თანხაში პრემიის გათვალისწინება არასწორია. საკასაციო პალატა კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიებს არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (მრავალ გადაწყვეტილებათა შორისაა სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 2021 წლის 18 თებერვალის განჩინება, №ას-536-2021, 2021 წლის 21 სექტემბერის განჩინება). ამავდროულად, გასათვალისწინებელია, უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, ახალი სამსახურის დაწყების პერსპექტივა, ოჯახური, სოციალური ვითარება, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272). გამომდინარე იქიდან, რომ შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას, იგი ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით დგინდება. კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, გათვალისწინებული უნდა იქნეს კომპენსირების მიზანი. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომაც, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის(იხ. სუსგ-ები №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი; Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი).

21. საკასაციო პალატა გარემოებათა გაანალიზების საფუძველზე მიიჩნევს, რომ დამსაქმებელი კომპანიის მიმართ განსაზღვრული კომპენსაცია შეესატყვისება კომპენსაციის გონივრულობის სტანდარტს. კომპენსაციის გონივრულობის სტანდარტის შეფასებისას საკასაციო პალატა ითვალისწინებს არაერთ ფაქტორს, მათ შორის, კომპანიის ლიკვიდურობასა და გადახდისუნარიანობას, ასევე - თავად დასაქმებულის დასაქმების პერსპექტივას (ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი კომპენსაციის გამოთვლისას უნდა იყოს ის სავარაუდო, გონივრული დროის მონაკვეთი, რომელიც გათავისუფლებულს სჭირდება ახალი სამსახურის მოსაძებნად), ასაკს, სამუშაო გამოცდილებას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაცია სწორად იქნა განსაზღვრული და აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული საკასაციო შედავება კასატორს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, არ იკვეთება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაციის გადახედვის სამართლებრივი მოცემულობა. რაც შეეხება პრემიის გაუთვალისწინებლობას კომპენსაციის ოდენობაში, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მხარეთა ახსნა-განმარტება, საბანკო ამონაწერი) დასტურდება მოსარჩელის მიერ ყოველთვიურად, მათ შორის შვებულების პერიოდში, პრემიის დანიშნულებით შრომის ანაზღაურების მიღების ფაქტი. საქმის მასალების შესწავლის შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ ხელფასის ოდენობის განსაზღვრისას სწორად იქნა გაზიარებული მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გათვალისწინებულ იქნა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთი და იგივე ოდენობის თანხის სისტემატურად, ყოველგვარი, თუნდაც ერთი გამონაკლისის გარეშე, მათ შორის შვებულების პერიოდში მიღების ფაქტი, ხოლო მოპასუხის მიერ საპირისპიროს დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი (მაგ: ხელფასის ცნობა, შრომითი ხელშეკრულება, ბრძანება ხელფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ და სხვ.) სასამართლოსთვის წარდგენილი არ ყოფილა.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ და ასევე მართებულად დააკისრა კომპენსაცია მოსარჩელის სასარგებლოდ. შპს „ი–ს“ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ი–ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 4150 ლარის (საგადახდო დავალება 32057, გადახდის თარიღი 22.11.2021) 70% – 2905 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ი–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ი–ს“ (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4150 ლარის (საგადახდო დავალება N32057, გადახდის თარიღი 22.11.2021) 70% – 2905 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

ლაშა ქოჩიაშვილი