საქმე №ას-394-2021 19 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.ე.ჯ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „აკადემიკოს ო. ღ. ს.ე.ს.ც–ი“ (მოსარჩელე)
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – სს „ე.
ჰ–ბი“, შპს „მ.პ.ს–ო“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.02.2021 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.05.2019 წლის გადაწყვეტილებით შპს „აკადემიკოს ო. ღ. ს.ე.ს.ც–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი” ან „მიმწოდებელი“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს "ს.კ.ე.ჯ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „მზღვეველი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეული პირებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა 60612.20 ლარის ოდენობით, ასევე ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო - 60612.20 ლარის 0.02%, 31.12.2013 წლიდან თანხის სრულად გადახდამდე.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.02.2021წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მოსარჩელე და მოპასუხე არიან „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 14.05.2012 წლის №177 დადგენილებით (შემდეგში „N177 დადგენილება“) განსაზღვრული ურთიერთობის მონაწილეები.
3.2. 2013 წლის ნოემბერში მოსარჩელემ N177დადგენილების შესაბამისად სამედიცინო მომსახურება გაუწია შპს „ს.კ.ა.ჯ–ის“ (23.12.2015 წელს ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად შპს „ს.კ.ა.ჯ–მა“ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად; ამჟამად მისი საფირმო სახელწოდებაა სს „ს.კ.ე.ჯ–ა“) მიერ დაზღვეულ პირებს. 03.12.2013 წელს მოპასუხეს წარედგინა მომსახურების ამსახველი დოკუმენტაცია 60 612.20 ლარის ანაზღაურებაზე. მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული არ არის.
3.3. N177 დადგენილების მეექვსე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით დადასტურებული საანგარიშგებო დოკუმენტაცია (დაზღვეულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სადაზღვევო პოლისის/ხელშეკრულების ასლი, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა), სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა და შემთხვევათა რეესტრი წინასწარ შეთანხმებული ფორმატით) მიმწოდებელმა მზღვეველს უნდა წარუდგინოს წერილობით ან ელექტრონულად თითოეულ თვეში დასრულებული შემთხვევები მინიმუმ თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიწოდების დროს მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ მიმწოდებელმა მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მზღვეველმა ჩაიბარა იგი. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მზღვეველი აგებს პასუხს ჩაბარებული დოკუმენტაციის დაკარგვისათვის ან შემთხვევითი განადგურებისათვის.
3.4. მოპასუხე განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საანგარიშგებო დოკუმენტების წარდგენა არ მომხდარა N177 დადგენილებით განსაზღვრული წესით. საქმეში არსებული ანგარიშფაქტურების ნაწილით დასტურდება, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარედგინებოდა სხვა სამედიცინო დაწესებულებას - სს „ს.კ.ე–ს“, ამასთან, არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტი. საანგარიშგებო დოკუმენტაციის არასრულად/არასრულყოფილად, დადგენილებით განსაზღვრული წესის დარღვევით მიწოდება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების გარეშე კი, არ წარმოადგენს გაწეული მომსახურების თუნდაც ნაწილობრივ ანგარიშსწორების საფუძველს.
3.5. N177 დადგენილების მეორე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაცია არის სამედიცინო დაწესებულების მიერ დაზღვეულთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამადასტურებელი, ამავე დოკუმენტით განსაზღვრული, წერილობითი ან/და ელექტრონული დოკუმენტები. საქმეში წარმოდგენილია საანგარიშგებო დოკუმენტაცია (ანგარიშფაქტურები, ანგარიშგების უწყისები) და მოპასუხისათვის მისი გაგზავნისა და მზღვეველის უფლებამოსილი პირის მიერ ამ დოკუმენტაციის ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო გზავნილები, რომელთა მიხედვით დგინდება, რომ 2013 წლის ნოემბერში სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, დაზღვეულ პირთათვის გაწეული 60 612.20 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურების საანგარიშგებო დოკუმენტაცია გაეგზავნა მოპასუხეს და ჩაჰბარდა 03.12.2013 წელს.
3.6. N177 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესები არეგულირებს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ შესაბამის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სუბიექტებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს. ამავე დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ანგარიშსწორების ვალდებულება ეკისრება მზღვეველს.
3.7. N177 დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიწოდების დროს მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ მიმწოდებელმა მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მზღვეველმა ჩაიბარა იგი. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მზღვეველი აგებს პასუხს ჩაბარებული დოკუმენტაციის დაკარგვისათვის ან შემთხვევითი განადგურებისათვის. აღნიშნული დანაწესი არ განსაზღვრავს მხოლოდ მიმწოდებლის ვალდებულებას გააფორმოს მზღვეველთან მიღება-ჩაბარების აქტი, არამედ ეს მხარეთა ერთობლივი ვალდებულებაა. ამასთან, მიმწოდებლის უპირობო ვალია, საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის მიწოდება, რაც განსახილველ შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ შესრულებულია. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეული შემთხვევის თაობაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან ურთიერთშედარების აქტის გაფორმება, რასაც უნდა მოჰყოლოდა მიმწოდებლისათვის გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურება, წარმოადგენდა მზღვეველის ვალდებულებას. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ მხარეთა შორის ორმხრივად გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი არ გაფორმებულა. ამასთან, არაერთი მცდელობის მიუხედავად, სსიპ ლევან სამსახარულოს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ვერ მოხერხდა ექსპერტიზის ჩატარება ექსპერტიზაში მონაწილეობის მისაღებად კონკრეტული სპეციალისტის კანდიდატურის მოუძიებლობის გამო. მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არ გაფორმებულა ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტი, არ ათავისუფლებდა მზღვეველს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რადგან მზღვეველისათვის მიწოდებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ მზღვეველს ეცნობა ყველა საჭირო ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ, როგორიცაა: მომსახურების თანხის ოდენობა, მომსახურების სახე პაციენტთა ვინაობის მითითებით, დასმული დიაგნოზის დასახელება, მომსახურების პერიოდები, მომსახურების დასახელება და კონკრეტულ პაციენტზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.
3.8. უსაფუძვლოა მოპასუხის მითითება, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარედგინებოდა სხვა სამედიცინო დაწესებულებას - სს „ს.კ.ე–ს“, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხესა და შპს ,,მ.პ.ჯ–ას” და სს ,,ჩ.ო.კ–ას” შორის გაფორმებული სამედიცინო მომსახურების შეთანხმებების მიხედვით ხელშეკრულების საგანია: ,,დაზღვეულ პირებზე გაწეულ მომსახურებაზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავება და ,,მზღვეველისათვის’’ შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის და აღნიშნული ხელშეკრულების დანართის 2-ის შესაბამისად’’. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის 60 612.20 ლარის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მოპასუხეს.
3.9. მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ ხელოვნურად ხდებოდა მომსახურების ხარჯის გაზრდა და, რიგ შემთხვევებში, მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალურ მდგომარეობას, კერძოდ, სადავო შემთხვევებს წარმოადგენდა დაზღვეულების: თ.ი–ის, რ.კ–ვას, ჟ.ც–ის და ვ.ნ–ის მკურნალობის ხარჯების ოდენობა, იმ თვალსაზრისით, რომ ამავე დაზღვეულების ავადმყოფობის ისტორიებში მითითებული კლინიკური სტატუსები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.08.2016 წლის განჩინებით ზემოაღნიშნული პაციენტებისათვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის დასადგენად, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც ვერ ჩატარდა იმ მიზეზით, რომ არ მოიძებნა ექსპერტიზაში მონაწილეობის სურვილის მქონე შესაბამისი სპეციალისტი.
3.10. მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა თ.ი–ის, რ.კ–ვას, ჟ.ც–ის და ვ.ნ–ის მკურნალობის კალკულაციები და პაციენტების სამედიცინო ბარათიდან ამონაწერები, რაც დამოწმებულია ნეონატოლოგების ხელმოწერებით. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმეტების საპირისპირო დოკუმენტები. კერძოდ, კი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაცია არ ჩაბარებია, ასევე, პაციენტების - თ.ი–ის, რ.კ–ვას, ჟ.ც–ის და ვ.ნ–ის კლინიკური სტატუსი არ შეესაბამება სინამდვილეს და მკურნალობის ხარჯები ხელოვნურად არის გაზრდილი.
3.11. სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მიმწოდებლის გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურების ვალდებულების შესრულება, ან იმ გარემოების დადასტურება, რაც გამორიცხავს მის ვალდებულებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების წანამძღვრები.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. კასატორი სადავოდ ხდის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მართლზომიერებას და ვალდებულების არარსებობის ძირითად მოტივად უთითებს, რომ: მოსარჩელის მხრიდან დარღვეულია დოკუმენტაციის წარდგენის წესი, წარდგენილი დოკუმენტაცია რეალურ მდგომარეობასთან შეუსაბამოა და სამედიცინო დაწესებულების მხრიდან ხარჯი ხელოვნურადაა გაზრდილი; არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტი, რაც წარმოადგენს ანგარიშსწორების საფუძველს.
9. მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება №177 დადგენილებით, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ შესაბამის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სუბიექტებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს და ამ პროგრამების ფარგლებში მიწოდებული სამედიცინო, ფარმაცევტული და სადაზღვევო მომსახურების სტანდარტებს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება. სასამართლოს მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, მართებულია სამართლებრივი შეფასება. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე და მიუთითებს N177 დადგენილებაზე, რომლის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიიღოს სადაზღვევო შემთხვევის დროული და სრული ანაზღაურება (3.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). N177 დადგენილებით გათვალისწინებულია ის შემთხვევები, როდესაც მზღვეველი გათავისუფლებულია სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებისაგან, კერძოდ, მზღვეველი უფლებამოსილია არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს სადაზღვევო შემთხვევა, თუ: ა.დ) მიმწოდებელმა სადაზღვევო შემთხვევის ღირებულების უსაფუძვლოდ გაზრდის მიზნით განახორციელა შემდეგი ქმედებები: ა.დ.ა) მიმწოდებლის მიერ შემთხვევისათვის მცდარი კოდის მინიჭება ან/და დიაგნოზის დამძიმება; ა.დ.ბ) გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ სამედიცინო დაწესებულების მიერ მზღვეველისათვის არაზუსტი დოკუმენტაციის წარდგენა (3.4 მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტი). განსახილველ შემთხვევაში, მზღვეველის მიერ მომსახურების ღირებულების უსაფუძვლოდ გაზრდის მიზნით ქმედების (შემთხვევისათვის მცდარი კოდის მინიჭება ან/და დიაგნოზის დამძიმება, ან არაზუსტი დოკუმენტაციის წარდგენა) განხორციელების ფაქტი დადასტურებული არ არის. ვერც კასატორი უთითებს იმგვარ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის სისწორეზე.
11. მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეული შემთხვევის თაობაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში (№177 დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი). ამდენად, საანგარიშგებო დოკუმენტების ინსპექტირება და ურთიერთშედარების აქტის გაფორმება მზღვეველის მოვალეობაა (შდრ. სუსგ Nას-170-2019, 06.12.2019წ.).
12. დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ 2013 წლის ნოემბერში სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, დაზღვეულ პირთათვის გაწეული 60 612.20 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურების საანგარიშგებო დოკუმენტაცია გაეგზავნა მოპასუხეს და ჩაჰბარდა 03.12.2013 წელს. უდავოა, რომ მხარეთა შორის ურთიერთშედარების აქტი არ გაფორმებულა. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მიღებული დოკუმენტაცია იყო ნაკლოვანი და არ შეესაბამებოდა N177-ე დადგენილების მოთხოვნებს, ეკისრება მოპასუხეს (შდრ. სუსგ Nას-410-393-2016 , 22.06.2016წ.; სუსგ Nას-118-2019, 12.04.2019), რომელსაც არ წარმოუდგენია მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სადაზღვევო შემთხვევის ღირებულების უსაფუძვლოდ გაზრდის მიზნით მიმწოდებლის არამართლზომიერი ქმედება დადასტურებული უნდა იყოს მხარეთა მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნით ან სამედიცინო მედიაციის სამსახურის აქტით ან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (N177 დადგენილების 3.4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი). მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლად მითითებული გარემოებები საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მოცემულ შემთხვევაში, შესაბამისი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.
13. რაც შეეხება ურთიერთშედარების აქტის გაუფორმებლობას, აღნიშნული მზღვეველის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლს არ ქმნის, მით უფრო, რომ ამ აქტის გაფორმების ვალდებულება თავად მზღვეველს ეკისრებოდა (შდრ. სუსგ Nას-118-2019, 12.04.2019). ისეთ პირობებში, როცა დადგენილია მზღევეველის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღების ფაქტი, მიღებული დოკუმენტაციის ნაკლოვანება და #177-ე დადგენილების მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტი კი მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, არსებობს გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების და ანაზღაურების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
15. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. სუსგ-ებები: Nას-118-2019, 12.04.2019წ.; Nას-830-796-2016, 03.04.2017წ.; Nას-1191-1151-2016 , 24.02.2017წ.; Nას-784-751-2016 , 02.12.2016წ.; Nას-1407-1327-2017; 16.03.2018წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 2585.8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, საერთო ჯამში 3694 ლარის (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 17.03.2021წ., გადახდილი თანხა - 3030.61 ლარი; საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 05.07.2021წ., გადახდილი თანხა - 663.39 ლარი) 70% – 2585.8 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია