Facebook Twitter

საქმე №ას-1086-2020 12 აპრილი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – მ.ს–ძე, მ.ბ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ს–ძე, მ.ს–ძე, ი.ს–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.06.2020 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ი.ს–ძემ, მ.ს–ძემ და ი.ს–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ.ს–ძისა და მ.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „მეორე მოპასუხე“, ერთობლივად -„მოპასუხეები") ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.01.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეები ცნობილი იქნენ საჯარო რეესტრში მეორე მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ონის რაიონი, სოფელი ......... (.........), (ს/კ ........) (შემდეგში „სადავო უძრავი ნივთი“) , ½ ნაწილის თანამესაკუთრეებად თანაბარ წილში. ბათილად იქნა ცნობილი 26.02.2016 წელს მოპასუხეებს შორის სადავო უძრავ ნივთზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

2.1. 30.01.2019 წელს, 17:00 საათზე დანიშნული სასამართლოს მოსამზადებელ სხდომის შესახებ ეცნობა მოპასუხეების წარმომადგენელს, დ.ა–ძეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

2.2. მოპასუხეების წარმომადგენელმა 30.01.2019 წელს განცხადებით მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა სასამართლო სხდომის გადადება იმ საფუძვლით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე. განცხადებას ერთვოდა ფორმა IV-100/ა, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც მკურნალი ექიმი სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციის სახით წერს, რომ ავადმყოფი საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას ორი კვირით, ცნობის გაცემის თარიღად მითითებულია 15.01.2019 წელი.

2.3. 30.01.2019 წელს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელეთა წარმომადგენელი არ დაეთანხმა შუამდგომლობას და მოითხოვა მოპასუხეთა გამოიუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.

2.4. სასამართლომ არ გაიზიარა შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ. სასამართლოს განმარტებით, ცნობაში არ არის მითითებული, რომ პაციენტი საჭიროებს წოლით რეჟიმს, აკრძალული აქვს გადაადგილება და მისი სასამართლოს პროცესზე გამოცხადება შეუძლებელია, ასევე არ არის მითითებული, რომ იგი მოთავსდა სტაციონარში და გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას (ჩატარებული მკურნალობის პუნქტში მითითებულია: მედიკამენტური). გარდა ამისა, ცნობა გაცემულია 15.01.2019 წელს, სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციებში მითითებულია, რომ ავადმყოფი საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას ორი კვირით, რაც იმას ნიშნავს რომ ორი კვირის ვადა ამოიწურა 29.01.2019 წელს. შესაბამისად არ არსებობს სასამართლო სხდომის გადადების საფუძველი, ვინაიდან მხარეს არ წარმოუდგენია 30.01.2019 წელს გამართულ სასამართლო სხდომაზე სსსკ-ის 215-ე მუხლიდან გამომდინარე, მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ სათანადო მტკიცებულება. განცხადებაში არ არის მითითებული თუ რატომ არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე თავად მოპასუხეები.

2.5. სსსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

2.6. სასამართლომ, სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამტკიცებულად მიიჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.6.1. 31.10.1974 წელს გარდაიცვალა მოსარჩელეების მამა - ს.ს–ძე, რომელიც შედიოდა მამის (მოსარჩელეთა პაპის) მ.ს–ძის კომლში. მ–ის გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსი გახდა ს.ს–ძე. კომლს ერიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე ონში, ფართით 430 კვ.მ.. სახლი ააშენა მოსარჩელეების პაპამ - 10.11.1937- წელს გარდაცვლილმა მ.ს–ძემ, რომელსაც ჰყავდა ორი შვილი - მოსარჩელეთა მამა - ს.ს–ძე და პირველი მოპასუხის მამა - შ.ს–ძე. პირველმა მოპასუხემ მთლიანი ქონება აღირიცხა თავის საკუთრებად, თუმცა ქონება ეკუთვნოდა ასევე ს.ს–ძეს.

2.6.2. მას შემდეგ რაც პირველმა მოპასუხემ გაიგო მოსარჩელეთა მხრიდან დავის დაწყების შესახებ, სადავო ქონება დაჩქარებული წესით გადააფორმა მეორე მოპასუხეზე, რომელიც მისი მეუღლის და დის მეგობარია და განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს. მეორე მოპასუხეს არც კი უნახავს სახლი.

2.7. სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1507-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1923 წლის რედაქცია) 418-ე (კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვალებულის შვილები (მათ შორის შვილად აყვანილები), მეუღლე და შრომისუნარმოკლებული მშობლები), 420-ე (კანონით დამკვიდრების დროს სამკვიდრო ქონება გაყოფილ უნდა იქნას თანასწორ წილად იმ პირთა შორის, რომლებიც გამოწვეული არიან სამემკვიდრეოდ იმ წესით, რაც გათვალისწინებულია 418-ე მუხლით), 428-ე (მემკვიდრეობის გახსნისას სამკვიდრო ქონების დასაცავი ღონისძიება მიღებულ უნდა იქნას იმ შემთხვევაში, როდესაც მემკვიდრეობის გახსნის ადგილას არ იქნება ერთი ან რამდენიმე მემკვიდრე ან როდესაც მემკვიდრენი არ ჩაიბარებენ სამკვიდრო ქონების მართვა-გამგეობას. მითითებული მუხლის შენიშვნა #1-ის თანახმად, უარი მემკვიდრეობაზე უნდა განეცხადოს სათანადო სანოტარო ორგანოს სამი თვის განმავლობაში დღიდან მემკვიდრეობის გახსნისა, ხოლო შენიშვნა #2-ის თანახმად, თანმყოფ მემკვიდრეს შეუძლია არ დაუცადოს სხვა მემკვიდრის გამოძახებას და ჩაიბაროს სამკვიდრო ქონების გამგებლობა), 429-ე (მემკვიდრეებს, უკეთუ არც ერთი მათგანი მემკვიდრეობის გახსნის ადგილას არ იქნება, შეუძლიათ სამკვიდრო ქონება პირადად ან რწმუნებულის მეშვეობით ჩაიბარონ ექვსი თვის განმავლობაში), ასევე, საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 540-ე (სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე), 539-ე (მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონითან ანდერძით), 542-ე (მემკვიდრეებად შეიძლება იყვნენ კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს - მოქალაქენი, რომლებიც ცოცხალი იყვნენ სამკვიდროს დამტოვებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე სამკვიდროს დამტოვებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადებიან), 544-ე (კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. სამკვიდროს დამტოვებლის შვილიშვილები, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი), 556-ე მუხლის (სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე ნორმის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან), 122-ე (საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით), 125-ე (საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის) მუხლების, ასევე ამჟამად მოქმედი სსკ-ის 477-ე, 312-ე, 50-ე, 56-ე, 62-ე მუხლების შესაბამისად.

3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს საჩივრით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.05.2019 წლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 30.01.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.06.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე განჩინება მისი ძალაში დატოვების თაობაზე.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საკასაციო საჩივრის ობიექტია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინება.

10. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელს 30.01.2019 წელს დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

11. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორების წარმომადგენლის მსჯელობა, რომ მისთვის უწყების ჩაბარება ვერ მიიჩნევა პირველი მოპასუხისთვის უწყების ჩაბარებად, ვინაიდან იგი მას წარმოადგენდა ორდერის საფუძველზე და არ იყო უფლებამოსილი დამოუკიდებლად ეწარმოებინა საქმე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების საფუძველს (1.ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე. 2. გამოძიების ორგანოებში ან საქმის სასამართლოში განხილვისას ადვოკატი ვალდებულია საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარადგინოს დადგენილი წესით კლიენტის მიერ მასზე გაცემული დოკუმენტი – მინდობილობა ან ორდერი. 3. ადვოკატის ორდერის ნიმუშს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო). ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, სასამართლოში საქმის განხილვისას ადვოკატი უფლებამოსილია კლიენტის ინტერესები წარმოადგინოს და დაიცვას როგორც მინდობილობის, ასევე ორდერის საფუძველზე. ამასთან, ორივე შემთხვევაში ადვოკატმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა. მინდობილობის გაცემის წესს ადგენს სსსკ-ის 96-ე მუხლი, ხოლო, ადვოკატის ორდერის ნიმუშს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 01.02.2006 წლის გადაწყვეტილებით დადგენილია ადვოკატთა ასოციაციის წევრის ორდერის სავალდებულო მოთხოვნები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი და გაცემული ორდერი უფლებას ანიჭებს ადვოკატს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტის ინტერესები სასამართლოში. ამდენად, ადვოკატის ორდერი, ისევე როგორც მინდობილობა, წარმოადგენს სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ადვოკატის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს ადვოკატს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სსსკ-ის 98-ე მუხლში ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებებისა (გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში) (შდრ. სუსგ Nას-1614-1608-2011, 21.05.2012წ., სუსგ Nას-677-644-2014, 12.02.2015წ.; სუსგ Nას-1226-2019, 23.12.2019წ.). შესაბამისად, უწყების ჩაბარება წარმომადგენლისთვის, რომელიც ორდერის საფუძველზე წარმოადგენს პირველ მოპასუხეს, მისთვის უწყების სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიჩნევის კანონისმიერი საფუძველია.

12. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

13. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

14. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ Nას-1410-1330-2017, 30.01.2018წ.).

15. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (იხ.: სუსგ №ას-1102-2018, 18.02.2021).

16. მოპასუხეთა წარმომადგენელი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის დასტურად მიუთითებს მის მიერ 30.01.2019 წელს სასამართლოში წარდგენილ ცნობაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ.106), რომელზე დაყრდნობითაც ის შუამდგომლობდა სხდომის გადადებას. საკასაციო პალატა დოკუმენტის შინაარსის გათვალისწინებით მიუთითებს, რომ იგი არ ადასტურებს საპროცესო მოვალეობის შესრულებაში მოპასუხეთა წარმომადგენლისათვის ხელისშემშლელ გარემოებას. კერძოდ, ცნობაში, რომელიც გაცემულია 15.01.2019 წელს, სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციებში მითითებულია, რომ ავადმყოფი საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას ორი კვირით. კასატორი უთითებს, რომ დანიშნულებისამებრ, მკურნალობა დაიწყო 16.01.2019 წლიდან და გრძელდებოდა ორი კვირა. შესაბამისად, მკურნალობა დასრულდებოდა 14 დღეში - 29.01.2019 წელს. დამატებით შეიძლება ისიც აღინიშნოს, რომ ცნობაში არ არის აღნიშნული წოლითი რეჟიმის საჭიროების და გადაადგილების აკრძალვის თაობაზე, ჩატარებული მკურნალობის გრაფაში მითითებულია მხოლოდ - „მედიკამენტოზური“. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას მასზე, რომ 15.01.2019 წლის ცნობით ვერ დასტურდება 30.01.2019 წლის სხდომაზე კასატორის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე Nას-121-117-2016).

18. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (სუსგ №ას-2-2-2017, 14.07.2017წ.). ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ.: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2015, გვ. 637).

19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ სარჩელში მითითებული და სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1923 წლის და 1964 წლის რედაქციის) სამემკვიდრეო სამართლის მარეგულირებელი ნორმების (იხ. წინამდებარე განჩინების 2.7 პუნქტი), ასევე, ამჟამად მოქმედი სსკ-ის 477-ე, 312-ე, 50-ე, 56-ე, 62-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის და უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას.

20. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 150 ლარს. კასატორების მიერ გადახდილია 300 ლარი. სსსკ-ის 401.4 მუხლით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ როგორც ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ასევე სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი, საერთო ჯამში – 255 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ს–ძისა და მ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. მ.ს–ძესა (პ/ნ: .....) და მ.ბ–ძეს (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეთ ა.რ–ძის (პ/ნ: .....) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი, საერთო ჯამში 300 ლარიდან (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 02.11.2020წ., გადახდილი თანხა 150 ლარი; საგადახდო დავალება №2, გადახდის თარიღი 02.11.2020წ., გადახდილი თანხა 150 ლარი) ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ასევე სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი, საერთო ჯამში – 255 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

რევაზ ნადარაია